ია აბულაშვილი
25.04.2017

 "თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი... თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯი ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცულით!" - კოლაუ ნადირაძის ეს სტრიქონები მეხივით გავარდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მერანში". 1985 წლის სექტემბერში საუკუნეს მიღწეული პოეტი ლამის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ლექსი "25 თებერვალი, 1921 წელი" კი "დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად" მონათლეს.

როდის და როგორ დაიწერა ეს ლექსი, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა პოეტი ამ ამბავს წლების შემდეგ ასე იხსენებდა.

"1969 წლის 25 თებერვალი გათენდა და მე და ჩემი მეგობრები შალვა დემეტრაძე, ლელი ხოტივარი, შალვა კაშმაძე, ლადო გველესიანი ქაშვეთში წავედით, სანთლები დავუნთეთ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავდადებულთა სულებს, მოვინახულეთ გრიგოლ ორბელიანის საფლავი, კაეშანი შემომაწვა გულზე, შინ რომ დავბრუნდი, დავწერე ეს ლექსი და შალვა დემეტრაძეს გადავეცი - შენ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდა ხარ, იქნება ჩემ შემდეგ მაინც დადგეს ლექსის დაბეჭდვის დრო-მეთქი! არადა, შალვა გარდაიცვალა, მე კი ცოცხალი დავრჩი. მისი არქივი ლიტერატურის მუზეუმმა წაიღო, მათ შორის, ჩემი ლექსიც... და ეტყობა, არ ენება განგებას ამ ლექსის დაკარგვა! ასე მოხდა ეს ამბავი, ეტყობა, ლექსსაც, ადამიანისა არ იყოს, თავის ბედი აქვს" (ამონარიდი წიგნიდან "უკანასკნელი ცისფერყანწელი").

მწერალი რევაზ მიშველაძე კი "რეზონანსთან" ჟურნალ "მერანში" ამ ლექსის დაბეჭდვის ისტორიას იხსენებს.

"კოლაუ ნადირაძე კარგად მახსოვს, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ლამაზი შუბლით, ფართო მხარბეჭით და მიჭყლეტილი ცხვირით; იგი ახალგაზრდობაში მოკრივე იყო. ყველასგან გამოირჩეოდა; ხშირად იდგა რუსთაველის პროსპექტზე, გამომცემლობა "მერანის" ფოიეში.

კოლაუ ნადირაძისგან 1972 წელს, მაშინ ახალგაზრდა მწერალმა, პირველი ინტერვიუ ავიღე და ბატონი კოლაუ ისე უშუალოდ და გულწრფელად დამელაპარაკა მისთვის სრულიად უცნობ კაცს, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სითბოდ გამყვა მისი არაჩვეულებრივად ადამიანური თვისებები, მისი სიკეთე და უშუალობა. მაშინ მითხრა, რომ ხუთიოდე ქუთაისელმა, მათ შორის პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ ერთმანეთთან ძმობის ფიცი დავდეთ, გვიან ღამემდე ვისხედით ქუთაისის სადარბაზოებში და ლექსებს ვკითხულობდითო.

ცოტა მოგვიანებით ამ ბიჭებმა გამოსცეს ჟურნალი "ცისფერი ყანწები" და მთელი საქართველო გააოცეს არა მარტო თავიანთი დიდი ლიტერატურული ნიჭიერებით, რაც ჟურნალ "ცისფერი ყანწების" ორ ნომერს ეტყობა (მხოლოდ ორი ნომერი გამოვიდა), არამედ ერთმანეთისადმი საოცარი მეგობრული ერთგულებით და რაინდობით. ცნობილია, რომ როცა პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, კაგებემ აუკრძალა მოქალაქეებს, თვითმკვლელის კუბოს საფლავამდე გაჰყოლოდნენ. ერთადერთი პაოლოს მეგობრებიდან კუბოს უშიშრად მიჰყვებოდა კოლაუ ნადირაძე და როცა მას მიუთითა ტყავის ქურთუკიანმა ე.წ. თანამშრომელმა, თქვენ ხომ გითხრეს, რომ მოღალატის გლოვა არ შეიძლებაო, კოლაუ გაცეცხლდა და მიუგო, მე მოღალატეს კი არა, ჩემს მეგობარს ვტირიო.

რაც შეეხება ლექსს, რომელიც გახმაურდა 80-იან წლებში და რომელსაც ჰქვია "შემოდიოდა სიკვდილი ცულით", მისი ისტორია ასეთია. გამომცემლობა "მერანმა" შეადგინა პატრიოტული ლექსების კრებული და სთხოვა მხცოვან მგოსან კოლაუ ნადირაძეს, ერთი ლექსი მაინც მოეტანა. კოლაუმ მოიტანა ეს ლექსი, რომელიც, როგორც მაშინ ამბობდნენ, აშკარად არასაბჭოური ხასიათისა, მაგრამ კრებულის შემდგენლებმა გამოიჩინეს გამბედაობა და დაბეჭდეს კოლაუს ეს ლექსი, სადაც დახატული იყო ავად სახსენებელი მე-11 არმიის შემოსვლა თბილისში და ის წითელი ტერორი, რომელიც მოჰყვა ბოლშევიკურ ანექსიას საქართველოში.

კრებულის გამოსვლის შემდეგ ფხიზელმა იდეოლოგიურმა სამსახურებმა დაარბიეს "მერანი"; აკრძალეს კრებული და სამსახურიდან დაითხოვეს "მერანის" სამი თანამშრომელი - იზა ორჯონიკიძე, მამუკა წიკლაური და გრიგოლ ჯულუხაძე. ხელი არ ახლეს გამომცემლობის დირექტორ გურამ გვერდწითელს, მის მიმართ მხოლოდ საყვედურის გამოცხადებით დაკმაყოფილდნენ. ასეთი იყო კოლაუ ნადირაძე - პოეტი, რაინდი, ცისფერყანწელთა საძმოს ღირსეული წევრი" - იხსენებს რევაზ მიშველაძე.

როგორც ამბობენ, პაოლოს მეგობრებიდან, ოჯახის წევრების გარდა, კოლაუ იყო ერთადერთი, ვინც ცხედარს მიაცილებდა. სწორედ მან მონიშნა ღვინის ბოთლებით პაოლოს საფლავი და გადაარჩინა დაკარგვას. თავად პოეტი კი ამ ერთადერთობამ გადაარჩინა. ლავრენტი ბერიას რომ მოახსენეს ეს ამბავი, უთქვამს - ყოჩაღ, კოლაუ, ხელი არ ახლოთო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×