მეჩვიდმეტე საუკუნის ათიანი წლების საქართველოს ისტორიის ძირითადი მოვლენები ლუარსაბ მეორისა და შაჰ-აბასის ურთიერთობის ფონზე ვითარდება. სეფიანთა ირანს ოსმალეთთან ზავი დაუდვია და საქართველოსკენ დაძრულა. კახეთში ირანელთა პირველივე ლაშქრობამ უმძიმესი შედეგები მოიტანა. კახეთის აოხრების შემდეგ, 1614 წელს ქართლსაც იგივე ბედი ელის, ქართლის მეფე ლუარსაბ მეორემ უნდა შეაჩეროს ისპაჰანის სამეფო კარის მბრძანებელი.
გორში ერთმანეთს ხვდებიან ლუარსაბ მეორე და შაჰ-აბასი. ეს მათი პირველი შეხვედრაა საქართველოში, ისინი არათუ იცნობენ, ემოყვრებიან კიდეც ერთმანეთს - აბასს ლუარსაბის და ლელა ჰყავს ცოლად.
ამბავი შაჰ-აბასის ორმაგი თამაშისა
რამდენიმე წლით ადრე, 1610 წელს ლუარსაბ მეორე ირანში ესტუმრა შაჰს. ეს ტაშისკარის ბრძოლის შემდეგ ხდება, იქ ხომ ლუარსაბმა და გიორგი სააკაძემ მუსრი გაავლეს ოსმალთა ლაშქარს.
ბუნებრივია, შაჰი კმაყოფილია, ქართველთა ხელით სეფიანთა საქმე გაკეთდა და ამიტომაც გახლავთ გულუხვი. ფეშქაშად სეფიანთა მმართველი ლუარსაბს თბილისის ციხეს უბრუნებს, რომელიც ადრე - ოსმალებს, 1606 წლიდან კი ყიზილბაშებს ეკავათ.
ლუარსაბი კარგად ხედავს შაჰის ორმაგ თამაშს, ის, ერთი მხრივ, ქართველთათვის "გულუხვი" და "გულმოწყალეა", მეორე მხრივ კი, ყაზანის ხან მოჰამედს აგულიანებს ქართლზე, მეფესაც სხვა არა რჩება რა, იმის გარდა, რომ მოაკვლევინოს ქართლის ამწიოკებელი. ეს 1612 წელს ხდება.
მას შემდეგ მცირე დრო გავიდა, სულ ორიოდე წელი, არადა, კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება მოვლენები. შაჰ-აბასი კახეთს შესევია, ქეთევან დედოფალი ორი უფლისწულით შაჰის კარზე გამგზავრებულა. ქართლისა და კახეთის მეფეებმა ლუარსაბ მეორემ და თეიმურაზ პირველმა იმ მიზეზით, რომ არც ქართლი და არც კახეთი იმ დროს არ იყო საომრად მზად, გარიდება არჩიეს და იმერეთში გადავიდნენ. სწორედ იმერეთიდან მოემართება ლუარსაბი შაჰთან შესახვედრად.
იმერთა მეფე გიორგი და კახთა ხელისუფალი თეიმურაზი კარგად ხვდებოდნენ, აბასთან შეხვედრა რა საფრთხეც იყო ლუარსაბისთვის, ამიტომაც შეეცადნენ, დაეყოლიებინათ ქართლის მეფე, უარი ეთქვა განზრახვაზე და არ შეხვედროდა აბასს, მაგრამ ლუარსაბს ვერ გადაათქმევინეს. ის კარგად ხვდებოდა, რომ სხვა ალტერნატივა არ იყო - წინააღმდეგ შემთხვევაში, სეფიანთა მბრძანებელი ქართლს ააოხრებდა.
"უკეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქვეყანათა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა," - ეს ლუარსაბის არგუმენტია, ღირსეული არგუმენტი და, ბუნებრივია, ანგარიშგასაწევიც, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული და შემზარავი ისაა, რომ თავად მეფემაც უწყის - მისი შაჰთან მისვლა შეიძლება სრულიადაც არ იყოს ქართლის აწიოკების დამაბრკოლებელი. მისი თავდადება, დიდი ალბათობით, შედეგს ვერ გამოიღებს, მიუხედავად ამისა, ის ღირსეულ გადაწყვეტილებას იღებს.
როგორ მიიღო ლუარსაბმა შაჰ-აბასის გამოწვევა წინასწარ წაგებულ ომში
შაჰ-აბასი თვალთმაქცია - მისი ღიმილით ვერასდროს შეიცნობ მის სურვილს. გორში სიხარულით ეგებება ლუარსაბს. ერთად ნადიმობენ, რამდენიმე დღე გრძელდება ნადიმი, ყველაფერს აქვს დასასრული, მაგრამ ამ ნადიმს თითქოს არ უჩანდა ბოლო. შაჰმა ნადირობა ისურვა - მეფეთა გასართობი ლოგიკური შედეგი უნდა ყოფილიყო ამ ნადიმის გაგრძელებისა. ჯერ იქვე მოინადირეს, მერე თბილისისაკენ გამოემართნენ, ახლა ყარაიის ველზე მოესურვა აბასს გართობა და ნადირობა, იქაც ლუარსაბთან ერთად ყოფნა უნდა - უარს ვერ ეუბნება ქართლის მეფე სეფიანთა მბრძანებელს. ყარაიის ველიდან ყარაბაღისკენ მიდიან - ესეც ბუნებრივია, შაჰის ინიციატივაა, ისევ ნადირობის საბაბით.
აყარაიაში განსაკუთრებით გაუმართლა ლუარსაბს, ნადირიც ბევრი მოკლა და აბასსაც გვარიანად აჯობა. ამ ამბავმა შაჰის მეუღლის ყურამდეც მიაღწია, იგრძნო ლელამ, რას ნიშნავდა ეს, ყველაზე უკეთ თავის მეუღლეს, აბასს იცნობდა და ისიც უწყოდა, რომ ლუარსაბის სიჩაუქე განსაკუთრებულად გააღიზიანებდა, ამიტომაც შეუთვალა თავის ძმას - ნუ შეეცდები, რაიმეში აჯობო აბასს, საშინელი შურიანია და ნუ გამოიწვევო. საცნაური ის იყო, რომ მსგავსი საუბარი შემდგომშიც არაერთხელ ყოფილა, ისევ უმეორებდა ლელა ლუარსაბს - აბასი სამაგიეროს გადახდასაც არ მოერიდებაო.
მატიანემ დისადმი ლუარსაბის უწყინარი პასუხი შემოგვინახა - "უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისათვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა". ეს სიკვდილსშეგუებული კაცის პასუხია, იცის ქართლის მეფემ, რომ მისი აღსასრული მხოლოდ დროის ამბავია და ყველაფერს აკეთებს, ღირსება შეინარჩუნოს.
როგორ აქცია შაჰ-აბასმა ლუარსაბ მეორე საპატიო ტყვედ
აბასი მუდმივად უწყობდა გამოცდებს ლუარსაბს. ყველგან უგებდა მახეს, ეს ისეთი თამაში იყო, სადაც წინასწარ განწირული გახლდათ ქართლის მეფე, არადა, სხვა გზა არ ჰქონდა ლუარსაბს, იძულებული იყო, მიეღო შაჰის თამაშის წესები.
ისტორიულ წყარში ერთი ასეთი შემთხვევაა დაცული: შაჰ-აბასს ლუარსაბისთვის ჯიღა მიუცია საჩუქრად, ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ნივთი, თან პირობა ჩამოურთმევია - სულ თან ეტარებინა. ლუარსაბიც პედანტურად ასრულებდა აბასის თხოვნას. აბასს ეს საჩუქარი დიდი "სპექტაკლისთვის" სჭირდება.
