საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, სუფრის დეკორატიულად გაფორმების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გაძვირდა და მოთხოვნამაც საგრძნობლად იკლო, მოსახლეობის ნაწილი მაინც ახერხებს სადღესასწაულოდ დეკორატიული ნივთების შეძენას. სააღდგომო ნივთები, ძირითადად, ბუდეები, პასკისა და კვერცხის ხელნაკეთი ჩასაწყობი, ჯეჯილი და მოხატული თუ მოქარგული კვერცხებია.
სააღდგომო სუვენირებზე, წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, თუმცა მომხმარებელთა ნაწილი მაინც ახერხებს, გაძვირებულ პროდუქტთან ერთად, სუფრის მოსართავი აქსესუარების და დეკორატიული ნივთების შეძენას. რეალიზაციის კლებას, სუვენირების მაღაზიები და ის ადამიანები, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობით ხსნიან და ამბობენ, რომ ხალხს მსგავსი სუვენირებისათვის საკმარისი თანხა არ რჩება.
ხელნაკეთ სამკაულებთან ერთად, დიდია მოთხოვნა, ორიგინალურ სადღესასწაულო დეკორზე და ჭურჭელზეც. სუვენირების ფასი 3 ლარიდან იწყება და 200 ლარს აჭარბებს.
ნინო ამირიძე ამბობს, რომ უკვე წლებია საახალწლოდ და სააღდგომოდ სუვენირებს ამზადებს. წელს, მოთხოვნა შემცირებულია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაინც ახერხებენ სუვენირებისათვისაც მოიტოვონ გარკვეული თანხა.
"მე ფლორისტი ვარ. ვთვლი, რომ პროფესიით შეძენილი ესთეტიკური აღქმის უნარი მეხმარება, სუვენირების დამზადების დროს. წლებია ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ ვაქციე და საღდგომოდ და საახალწლოდ სუფრის დეკორატიულ გასაფორმებელ ნივთებს ვამზადებ. წელს მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, ძველი კლიენტებიც კი, შედარებით უფრო დაბალი ფასის პროდუქციას მიკვეთავენ, ვიდრე წინა წლებში.
მოგეხსენებათ, ხელნაკეთი სამკაულები რაოდენ პოპულარულია და შესაბამისია მოთხოვნაც სუფრის ხელნაკეთ აქსესუარებზე. მე, ძირითადად, კვერცხის ჩასადებ ბუდეებს და ჯვალოს ცხვრებს ვამზადებ, წელს პირველად გავაკეთე ბაჭიებიც. რატომ არ ვიცი, მაგრამ ევროპაში მიღებული ყოფილა სააღდგომო სუფრაზე შოკოლადის ან დეკორატიული კურდღლები. ალბათ აქვს ამას კონკრეტული მიზეზი და კათოლიკური ტრადიცია. როგორც სხვა ყველაფერს, ამასაც პირდაპირ იღებენ ჩვენთან უცხოეთიდან", - ამბობს ნინო ამირიძე.
შარშანდელთან შედარებით პროდუქტებზე ნაკლები ფული დახარჯა თეონა ზოიძემ, მაგრამ სადღესასწაულო სუვენირებისთვის თანხა მაინც გადადო. მისი თქმით, განწყობას მორთული სუფრა და სახლი ქმნის და არა მრავალფეროვანი საკვები.
"მთელი წელი ვამბობდი, რომ სუფრაზე იმდენი კერძი აღარ მექნებოდა რამდენიც წინა წლებში, მაგრამ სახლში რატომღაც ჩათვალეს, რომ ვხუმრობდი. ვერ ვხვდები რატომ უნდა გავკეთო ის, რასაც ზუსტად ვიცი, რომ არ შეჭამენ.
ცხოვრება საგრძნობლად გაძვირებულია და მავნე ტრადიციის მოშლაც მინდა, რაც მარხვის შემდეგ, მაშინვე საშინლად მსუყე კერძებზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. ამიტომ წელს შედარებით მცირე რაოდენობის და ნაირსახეობის კერძები და ბევრი დეკორატიული მოსართავი მექნება, რაც ნამდვილად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. უკვე შევიძინე ჯეჯილისთვის ულამაზესი დეკორატიული ფორმები, ახლა იგივეს პასკისა და კვერცხისათვისაც ვაპირებ. მოხატული კვერცხების შეძენაც მინდა. როგორმე ხომ უნდა მივეჩვიოთ, რომ სადღესასწაულო განწყობაა და არა გაუთავებელი ჭამა-სმა", - თქვა თეონა ზოიძემ.
გაგა აბრამიშვილს ადრე სააღდგომო სუვენირები უცხოეთიდან ჩამოჰქონდა, ბოლო წლებში კი, საქართველოშიც დიდი არჩევანია.
"სამსახურის გამო, ხშირად მიწევს უცხოეთში სიარული. ვერ ვიტყვი, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ თუ აღდგომის წინა პერიოდში მივდიოდი სადმე, სასაჩუქრედ და ოჯახისათვისაც ვყიდულობდი ასეთ აქსესუარებს.
