ია აბულაშვილი
14.04.2017

 უძველეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღდგომას, რომელიც იესოს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საპატივცემულოდ არის დაწესებული, სრულიად საქრისტიანო განსაკუთრებით აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტრიბიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა - "მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვლებულის აღდგომასო" - უპასუხია ტრიბიუსს მარიამ მაგდანილელისთვის. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი იცვალა და მას შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებში კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა. აღდგომას ერთმანეთს კი ასე ულოცავდნენ "ქრისტე აღსდგა"! - "ჭეშმარიტად აღსდგა"! პასკა კი გოლგოთას მთის სიმბოლოდ ითვლებოდა, სადაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს.

ზეციური ცეცხლი

გადმოცემის თანახამად, ამაღლებამდე ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისათვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა - ნიშნად უფლის წყალობისა, იერუსალიმის ტაძარში პირველად მე-3 საუკუნეში გადმოვიდა.

გადმოცემით, სააღდგომო ლიტონიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილიოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომელიც მთელი ლიტონიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

დიდ ხუთშაბათს ტრაპეზზე იესომ თავის მოციქულებს დაალევინა ღვინო და მისცა პური, სისხლი და ხორცი მისი. მას შემდეგ რაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, მისი მოციქულები, იმ დროის გასახსენებლად პურს აცხობდნენ, რომელზეც ჯვარს გამოსახავდნენ და დებდნენ სუფრაზე იმის მოსაგონებლად, რომ უფალმა იესომ დაუბრა მათ ზიარების საიდუმლო.

როგორ აღნიშნავდნენ აღდგომას მსოფლიოში

აღდგომას სრულდებოდა 40-დღიანი მარხვა და ტრადიციულად სააღდგომო სუფრა იშლებოდა, რომელიც მთელს საქრისტიანოში სადღესასწაულო ელეფერს იძენდა. ყველა ქვეყანას თავის სააღდგომო ტრადიცია ჰქონდა.

აღდგომის დღესასწაულისთვის სამზადისს აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებდნენ, აცხობდნენ პასკას და კვერცხებს წითლად ღებავდნენ. სააღდგომო კულტად შეღებელი კვერცხების გარდა კურდღელი იყო მიჩნეული.

კურდღელი კულტად იქცა მე-16- მე-17 საუკუნეებში. ის პირველად ნახსენები იყო გეროგ ფრაკ ფრაკენაუმის "სააღდგომო კვერცხების შესახებ" ტრაქტატში, სადაც აღნიშნლი იყო, რომ კურდღელი რომელიც ნაყოფიერებით იყო გამორჩეული სიმბოლურად სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა და იგი არის აღდგომის ატრიბუტიო.

მანამდე, ყველა ქვეყანას თავის რიტუალი ჰქონდა, მაგალითად კვერცხები საქსონიაში მოჰქონდა მამალს, ელზასში - წეროს, ბავარიაში - გუგულს, მხოლოდ მე-18 საუკუნეში შეთანხმდნენ, რომ კვერცხს ღებავდა და მალავდა სააღდგომო კურდღელი, რომელსაც შემდეგ ოჯახებში ალაგებდა.

სააღდგომო კურდღელი იმდენად პოპულარული იყო ევროპაში, რომ მიუნხენში სააღდგომო მუზეუმი არსებობს, მსოფლიოში ერთადერთი, სადაც 200-ზე მეტი სააღდგომო კურდღელია დაცული.

პოლონეთში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ მშობლების სახლში. სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო სასმელი - პირშუშხა, რადგან ითვლებოდა, რომ ეს იყო შეხსენება იესოს ტკივილების. ტრადიციული კერძი იყო "ბიგოსი", პურში მოთავსებული ხორცი.

ასევე აცხობდნენ პასკას, რომელსაც ერქვა "ბაბკა". აღდგომის მეორე დღეს კი ერთმანეთს წყალს ასხამდნენ.

ფრანგები ერთმანეთს წითელი კვერცხების გატეხვაში ეჯიბრებოდნენ. ბელგიაში სააღდგომო კვრეცხებს გუნდურად ერთად ტეხავდნენ. გერმანიაში აღდგომის დამდეგს, შაბათ დღეს დიდ სააღდგომო კოცონს ანთებდნენ. მთავარი სააღდგომო პერსონაჟი ისევ კურდღელი იყო, რომელსაც ტრადიციულად სახლში შეღებილი კვერცხები მოჰქონდა.

იტალიაში სააღდგომოდ განსაკუთრებით ემზადებოდნენ, სახლს საგულდაგულოდ ალაგებდნენ, შემდეგ სუფრას აწყობდნენ, რომელსაც ამშვენებდა მტრედის ფორმის სააღდგომო ღვეზელი "კოლომბო". ინგლისში სააღდგომოდ ამზადებდნენ შოკოლადის ფუნთუშებს, რომელზეც აუცილებლად გამოსახული უნდა ყოფილიყო ჯვარი. ჩეხეთში სააღდგომოდ გოგონებს ბზის ტოტებით "ცემდნენ", რაც იმას ნიშნავდა, რომ ამის შემდეგ უფრო ლამაზები იქნებოდნენ.

ბულგარელების ტრადიციით სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო დიდი სააღდგომო პური, რომელიც გარშემო შეღებელი კვერცხებით იყო მორთული. ავსტრიაში კი სააღდგომო კვერცხებს შაქრისგან და შოკოლადისგან ამზადებდნენ, განსაკუთრებით პოპულარული იყო შოკოლადის ბაჭიები.

შვედეთში კვერცხებს მუყაოსაგან ამზადებდნენ და მასში დიდ ლამაზ კანფეტს დებდნენ. ამერიკაში სააღდგომო ტრადიციად ითვლებოდა კვერცხების გორაობა, სუფრაზე კი ტრადიციულად უნდა ყოფილიყო ლორი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×