1914 წლისთვის მსოფლიოში მანგანუმის მოპოვებაში საქართველოს წილი 54,4% იყო
ია აბულაშვილი
24.04.2017

 "ერთადერთი საქართველოს სავალუტო საგანი ამ უკანასკნელ წელთა განმავლობაში, ეს იყო ჭიათურის შავი ქვა, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის უძლიერესი ეკონომიკური ძარღვი და ეს ძარღვი მოსკოვმა დღეს გამოაცალა საქართველოს სხეულს"- ასე გამოეხმაურნენ საუკუნის წინ ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრები ჩიჩერინისა და ძერჟინსკის მიერ მოსკოვში ჭიათურის მარგანეცზე დადებულ ხელშეკრულებას.

1925 წელს მოსკოვში 20 წლის ვადით დაიდო საკონცესიო ხელშეკრულება ჭიათურის მარგანეცზე. ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ამერიკული კომპანია "ჰარიმანის" წარმომადგენელმა ჯონ სმიტ ელიოტმა, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან - ჩიჩერინმა და ძერჟინსკიმ.

აი, რას წერდა სპირიდონ კედია პარიზში გამომავალ ჟურნალ "საქართველოს" 1925 წლის მეოთხე ნომერში გამოქვეყნებულ წერილში "ჭიათურა და მოსკოვი":

"ცხადი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკურ და ეროვნულ დამორჩილებას მისი სრული ეკონომიკური დაპყრობა მოჰყვებოდა. საქართველოს მთელი ბუნებრივი სიმდიდრე ფაქტობრივად და უფლებრივად დღეს საბჭოთა რუსეთის ხელშია. საქართველოს "მთავრობას", რომელიც მოსკოვის ყურმოჭრილი მონაა, ამ საქმისა არც ავი გაეგება და არც კარგი...

"სამშობლოს მოღალატე ქართველი კომუნისტები კარგა ხანია, გრძნობდნენ, რომ ჭიათურა ხელიდან მიუდიოდათ. რა იყო აქ გასაკვირი? როდესაც სამშობლო რუსეთის საოკუპაციო ქვეყნად გადააქციეს, რუსეთის გუბერნიად, საქართველოს სიმდიდრეს, აბა, როგორ შეინარჩუნებდნენ?!

"ჭიათურა მოსკოვმა წაიღო და გასცა. ამ უფლების საფასურად მოსკოვის მთავრობას და არა საქართველოს "მთავრობას" კონცენსიონერებისაგან ეძლევა გატანილ ტონაზე 3-4 დოლარი შავ ქვაში და 8-9 დოლარი პერიქსიდში - რაც გასატანად ნავარაუდევი ოდენობის კვალობაზე, საკონცესიო ვადის განმავლობაში 70 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

"ეს ქართველი ხალხის უდავო შემოსავალი, კავშირის საბიუჯეტო კანონის მიხედვით, მოსკოვის საკავშირო კასაში მიდის და ხმარდება კავშირის საჭიროებას, იმ წითელ არმიას და გეპეუ-ჩეკას, რომელიც ქართველ ხალხს ასე უმოწყალოდ ხოცავს და ჟლეტს. ჩვენის ქონებით ძღება და ჯანს ინახავს ჩვენივე გამანადგურებელი რუსის წითელი სალდათი და ჩეკისტი!"

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ასეთი შეშფოთება იმითაც იყო განპირობებული, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის ძირითადი პრიორიტეტი სწორედ როიმ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების სწრაფი ათვისება და სამეურნეო ჰორიზონტის გაფართოება იყო, ახლა კი ბოლშევიკები ყიდდნენ და ანიავებდნენ.

ცნობისათვის, ჯერ კიდევ 1879 წელს, როდესაც პირველად დაიწყო ჭიათურის მადნის დამუშავება, ჭიათურაში ჩამოვიდნენ უცხოეთის ცნობილი კომპანიები, კერძოდ "კრუპის" ქარხნის წარმომადგენლები. იმავე წელს ამოღებული იქნა 54 ათასი ფუთი მანგანუმი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაიტანეს.