ბოლო წლებში, ჩვენთანაც დიდი არჩევანია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ გაცილებით მაღალი ფასებია. წელს მნიშვნელოვანი არაფერი შეგვიმატებია "კოლექციისთვის". ისედაც გაძვირებულია ყველაფერი და გაუმართლებელ ხარჯად ჩავთვალეთ ახალი აქსესუარების ყიდვა", - განუცხადა "რეზონანსს" გაგა აბრამიშვილმა.
სასაჩუქრე მაღაზია "კაპა ჰაბიტატში" ამბობენ, რომ მოთხოვნა არის, თუმცა კლებაც შეინიშნება. მაღაზია მომხმარებელს ხელით მოხატულ სააღდგომო კვერცხებს, ქათმისა და ბატკნების პატარა სუვენირებს სთავაზობს. მაღაზიაში იყიდება კვერცხის ჩასადები აქსესუარებიც. ფასი 4 ლარიდან იწყება და 50 ლარს აღწევს. იგივეს ამბობენ "საჩუქრების სახლშიც", სადაც ფასი უფრო მაღალია და 20 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. მათი თქმით, მოთხოვნა ყველა სახის პროდუქციაზეა, თუმცა რეალიზაცია, სხვა დღესასწაულებთან შედარებით, შემცირებულია.
სააღდგომოდ მაღაზიები და კერძო პირები მომხმარებლებს ხელით ნაკეთ სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს სთავაზობენ, ესენია: ბუდეები, ხის კვერცხები, ქოთნის ყვავილები, სუფრის გასაფორმებელი აქსესუარები და ა.შ.
რას ფიქრობს ხალხი
ნანუკა მჭედლიშვილი, 30 წლის: "ვერ ვიტყვი, რომ სადღესასწაულოდ გაღებული ხარჯის დიდი ნაწილი მოდის დეკორატიულ აქსესუარებზე, თუმცა ამაში გარკვეულ თანხას ნამდვილად ვხარჯავ. ჩემთან ახლოს ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც ამ სახის ნივთებს ამზადებს. ვფიქრობ, ერთ კონკრეტულ ნივთს, მაგალითად, კვერცხის ჩასალაგებელ ბუდეს შევიძენ. როცა მივდივარ საყიდლად, ისეთი საოცარი ნაკეთობები და აქსესუარები მხვდება, არ შემიძლია სხვა რამეც არ შევიძინო. ასე ნელ-ნელა საკმად ბევრი სააღდგომო ნივთი დამიგროვდა".
მაია გაჩეჩილაძე, 64 წლის: "მთელი ცხოვრება ყველა დღესასწაულზე უზარმაზარ სუფრას ვშლი, რომელზეც მხოლოდ საკვებია და ერთადერთი გამახალისებელი ელემენტი, ცხვრის ფორმის პასკაა. ბოლო ორი წელია გადავწყვიტე, დეკორატიული ნივთები და აქსესუარებიც მქონდეს აღდგომას. ამით ჩემს ოჯახს ზღვარგადასულ ქეიფის ტრადიციას ვერ მოვაშლევინებ, მაგრამ ორივეს შეთავსება შეიძლება".
ქეთი ვეკუა, 22 წლის: "სახლში სადღესასწაულო განწყობა უნდა იყოს და არა ქანცის გაწყვეტამდე საჭმელების მზადება და სუფრაზე მომსახურება, ქმრის ან მამის ძმაკაცებისა და ნათესავების. მექნება ის, რაც აუცილებელია, პასკა, კვერცხი და ხილი. არ მინდა ეს დღე დიდად განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი დღეებისაგან. სადაც კი გავიგე, რომ ვინმე კერძო შეკვეთას იღებდა ან მაღაზიებში ლამაზი სადღესასწაულო დეკორი და ჭურჭელი იყიდებოდა, ყველგან მივედი და თითო რაღაც წამოვიღე. აღმოჩნდა, რომ ეს დიდი სუფრის გაშლაზე მეტი ჯდება, მაგრამ მაინც ღირს. თანაც მარტო წელს ხომ არ მექნება, შემდეგაც შემიძლია გამოვიყენო".
ლელა ტაბატაძე, 45 წლის: "ჯეჯილის დეკორატიული ჩასადები მეც ვიყიდე. ერთი რამ ვერ გავიგე. ხალხის დიდი ნაწილი არ მარხულობს, ტაძარში არ დადის, აბსოლუტურად არარელიგიურად ცხოვრობს და სააღდგომოდ რატომ ხდება ასეთი აქტუალური კვერცხის, პასკის ან დეკორატიული ნევითების თემა? ვფიქრობ, ესეც დასავლური გავლენაა. შობა იქნება თუ აღდგომა, კომერციულ დღესასწაულებს ემსგავსება. ნელ-ნელა ჩვენც ამას მივდევთ, სადაც მხოლოდ ცერემონიები დარჩება და ნივთები".