ამბავი მსოფლიოს უძლიერეს ოტომანთა არმიასთან იმერეთის მეფე ბაგრატ მესამის ტრიუმფალური გამარჯვებისა
მამუკა ნაცვალაძე
15.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველო. ირან-ოსმალეთის დაპირისპირებამ ფაქტობრივად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ტერიტიორიაზე მიმდინარე პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების ტენდენციები და მიმართულებები. ეს იყო ხანა, როცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ახსოვდათ ერთიანი საქართველოს სიკეთე. სამ სამეფოდ და ერთ სამთავროდ დანაწილებული საქართველო ფრაგმენტულად ხვდებოდა ერთად დგომისა და ყოფნის აუცილებლობას.

ასეთი ლამაზი ეპიზოდი გვხვდება სოხოისტას ბრძოლისას, რომელიც 1545 წელს ბასიანის ველზე გაიმართა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა საქართველოს ისტორიის შემდგომი ბედი. ოსმალთა შემწეობით ქაიხოსრო ათაბაგის გამარჯვება ქართულთა გაერთიანებულ ლაშქარზე აღმოჩნდა სამცხის საქართველოსგან საბოლოო გამიჯვნის დასაწყისი.

 

რატომ ხედავდნენ ლუარსაბ პირველი და ბაგრატ მესამე ხსნას საქართველოს ერთიანობაში

საკმაოდ საინტერესოა ის ფონი, რამაც ეს გარდამტეხი მომენტი მოამზადა. საქართველოს ისტორიის იმ პერიოდის მოვლენები იმერეთის მეფე ბაგრატ მესამის, ქართლის მეფე ლუარსაბ პირველისა და სამცხის მთავრების ურთიერთობების ფონზე ვითარდება. ამ ყველაფერს ირან-ოსმალეთის უმძაფრესი პოლიტიკური დაპირისპირება ახლავს თან. და ასეთ ვითარებაში ქვეყნის მთლიანობის იდეის შენარჩუნება მხოლოდ დიდ მოაზროვნეებსა და პოლიტიკოსებს თუ ხელეწიფებოდათ.

ერთიანი საქართველოს იდეით გამსჭვალულან სიძე-სიმამრი - იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე და ქართლის მეფე ლუარსაბ პირველი. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ერთიანი საქართველო თუ გაუმკლავდება იმ აგრესიას მაჰმადიანური ქვეყნების მხრიდან რომ ელის. ეს ერთიანობა გეოპოლიტიკური ჩარჩოებითაა განსაზღვრული - საუკუნეების მიერ ნაცადი გზა, ერთადერთი რეალობაა ერის ფიზიკური გადარჩენისა.

ლუარსაბისა და ბაგრატის მიზანი ცალსახაა, ორივეს სურს ერთიანობა, ორივეს საკუთარ სამეფოს ფარგლებში წარმოუდგენია ერთიანი საქართველო, თუმცა, რაოდენ საცნაურიც არ უნდა იყოს, ორივე პოლიტიკოსის ერთი მიზნისკენ სწრაფვა არ ხდება მათი დაპირისპირების მიზეზი. ლუარსაბისა და ბაგრატისთვის ერთიანობის იდეა უზენაესია და ყველაფერი ამ იდეას ემორჩილება.

 

რატომ ჩამოუყალიბდა იმერეთის მეფე ბაგრატ მესამეს ანტიოსმალური განწყობები

ბაგრატი იმერეთის სამეფო ტახტზე 1510 წელს ადის. ამ დროს ის 15 წლისაა. მეფის რანგში მისი პირველივე გამოწვევა საკმაოდ სერიოზული გახლდათ - თურქეთის სულთანს იმერეთში ჯარი გამოუგზავნია. იმ პერიოდის მსოფლიოს უძლიერესი არმიის წინააღმდეგ მცირეწლოვანი ბაგრატი აბა რას გახდებოდა. ეს იყო ოსმალთა პირველი ლაშქრობა იმერეთში, რომელსაც სამეფოს სერიოზული რბევა მოჰყვა.

ბუნებრივია, სწორედ ამ პერიოდიდან უყალიბდება ბაგრატს ოტომანთა მიმართ რევანშის განცდა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ 1514 წელს, როცა სპარსეთის შაჰი კოალიციას აყალიბებს ოსმალთა წინააღმდეგ, ბაგრატი აქტიურად ერთვება ამ კამპანიაში.

