გვანცა წულაია
15.04.2017

 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 16 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათები იქნება დაწესებული. გარდა ამისა, შსს-მ საცობების თავიდან აცილების მიზნით, სასაფლაოებისაკენ მოძრაობის საგანგებო მარშრუტების განსაზღვრა.

შაბათ ღამეს თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობა უფასო იქნება - 15 აპრილის 23:00 საათიდან, 16 აპრილის დილის 4 საათამდე. გარდა ამისა, 16 და 17 აპრილს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს. 

მგზავრთა გადაყვანა მუხადგვერდის და ვაშლიჯვრის სასაფლაოზე მეტროსადგურ "დიდუბიდან" მოხდება; კუკიისა მახათას სასაფლაოზე - საგდურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნიდან; საბურთალოს სასაფლაოზე - მეტროსადგურ "დელისიდან"; თბილისის ზღვის სასაფლაოზე - "სარაჯიშვილიდან". ვერის სასაფლაოს მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ გაჩერდება. რაც შეეხება ვარკეთილის სასაფლაოს, ტრანსპორტი მეტროსაგდურ "ვარკეთილიდან" და შუამთის ქუჩიდან იმოძრავებს.

სასაფლაოებისკენ უფასო ტრანსპორტი ქუთაისშიც იმოძრავებს - 16-17 აპრილს დილის 9 სააათიდან შუადღის 13 საათამდე.  მგზავრებს, უფასო ავტობუსები და მიკროავტობუსები ქალაქის ცენტრალური მოედნიდან მოემსახურება. 

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს. მათი ცნობით, ხვალიდან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებლობის და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვები 4 სასაფლაოს მისასვლელ გზებს შეეხება. ესენია საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდისა და თბილისის ზღვის სასაფლაოები.

საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო უელის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი. სასაფლაოს ტერიტორიას კი ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა საბჭოს მოედნიდან, ნოროს აღმართის და მამარდაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი, უკან დაბრუნება კი ცაიშის, ქვალონის და 9 ძმის ქუჩით მოხდება.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა აღმაშენებლის ხეივნიდან გიორგი ბრწყინვალის ქუჩის გავლით მოხდება.

რაც შეეხება თბილისის ზღვის სასაფლაოს, აქ ავტომანქანებისთვის მოძრაობა თემქის მხრიდან ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით იქნება ნებადართული. სასაფლაოდან წამოსვლა კი მუხრანის და ხუდადოვის ქუჩით მოხდება.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აღნიშნული მარშუტებით იმოძრავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×