39 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ახალგაზრდობამ მშვიდობიანი აქციით კრემლს უკან დაახევინა და ხელი შეუშალა, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. სწორედ ამ დღეს - 1978 წლის 14 აპრილს შენარჩუნდა ქართული ენის სტატუსი და დღეს დამოუკიდებელ საქართველოში 14 აპრილი ქართული ენის დღეა.
აყველაფერი კი ასე დაიწყო: კრემლმა საბჭოთა რესპულიკებში სახელმწიფო ენად რუსული ენის გამოცხადება განიზრახა. ამ იდეის ავტორი იყო საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და კრემლის იდეოლოგი მიხეილ სუსლოვი.
კრემლის ამ გადაწყვეტილებას მთელ საბჭოთ კავშირში მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტიის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ. როგორც ამბობენ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ გააფრთხილა სუსლოვი, რომ ამ იდეის განხორციელებას საქართველოში სერიოზული მღელვარება მოჰყვებოდა.
სუსლოვს კი მკაცრად უპასუხია: "კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენის განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება".
სუსლოვი ძალის გამოყენების ხარჯზეც კი ითხოვდა თურმე ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოსთან უკან დახევა ნიშნავდა სხვა რესპუბლიკების წინაშე უკან დახევას.
სუსლოვის ეს გადაწყვეტილება შევარდნაძეს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის-ლეონიდ ბრეჟნევისთვის მოუხსენებია, რომელიც შეჰპირებია, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში საქმეში ჩაერეოდა.
1978 წლის 14 აპრილს საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ. ეს იყო ბოლო წვეთი, რამაც ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოიყვანა, მოეწყო მასობრივი მსვლელობა,რათა წინ აღდგომოდა საბჭოთა კავშირის ამ გადაწყვეტილებას.
იმავე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო მასობრივი მსვლელობა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვის მოთხოვნით. სტუდენტებს პროფესორ-მასწავლებლები და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ფილარომონიასთან აქციის მონაწილეებს მილიციის კორდონი დახვდათ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სტუდენტებისთვის, ისინი წინ მიიწევდნენ მთავრობის სასახლისაკენ. მიმდებარე ქუჩები მანქანებით იყო ჩახერგილი, მაგრამ ახალგაზრდებმა მოახერხეს და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად დაიკავეს.
შევარდნაძეს ცნობა ცნობაზე მისდიოდა, თუ რა ხდებოდა გარეთ. იგი ჩამოვიდა აქციის მონაწილეებთან, მას ახალგაზრდები ხმაურიანი შეძახილებით შეხვდნენ. შევარდნაძე შეეცადა, დაემშვიდებინა აქციის მონაწილეეები, შეჰპირდა კიდეც, რომ ყველაფერი დასრულდებოდა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და მოუწოდა მათ, დაშლილიყვნენ. თუმცა ქართველი სტუდენტობა, რომელიც არ ენდობოდა პარტიულ ნომენკლატურას, ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.
მაშინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აქციის მონაწილეებისთვის ხმამაღლა ჩაერთოთ რადიომიმღებები და მოესმინათ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტი ქართული ენის სტატუსის შესახებ.
მართლაც, რამდენიმე ხანში აქციის მონაწილეებმა მოისმინეს, რაც სხდომაზე გამოცხადდა - რომ კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
1978 წლის 14 აპრილს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იგორ კვესელავა ასე იხსენებს: "1978 წლამდე საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში იყო საგანგებო მუხლი, რომლითაც ქართულ ენას სახელმწიფოებრივი სტატუსი ენიჭებოდა. 1978 წელს წარმოდგენილი ახალი კონსტიტუციის პროექტში კი უარი იყო ნათქვამი ცნებაზე "სახელმწიფო ენა".
"ამას სახელისუფლებო წრეები სხვადასხვა მოტივით ხსნიდნენ, მოშველიებული იყო ის ფაქტი, რომ რუსული ენა "სახელმწიფო ენად" არ იყო გამოცხადებული საბჭოთა კავშირში. თუმცა ამ პერიოდში საქართველოში რუსული ენის უპირატესობა თანდათან უფრო აშკარა ხდებოდა. საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიუროს სხდომები რუსულად ტარდებოდა, რუსულ ენაზე გამოდიოდნენ მოხსენებით პარტიულ ყრილობებზე, პლენუმებზე, აქტივის კრებებზე და ა.შ. ფაქტობრივად, კანონდებოდა ორენოვნება.
"საქართველოს მაშინდელმა პარტიულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოსკოვის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა. ამან ქართული საზოგადოება გააერთიანა და ენის სტატუსის დასაცავად დარაზმა. მთავრობის სასახლისკენ ათასობით ახალგაზრდა დაიძრა და აიძულა საქართველოს ხელისუფლება, დაკავშირებოდა კრემლს და ხალხის მოთხოვნა გადაეცა.
"საქართველოს უმაღლესი საბჭოს სესიაზე შევარდნაძე აშკარად ჭიმავდა დროს, იგი პასუხს ელოდებოდა მოსკოვიდან. მოხდა ის, რაც მოხდა - საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველად საბჭოთა იმპერია იძულებული გახდა, ხალხისთვის დაეთმო, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა იყო ქართული ენა. ეს იყო დიდი გამარჯვება", - ამბობს "რეზონანსთან" იგორ კვესელავა.