სპარტა, როგორც სახელმწიფო, თავისი განუმეორებელი ორიგინალობითა და გამორჩეულობით განსაკუთრებული ფენომენია მსოფლიო ისტორიაში. სპარტანული ცხოვრების წესი თანამედროვე საზოგადოებისთვის სიმკაცრის სინონიმად იქცა. ქრისტეშობამდე 480 წელს, თერმოპილეს ბრძოლაში 300 სპარტანელის თავდადება აქემენიდური ირანის წინააღმდეგ ღირსეულად შეაფასა ჟამთასვლამ და ამ უმამაცეს მებრძოლთა გმირობა ყველა დროისა და ფორმაციის ისტორიის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილად აიქცია.
სახელმწიფო, რომელსაც არანაირი დამცავი საზღვრები არ გააჩნდა, იმდროინდელი ბერძნული ცივილიზაციისათვის მისაბაძი მაგალითი გახდა, სწორედ იმ ცივილიზაციისათვის, დღემდე რომ რჩება დანარჩენი მსოფლიოსათვის სანიმუშოდ და ეტალონად.
რატომ გამოარჩიეს სპარტა პლატონმა და არისტოტელემ
სპარტანულ ცივილურ ყოფას იმდროისათვის უჩვეულოდ სამართლიანმა და მამაცმა გმირმა ლიკურგმა დაუდო სათავე. ლიკურგის კანონებმა სულ სხვა თვისებრივ რეალობაში აიყვანა ერთ დროს არაფრით გამორჩეული პატარა ქალაქ სახელმწიფო.
უძველეს ელინურ სამყაროში სპარტანელთა ცხოვრების შესახებ ცნობები თავად სპარტელებს არ შემოუნახავთ. ეს მარტივი მიზეზით აიხსნება - სპარტაში არ აქცევდნენ ყურადღებას საკუთარი ცხოვრების აღწერას. ეს არ იყო შემთხვევითი ამბავი - ყველაფერი წინასწარ გათვლილი და პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი - ის რაც სპარტაში ხდებოდა, ადგილობრივები საგულდაგულოდ მალავდნენ, ასეთი გახლდათ სპარტანელთა მმართველობის პრინციპი. არავის არაფერი უნდა გაეგო სპარტას შესახებ. ის შეუმჩნეველი უნდა დარჩენილიყო მეზობლებისთვის. ამგვარი პოლიტიკა ერთგვარი თვითგადარჩენის ინსტიქტით იყო ნაკარნახევი.
ეს პროცესი განსაკუთრებულად მძაფრად შეინიშნება ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნიდან. ამას მოწმობს ბერძენი ისტორიკოსი თუკიდიდე, რომელიც წერს, რომ სპარტანელების შესახებ საკმაოდ მწირი ცნობებია შემონახული მათი საიდუმლო სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მიზეზით. სწორედ ამიტომაც სპარტანელთა ისტორიის რეკონსტრუქციისას გადამწყვეტი როლი ეკისრება მითებსა და ლეგენდებს.
ეს მითები და ლეგენდები იქმნებოდა როგორც სპარტაში, ისე მის მიღმა და ელინური ხანის მოაზროვნეთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. პლატონისა და არისტოტელესთვის სპარტა და მისი სტრუქტურა პოლისის სახელმწიფოებრივი მოწყობის ეტალონი იყო. ეს ეტალონი კი ცალსახად დაკავშირებული გახლდათ ლიკურგის სახელთან.
შექმნა თუ არა ოლიმპიური თამაშების წესები ლეგენდარულმა ლიკურგმა
პირველად ლიკურგი ქრისტეშობამდე მეხუთე საუკუნის ავტორის ჰეროდოტეს "ისტორიაში" იხსენიება. ლიკურგის ცხოვრებამ ჩვენამდე გარკვეული მითოლოგიზირებული ფორმით მოაღწია. დღეს საკმაოდ რთულია ერთმანეთს გამიჯნო ლეგენდები და რეალური ამბები. ვარაუდობენ, რომ ლიკურგი ქრისტეშობამდე მერვე საუკუნეში ოლიმპიური თამაშების შემოღებამდე ცხოვრობდა.
