სევდიანი ამბავი სიკვდილსშეგუებული ღირსებაშემკული ლუარსაბ მეორისა
მამუკა ნაცვალაძე
24.04.2017

 ისტორიის ჟამთასვლამ არაერთი გამორჩეული კულტურა და სახელმწიფო შეიწირა, არაერთხელ შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ისტორიის ქარტეხილებს ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო, ბევრიც აღიგავა პირისაგან მიწისა.

საქართველო ერთ-ერთი გამონაკლისია, მისი ფესვები ქრისტეშობამდე მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იკვეთება. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართველობა რთულად, მაგრამ მაინც გაუმკლავდა ქარტეხილებს, იმ წინააღმდეგობებს, რომელთა წინაშეც არაერთი მრისხანე იმპერია უძლური აღმოჩნდა.

როცა ერის დღეგრძელობის მიზეზებს იკვლევენ, ობიექტური ფაქტორების გვერდით (გეოპოლიტიკური მდებარეობა, რკინის იარაღი) აშკარად გამოკვეთილია სუბიექტური წანამძღვრები - ეს რწმენაა, ეროვნული იდეოლოგიის სიმაღლემდე აყვანილი რწმენა, რომელიც ქრისტიანობის დაცვას გულისხმობს.

საქართველოს არაერთი ღირსეული მეფე ჰყოლია - ზოგი ძლიერი, ზოგიც - ნაკლებად წარმატებული, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელნი პოლიტიკური თვალსაზრისით არაფრით იყვნენ გამორჩეულნი, ხშირად თავისი თავდადებით ზნეობრივ მაგალითს აძლევდნენ საკუთარ ერს.

სწორედ ასეთი ხელისუფალი გახლდათ ლუარსაბ მეორე, ქართლის მეფე, 1606 წელს, მამამისის-გიორგი მეათის გარდაცვალების შემდეგ რომ ავიდა ტახტზე 14 წლის ასაკში.

როგორ აღმოჩნდა ლუარსაბ მეორე მკაცრ პოლიტიკურ არტახებში

სულ 30 წელი იცოცხლა ლუარსაბმა, მისი ცხოვრება ერთგვარად თავს უყრის თითქმის ყველა იმდროინდელ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეს. თავად განსაჯეთ - ლუარსაბის მეუღლე გიორგი სააკაძის და გახლდათ. მისი ერთი და ხორეშანი თეიმურაზ პირველს ჰყავდა ცოლად, მეორე კი, ლელა - შაჰ-აბასს.

ურთულეს ხანას დაემთხვა ლუარსაბის ზეობა - ირან-ოსმალეთის დაპირისპირების ფონზე განსაკუთრებულად მძიმე იყო ქვეყნის მართვა. ქართლის დაპყრობას და მასზე კონტროლის დამყარებას ხომ ორივე მაჰმადიანი ქვეყანა ესწრაფვოდა. მიზეზი მარტივი იყო - ქართლის ხელში ჩაგდება კავკასიის დამორჩილებისათვის საკმაოდ საფუძვლიანი წინაპირობის შემზადებას ნიშნავდა. კავკასიაზე კონტროლი კი მსოფლიო ბატონობის გარანტი იყო.

ამ ურთულესი ვითარებისას ლუარსაბმა მოახერხა ღირსეულად ცხოვრება, ის საქართველოს მართლმადიდებლურმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ლუარსაბ მეორე არ ყოფილა ძლიერი ხელისუფალი, ბუნებრივია, ამის მიზეზი გარდა მეფის პიროვნული თვისებებისა, ის პოლიტიკური ფონი იყო, რაც მას საკმაოდ მკაცრ არტახებში აქცევდა. მიუხედავად ამისა, ლუარსაბ მეორე იმ ზნეობრივ ორიენტირად იქცა, რაც არა მარტო ქართლის, მთელი საქართველოს მოსახლეობისათვის სანიმუში და სამაგალითო გახდა.

