ჩერონობილის ტრაგედიიდან, რომელიც მსოფლიომ ენერგეტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად შეაფასა, 31 წელი გავიდა. ეს მართლაც განსაკუთრებით მძიმე კატასტროფა იყო როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიური ზიანით.
1986 წლის 26 აპრილს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე უკრაინის ტერიტორიაზე, ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ჩერნობილიდან 18 კილომეტრის და დედექალაქ კიევიდან 110 კილომეტის დაშორებით მდებარე ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა.
აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი. აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთი ნაწილი.
საბჭოთა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას სიმართლე დაუმალა და ტრაგედიის მასშტაბებისა და შემზარავი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მწირი ინფორმაცია ავარიიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გავრცელდა, ისიც იმიტომ, რომ უცხოეთის პრესამ განგაში ატეხა, საკავშირო ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემა "ვრემიაში" მხოლოდ ერთი ფრაზა გაჟღერდა, რომ ავარიის განეიტრალება ხდება.
ჩერონობილის ატომური ელექტროსადგურის პროექტის ავტორი, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალექსანდროვი კი სატელევიზიო გამოსვლაში ისე მშვიდად და უემოციოდ ლაპარაკობდა ტრაგედიის შესახებ, რომ ხალხს ეგონა, ტრაგედია მხოლოდ ერთ დღეს მოხდა, იმავე დღეს დასრულდა და მისი უარყოფითი შედეგები და მსხვერპლის რიცხვი აღარ გაიზრდებოდა.
ოფიციალური ვერსიით, პირველად ავარიის მიზეზად პერსონალი დაასახელა; შემდეგ ავარიის რეაქტორის კონსტრუქციის პრობლემები, თუმცა იყო სხვა ვერსიებიც, რომლებიც კარდინალურად განსხვავდებოდა ოფიციალურისაგან, რომ აფეთქება მოხდა დივერსიის ან მიწისძვრის შედეგად.
საბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ ტრაგედიის გადასაფარავად აუცილებლად ჩათვალა, რომ საპირველსმაისო დემონსტრაცია ყველა რესპულიკაში ჩატარებულიყო. ამბობენ იმასაც, რომ უკრიანის მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის მდივანი კიევში საპირველმაისო დემონსტრაციის ჩატარების წინააღმდეგი იყო, თუმცა მისი აზრი პოლიტბიურომ არ გაითვალისწინა და საპირველმაისო დემონსტრაციები მთელ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც გაიმართა.
აფეთქებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ყველა რესპულიკას ჩერნობილის აღდგენაში მონაწილეობის მიღება და დახმარების აღმოჩენა დაევალა.
საქართველოდან ჩერნობილში პირველივე დღეებში ჩავიდა რადიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი, რომელსაც, როგორც ამბობენ, მართლაც ეფექტური მუშაობა ჩაუტარებია და გაცილებით ზუსტი დასკვნა დაუდია ტრაგედიის შედეგების მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე, ვიდრე სხვა რესპულიკების მეცნიერებსა და სამეცნიერო ჯგუფებს.
საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამოცხადდა სპეციალისტების, მათ შორის ძირითადად სამედიცინო და სამშენებლო სფეროში მომუშავეთა მობილიზაცია. როგორც მაშინდელი საქართველოს ცეკა-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ამბობს, მობილიზაცია სავალდებულო არ ყოფილა, იგი ნებაყოფლობითი და ამავე დროს მოტივირებულიც იყო.
"ჩერნობილში წამსვლელებს სახელმწიფო მაღალ ანაზღაურებას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, ბინითა და ავტომობილით უზრუნველყოფას სთავაზობდა. იმის თქმა, რომ ჩერნობილში თითქოსდა იძულებით მიავლინეს ვინმე, სინამდვილეში ასეთი რამ არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩერნობილში აღდგენით სამუშაოებზე წასვლის მსურველი, ისევ და ისევ სახელმწიფოსაგან შეთავაზებული პირობების გამო, იმდენად ბევრი იყო, რომ რეგისტრაციის ადგილზე მუდმივად რიგი იდგა," - ამბობს პატიაშვილი.
ჩერნობილის ტრაგედიამ გაცილებით მძიმე შედეგები წლების შემდეგ მოიტანა. სტატისტიკური მონაცემებით, იმ 2 000 ქართველისგან, ვინც 1986 წლის გაზაფხულზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მონაწილეობდა, 110 ადამიანი მალევე გარდაიცვალა; 1000-ზე მეტი დაინვალიდდა და მუდმივი სამედიცინო ყურადღება ესაჭიროებოდა, თუმცა ჩერნობილის ტრაგედიის ადგილზე მივლინებული სპეციალისტების ჯანმრთელობისა და შემდგომ ბედზე არც საბჭოთა ხელისუფლებას უზრუნია და არც შემდგომ დამოუკიდებელი რესპულიკის ხელმძღვანელობას.
მაისში რადიაციულმა ღრუბელმა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ჩამოიწია და საქართველოში რადიაცია მაისის წვიმებს მოჰყვა. ეს ამბავი მაშინ გახდა ცნობილი, როცა ევროპელებმა პროდუქტებზე რადიაციული შემოწმება დააწესეს. საქართველოს ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ავსტირიულ მხარესთან, რომელსაც აქედან ჩაი უნდა წაეღო. საზღვარზე შეამოწმეს ქართული ჩაიც. გარკვეული რაოდენობა უკან დააბრუნეს, რადგან მასში რადიაციული ნივთიერება აღმოჩნდა. საქართველოს რადიოლოგიის ინსტიტუტმა მეორე დღესვე დაიწყო ადგილზე ნიადაგის შესწავლა და მცირე ლაქების სახით აღმოაჩინეს კიდეც დასავლეთის სხვადასხვა რეგიონში. ასე გაიგო საქართველოს ხელისუფლებამ, რომ რადიაციამ საქართველომდეც მოაღწია.