ბაგრატ მესამის გავლენა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საკუთარი ქალიშვილი ქართლის მეფეს ლუარსაბ პირველს მიათხოვა. მანამდე სწორედ ბაგრატის მხარდაჭერით იბრუნებს სამეფო ტახტს ლუარსაბი. საგულისხმოა ისიც, რომ ქართლის მეფისთვის იმერეთს გამორჩეული მნიშვნელობა გააჩნდა, რამდენადაც მაშინ როცა ლუარსაბი სეფიანებთან მარცხდებოდა, მისი თავშესაფარი სწორედ იმერეთი - ბაგრატ მესამის სამეფო კარი გახლდათ.

 

ამბავი სამცხეში ბაგრატ მესამის ზეობისა

ოსმალეთი სწორედ ამ დროს იწყებს სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე პლაცდარმების შექმნას. ის ოლთისსა და ართვინში აარსებს სანჯაყებს, რაც უშუალოდ სამცხის ტერიტორიის სულთანის გავლენის სფეროში მოქცევას ნიშნავს. აშკარაა ისიც რომ ოტომანთა იმპერია აქ არ შეჩერდება.

სწორედ ამიტომაც უნდა იმოქმედოს ბაგრატმა აქტიურად - ამიტომაც ხდება მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამცხე-საათაბაგოზე გავლენის მოპოვება. 1535 წელს იმერეთის მეფე როსტომ გურიელი და ლევან დადიანი სამცხე-საათაბაგოში შედიან. ჯაყელები ქართველთა ჯარს ახალქალაქთან ახლოს, მურჯახეთთან დაუხვდნენ. ბრძოლა იმერეთის მეფისა და მისი მოკავშირეების  გამარჯვებით სრულდება.

აყველაზე მეტად გურიელის მერიქიფეს ისაკ ართუმელაძეს უყოჩაღია, რომელსაც სამცხის ათაბაგი ყვარყვარე დაუტყვევებია. სწორედ გურიელის ლაშქრის აქტიურობით მოუპოვებია გამარჯვება ქართველთა ჯარს.

აქედან იწყება ბაგრატ მესამის ზეობა სამცხე-საათაბაგოში. იმისათვის რომ ოსმალთა ექსპანსია შეაჩეროს, იმერეთის მეფე სამცხეში ეკლესია-მონასტრების მშენებლობას იწყებს. სურს კულტურული და სარწმუნოებრივი კუთხით მოაძლიეროს სამცხე. ეს პოლიტიკა მხოლოდ ათი წლის განმავლობაში გაგრძელდა წარმატებით. მანამდე, სანამ ოსმალთა სულთანი სულეიმანი საქართველოსთვის მოიცლის.

თუმცა, მთლად დალაგებულად მაინც არაა საქმე დასავლეთ საქართველოში - ფეოდალური დაპირისპირება თავისას აკეთებს. დადიანი უკმაყოფილო დარჩენილა, ის ბაგრატისგან მეტს მოელოდა მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბაგრატს კი მისთვის არაფერი გაუმეტებია, აი, გურიელი კი ხვავრიელად დაუჯილდოვებია - მისთვის აჭარა და ჭანეთი მიუცია. გურიელის ასეთი წახალისება და გამორჩეულობა დადიანის თავმოყვარეობაზე მოქმედებს. ეს კი იმის მიზეზი ხდება, რომ შემდგომში დადიანი უგანებს საქართველოს მეფეთა და მთავართა ერთობლივ ლაშქრობას სულ მალე ჯერ ოლთისთან, მერე კი სოხოისტას ველზე რომ მოხდება ორიოდ წელში.

 

რატომ დაინაწილეს ლუარსაბმა და ბაგრატმა სამცხე-ჯავახეთი

ამ ყველაფრისგან თითქოს განზე დგას ლუარსაბ პირველი, ქართლის მეფე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ქვეყნის ერთიანობის იდეა მისგანაც მოითხოვს აქტიურ ქმედებას და ლუარსაბიც მზადაა -  ის ჯავახეთს იკავებს და ქართლის სამეფოს უშუალოდ უერთებს.

