ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე ბევრი დაწერილა, მაგრამ დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთხელ გვინდა, გავიხსენოთ ის უნიკალური წყლები, რომლითაც ასეთი მდიდარი იყო საქართველო და ასეთი პოპულარობა მოუტანა მას მსოფლიო ასპარეზზე. ალბათ სტატია მაინც "ბორჯომის" წყლის ისტორიით უნდა დავიწყოთ, რადგან უკვე ორი საუკუნეა, რაც ეს ბრენდი მსოფლიო ბაზარს ამშვენებს.
ბორჯომში უნიკალური მინერალური წყლის არსებობის ისტორია თითქმის 2000 წელს ითვლის. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ისტორიკოსები და იმაზეც მიუთითებენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბორჯომის ხეობაში ქვისა და ხისგან დამზადებული რამდენიმე აუზი და აბანო იქნა აღმოჩენილი. ასევე ნაპოვნია შუა საუკუნეების თიხის მილები, რომლებიც ბორჯომის რამდენიმე წყაროსთან იყო მიყვანილი. მე-16-17 საუკუნეებში კი წყაროების არსებობა დიდი ხნით დავიწყებას მიეცა.
მე-19 საუკუნის 20-იან წლებში, კერძოდ 1825 წლის გაზაფხულზე, ბორჯომში ხერსონის გრენადიორთა პოლკი განთავსდა. ერთხელაც ჯარისკაცებმა ტყეში, მდინარე ბორჯომულას მარჯვენა სანაპიროზე ნაპრალიდან ვერტიკალურად ამომავალი წყარო აღმოაჩინეს და თბილი წყალი პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ პოპოვს მიართვეს. სწორედ პოლკოვნიკმა პოპოვმა გამოსცადა თავის თავზე ამ წყლის უნიკალური თვისებები, მას კუჭის დაავადება აწუხებდა. მაშინვე გასცა ბრძანება, რომ წყარო ქვებით შემოეღობათ, იქვე ააშენა აბანო და პატარა სახლი თავისთვის.
1837 წელს ხერსონის პოლკი ჩაანაცვლა ქართველ გრენადიორთა პოლკმა. ბორჯომის წყლის საოცარ თვისებებზე ინფორმაცია უკვე ცნობილი იყო. ამ დროს ბორჯომში ჩადის პოლკის სამხედრო ექიმი ამიროვი, რომელიც იწყებს წყლის შემადგენლობის კვლევას. იგი პირველი იყო, ვინც პირველი სინჯი სანკტ-პეტერბურგში და მოსკოვში გააგზავნა.
უკვე 1841 წლისთვის ბორჯომის მინერალური წყალი იმდენად სახელგანთქმული იყო, რომ კავკასიის მთავარმართებელმა ევგენი გოლოვინმა თავისი ქალიშვილი სამკურნალოდ ჩაიყვანა ბორჯომში, მის საპატივცემულოდ კი პირველ წყაროს "კატერინკა" უწოდა. ამ პერიოდში გაიხსნა ბორჯომში სამთო-ბალნეოლოგიური კურორტი.
1846 წელს კავკასიაში ახლად დანიშნულმა მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა ბორჯომი თავის საზაფხულო რეზიდენციად აქცია.
ბორჯომის წყალი პირველად 1850 წელს ჩამოასხა სამხედრო ლაზარეთის აფთიაქარმა ზახაროვმა 1300 ოვალურ, ნახევარლიტრიან ბოთლებში და თბილისში წაიღო გასაყიდად.
1862 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა დიდი თავადი მიხეილ რომანოვი და ბორჯომი ახლა უკვე რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენცია გახდა.
ცნობები ბორჯომის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ მთელ რუსეთის იმპერიას მოედო. 1891 წელს მიხეილ რომანოვმა მინერალური წყლების პარკში პირველი ჩამოსასხმელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე არსებობდა. 1894 წელს ხაშურიდან ბორჯომამდე რკინიგზა გაიყვანეს. 1895 წელს ბორჯომში გაიხსნა შუშის პირველი ქარხანა, სადაც 1950 წლამდე ბოთლები ხელით მზადდებოდა.
1900 წელს ბორჯომში ჩამოვიდა ქიმიკოსი მილდსენგაუერი, რომელმაც ბოთლში ჩამოსასხმელი წყლის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესანარჩუნებელი მეთოდი შეიმუშავა. სწორედ მისი იდეა იყო მინერალური წყლის ნახშირბადის დიოქსიდით დაგაზვა, რამაც საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ წყალი საზღვარგარეთ ექსპორტზე გაეტანათ.
ცნობისათვის, 1900 წლისთვის ბორჯომის მინერალური წყლის წარმოებამ წელიწადში ერთ მილიონ ბოთლს გადააჭარბა.
ბორჯომი თავისი უნიკალური შემადგენლობითა და საოცარი თვისებებით ტოლს არ უდებდა ისეთ ცნობილ წყლებს, როგორიც იყო მინერალური წყალი "ვიში" საფრანგეთში და სილეზიის წყარო გერმანიაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელები კურორტ ბორჯომს "რუსულ ვიშის" ეძახდნენ.
ამ პერიოდში ბორჯომის წყალი უკვე იღებს საერთაშორისო აღიარებას. პირველი დიპლომი 1907 წელს ბელგიაში, ქალაქ სპაში მიიღო. ოქროს მედლით დაჯილდოვდა 1909 წელს რუსეთში. საპატიო დიპლომი კი მიიღო 1911 წელს გერმანიაში, ქალაქ დრეზდენში.
