ქრისტიანებისათვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დეღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები ცოდვისგან დაიხსნა, მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს სისცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღეს ამ სიტყვებით ულოცავენ - "ქრისტე აღდგა! - ჭეშმარიტად აღდგა!".
აღდგომას, ყველა ქრისტიანის ოჯახში სადღესასწაულო სუფრა იშლება, ხოლო მეორე დღეს, ორთშაბათს, მიცვალებლის საფლავზე გადიან, რადგან, როგორც ეკლესიის წარმლმადგენლები ამბობენ, აღდგომა მიცვალებულთა სასოებაცაა, საფლავზე გასვლით მათ აღდგომამდე ქრისტეს მიერ გამოხსნას ახარებენ.
მათი თქმით, საფლავზე გასვლის წესი, როგორც ასეთი არ არსებობს. ეკლესიას დადგენილი აქვს სულთა მოსახსენიებელი დღეები. აღდგომას, ბზობას, გიორგობას, ბარბარობას მიღებული იყო საფლავებზე გასვლა და სარიტუალო ძღვენის საფლავებზე მიტანა.
რაც შეეხება საფლავებზე გასვლას, ეს ხალხის მიერ შემოღებული ტრადიციაა. მიცვალებულს არ იხსენიებენ, უბრალოდ ახარებენ, რომ ქრისტე აღსდგა. არც წითელი კვერცხის გაგორება არ უკავშირდება რაიმე რიტუალს, ესეც ხალხური მისალოცი ჩვეულებაა.
როგორი იყო ძველად საფლავებზე გასვლის ტრადიცია საქართველოში
აღდგომას დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასასვლელად. ახალი მიცვალებულის პატრონი "ჩამოსარიგით" მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს. გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა, ყველა სუფრას აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტა-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ.
შემდეგ მიდიოდნენ სახლში. სანამ სააღდგომო სუფრას მიუსხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დიასახლისი ხელში აიღებდა ანთებულ სანთელს, ჭიქა ღვინოს და დაილოცებოდა - "აღდგომის ძალა და მადლო, კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს!"
სააღდგომოდ კახეთში ახალი მიცვალებულის პატრონები ჯერ ეკლესიაში მიდიოდნენ და წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, შემდეგ საფლავებზე გაიოდნენ და კვერცხებს აგორებდნენ. შინ დაბრუნებულები უხაშო კაკანტელებს აცხობდნენ, რომელსაც შემდეგ არიგებდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ იშლებოდა სააღდგომო სუფრა. ახალი მიცვალებულის პატრონები ბატკანს კლავდნენ.
სააღდგომო სუფრის ლაზათი იყო ჩაქაფული, შოთის პური, გუდის ყველი, ტრადიციული ცხრაფურცელა ქადა - პასკა, წითელი კვერცხი და წითელი ღვინო, ტრადიციული სადღეგრძელო კი - "მივულოცოთ აღდგომა ჩვენს მიცვალებულებს".
სამეგრელოში ოჯახის უფროსი დილიდან მარხულობდა და ასე მიდიოდა ტაძარში. წირვა-ლოცვის შემდეგ ოჯახის ყველა წევრი საფლავზე გადიოდნენ და თან მიჰქონდათ ხონჩაზე დალაგებული საღრმთო: წითელი კვერცხი, საზედაშე ღვინო, ღორის გულ-ღვიძლი, რომელსაც იქვე საფლავზე არიგებდნენ.
რაჭაში აღდგომა დილას მოსახლეობა ტაძარში მიდიოდა, ილოცებდა. წირვის შემდეგ მღვდელი თითიოეულ ოჯახს ჩამუვლიდა და აკურთხებდა. ნაკურთხ სანოვაგეს ლანგარზე დაალაგებდნენ და საფლავზე გადიოდნენ. ტაბლაზე დალაგებულ ცხვრის თავ-ფეხს, ლავაშებს, ლობიანებს ღარიბ-ღატაკებს ურიგებდნენ, სუფრას კი მხოლოდ სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ მიუსხდებოდნენ.
სამხრეთ საქართველოში კი სააღდგომო პურობის მთავარი ატრიბუტი იყო წითელი კვერცხი, ქადა, ღორის ბარკალი, ღვინო და არაყი. ამას ყველაფერს ლანგარზე ალაგებდნენ და საფლავებზე გადიოდნენ. წესისამებრ, საფლავზე გატანილ სანოვაგეს იქვე მყოფთ ურიგებდნენ.
სვანეთში შუაღამისას მოსახლეობა ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდა. დილას სასაფლაოზე გადიოდნენ. ტაბლაზე გაშლილი იყო საკურთხი. ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ შინ, სუფრას მიუსხდებოდნენ და სვანურ საგალოებლს "ცხავ ქრისდეშს" იტყოდნენ.
საინგილოში აღდგომის დილას, მამლის ყივილისას, ოჯახის ყველა წევრი იხსნილებდა, ოჯახის უფროსი სახლის აღმოსავლეთ კუთხეში ლოცვას იტყოდა. შემდეგ დაკლავდა საღვთო ყოჩს, დაალაგებდა ხონჩაზე: ხორცს, წითელ კვერცხებს, ღვინოს და ჯერ სალოცავში მიდიოდა, მერე სასაფლაოზე და ქვრივ-ობლებს ურიგებდა.
ეს ტარდიცია დროთა განმავლობაში გადასხვაფერდა და სააღდგომოდ საფლავებზე გასვლა ზოგ შემთხვევაში ზღვარს გადასულ ტრაპეზად იქცა.
როგორც ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, თუ ადამიანებს სურთ აღდგომის სიხარული ვინმეს გაუზიარონ, ჯობს სანოვაგე, რომელიც სასაფლაოზე გატანილი აქვთ, შეჭირვებულებს დაურიგონ, რათა მათაც მოიხსენიონ თავიანთი მიცვალებულები.