ქართულ რეალობაში მეფე სულ სხვა ფენომენია, ის სწორედ ზნეობრივი ორიენტირია და ამ მისიას ასრულებს პირნათლად წმინდანი მეფე ერისა და ბერის წინაშე.

რატომ ამოიღო მიზანში შაჰ აბასმა ლუარსაბ მეორე

სეფიანთა ირანის მბრძანებელი შაჰ-აბასი საკმაოდ კარგად იცნობდა საქართველოს და ქართულ მენტალიტეტს, ქართველი ბებიის გაზრდილს, ბუნებრივია, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ის პოსტულატები, რაზეც ჩვენი ხალხის სიძლიერე იდგა, ამიტომაც მიმართა თავისი ბასრი მახვილი ჩვენი ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ.

მისი უპირველესი სამიზნე ქრისტიანობა გახდა, შესაბამისად, ქრისტიანობის დამცველი ქართველი მეფეები მისთვის განსაკუთრებულ ნიშას ქმნიდნენ, რამდენადაც ერი და ბერი სწორედ მეფეს უყურებდა და მათი აქტივობაც სწორედ მეფის ზნეობრივი ორიენტირებით იყო განპირობებული. შაჰი ფიქრობდა - თუ მეფე გამაჰმადიანდებოდა, მას ქვეშევრდომებიც მიბაძავდნენ. ამგვარად უფრო იოლი იქნებოდა სასურველი პოლიტიკის გატარება.

ლუარსაბი საკმაოდ გაუტეხელი და შეუვალი აღმოჩნდა შაჰისთვის. ის თავისი ეპოქის კერკეტი კაკალია. ბუნებრივია, ამას კონკრეტული მიზეზიც ჰქონდა. მიზეზი კი ის ზნეობრივი მაგალითი იყო, მეფეს რომ მისი პირველი ბრძოლისთანავე აჩვენა მღვდელმა თევდორემ.

სწორედ მღვდელი თევდორეს ზმანება და გმირული საქციელი გაჰყვება წითელ ზოლად ლუარსაბ მეორეს მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე.

როგორ იქცა ბერი თევდორეს გმირობა ლუარსაბ მეორისათვის ზნეობრივ ორიენტირად

პირველად მატიანეში ლუარსაბი 1609 წელს ტაშისკარის ბრძოლაში ჩნდება. მანამდე ქართველებს მზაკვრულად ესხმიან თავს ოსმალები. ლუარსაბი ცხირეთის საზაფხულო რეზიდენციაშია და სწორედ იქ გადაუწყვეტიათ ოტომანებს მისი შეპყრობა. მათ მეფის ხელში ჩაგდება და ამგვარი ფორმით უპირატესობის მოპოვება სურთ ირანელებზე, რომელთაც მოახერხეს და ქართლი საკუთარ ვასალად აქციეს.

ოსმალეთის იმპერია ვეღარ უმკლავდება სეფიანთა ირანს. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი ასპარეზი ქართლია და სწორედ აქ, ცხირეთში სურს ოსმალოს ირანზე რევანშის აღება.

ლუარსაბი მცირერიცხოვან ამალასთან ერთადაა ციხეში, მხლებლებს შორის თბილისის მოურავი გიორგი სააკაძეცაა. მომხდურის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მათ არ იციან, სად არის ცხირეთის ციხე. გზის მაჩვენებელი სჭირდებათ, ამიტომაც მანგლისთან ახლოს, კველთაში შეიპყრეს მღვდელი თევდორე და ციხისკენ მიმავალი გზის ჩვენება უბრძანეს.

მართლაც მისაბაძია მღვდელის მაგალითი - კარგად ხედავდა თევდორე, სასიკეთოდ რომ არ იყო მოსული ოსმალო და დროის გაყვანა დაიწყო, სხვა მიმართულებით წაიყვანა მტერი და გზა აუბნია. მიუხვდნენ ოსმალები მღვდელს განზრახვას, ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს.

თევდორეს გმირობამ გადაარჩინა ლუარსაბი, რომელმაც სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და ღირსეულად დაუხვდა მტერს ტაშისკართან.

