"აღდგომის ძალაო, მადლისაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარ ყველა ჩვენიანს" - ასე ილოცებოდნენ ძველად საქართველოში აღდგომის დილას.
მეჭონეები კი აღდგომის დილას სოფელში თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდნენ და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდნენ: "ალათასა ბალათასა, ჩამოვკიდებ კალათასა, ერთი კვერცხი ჩვენ მოგვეცი ღმერი მოგცემს ბარაქასა". მახარობლის ხელცარიელი გაშვება არ შეიძლებოდა, დიასახლისი მეჭონეებს კალათაში წითელ კვერცხებს და ტკბილელს ჩაულაგებდა. ყველა ცდილობდა მახარობლები გულუხვად დაესაჩუქრებინათ.
ტრადიციული სააღდგომო სუფრა
სააღდგომოდ კახეთში ბატკანს კლავდნენ. მიცვალებულის პატრონები საფლავზე გადიოდნენ და კვერცხებს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი, აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს, რომელსაც შემდეგ არიგებდნენ.
ამ რიტუალის შემდეგ იშლებოდა დიდი სუფრა. სუფრაზე უნდა ყოფილიყო ბატკნის ჩაქაფული, ცივად მოხარშული დედალი, ჩანაყული ნივრით და ნიგვზით. შოთის პური, გუდის ყველი, ტრადიციული პასკა და წითელი კვერცხი, წითელი ღვინო.
ქართლში, აღდგომის სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქადები და ხორბლისგან დამზადებული კერძები. შეღებილი კვერცხები და თონეში გამომცხვარი ნაზუქები. სამეგრელოში, აღდგომის დღეს ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალსაც კი არ დალევდა.
ქვევრის თავზე ბატკანს და გოჭს დაკლავდა, შუა დღეს ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერცხებს და საზედაშე ღვინოს. ამ ყველაფერს საღმრთო ქვევრის თავზე დაალაგებდა, შემდეგ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.
იმერეთში მამლის პირველ ყივილზე, ზარების რეკვა და ბუკის ძახილი ხალხს წირვაზე დასასწრებად უხმობდა. მამლის მესამე ყივილზე მრევლი უკვე ტაძარში იყო. წირვის შემდეგ კი სააღდგომო სუფრა იშლებოდა.
დასავლეთ საქართველოში ასეთი ტრადიცია იყო, სანამ სუფრაზე დასხდებოდნენ ოჯახის უფროსი ქალბატონი აიღებდა ჭიქით ღვინოს და კედელზე მიკურლ სანთლებთან მივიდოდა, მას განატეხი ერქვა, განატეხს წაღმა შემოატრიალებდა და დაილოცებოდა.
რაჭაში, აღდგომის დილას ტაძრიდან რომ დაბრუნდებოდნენ, პურის ფაფას მოამზადებდნენ, თონეში ლავაშს დააცხობდნენ. წირვის შემდეგ, მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. მასპინძელი კი ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს "გიორგონოობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილს, ბოხჩუნებს.
ხევის სოფლებში აღდგომის აღნიშვნის სხვადასხვა ტრადიცია იყო. სოფელ სნოში ამ დღეს ახალგაზრდა ვაჟები მშვილდ-ისრებით მთელ სოფელს შემოივლიდნენ. ყველა ოჯახს სტუმრობდნენ და ჭიშკართან იძახდნენ "ქრისტე აღსდგა"!
ოჯახის დიასახლისი სტუმრებს გამოეგებებოდა და თან შესაწირი მოჰქონდა, სააღდგომო კვერცხები, რომელსაც ეზოს შუა გულში აწყობდა, თან ხმამაღლა იძახდა, რომელ კვერცხს ოჯახის რომელი წევრის სახელზე დებდა.
მწკრივში დალაგებულ კვერცხებს ახალგაზრდა ვაჟები ისრებს ესროდნენ, მანამ სანამ ყველა კვერცხი არ გატყდებოდა, ბედნიერების მომტანი იყო ვის სახეზედაც პირველი კვერცხი გატყდებოდა. ხევის ბავშვები კი სახლში ჩამოკიდებლ "მარხვას" ჩამოხსნიდნენ, ფეხს ამოჰკრავდნენ, ჯოხს ურტყამდნენ და იძახდნენ "მარხვა გაჩანჩალდაო, ხსნილი მე დამრჩაო, ყველი და ერბო მე დამრჩაო".
