საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი სამკურნალო კურორტებით და ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, თუმცა დღევანდელ სტატიაში გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა გაგაცნოთ საქართველოს კურორტების ისტორიიდან.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, თბილისი, როგორც დედაქალქი - კურორტი, თავისი თბილი წყლებით იხსენიება ჯერ კიდევ ძველ ისტორიულ წყაროებში და მოგზაურთა ჩანაწერებში, კერძოდ, მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფის აღწერებში. ამავე თემაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი და მეფე გიორგი მე-12-ის ერთ-ერთი სიგელი.
მე-18 საუკუნის ქართველი გეოგრაფის და ისტორიკოსის - ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში "აღწერა სამეფოის საქართველოისა" აღწერილია საქართველოს რელიეფი, ჰავა, წყლები, მცენარეული საფარი, მოსახლეობა და მეურნეობა. ნაშრომს თან ერთვის ვახუშტის მიერვე შედგენილი გეოგრაფიული ატლასები, ასევე საქართველოს კლიმატური რუკა, რომელიც, როგორც მეცნიერები ამბობენ, ზუსტად ემთხვევა თანამედროვე მეცნიერთა მიერ შექმნილ კლიმატურ რუკას.
ნაშრომში ასევე მოცემულია მთების სიმაღლე, სახელები, მდინარეების სიგრძე, ტბების ადგილმდებარეობა, მინერალური და სამკურნალო წყაროები.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, თბილისში იმ დროს ყოფილა "აბანონი ექვსნი და... გოგირდის მომდინარე ცხელი წყალი".
იგი ასევე აღწერს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამკურნალო წყაროების მდებარეობას და თვისებებს. მაგალითად, კოჯორთან ახლოს, დიდგორის მთაზე, ყოფილა წყალი, რომელიც "ციებით გაყვითლებულმან უკეთუ სვას და დაიბანოს პირი, წამს განიკურნება".
დმანისში ყოფილა წყარო, "რომელიც ჰკურნავს მუწუკთა" და კიდევ მეორე წყარო, "რომელიცა ამსხვრევს ქვას ამირიმისასა და დააყრევინებს სმითა" (წყალი, რომელიც ამსხვრევდა თირკმელში დაგროვილ ქვებს და გარეთ გამოჰქონდა).
ოცხში (აბასთუმანი) აბანო ყოფილა გამართული. აქ გადმოდიოდა წყალი "ფრიად დიდი და ცხელი დუღარის სზგავსი", რომელიც კურნავდა "ქარით დახუთულსა, მუწუკთა და ბუგრასა, ძნიად საკურნებელთა მკურნალთაგან".
მე-19 საუკუნეში საქართველოში არსებულ მინერალურ წყაროებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა და ყველა გზამკვლევი, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში გამოდიოდა, აღწერდა ამ წყაროთა თვისებებს და სამკურნალო დანიშნულებას.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს დედაქალაქის თერმული წყლების პირველი საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატარა გერმანელმა გეოლოგმა, ცნობილმა მკვლევარმა ვილჰელმ აბიხმა. სწორედ მას ეკუთვნის აბანოების გეოლოგიური აღწერილობა და თბილისის მინერალური წყაროების სამკურნალო თვისებების აღწერა. ამ დროისათვის დედაქალაქში ცნობილი იყო მინერალური წყლის 35-მდე ბუნებრივი გამოსვლა.
საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ამ პერიოდში აშენდა სამკურნალო დაწესებულებები ბორჯომსა და აბასთუმანში. 1926 წლიდან კი ჯანმრთელობის კერად გამოცხადდა 102 კურორტი. აქედან 6 საკავშირო, დანარჩენი ადგილობრივი მნიშვნელობის.
დღეის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 103 კურორტი და 340 საკურორტო ადგილი. მოკვლეულია მინერალური წყლის 200-ზე მეტი გამოსავალი. საკურორტო ადგილების სიუხვე კი, როგორც გამოცემა "საქართველოს 100 კურორტის" ავტორები მიიჩნევენ, განპირობებულია იმით, რომ დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც 69,7 ათას კვადრატულ კმ-ს მოიცავს, 11 კლიმატური სარტყელია, რაც გეოგრაფიულ პირობებთან ერთად, ლანდშაფტის მკვეთრად განსხვავებულ ტიპებს ქმნის.
მათი თქმით, კლიმატური სარტყლების სიმრავლე, მარად თოვლიანი მწვერვალები და მყინვარები, შავი ზღვის თბილი სუბტროპიკული სანაპირო, ვრცელი დაბლობები, მთები, ტბები, მდინარეები და მიწის წიაღიდან ამოსული ათასობით მინერალური წყარო საკურორტო ადგილების სიუხვეს განაპირობებს.
კურორტი წყალტუბო
წყალტუბო, როგორც სამკურნალო ადგილი, ცნობილი იყო ჯერ კიდევ მე-7-9 საუკუნეებში. მე-12-13 საუკუნეებში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ მე-18 საუკუნის უცხოურ გამოცემებშიც გვხვდება, კერძოდ, 1782 წელს "ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების" გამოცემებში.
1787 წელს გერმანულ ენაზე გამოიცა იოჰან გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერები წყალტუბოს შესახებ. 1809 წელს გერმანულ "სამგზავრო ჟურნალში" იბეჭდება ამავე ავტორის ნაშრომი - "წყალტუბოს მინერალური წყლების შესახებ". 1815 წელს კი ცნობილი ბუნებათმცოდნე ფონ კლაპროთი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოსცემს ნაშრომს, სადაც იგი აღწერს წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების თვისებებს.
1897 წელს პროფესორ ალბერტ იოლენბერგის საენციკლოპედიო გამოცემაში მოყვანილია მონაცემები წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ.
საბჭოთა პერიოდში წყალტუბომ საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიიღო. სხვადასხვა დროს აქ აშენდა სანატორიუმები და პანსიონატები. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია ასევე 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები, ხელოვნური "ცივი ტბა".