ოლიმპიურმა თამაშებმა ძველი მსოფლიოს ისტორიაში ახალ ეტაპს დაუდო სათავე. ეს იყო ახალი, მანამდე უცნობი ფორმა სხვადასხვა სახელმწიფოთა ურთიერთობებისა და თანამშრომლობისა. აქ ყველაფერი განსაკუთრებულ წესრიგს ემორჩილებოდა.
ბუნებრივია, საინტერესოა ვინ შექმნა ეს წესრიგი, ვის სახელს უნდა უკავშირდებოდეს ელინური ცივილიზაციის ეს ნოვაცია? მეცნიერებს ცალსახა ვარაუდი აქვთ - ამ პროცესებისას ისინი ლიკურგის კვალს ხედავენ. იმ მასშტაბური აზროვნების ფორმის გამო, რომელიც სპარტანელ კანონმდებელს გააჩნდა, ოლიმპიური თამაშების წესების შემუშავების პროცესისას ლიკურგი აქტიურად უნდა ყოფილიყო დაკავებული.
ლიკურგი ევრიპონტიდების წარჩინებულ გვარს ეკუთვნოდა. ევრიპონდიტები თავიანთ წინაპრად ჰერაკლეს მიიჩნევდნენ. ლიკურგოსის მამა სპარტას მეფე იყო, იმ დროს სპარტა არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისგან, ეს იყო საზოგადოება, სადაც სხვადასხვა ტომები ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ, ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულად უწყობდა ხელს სპარტაში არსებული ორმეფობის ტრადიცია - ორი მეფე ირჩეოდა ყველაზე დაწინაურებული და მუდმივად დაპირისპირებული აგიადებისა და ევრიპონტიდების გვარიდან.
როგორ მოიაზრებოდნენ თავისუფლების ცნებას სპარტანელები
საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ორმეფობა მათი თავისუფლების გარანტი იყო, თუმცა, ეს ყველაფერი ვერ ქმნიდა იდეალურ სურათს. სპარტას მეფეები უფრო სამხედრო ბელადები იყვნენ, ვიდრე მეფეები. ნებისმიერი სპარტანელი მეომარი იყო და გარკვეული ნათესაური კავშირი გააჩნდა ერთ-ერთ მეფესთან, რომელიც მათ თავისუფლებას იცავდა, თუმცა, ეს არ იყო თავისუფლება წმინდა ბერძნული გაგებით, ეს ცნება უფრო ტომის დაცვას, უსაფრთხოებას გულისხმობდა.
ბუნებრივია, არ შეიძლება საუბარი იყოს თავისუფლებაზე იმ კონტექსტით, რა კონტექსტითაც დღეს ეს ცნებაა მოაზრებული. სპარტას მცხოვრები იყვნენ მეომრები და ამავე დროს მონათმფლობელებიც, და თავისუფლებას ბუნებრივია მოიაზრებდნენ მხოლოდ იმ ადამიანთა პრივილეგიად, რომელთა ხელშიც ხმალი და ძალაუფლება იყო.
რატომ აირჩიეს სპარტანელებმა თავიანთ საცხოვრებლად უნაყოფო მიწა
უძველესი გადმოცემის მიხედვით, ოქროსფერთმიანი დორიელები აქ მოვიდნენ გაურკვველი ადგილიდან, გაანადგურეს ადგილობრივი მცხოვრებლები და და რატომღაც თავიანთ საცხოვრებლად შეარჩიეს მთიანი ლაკონია, რომელის მიწაც უმთავრესად ქვიანი და შესაბამისად რთულად დასამუშავებელი და უნაყოფო იყო.
მათი აქ განსახლების ერთადერთი მიზეზი უნდა არსებობდეს - ეს ღმერთების ნებაა, ღმერთების გადაწყვეტილებაა, რომელსაც მაშინდელი მცხოვრებლები დელფოსის ორაკულის მეშვეობით იგებდნენ.
დორიელებს შრომა მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდათ, სამაგიეროდ ისინი სწორუპოვარი მეომრები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულად მგრძნობიარედ აღიქვავდნენ ღირსების საკითხს, ყველაფერს, რაც თავისუფალი ადამიანის არქეტიპს შეეხებოდა. მათ ჰეროიკულ ისტორიებთან ერთად მემკვიდრეობით მიიღეს ის ტვირთი და წყევლა, რაც მუდმივი შურისძიებების განცდას იტევდა თან. ყველა მხრიდან სპარტანელებს გარს ეხვია მტრულად განწყობილი ხალხი, რაც მათ მუდმივ დაძაბულ რეალობაში აქცევდა.
