აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ავტოსადგურებში განმარტავენ, რომ სადღესასწაულო დღეებში 40-მდე მიკროავტობუსის დამატება დასჭირდათ. შარშანდელთან შედარებით, დედაქალაქის წამყვან სადგურებში, როგორიცაა "ვაგზლის მოედანი", "ოკრიბა" და დიდუბე", მგზავრთა ნაკადი საკმაოდ გაზრდილია.
რაც შეეხება ბილეთის საფასურს, არ შეცვლილა, თუმცა მგზავრები ერთსა და იმავე მიმართულებაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ ტარიფებს აწყდებიან. არის შემთხვევები, როცა სხვაობა 2-3 ლარს შეადგენს. ასეა, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ზოგიერთ მგზავრს ზუგდიდის მიკროავტობუსზე 17 ან 20 ლარის ფარგლებში უწევს მგზავრობა.
ავტოსადგურ "დიდუბის" დირექტორის ნესტორ მიქატაძის ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით ტარიფი 3 ლარიდან იწყება და 20 ლარამდეა. ყველაზე ძვირი ბილეთები აჭარის მიმართულებითაა.
"დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრთა ნაკადი დიდია. გამოძახებული და მობილიზებულია დამატებითი მანქანები, რომ მგზავრთა გადაადგილება ინტენსიურად მოხდეს. დღეში, საშუალოდ, 40 მიკროავტობუსს ვამატებთ. მგზავრობა არ გაძვირებულა, ყველაზე ძვირი ბათუმის რეისია, 20 ლარი ღირდა და ამდენივე დარჩა. ქუთაისისკენ მგზავრობა 10 ლარია, ხოლო სენაკსა და აბაშაში - 15 ლარი.
აყველაზე იაფი და ყველაზე დატვირთულია გორის მიმართულება, რომელიც 3 ლარი ღირს. ასევე გვაქვს მარშრუტები თბილისის ახლომდებარე სოფლების მიმართულებით - 1,50-2 ლარის ფარგლებში. სადღესასწაულო პერიოდში ყოველდღიურად 280-305 მიკროავტობუსი გავა, მათ შორის, 210 მგზავრებს შორ მანძილმე მოემსახურება", - ამბობს ნესტორ მიქატაძე.
ხალხმრავლობაა ავტოსადგურ "გლდანშიც", რომელიც, ძირითადად, დასავლეთის მიმართულებაზე მუშაობს. ავტოსადგურში განმარტავენ, რომ სატარიფო პოლიტიკა არ შეცვლილა და მგზავრებს მათთვის მისაღებ ფასში უწევთ გადაადგილება. ზუგდიდისკენ ტარიფი 15 ლარი ღირდა და წინასააღდგომოდაც მგზავრებს ამ ფასში ემსახურებიან. რაც შეეხება იმერეთის მიმართულებას, ქუთაისში, საჩხერესა და ჭიათურაში მგზავრობა "გლდანიდან" 10 ლარი ღირს.
"ბოლო პერიოდში ამ ფასით გადაგვყავს მგზავრები და ცვლილებებს არც ვგეგმავთ. მგზავრობა რომ გავაძვიროთ, ყველა გაიქცევა. დღესასწაულისთვის ჩვეული აქტიურობაა. როგორც ყოველთვის ამ პერიოდში, რამდენიმე ერთეული მიკროავტობუსი დავამატეთ, რომ მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს და ხალხს რიგში არ უწევდეს დგომა", - ამბობს ავტოსადგურის თანამშრომელი.
მგზავრები ადასტურებენ, რომ ტარიფი არ შეცვლილა, თუმცა არის რიგი, რის გამოც დროულად გადაადგილება ძნელდება:
"ოკრიბიდან" გავდივარ, წინასწარ შევიარე ავტოსადგურში, რომ მდგომარეობა მენახა. ძალიან დიდი რიგია. ხვალ ვაპირებ გამგზავრებას და დილიდანვე მომიწევს სახლიდან გასვლა, რომ სახლში დროულად ჩავიდე", - ამბობს ქუთაისელი ლია ცერცვაძე.
ბილეთის ფასი უცვლელი რჩება რაჭის მიმართულებითაც. მგზავრებს კვლავ 20 ლარად ემსახურებიან, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მათ რეგიონში ექმნებათ, სადაც ადგილობრივი ტრანსპორტი შეზღუდვით მუშაობს.
"ბილეთი 20 ლარი ღირდა და ფასი ახლაც იმდენივეა. ყველაზე დიდი პრობლემა რაიონში გვექმნება. ამბროლაურამდე უპრობლემოდ ჩავდივარ, მაგრამ რაიონიდან სოფლების მიმართულებით ავტობუსები და მარშუტკები დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ თუ დადიან. სოფლის რეისს თუ ვერ ჩავუსწარი, ტაქსის აყვანა მომიწევს, რაც ძალიან ძვირი ჯდება. საბოლოდ, სახლამდე მისვლა, სულ მცირე, 30-35 ლარი დამიჯდება", - ამბობს ნათელა მურუსიძე.
მგზავრთა აქტიურობა "საქართველოს რკინიგზაშიც" შენარჩუნდა. კომპანია საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ვაგონების ახალი შემადგენლობის დამატება რამდენიმე მიმართულებით გახდა აუცილებელი.