ეს 1609 წელს ხდება, მაშინ არავინ უწყის, რომ ერთ საუკუნეზე მეტი ოსმალოს აღარ ექნებოდა საჩვენო ძალა და ქართლს აღარ შეაწუხებდა.

როგორ შეეწირა ლუარსაბ მეორის გულწრფელი სიყვარული პოლიტიკურ ინტრიგებს

ლუარსაბის ცხოვრებას მწარე კვალი დააჩნია მისმა ჯვრისწერამ გიორგი სააკაძის დაზე, რომლის სახელიც მატიანეს არ შემოუნახავს. ეს გახლდათ თბილისის ამბიციური მოურავის წინასწარ გათვლილი სვლა, რომელსაც წამოეგო მეფე. სააკაძეს უკეთური ფიქრები არ ასვენებს, მას განუზომელი ამბიცია სამეფო ტახტის ხელში ჩაგდების იდეასთან მიიყვანს, ეს კი ქართულ რეალობაში უდიდესი მკრეხელობაა - მეფის ღვთიური წარმომავლობა არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ საქართველოში, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიაც სწორედ ამიტომ რჩება მსოფლიოში ერთადერთ დინასტიად, საკუთარი ხალხი რომ არ აჯანყებია.

1611 წელს გიორგი სააკაძემ დიდი ნადიმი მოაწყო საკუთარ მამულში, მეფე დაპატიჟა, მწდედ კი საკუთარი და დაუნიშნა. სწორედ აქ ჩავარდნია გულში მეფე ლუარსაბს ლამაზი ქალბატონი. რა თქმა უნდა, ქორწინების წინააღმდეგი იყო სამეფო კარი, ასევე დიდებულები, რომელთაც სააკაძის განდიდება არ სურდათ.

აშკარად ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა ინტრიგებისთვის, მეფის ყურამდე მიაღწია ამბავმა, რომ სააკაძე იმდენად აღზევდა, მალე მეფობასაც წაგართმევსო. მთლად უსაგნო არ იყო ეს ჭორები. ლუარსაბმა გადაწყვიტა სააკაძის დასჯა და ის წავკისში, მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში დაიბარეს. სააკაძემ შეიტყო მეფის განზრახვა და მოახერხა ირანში გაქცევა.

ლუარსაბი მეუღლეს გაშორდა, პოლიტიკურმა ინტრიგებმა მეფის პირადი განცდები შეიწირა, არადა, ეს განცდები აშკარად გულწრფელია, სხვაგვარად აბა რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ქართლის მეფე მეტი აღარ დაქორწინებულა.

ეს 1612 წელს ხდება, იმ დროს, როცა ირან-ოსმალეთმა დაზავება გადაწყვიტეს. ეს კი სწორედ ის ჟამია, როცა შაჰ-აბასმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი პოლიტიკური თამაში უნდა დაიწყოს.

როგორ მოიცალა შაჰ-აბასმა ქართველებისთვის

1612 წელს, მას შემდეგ, რაც ირანსა და ოსმალეთს შორის ზავი გაფორმდა, სეფიანთა პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ფაქტობრივად, შეიცვალა. მრისხანე აბასმა საქართველოსთვის მოიცალა. განსაკუთრებულად კი კახეთი ამოიღო ოთხში, რამდენადაც სწორედ კახეთი იყო ინიციატორი, მესამე პოლიტიკური ძალა შემოეყვანა კავკასიაში რუსეთის სახით, რაც სრულიად ცვლიდა ირან-ოსმალეთის პოლიტიკური თამაშის წესებს.

ეს არც ერთ მაჰმადიანურ სახელმწიფოს არ აძლევდა ხელს, ამიტომაც განსაკუთრებული აგრესია გამოიჩინა აბასმა კახეთში, სადაც ოთხგზის ილაშქრა და უსასტიკესი კვალი დაატყო ამ მხარეს.