ამ პროცესს თან სდევდა სპარტას საზოგადოებაში ქონებრივი დიფერენცირების პროცესი, რომლის შედეგადაც ჩნდება ურთიერთდაპირისპირებული სოციალური ფენები. ეს ცვლილება საკმაოდ დიდი უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ეს უკმაყოფილება ხშირად შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც გადაზრდილა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტისას მოკლეს ლიკურგის მამა, სპარტას მეფე, რომელიც დაპირისპირებულთა შერიგებას ცდილობდა.
ამბავი ღირსებაშემკული ლიკურგისა
იმდროინდელი წესის მიხედვით სპარტას მეფობა უფროს შვილს პოლიდექტოსს, ლიკურგის ძმას ერგო, თუმცა, მისმა ზეობამ სულ რამდენიმე თვეს გასტანა, ის მოულოდნელად გარდაიცვალა. პოლიდექტოსს დარჩა ფეხმძიმე ცოლი.
აქ ინიციატივა ლიკურგს უნდა აეღო. მან განაცხადა - თუ მისი ძმიშვილი ვაჟი იქნებოდა, მას გადასცემდა მეფობას, მის სრულწლოვანებამდე კი რეგენტის რანგში თავად კისრულობდა სპარტანელთა მეფობას.
და აქ იხლართება საკმაოდ საინტერესო ინტრიგა, თან იმ მხრიდან, რომელსაც არავინ ელის. საქმე ეხება გარდაცვლილი მეფის ფეხმძიმე ცოლს, რომელსაც თურმე ჯერ კიდევ მანამ, სანამ პოლიდექტოსზე გაათხოვებდნენ, თვალი უფრო გონიერ ლიკურგზე დაედგა და გულშიც ჩავარდნოდა. უსიყვარულოდ გათხოვილს და უქმროდ დარჩენილს სათანადო დრო მიეცა თავისი ხვაშიადის გასამჟღავნებლად - ლიკურგს სიყვარულში გამოუტყდა და შესთავაზა ბავშვის მოცილება.
ლიკურგი დიდი ცდუნების წინაშე დადგა. ამ ცდუნებამ ის არ დააბრმავა, ხერხს მიმართა და თავიდანვე უარი არ უთხრა ვნებით დაბნედილ ქალს, წინასწარ გათვალა ყველაფერი და მოახერხა ის, რომ ძმის ცოლი დაიყოლია ბავშვის გაჩენაზე, იმ მოტივით, რომ მორიგი გაუგებრობები თავიდან აეცილებინათ.
როგორც კი ბავშვი დაიბადა, ლიკურგმა ახალშობილი დედას ჩამოაცილა, სახალხოდ წარუდგინა ხალხს პატარა შემდეგი სიტყვებით - აი თქვენი მეფე, სპარტანელებო, დავარქვათ მას ხარილაი (ბერძნულად ხარილაი "ხალხის მოყვარულს" ნიშნავს), დაე მან მართოს ქვეყანა ხალხის სასიკეთოდ.
თავისი მმართველობის პერიოდში ლიკურგმა ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, მიზეზი მარტივი იყო - ყველა ხედავდა მის სიბრძნეს, პატიოსნებასა და სიმამაცეს.
როგორ აარიდა თავი ლიკურგმა ძმის ცოლის მოსალოდნელ ინტრიგებს
უარყოფილი და შეურაცხოფილი დედოფალი და მასთან დაახლოვებული წრე არ ისვენებდა, სწორედ მათ დაიწყეს ინტრიგების ხლართვა. ლიკურგი ამას კარგად გრძნობდა, ბუნებრივია იმასაც ხვდებოდა, რომ მისი ყოფილი რძლის მთავარი სამიზნე საკუთარი შვილი იყო. გათვლა მარტივი გახლდათ - ბავშვს რაიმე რომ მოსვლოდა, ყველა ლიკურგს დასდებდა ბრალს, ამიტომაც მან ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. ის მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა სპარტაში, როცა ხარილაის მემკვიდრე შეეძინებოდა.