ისტორიოგრაფიაში არის მოსაზრება, რომ ეს ნაბიჯი ლუარსაბმა იმიტომ გადადგა, თითქოს საკუთარ სიმამრს ბაგრატს დაასწროო. კატეგორიულად ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა, ის წყაროები, რომელიც ჩვენამდეა მოღწეული, არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სიძე-სიმამრს შორის რაიმე დაპირისპირება, უთანხმოება იყო.

ისინი ჰარმონიულად მოქმედებენ. ერთიანობის იდეა მათ არ უშლით ხელს ერთმანეთთან არათუ კეთილგანწყობლური, თბილი ურთიერთობა შეინარჩუნონ. მიზეზი მარტივია - ისინი ბოლომდე აცნობიერებენ, რომ როგორც ოსმალეთთან ისე სეფიანთა ირანთან კონკურენტუნარიანი მხოლოდ გაერთიანებული საქართველო იქნება  და არა სამეფო-სამთავროებად დანაწევრებული ქვეყანა. მხოლოდ ერთიანი ფორმით შესძლებს ქვეყანა ფიზიკური არსებობის შენარუნებას.

იმ აგრესიას სამხრეთის მხრიდან რომ ელის საქართველოს, ორივე ხედავს. საჭიროა ეფექტურ თავდაცვის სისტემაზე ფიქრი, ოპტიმალური სტრატეგიის შემუშავება. სწორედ ამ გეგმის ნაწილია სიძე-სიმამრს შორის სამხრეთ საქართველოს დანაწილება. სწორედ ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნისათვის იყო აუცილებელი სამცხე და ჯავახეთი უშუალოდ ყოფილიყო იმერეთისა და ქართლის სამეფოს ნაწილი.

 

რატომ ეახლა ძვირფასი საჩუქრებით ყვარყვარე ათაბაგის შაჰ-თამაზს

რა თქმა უნდა, ასეთ დროს განკერძოების იდეით გამსჭვალულ ფეოდალთა ადგილი აღარ რჩება სამცხეში, ამიტომაც გავლენიან ფეოდალს ოთარ შალიკაშვილს სხვა გზა აღარ დარჩენია გარდა იმისა, რომ შესაბამის დროს დაუცადოს. ამისთვის განსაკუთრებულად ემზადება - ყვარყვარეს მცირეწლოვანი შვილი, ქაიხოსრო ოსმალეთში მიჰყავს და სულთან სულეიმანს დახმარებას სთხოვს.

სანამ სულეიმანი მოიცლის ქართველებისთვის (მას ევროპაში დიდი საქმეები აქვს -  ევროპის დაპყრობით იმდროინდელ მსოფლიო ბატონობას უმიზნებს), ქაიხოსრო, რომელიც უკვე სრულწლოვანია, ვერ ითმენს, ვერ ელოდება სულეიმანს და პირველივე ალტერნატიულ შანსის გამოყენებას ცდილობს - ძვირფასი ძღვნით ხელდამშვენებული მიდის 1541 წელს თბილისისაკენ დაძრულ შაჰ-თამაზთან (ეს ის დროა ლუარსაბ პირველის შვილის გარდაცვალება რომ შეიტყო სეფიანთა მმართველმა და ქართლის მეფის უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ).

ამ ორმაგი თამაშისას საკმაოდ კარგად ჩანს ქაიხოსროს, როგორც ფეოდალის ფსიქოლოგია. მისთვის სულერთია ვინ იქნება მისი დამხმარე, სულერთია ვისი ჯარი წარუძღვება სამცხისკენ. მთავარია ხელისუფლება დაიბრუნოს, დაიბრუნოს დამოუკიდებელი მმართველობა და ამ ფონზე რატომღაც იქმნის ილუზიას, რომ ნებისმიერი დიდი სახელმწიფო მისი ინტერესებისათვის მოცდება და შეწუხდება. ის, როგორც ფეოდალი, უძლურია მოვლენები დაინახოს საკუთარ ცხვირს მიღმა.

ბუნებრივია შაჰ-თამაზს ქაიხოსროს წინადადება მოსწონს, იმიტომ რომ სამცხის დაკავება ნიშნავს უშუალოდ ოსმალთა იმპერიის გამეზობლებას და კავკასიაზე გადმოსასვლელი გზის ჩაკეტვას, მაგრამ ერთია მოწონება, მეორე კი მისი პრაქტიკული აღსრულება. თამაზმა ჯერ ქართლს უნდა მიხედოს და ლუარსაბ პირველის წინააღმდეგობა დასძლიოს.

