გვანცა ღვედაშვილი
15.04.2017

 განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძველით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა 3 556 არასრულწლოვანმა შეწყვიტა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ - 6 449-მა. ეს ინფორმაცია ომბუდსმენმა საპარლამენტო ანგარიშის დროს გახდა ცნობილი.

"საქართველოს განათლების ლიგის" პრეზიდენტი და განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ, კონსტიტუციის თანახმად, საბაზო განათლება სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, 9 კლასის დამთავრებამდე ბავშვს სწავლა შეაწყვეტინოს. აღნიშნულზე პასუხისმგებელი კი სწორედ ხელისუფლება და განათლების სამინისტროა, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ვერ ასრულებენ.

ომბუდსმენის განცხადებით, სკოლის მიტოვების ძირითადი მიზეზი ადრეულ ასაკში ქორწინებაა, ასევე ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ხშირად არასრულწლოვანი სწოლის დამთავრებამდე იწყებს მუშაობას და სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

"მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირებს არ აქვთ სრული ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში რეფერირების პროცედურებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ პასუხისმგებელი ორგანოების დროული და ეფექტიანი ჩართულობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. ამასთან, ვერ ახდენენ ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევათა პრევენციას.

"განათლების მიღების შეწყვეტის მიზეზებს შორის, საკმაოდ მაღალია მუშაობის დაწყება და ადრეული ქორწინება, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან ინდივიდუალურ შესწავლასა და რეაგირებას მოითხოვს. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლების უფლების დაცვის საკითხი", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

როგორც განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, ჩამოთვლილი მიზეზები, იქნება ეს ადრეულ ასაკში ქორწინება, საზღვარგარეთ წასვლა, თუ სხვა, არ უნდა იყოს სწავლის შეწყვეტის მიზეზი. საბაზისო განათლება კი კონსტიტუციით არის სავალდებულო. 

"უნდა იყოს საღამოს სკოლები, რადგან, თუ ბავშვის მუშაობა დაშვებულია და ეს ასეა, მაშინ უნდა არსებობდეს საღამოს სკოლები, სადაც ისინი სწავლას შეძლებენ. რატომ იწელება ეს დროში და რატომ არ ხდება მათი გახსნა, ეს არ ვიცი.

"გარდა ამისა, როცა ბავშვი 9 კლასის დამთავრებას ვერ ახერხებს სოციალური პირობების გამო, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს. სახელმწიფოს მოხელეებმა, ვისაც ეს ეხება, პასუხი უნდა აგონ ამის გამო, რადგან კონსტიტუციის დარღვევაზე გავდივართ.

"კონსტიტუციის თანახმად, საბაზო განათლება სავალდებულოა, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება, 9 კლასის დამთავრებამდე ბავშვს სწავლა შეაწყვეტინოს. თუ ბავშვი საბაზო განათლების მიღებას ვერ ახერხებს, პასუხი ბავშვს კი არა, მის ოჯახს მოეთხოვება. 

"ამასთან, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვებმა საბაზისო განათლება მიიღონ. ხოლო თუ სოციალური პირობები სახელდება სწავლის შეწყვეტის მიზეზად, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლემწიფოს პოლიტიკა არასწორად არის დაგეგმილი. არა მხოლოდ სოციალური პროგრამები, არამედ მისი ძირითადი მიმართულებები, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს.

"სახელმწიფომ ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლის შემდგედ რომ დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმძღვანელოების დაბეჭდვა და მათი უფასოდ დარიგება, ეს არ არის საკმარისი. სოციალურად დაუცველ ოჯახში არსებულ მოსწავლეებზე მან უნდა გამოყოს სპეციალური ბარათი, რომელშიც ჩატვირთული უნდა იყოს ის თანხა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ სკოლაში იაროს. მხოლოდ წიგნი ამისთვის საკმარისი არ არის. მას სჭირდება სხვა სასკოლო ინვენტარი, ამასთან, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნორმალური საკვები. ეს ყველაფერი კი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სოლიდური თანხაა.

"კონსტიტუციაში წერია, რომ საბაზისო განათლება სავალდებულია. ეს კანონი არ ესმის ჩვენს ხელისუფლებას, რადგან არ ჰყავს პროფესიონალები განათლების მიმართულების არცერთ დონეზე - არც სამინისტროში, არც საკანონმდებლო ორგანოში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში", - განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

სწავლის შეწყვეტის რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და ქვემო ქართლშია დაფიქსირებული. განათლების ექსპერტი აღნიშნავს, რომ დედაქალაქში ასეთი მაღალი მაჩვენებელი მძიმე სოციალურ პირობებს უკავშირდება და თბილისში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ, ვიდრე რეიონებში.

"თბილისში მე ვნახე ისეთი სოციალური სიდუხჭირე, რომლის მსგავსიც სხვა რეგიონებსა და სოფლებშიც კი არ მინახავს. ბავშვებს თბილისში უფრო მეტად ეთაკილებათ სკოლაში სიარული, თუ არ აქვთ ნორმალურად ჩაცმის საშუალება, რადგან მათი კლასელები მოდურად იცვამენ, მათ კი ძველმანებიც კი არ აქვთ, რის გამოც დაცინვის მსხვერპლი ხდებიან და გაუსაძლისი ატმოსფერო იქმნება მათთვის.

"რაც შეეხება ქვემო ქართლს, იქ სიღარიბე ყველაზე ნაკლებად არის სწავლის მიტოვების მიზეზი. ძირითადად ეს ადრეული ქორწინებებისა და არაინფორმირებულობის გამოა.

"სახელმწიფოს მოხელეებმა არ იციან, რომ არა მარტო იმ მოსწავლის ოჯახები არღვევენ კონსტიტუციას, რომლებიც სწავლას აწყვეტინებენ თავიანთ ბავშვებს, არამედ თავადაც კანონის დამრღვევები გამოდიან. არადა მათი პირდაპირი მოვალეობა სწორედ კონსტიტუციის დაცვაა", - აცხადებს განათლების ექსპეტი მანანა ნიკოლაიშვილი.

როგორც განათლების სამინისტროდან "რეზონანსს" აცნობეს, სწავლის მიტოვების რამდენიმე ძირითადი ფაქტორი არსებობს. ამასთან, თუ მსოფლიოში არსებულ მონაცემებს გავითვალისწინებთ, საქართველოში არც ისე ბევრი წყვეტს სწავლას.

"მსოფლიოში სწავლას მოსწავლეების 10% წყვეტს, საქარველოს შემთხვევაში კი ეს 1%-ია. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო არ არის, მაგრამ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ეს არ არის დიდი მაჩვენებელი", - განაცახდეს სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×