სწორედ აქ ხდება მზაკვრობა - საკუთარ მსახურს მოაპარინა ჯიღა შაჰმა, მეორე დღეს ლუარსაბთან შეხვედრისას რომ დაუნახავს აბასს მისი საჩუქრის გარეშე მყოფი მეფე, მოუკითხავს ძვირფასი ნივთის ამბავი. ლუარსაბს გულწრფელად უპასუხია - მომპარესო.
ამ პასუხს ელოდა აბასი, მოჩვენებითი განრისხება ხომ მისი სტილი იყო, აღელვებულს უთქვამს - ამიერიდან შენ, ჩემს უსაყვარლეს ცოლისძმას, ჩემი მცველები დაგიცავენო.
ეს ირანისკენ მიმავალ გზაზე ხდება, ბუნებრივია, ისპაჰანში ჩასულ ამალას სულ სხვა გარემო ელის. იქ ლუარსაბი საპატიო ტყვის რანგში უნდა ჩავიდეს.
რატომ ემტერებოდა შაჰ-აბასი ცოლისძმას
მოვლენები ისე ვითარდება, როგორც აბასი გეგმავს. ისპაჰანს დიდი პატივით იღებენ ლუარსაბს, აშკარაა, ამ პატივს მიღმა როგორ ისახება საქართველოს არა მარტო დაპყრობის, არამედ ირანთან ინტეგრაციის სურვილი. ეს მთავარია. აბასმა უწყის, მარტო ომის მოგება არაფერს ნიშნავს, ხშირად წაგებულისთვის უფრო დიდი სტიმული ყოფილა ის დამარცხება, სწორედ ამ შეუდრეკელი ადამიანების მორჯულებაა ყველაზე დიდი საქმე, ჰოდა, ქართველთა ირანულ სტილში მორჯულება სწორედ მეფეებიდან უნდა დაიწყოს. მეფეს ხომ მთელი ერი შეჰყურებს, ის ხომ დიდი ზნეობრივი მაგალითია ერისა. ჰოდა, სწორედ ეს ორიენტირი უნდა მოიშალოს, ქართველები გამაჰმადიანებულ მეფეს მიბაძავენ და ირანის პოლიტიკური მისწრაფებაც სწორედ ამ რეალობაზე უნდა აიგოს - ასეთია ირანის უზენაესი მბრძანებლის ვერდიქტი.
აბასმა ქართლი გამაჰმადიანებულ ბაგრატხანს ჩააბარა, მიუხედავად ამისა, ვერ იქცა ბაგრატი ქართველთა ზნეობრივ ორიენტირად, ლუარსაბზე ლოცულობდა ქართლი და მის სულიერ სიმტკიცეს უყურებდა იმედით.
აბასი კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ მეფის მოდრეკვა მისი პოლიტიკის წარმატების მთავარი გარანტი იქნებოდა, ამიტომაც გადაიყვანა ლუარსაბი შირაზში, გულაბის ციხეში. საპატიო ტყვეობამ შვიდ წელს გასტანა.
როგორ აღმოჩნდა ლუარსაბის დუმილი აბასისათვის შეურაცხმყოფელი
შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე ცდილობდნენ მის ცდუნებას, მეფე მტკიცედ იცავდა მარხვას, ვერაფერი მოუხერხეს მის სიმტკიცეს. ეს ყველაფერი შენი აღსასრულით დამთავრდებაო, - აფრთხილებდნენ მოლები, რომელთაც ადამიანურად ჰქონდათ ალბათ სიბრალულის განცდა ლუარსაბისადმი. მაინც შეუვალი იყო ლუარსაბი - "რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისაო", - ეს იყო მისი პასუხი.
ერთი და იგივე მეთოდები მომაბეზრებელი აღმოჩნდა მეფისთვის, ბოლოს აბასისთვის აღარც უპასუხია არაფერი. შაჰს ეს დუმილი დიდ შეურაცხყოფად მიუღია და მას შემდეგ უბრძანებია ლუარსაბის წამებით მოკვლა. მშვილდის საბელით დაახრჩეს თურმე მეფე.