სპარტადან წასული ლიკურგი ძველ კრეტას ეწვია და მისი სახელმწიფოებრივი ყოფა და კანონები შეისწავლა, აქედან ის ჯერ მცირე აზიაში გადავიდა შემდეგ კი ლეგენდის მიხედვით ინდოეთისკენ აიღო გეზი.
ეს მოგზაურობა დიდხანს გრძელდებოდა, ამ ხნის მანძილზე ლიკურგის დაკვირვების საგანი გახლდათ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, სახელმწიფოებრივი მოწყობა, მართვის ფორმები და მექანიზმები. სწორედ ამ რეალობაში ყალიბდება ლიკურგის მსოფლმხეველობის მთავარი პოსტულატი, რომ მხოლოდ სიმკაცრე და კანონთა სიმარტივე, ფუფუნებაზე უარის თქმა და ადამიანთა თანასწორობა იქნებოდა მყარი საფუძველი ძლიერი და მდგრადი სახელმწიფოსთვის.
რატომ გადაწყვიტა ლიკურგმა სპარტაში დაბრუნება
ამასობაში სპარტაში სიტუაცია დაიძაბა - ყოველდღიური მცირე დაპირისპირებები დიდი უბედურების მომასწავებელი იყო. ბუნებრივია, ასეთი უმძიმესი ფონისას გაახსენდათ ლიკურგი, სწორედ მას სთავაზობდნენ დაბრუნებას, რამდენადაც ფიქრობდნენ რომ მხოლოდ ლიკურგის ავტორიტეტსა და კლეთილგონიერებას შეეძლო ეხსნა ქვეყანა განსაცდელისგან.
ლიკურგი ხალხის ნებას დაჰყვა, გადაწყვიტა დაბრუნება, მის არჩევანს ის მოტივაციაც გააჩნდა, რომ მას უკვე შეეძლო სხვაგვარად ემართა სახელმწიფო, ემართა იმ კანონებით, რომლის შესწავლასა და ანალიზსაც მთელი თავისი მოგზაურობის პერიოდი შეალია.
როგორ გაუტოლა დელფოსის ორაკულმა ლიკურგი ღმერთებს
მაგრამ წინ ერთი გამოცდა ელოდა - შეხვედრა დელფოსის ორაკულთან, რომელსაც უნდა გამოეტანა საბოლოო ვერდიქტი. ლეგენდის მიხედვით პიფია, დელფოსის ორაკული შეეგება ტაძარში შესულ ლიკურგს და შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ლიკურგ, ვხედავ რომ შენ ჩემს ტაძარში მოხვედი, როგორც ზევსისა და ოლომპზე მცხოვრები ღმერთების მოყვარული, არ ვიცი როგორ მოგმართო. მართალია, მოკვდავი ადამიანის მსგავსი ხარ, მაგრამ მე მაინც უკვდავს გიწოდებ."
სწორედ პიფიას, დელფოსის ორაკულს გააცნო ლიკურგმა თავისი გადაწყვეტილებები, ის კანონები, რომლის მიღებასაც აპირებდა მეფედ დაბრუნების შემთხვევაში. საინტერესო გახლდათ პიფიას ვერდიქტი - ვერდიქტი ცალსახა და საკმაოდ საიმედო გახლდათ - სპარტას კანონებზე უკეთესი არცერთ სახელმწიფოს არ ექნებოდა.
და ეს მინიშნება გახდა საფუძველი ლიკურგის საბოლოო გადაწყვეტილებისა - ის სპარტაში ბრუნდება, სადაც მისი ძმიშვილი, უნებისყოფო ხარილაი ზეობს. მმართველი რომელის უმოქმედობამ სახელმწიფო ურთულეს მდგომარეობამდე მიიყვანა.
ლიკურგი ახალი გამოწვევების წინაშეა - მან დელფოსის ორაკულის წინასწარმეტყველება უნდა აღასრულის, სპარტა ორიგინალური და დახვეწილი კანონმდებლობით არა მარტო იმჟამინდელი, არამედ ყველა დროის მსოფლიოს ეტალონად უნდა აქციოს...