ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ქართული ფილმი "უდიპლომო სასიძო", შეუძლებელია იმ ადამიანების დავიწყება, ვინც ამ ფილმში თამაშობენ - სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი და სხვები, ქართული კინოს კომედიური ჟანრის ელვარე ვარსკვლავები, სცენასა და ეკრანზე ერთნაირად რომ ბრწყინავდნენ. მაგრამ ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი პოპულარული მსახიობის, ვახტანგ ნინუას ეს ფრაზა "მეცნიერულ დაკვირვებას ვაწარომებ, ვარდენ ჩემო. ქვეყანა გამეცნიერდა და მე რატომ უნდა ჩამოვრჩე? გადატრიალება უნდა მოვახდინო მეცხოველეობაში - მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში" - ახლაც ისეთივე პოპულარულია, როგორც მაშინ, 56 წლის წინ, როცა ფილმი "უდიპლომო სასიძო" პირველად გამოჩნდა ქართულ ეკრანზე.
ვახტანგ ნინუას შემოქმედებას ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ამოვწურავთ, ადამიანმა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში, მაგრამ რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ მკითხველს მისი ცხოვრებიდან.
ქართული კინომატოგრაფიის "ჰიტად" აღიარებული ფილმის, "უდიპლომო სასიძოს" გადაღება ლევან ხოტივარმა 1958 წელს დაიწყო, თავდაპირველად ფილმს "მოტაცება" ერქვა. ფილმი ეკრანზე 1961 წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
"უდიპლომო სასიძო" რომ გამოვიდა ეკრანზე, მამაზე ძალიან ნაწყენი ვიყავი, სკოლაში დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო. სახლში რომ დავბრუნდი, ვუსაყვედურე, ამ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი" - გაეცინა და მითხრა - "იცი რამდენი ფული გადამიხადეს ამ როლშიო..." თურმე, სანამ ფილმი ეკრანზე გამოვიდა, მოსკოვში წაუღიათ. ნიკიტა ხრუშჩოვს რომ უნახავს, ისე მოსწონებია, სიცილისგან სკამიდან გადავარდნილა, მერე მისი ბრძანებით, ყველას, ვინც ფილმში თამაშობდა, დიდი პრემია გამოუწერეს" - იგონებს ვახტანგ ნინუას ქალიშვილი.
ამბობენ, ვახტანგ ნინუა არაჩვეულებრივი თამადა იყოო. ერთხელ ვახტანგ ნინუა, რეზო ლაღიძე და წოპე (ცნობილი ექიმი) ქეიფობდენ, ღვინო შემოლევიათ, ერთი ბოთლი შემორჩათ და იციან, რომ ვერსად იშოვიან. იმ დროს თბილისში მაღაზიები ასე ფეხის ნაბიჯზე არ იყო - თანაც გვიან საღამოს. ვახტანგ ნინუას მეუღლისთვის გამოურთმევია სათითე და მთელი საღამო იმ ერთი ბოთლი ღვინით გაატარეს. ისე უთამადია, რეზო ლაღიძეს უთქვამს, ამდენ სუფრაზე ვყოფილვარ, მაგრამ ერთი ბოთლით ამდენი სადღეგრძელო არსად მომისმენია და არც ასეთი შესანიშნავი თამადობა მინახავსო.
ვახტანგ ნინუა, რომელსაც 34 ფილმში აქვს ნათამაშები, თავის ფილმებს არ უყურებდა, ერთადერთი იყო ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - რომელსაც დიდი სიამოვნებით უყურებდა და თან ამბობდა, "ჭიაურელთან მუშაობა კომფორტულიაო".
თავისი აღნაგობის გამო, საკმაოდ მაღალი იყო, ავტომობილის მართვა უჭირდა, ვერც ერთ ავტომანქანაში ვერ თავსდებოდა, ბოლოს "ვოლგა" შეუძენია. ფანჯარაში გაყოფდა ხელს და ისე ანიშნებდა სხვა მძღოლებს, რომ მოხვევას აპირებდა.
როლების გარდა ვახტანგ ნინუა თავისი კეთილი ბუნებითაც იყო ცნობილი. იგი არა მხოლოდ ადამიანებს განაწყობდა მის მიმართ დადებითად, არამედ ცხოველებსაც. იღებენ ფილმ "გლადიატორს". ფილმში ერთ-ერთი ეპიზოდია, როცა ლომების მომთვინიერებელი გამოდის, ამ როლს ვახტანგ ნინუა ასრულებს, ძაღლი ეცემა და ლამის დაგლიჯავს. ვანიჩკა საყვარელიძეს უთქვამს, ამ კადრის გადასაღებად მე მოვიყვან კარგ ძაღლსო. მეორე დღეს მოუყვანია ძაღლი, დაიწყეს გადაღება, გამოდის ვახტანგ ნინუა, აღიზიანებს ძაღლს, წესით, ძაღლი უნდა მივარდეს, მაგრამ ძაღლი ადგილიდან არ იძვრის.
ვანიჩკას უთქვამს - "მაგი ძაღლი ისე გავაძღე, ალბათ ამიტომ არ ეცაო. ხვალ მშიერს მოვიყვან, ნინუას უკან დავდგები, ძეხვის ნაჭერს დავიკავებ ხელში და ნახეთ, როგორ მივარდებაო". მეორე დღეს ისევ გამოიყვანეს გადასაღებ მოედანზე ეს ძაღლი. ნინუა ყვირის, ძაღლს აღიზიანებს, ვანიჩკა ნინუას უკან დგას ძეხვის ნაჭერი უჭირავს ხელში. ძაღლი ნელა მიდის, ნინუას გვერდი აუარა, ძეხვის ნაჭერს პირი ჩაავლო და ისევ ნელი ნაბიჯით გავიდა მოედნიდან. ყველა გადაირია, როგორც ამბობენ, მერე ძლივს იშოვეს დიდი ავი ნაგაზი და როგორც იქნა, გადაიღეს ეს კადრი.
ერთხელ უტირია მხოლოდ თავის ცხოვრებაში, მისი საუკეთესო მეგობრის, შალვა შავგულიძის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი რომ გაუგია, ორი დღე პირქვე ეგდოო.
ერთი სურვილი ჰქონია, დიდუბის პანთეონში უნდოდა დასაფლავება, ამბობდა, ჩემი ძმა იქვე ცხოვრობს, სხვა რომ არ მოვიდეს, ის მაინც მოვა და ერთ ჭიქა ღვინოს წამიქცევსო. ისიც არ მისცა მთავრობამ, ისეთი ადგილი შესთავაზეს ოჯახს, რომ წყალი თქრიალით გადიოდა, ამიტომ არ დათანხმდნენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. 30 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალი წელი მოდიოდა, პირველ-ორ იანვარს ვინ მოვაო - ფიქრობდნენ ახლობლები, მაგრამ ვახტანგ ნინუას საბოლოო გზაზე გასაცილებლად ზღვა ხალხი მივიდა. ასე დაიტირეს ქართული კინოს კომედიური ჟანრის ვარსკვლავი ვახტანგ ნინუა თბილისელებმა.