უცნობი დეტალები ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200-წლიანი ისტორიიდან
ია აბულაშვილი
22.04.2017

 26 აპრილს გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება "გერმანია-საქართველოს წელი-2017", რასაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. მანამდე კი ამ ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა.

თბილისში 21 აპრილს საკრებულოს შენობაში გაიმართა საზეიმო ცერემონია, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების მნიშვნელოვანი თარიღები - 200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლის და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. ასევე მოეწყო გამოფენა "მომავლი მემკვიდრეობა - 200 წელი ქართულ-გერმანულ ისტორიებში".

როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა და ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველო-გერმანიას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში, ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე ისტორიული ფაქტი გავიხსენოთ.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველო-გერმანიის ურთიერთობის პირველი ნაბიჯები შუა საუკუნეებში გადაიდგა. საქართველოზე, მის ხალხზე, ისტორიაზე, კულტურაზე, ბუნებაზე ცნობებს აწვდიდნენ გერმანელი მოგზაურები, დიპლომატები.

ქართველ და გერმანელ ხალხთა ურთიერთობა უფრო მჭიდრო გახდა მას შემდეგ, რაც 1817 წლიდან გენერალ ერმოლოვის მმართველობის დროს, საქართველოში გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ. ამერკავკასიისკენ დუნაის გზით, რამდენიმე პარტიად გაყოფილი კოლონისტები დაიძრნენ. 1819 წლის ბოლოსთვის გერმანიიდან გადმოსახლებულებმა 8 კოლონია შექმნეს. მოგვიანებით კი საქართველოში კიდევ რამდენიმე გერმანული კოლონია შეიქმნა.

საქართველოს განვითარებისა და ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მრავალ გამოჩენილ გერმანელ მწერალსა თუ მეცნიერს, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში. მათ შორის იყო აკადემიკოსი იოჰან გიულდენშტედტი, რომლის შედეგნილია საქართველოს რუკა.

ერეკლე მეორის კარზე მოღვაწეობდა გერმანელი ექიმი, დიპლომატი და მეცნიერი ქრისტიან რუდოლფ ელიხი, რომელიც იაკობ რეინეგსის სახელით არის ცნობილი. ერეკლე მეორემ მას გაწეული შრომისთვის ბოლნისის შვიდი სოფელი აჩუქა.

1829 წელს გერმანელმა ფარმაცევტმა ფლორ შიონბერგმა თბილისში პირველი აფთიაქი გახსნა. სააფთიაქო საქმეში ცნობილ ზემელთან ერთად მოღვაწეობდნენ ოტენი, კოხი, ჰაინე და სხვები.

საქართველოში ოცდაათი წელი იცხოვრა ბაღების არქიტექტორმა ჰაინრიხ შარერმა, რომელიც განაგებდა ბოტანიკურ მუზეუმს და ხელმძღვანელობდა ალექსანდრეს პარკისა და ბორჯომის პარკის განაშენიანებას. 1870 წელს გუსტავ რადეს ძალისხმევით თბილისში კავკასიის მუზეუმი გაიხსნა, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მხარეთმცოდნეობის ერთადერთი მუზეუმი იყო რუსეთის იმპერიაში.

ცნობილმა გერმანელმა გეოლოგმა, კავკასიის მეფისნაცვლის ადმინისტრაციის სამთო საქმის მთავარმა მოხელემ, პროფესორმა აბიხმა კი საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სასარგებლო წიაღისეულთა მეცნიერულ შესწავლას. გამოავლინა მანგანუმის, ქვანახშირის და სხვა საბადოები.

1845 წელს რუსულ "სამთო ჟურნალში" პირველი სტატია ჭიათურის მანგანუმის შესახებ სწორედ აბიხმა დაწერა. მან ადგილზე შეისწავლა მანგანუმის საბადო და ამის თაობაზე მეფის ნაცვალის კანცელარიას მოხსენებით ბარათი გაუგზავნა. ჭიაურის მანგანუმით დაინტერესებული იყვნენ გერმანული ფირმები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მანგანუმისა და სპილენძის მოპოვებაში.

ცნობილი ფირმა "სიმენსის" მოღვაწეობა საქართველოში ცალკე თემაა. სწორედ ამ კომპანიის დამსახურებაა, რომ 1858 წლიდან მთელ საქართველოში შეიქმნა სატელეფონო ხაზების ხშირი ქსელი. ვალტერ სიმენსი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი ძმა ოტო თბილისში ფირმის წარმომადგენლები და ასევე გერმანიის კავშირის კონსულები იყვნენ. ძმები ვალტერ და ოტო სიმენსები თბილისში არიან დაკრძალული, თუმცა, მათი საფლვები დაკარგულია.

1912 წელს მეფის მოწვევით თბილისში ჩამოდის დიზაინერი, პროფესორი მაქს ტილკე, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი "კოსტუმების ისტორია სურათებში", სადაც კავკასიაში, კერძოდ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური ჯგუფების კოსტუმებია ასახული.

1922 წელს კარიკატურისტი ოსკარ შმერლენგმა ხელოვნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისში დაარსა "კავკასიის ხელოვანთა საზოგადოება".

ალბერტ ზალცმანმა კი საქართველოში მრავალი შენობა ააგო, მათ შორის კავკასიის მუზეუმი, საქალაქო ბიბლიოთეკა, ბორჯომის საზაფხულო სასახლე, სასტუმრო "ორიენტი", ცისფერი გალერეა, კათოლიკური ეკლესია.

პაულ შტერნის აშენებულია დღევანდელი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თბილისის საკრებულოს შენობა. არქიტექტორ ლეაპოლდ ბილფელდის პროექტით აშენდა ქაშუეთის ეკლესია, ლიკანის მეფისნაცვლის სასახლე და აღმაშენებლის გამზირზე ვენცელის სასტუმრო.

მუსიკალურ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბერლინის მუსიკალური აკადემიისა და თბილისის კონსერვატორიის პროფესორმა კესნერმა, პიანისტმა კერერმა და სხვებმა. გერმანელმა პორტრეტისმა იოზეფ ჰეტინგმა დახატა საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის პორტრეტი.

აი, რას წერდა საუკუნის წინ თავის წიგნში "კურსი გერმანიაზე" ცნობილი ქართველი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გერმანია-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში:

"ახლა, როდესაც გერმანიასთან რეგულარულ მოლაპარაკებებს ვიწყებთ, უპირველს ყოვლისა გვმართებდა საქართველოს დამოუკიდებლობის პრობლემებთან დაკავშირებული ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების წარდგენა. ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა ეკონომიკური მოხსენება, მე კი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის ისტორიული და პოლიტიკური გაშუქება ვიკისრე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდით დოქტორ სიმონსს - თემა: გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობის შესაძლებელი ფორმა; საქართველოს პოლიტიკური მიზანი: განამტკიცოს თავის სახელმწიფოებრივი არსებობა, გერმანიაზე დაყრდნობით. აშკარაა, რომ გერმანიასთან კავშირი უნდა იქნეს საკმაოდ მჭიდრო, უბრალო კავშირი არ არის საკმარისი""

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×