რეზონანსი
15.04.2017

 თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობას შენიშვნები აქვს და ის 17 გვერდისგან შედგება.

მთავრობას მიაჩნია, რომ აკრძალვა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას არ ითვალისწინებს, გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია.

მთავრობა საკუთარ დასკვნაში პროექტში ჩაწერილ ცალკეულ რეგულაციებსა და ნორმებს "ბუნდოვანად" და "გაუგებრად" აფასებს. არ მოსწონს პროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადი იყოს ობიექტის გარედან და ასევე, ობიექტის შიგნით.

მთავრობა ასევე მხარს არ უჭერს გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას და შენიშვნები აქვს აღსრულების ნაწილშიც.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მთავრობის შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული იქნება.

"მთავრობამ გამოთქვა კონკრეტული პოზიცია, სადაც ერთ-ერთი თემაა, თუ ვინ გააკონტროლებს ამ კანონის აღსრულებას (როგორც იცით, ეს შემდეგ უკვე მთავრობის მოვალეობაში იქნება) და შესაბამისად, ძალიან რაციონალურია, რომ ამასთან დაკავშირებით ჰქონდეს თავისი პოზიცია. მომდევნო კვირას ამაზე ვიმსჯელებთ ისე, რომ მეორე მოსმენისთვის უკვე მზად ვიყოთ და გარკვეული პოზიციები შევაჯეროთ", - ამბობს აკაკი ზოიძე.

კანონპროექტის კიდევ ერთი იცინიატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ "ბევრი რამ არასწორად არის გაგებული".

"თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს აქვთ მონაწილეობის უფლება ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება გადასახადებს, აქციზს და ასე შემდეგ, მაგრამ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ სიგარეტის გამონაბოლქვისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას ეხება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თავიდან უნდა იქნას არიდებული გავლენები და ინტერესთა კონფლიქტი, რაც ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნაა და ჩვენ ჩვენი კანონპროექტით მისი ერთგული ვართ. 

"მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, პროდუქტის შეთავაზებისას მოსახლეობას აუხსნან პროდუქტის შესახებ. ჩვენ ამის წინააღმდეგი ვართ, რადგან თამბაქო ფაქტიურად არის ლეტალური პროდუქტი და ამიტომ ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ", - ამბობს გუგული მაღრაძე და განმარტავს, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, მთავრობის გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×