ბორჯომის წყალი არა მარტო პოპულარული გახდა, არამედ მთელი ქვეყნის ისტორიის ნაწილად იქცა. საბჭოთა პერიოდში მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ კრემლში არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა "ბორჯომის" გარეშე. ამბობენ, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უისტონ ჩერჩილი საბჭოთა კავშირში ვიზიტად იმყოფებოდა, მაგიდაზე "ბორჯომის" ბოთლი იდგა, როგორც ოფიციალური პროტოკოლის განუყოფელი ნაწილი.
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში კი ბორჯომის წყალი მსოფლიოს 15 ქვეყანაში გადიოდა, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, ავსტრიაში და სხვაგან.
ამბობენ, როდესაც რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი იღებდა ფილმ "სოლარისს", ერთ-ერთ სცენარში მაგიდაზე დგას "ბორჯომის" ბოთლი. გადამღები ჯგუფის წევრებს არ უნდოდათ, "ბორჯომის" ეტიკეტი კადრში გამოჩენილიყო, რადგან მოქმედება მომავალში ხდებოდა. ანდრეი ტარკოვსკის კი უთქვამს: "ბორჯომს" დროთა ცვლა ვერაფერს დააკლებსო".
მინერალური წყალი "საირმე"
მინერალური წყლის - "საირმის" შესახებ პირველი ცნობა მე-19 საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა, თუცმა, ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, საირმის წყალი დაჭრილი ირმის კვალს ადევნებულმა მონადირე ძმებმა აღმოაჩინეს.
იმერეთის ტყეებში მონადირეები ხშირად აწყდებოდნენ ასეთ სცენას - ირმებს ამორჩეული ჰქონდათ ერთი ადგილი, სადაც ხშირად მიდიოდნენ. წყარო ჟანგით გაწითლებულ ქვაზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილით იყო გადათეთრებული. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. სწორედ მათი სიმრავლის გამო ეწოდა ამ ადგილს საირმე.
შემდეგ მწყემსებმა შენიშნეს, რომ ირმის წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე იყო, თოვლს არ იდებდა, მიწა კი წვიმის გადაღების შემდეგ მაშინვე შრებოდა. ამ საიდუმლო ველის ისტორიას ფარდა მხოლოდ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწაში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.
საირმის წყლის პირველი მეცნიერული შესწავლა ახალგაზრდა ქართველი ექიმის - კელენჯერიძის სახელს უკავშირდება. იგი ჯერ კიდევ სტუდენტი ყოფილა, როცა 1912 წელს პეტერბურგში წაუღია ნიმუშები გამოსაკვლევად.
პირველი ქიმიური ანალიზი საირმის წყალს პეტერბურგში სამხედრო აკადემიის პროფესორმა, გვარად ცვეტმა ჩაუტარა. აღმოჩნდა, რომ წყალი სამკურნალო თვისებებით იმ დროს არსებულ სახელგანთქმულ მინერალურ წყლებს სჯობდა.
მომდევნო წლებში საირმის წყლის შესწავლით დაინტერესებულა ლატვიელი მეცნიერი რობერტ კუპცისი. მას დავალებული ჰქონდა იმპერატორ ნიკოლოზ მეორისაგან, შეესწავლა კავკასიის, კერძოდ საქართველოს, მინერალური წყლები.
საირმის წყალს პროფესორი იმ დროისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების მიხედვით იკვლევდა და ქართული მინერალური წყლების შემადგენლობას პოპულარულ ევროპულ წყლებს ადარებდა. მის გამოკვლევებში ასევე აღწერილი იყო, თუ რა ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეეძლო ამ წყალს. მისი დასკვნებით, საირმის წყალი სამკურნალო თვისებებს შეიცავს, მდიდარია კალციუმით, რომელიც ძვლოვან სისტემას ამაგრებს. ასევე ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შეჩერებას, საუკეთესო საშუალებაა თირკმლით დაავადებათა სამკურნალოდ.
თავდაპირველად საირმის წყლის ჩამოსხმა პრიმიტიულად ხდებოდა ფარდულებში, მთებიდან საცალფეხო ბილიკებით ცხენებით ჩამოჰქონდათ. ქარხნული წესით კი პირველად 1945 წელს ჩამოასხეს.
"ნაბეღლავი"
მინერალური წყლის - "ნაბეღლავის" საბადო გურიაში, სოფელ ნაბეღლავში, აღმოაჩინეს 1905 წელს. აქედან მოდის მისი სახელიც. გადმოცემის თანახმად, ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიუქცევია ერთ-ერთ წყაროს, რომელსაც ხარები ეტანებოდნენ. სწორედ ამ წყაროს აღმოაჩნდა განსაკუთრებული გემო.
ნაბეღლავის წყლის საბადოს შესწავლა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო და მას ისევ საქართველოში მოღვაწე ცნობილი ლატვიელი მეცნიერი რობერტ კუპცისი იკვლევდა. სწორედ მან შეისწავლა მისი ქიმიური შემადგენლობა. 1930 წელს კი საირმის წყლის საბადოზე ჰიდროლოგიური კვლევა ჩაატარეს ქართველმა მეცნიერებმა.