კახეთში პირველი შემოსევის წინ აბასმა ქართლისა და კახეთის მეფეებს უხმო თავისთან. მათ არ მიიღეს გამოწვევა, რაც, ფაქტობრივად, ანტიირანული განწყობის აფიშირებას და აჯანყებას ნიშნავდა.

ირანის შაჰმა კახეთის მეფეს მძევლები მოსთხოვა. უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო თეიმურაზმა - მან დედა, ქეთევან დედოფალი და შვილები გაუგზავნა მძევლად. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ შაჰი აქ არ შეჩერდებოდა, ეს ვერ დააბრკოლებდა კახეთში მის ლაშქრობას, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავდა თეიმურაზი - იმ დროს საკმაოდ მოძლიერებული ირანის დასაპირისპირებლად ის არ იყო მზად არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად.

ეს ყველაფერი კარგად გათვალა აბასმა. მან იცოდა, რომ ამ ფონზე საკმაოდ იოლი იქნებოდა კახეთზე გალაშქრება. აბასმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ვერც თეიმურაზი და ვერც ლუარსაბი წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაბედავდნენ. ეს გათვლები პედანტურად აღსრულდა - ქართლისა და კახეთის მეფეები იმერეთს აფარებენ თავს.

ერთია ის სისასტიკე, რაც აბასმა კახეთს დააწია, მეორე კი საბოლოო შედეგი. დამარცხება სრულიადაც არ ნიშნავს დამორჩილებას, ესეც კარგად უწყოდა სეფიანთა მბრძანებელმა, ამიტომაც სურდა ქართველი მეფეების ხელში ჩაგდება.

აქაც ჩვეულ ორმაგ თამაშს იწყებს სეფიანი. ის თეიმურაზ პირველს და ლუარსაბ მეორეს ერთნაირი შინაარსის წერილს უგზავნის - განსხვავება მხოლოდ ადრესატშია, თეიმურაზს სწერს - შენთან არაფერი მესაქმება, ლუარსაბს უნდა გავუსწორო ანგარიშიო, ლუარსაბს კი, პირიქით - თეიმურაზის დასჯა მინდა, შენ არას გერჩიო.

თეიმურაზსა და ლუარსაბს, სიძე-ცოლისძმას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში და ადვილად გამოააშკარავეს შაჰის ვერაგობა, რამაც დროებით შეუშალა ხელი აბასის ხვაშიადის აღსრულებას.

როგორ გამოუტანა ლუარსაბ მეორემ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი

თუმცა ლუარსაბი მაინც ეახლა აბასს - შაჰმა მას მეფის გამზრდელი შადიმან ბარათაშვილი გაუგზავნა. დაყოლიება რა საჭირო იყო, მეფე ისედაც კარგად ხედავდა, რომ თუ აბასთან არ გამოცხადდებოდა, სეფიანები ქართლსაც ააოხრებდნენ. სხვა ალტერნატივა მოვლენების განვითარებას არ ჰქონდა.

ასე გამოუტანა თავის თავს განაჩენი ღირსეულმა მეფემ, რომელმაც წინასწარვე იცოდა, რომ საბოლოო შედეგი მისი სიკვდილით დასჯა იქნებოდა, რამდენადაც შაჰის სურვილის აღსრულებას, მაჰმადიანობის მიღებას არ აპირებდა. იცოდა, საკუთარი თავდადებული წინაპრის, მასავით არცთუ ძლიერი ხელისუფლის, მაგრამ ძლიერი ადამიანის - დემეტრე თავდადებულის ბედი უნდა გაეზიარებინა.

ლუარსაბი სხვა არჩევანს საკუთარ თავს არ უტოვებს, იმიტომ, რომ ბერი თევდორეს ზმანება დაჰყვება მთელი ცხოვრება, იმ თევდორეს ზმანება, მეფეს პირველსავე ბრძოლისას რომ უჩვენა გამორჩეული გმირობისა და თავდადების მაგალითი.

ლუარსაბი გორისკენ დაძრულა. იქ უნდა შეხვდეს პირველად სეფიანთა მბრძანებელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×