სამხრეთ საქართველოში კი სააღღდგომო პურობის მთავარი ატრიბუტი იყო მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი. წითელი კვერცხი, ქადა, შოთი, სხვადასხვა სახის ჩირი, ღვინო- არაყი.
სვანეთში შუაღამისას მოსახლეობა ეკლესიაში წირვა- ლოცვას ესწრებოდა. დილას გადიოდნენ საფლავებზე. ტაბლაზე გაშლილი იყო საკურთხი. სააღდგომო სუფრას სანამ მიუსხდებოდნენ, გაიხსნილებდნენ და სვანურ საგალობლებს იტყოდნენ "ქრისტე აღსდგა" "ქრისდეშ" და "ცხავ ქრისდეშ". ამის შემდეგ იმართებოდა სპორტული თამაშები, დოღი, ისრის სროლა, ჭიდაობა.
საქართველოს ფარგლებსგარეთ დასახლებულ ქართველებს კი ასეთი ტრადიცია ჰქონდათ. მაგალითად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს. აღდგომის დილას, მამლის ყივილისას, ოჯახის ყველა წევრი იხსნილებდა ღორის ხორცით. გაღეჭავდნენ ერთ ნამცეცს და იტყოდნენ "ლეკო დაგჩეკე", ანუ ლეკო დაგამარცხეო.
ოჯახის უფროსი სახლის აღმოსავლთთ კუთხეში ლაცვას იტყოდა "ღმერთო და ქურმუხის საყდარო, გახსნილებას მუდამ მოგვასწროო". შემდეგ დაკლავდა საღვთო ყოჩს, დაალაგებდა ხონჩაზე და მიდიოდა სალოცავში. წითელი კვერცხის შეღებვის ტრადიცია როგორც ამბობენ დღემდეა შემორჩენილი ფერეიდანელ ქართველებში.
ცხრაფურცელა ქადა
როგორ გაჩნდა პასკა ქართულ კულტურაში ისტორიამ შემოგვინახა რამდენიმე საინტერესო ცნობა. როგორც ეთნოგრაფები ამბობენ, პასკა სავარაუდოდ არის ართოსის სახეცვლილება, რომელიც ქართულ ისტორიულ - ეთნოგრაფიულ წყაროებში ნახსენებია როგორც ქადა.
საქართველოში ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურა არსებობდა ქადეულის, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში აცხობდნენ ცხრაფურცელა ქადას.
მთიანეთში აცხობდნენ დიდ ქადას და სააღდგომოდ ხატს სწირავდნენ, რომელიც ხარის, ურმის, უღლის ყურძნის და სხვა გამოსახულებებით იყო მოხატული.
ასევე დიასახლისი ამ კვერებს გაიტანდა ეზო-კარმიდამოში, მარანს, ვენახს, ბაღჩას მოილოცავდა. თიანეთში ცხვებოდა სააღდგომო ნაზუქები. მე-19 საუკუნეში კი ქალაქური სუფრის მშვენება იყო ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით დამზადებული პასკა. რომლის მოსამზადებლად საჭირო იყო 20 გირვანქა ფქვილი, 7 გირვანქა შაქარი, 14 გირვანქა რძე, 130 კვერცხის გული...
აღდგომის დღესაწაულს და სააღდგომო სუფრას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ბოლშევიკებმა, კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა კვერცხის წითლად შეღებვა და პასკის გამოცხობა, ტაძარში სააღდგომო ლიტონიობაზე დასწრება, ვაი მას ვინც ამ წესებს არ დაემორჩილებოდა... მაშინდელ პრესაში ასეთი განცხადებიც გაჩნდა "უკვე ორი კვირაა, რაც დაიწყო ანტირელიგიური კამპანია.
კომკავშირის უჯრედებში დაისვა მოხსენებები სააღდგომო დღესასწაულის მავნებლობის შესახებ. კომკავშირლებმა ერთხმად გამოიტანეს დადგენილებები აღდგომის დღესასწაულის წინააღმდეგ: "დღეს ჩვენ ახალი ზეიმი გავხსენით, ახალ რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ ცრუმორწმუნეთა კვერცხი და პასკაც და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!"