ძალიან გაუჭირდა სეფიანთა მმართველს ქართლის მთიანეთის დაკავება. აქ საკმაოდ ბევრი მეომარი დაკარგა თამაზმა და ბუნებრივია, აღარ გარისკა ქაიხოსროს პოლიტიკური ზრახვების აყოლა. იმასაც ითვალისწინებდა, რომ სამცხეზე შეტევა ბაგრატ მესამესთნ დაპირისპირებას ნიშნავდა და ამისთვის ირანელი ჯერ მზად არ იყო.

 

როგორ მოიცალა სულთანმა სულეიმანმა ქართველებისთვის

ქაიხოსროს პოლიტიკურ გათვლებს საკმაოდ კარგად აცნობიერებენ კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარზე. სულეიმანმა იცის რა ხდება ქართლში, იცის შაჰ-თამაზი რომ ლაშქრობს ქართლში და თბილისს იღებს, ბუნებრივია იცის ისიც, რომ ამ დროს უმოქმედობა ნიშნავს კავკასიის დაკარგვას, ამიტომაც ქაიხოსროს ხვეწნა-მუდარა აღარ სჭირდება და ისე ისხამს აბჯარს

ეს 1543 წელს ხდება. სულთნის ბრძანებით არზრუმის მმართველი მუსა ფაშა 22-ათასიანი ლაშქრით ბაგრატის წინააღმდეგ დაძრულა. ბაგრატი ელის მოვლენათა ასეთ განვითარებას და თადარიგს იჭერს - ლაშქარს უხმობს და საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრებას იწყებს. უხმობს გურიელსა და დადიანს. ლევან პირველ დადიანს ძველი წყენა ჩაუდია გულში, ამიტომაც განზე დგება.

 

როგორ გააბრიყვა ბაგრატ მესამემ მუსა-ფაშა

ოსმალოს ჯარი თანამედროვე ტექნიკითაა შეიარაღებული - ზარბაზნები უცხო ხილია ქართველთათვის. ოლთისის ციხეს მომდგარ თურქებს აშკარა უპირატესობა აქვთ, ეს უშუალოდ ბრძოლის დასაწყისიდანვე ჩანს.

ბაგრატი გრძნობს, რომ რაღაც უნდა მოიფიქროს, სიტუაცია უნდა განმუხტოს, ამიტომაც მუსა ფაშას საჩუქრებით დატვირთულ მოციქულებს უგზავნის და უთვალის - თუ უკან გაბრუნდები, ციხის კლიტეებს, ვისაც მიბრძანებთ, იმას გადავცემო.

გულუბრყვილო აღმოჩნდა ფაშა - ბაგრატს ენდო, ოლთისის ციხეს ალყა მოხსნა და არზრუმის გზას გაუყვა. მხოლოდ მცირე ლაშქრი და არტილერია დატოვა ადგილზე. ეს კარგი ნიშანია იმისა, რომ ქართველებმა გაბედულად იმოქმედონ - ისინი თავს ესხმიან ოსმალებს. აქ უკვე ქართველებს აქვთ აშკარა უპირატესობა - ერთიანად ამოწყვიტეს ოსმალო, ზარბაზნებიც ჩაიგდეს ხელთ და მუსა ფაშას დაედევნენ. ქარაღაქთან დაეწივნენ...

მოულოდნელობის ეფექტმა თავისი ქნა - ქართულმა ლაშქარმა ერთიანად ამოწყვიტა ოსმალო... მემატიანე გადმოგვცემს ქართველებმა ბრძოლის ველი მტრის სისხლით ლალისფრად შეღებესო...

ქარაღაქთან მარცხი დიდი გამოწვევაა მსოფლიოს იმ დროინდელი უძლიერესი სახელმწიფოსთვის, ასეთ სითავხედეს სულეიმანი არავის პატიობს და დიდი რევანშისთვის ემზადება...

ორიოდ წელში სოხოისტასთან, ბასიანის ველზე მოხდება ბრძოლა, რომელიც ჩამოაცილებს დედა სამშობლოს სამცხე-საათაბაგოს და დიდი ხნით დაუსვამს ძალუმად აკორდს საქართველოს ერთიანობის იდეას...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×