ქართული მარგანეცის მაღალი ხარისხით მაშინვე დაინტერესდნენ მსოფლიოს ინდუსტრიული ქვეყნები. დიდი ოდენობით მადანი გაჰქონდა სახელმწიფო ფირმა "შუტც და ცემერმანს". მანგანუმის მოპოვებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ინგლისის ფირმები "გარდნერი" და "კიტელი და კომპანია", გერმანული ფირმა "შალკი". 1914 წლისთვის მსოფლიოში მანგანუმის მოპოვებაში საქართველოს წილი 54,4% იყო.

დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს მთავრობა ეკონომიკური კავშირის დამყარებას ცდილობდა უცხოეთის ქვეყნებთან. განსაკუთრებით ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა გერმანიასთან. ამ მიზნით ჩავიდნენ მაშინდელი მთავრობის წევრები ბერლინში, სადაც მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო ჭიათურის მარგანეცი.

"ფოთში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმებიდან ჩანს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს გერმანია. აქ, ბერლინში, საქმის ამ მხარისთვის ისევე უნდა მიგვექცია ყურადღება, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის. გერმანიის მთავრობასთან მსხვილი მრეწველებისა და ბანკების მჭიდრო კავშირით ეკონომიკური ინტერესების სფეროში მიღწეული შედეგები გზას გვიხსნიდა ჩვენი პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში.

"მოლაპარაკება გერმანული სავაჭრო-სამრეწველო სამყაროს ყველაზე მსხვილ და ყველაზე გავლენიან დაწესებულებებთან უნდა გვეწარმოებინა. ამ მოლაპარაკების მთავარი თემა იყო ჭიათურის მარგანეცი, რომლის მიმართ გერმანიის ფირმებს რა ხანია ჰქონდათ ინტერესი. ამ "შავ ქვაზე" აღიმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთობა - ვფიქრობდი მე... და არც უსაფუძვლოდ.

"ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა მოხსენება საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ. ეს მოხსენება ეცნობა გერმანიის მთავრობას. მოლაპარაკებას შევუდექით სახალხო მეურნეობის მინისტრ ბარონ ფონ შტეინთან.

"რაც შეეხება ჩვენს გერმანელ კონტრაგენტებს, აქ იყო მთელი ე.წ. "მძიმე ინდუსტრიის"-ფრიდრიხ კრუპის აქციონერული საზოგადოება; გელზენ-კირხენის სამთო წარმოების აქციონერული საზოგადოება და ა.შ., რომელთა მხოლოდ სახელის ხსენებაც კი დიდ ასოციაციას იწვევს გერმანულ სამრეწველო წრეებში.

"რაიხსტაგში საქართველოს საკითხზე ფონ კიუმანის მოხსენებისა და გერმანელ მრეწველებთან ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ ბერლინში ჩვენი ჩამოსვლის უახლოესი მიზანი მიღწეულად უნდა ჩაგვეთვალა, რადგან ამ "ნედლეულზე" ან სხვა რამეზე ლაპარაკს რაღაც საფუძველი მაინც ჰქონდა მსოფლიოს ყველაზე გამობრძმედილ მთავრობასთან, ევროპის უძლიერეს საქმის კაცებთან და ყველაზე "თანამედროვე" ბანკებთან. თეორიულად იგი საქართველოს ნამდვილად უხსნიდა უცხოეთის კულტურულ კაპიტალთან თანამშრომლობის გზას, რასაც მოჰყვებოდა ბუნებრივი სიმდიდრის ათვისების სწრაფი განვითარება, საქმიანი ჩვევების შეთვისება, მუშებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა ... და სხვა", - ასე აფასებდა ბერლინში მიღწეულ შეთანხმებას მაშინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მრჩეველი, ამ მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე, დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×