ლუარსაბის ნეშტი იქვე დაუგდიათ და მომხდარა ის, რასაც არავინ ელოდა - მის ცხედარს კუნაპეტ ღამეში ღვთიური ნათელი დასდგომია სვეტად, ასეთი სურათი შირაზელებს ჯერ არ ენახათ.
მეორე დღეს დაუფლავთ ლუარსაბის სხეული იქვე, გულაბის ციხის ეზოში. საცნაური კი ის იყო, რომ ეს სასწაული, ქართლის მეფის სხეულის ნათება, მრავალგზის განმეორებულა ახლა უკვე მის საფლავთან - თავად მუსულმანები დარწმუნებულან ცხედრის სასწაულმოქმედებაში - არაერთი სნეული განუკურნავს წმინდა მეფის სასწაულმოქმედი საფლავის ძალას. "თუმც ესე სვეტი მრავალჟამ იხილვებოდა დღე და ღამე, და რომელნიცა ხედვიდეს, იტყოდეს, დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა, რომლისათვის ესე მოიკლა." - ეს ამონარიდია ქართული მატიანედან, ლუარსაბის საფლავის ამბავს რომ გადმოგვცემს ემოციურად.
როგორ მოირგო ლუარსაბის მკვლელმა შაჰ-აბაზმა უცოდველის ნიღაბი
ლუარსაბის მკვლელობას სულ სხვაგვარად აღწერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი. ის ამ ამბავს ისპაჰანში რუსების ელჩობას უკავშირებს. რუს ელჩებს ირანელებთან აუდიენციისას მოთხოვნათა ერთ-ერთ პუნქტად ლუარსაბის საქართველოში დაბრუნება შეუტანიათ.
ელჩობის ეტიკეტს თავისი წესები აქვს, წინასწარ უნდა იქნეს გარკვეული, რა საკითხებზე იქნება მსჯელობა ძირითად შეხვედრაზე. როდესაც ირანელებს შეუტყვიათ რუსთა განზრახვა, სწორედ იქ შემუშავებულა ლუარსაბის მკვლელობის გეგმა.
ასეთ უწყინარ თხოვნაზე შაჰი რუსებს უარს ვერ ეტყოდა, მათთვის სიმართლის ახსნაც არ გამოდიოდა, საბოლოოდ ერთი გზა რჩებოდა - ლუარსაბის თავიდან მოშორება.
მაგრამ როგორ? - აი, ეს იყო გადასაწყვეტი და მოიფიქრეს კიდეც ის ლეგენდა, რომლითაც სრულიად უცოდველი და უბრალო გამოდიოდა ლუარსაბის მკვლელი შაჰ-აბასი.
როდესაც რუს ელჩებთან ერთად აბასი სანადიმოდ დაჯდა, სწორედ მაშინ მოიკითხა ქართლის მეფე - და იქ გათამაშდა სპექტაკლი, რომელიც აბასს ხელს აძლევდა და რუსთა თხოვნისგანაც ათავისუფლებდა - აბასის მსახურმა ტრაგიკული იერსახით მოახსენა საქვეყნოდ - თევზაობისას ლუარსაბი დაიხრჩო, ბადე რომ გადააგდო, იმას გადაჰყვაო.
დიდი ვაებით შეუცხადებია აბასს ცოლისძმა, ცრემლიც გადმოუგდია და განრისხებაც არ დაუმალავს. ეს სპექტაკლი კი იმით დასრულდა, რომ სეფიანთა მბრძანებელმა ლუარსაბის მცველების სიკვდილით დასჯა ბრძანა - მას უცოდველის ნიღაბი სჭირდებოდა და ეს სასიკვდილო აქტი - ლუარსაბის ცხედარზე დაკლული ირანელებიც ამ ნიღბის ილუზიას შეეწირნენ.
ეს 1622 წელია, 20 მარტი. ქრისტიანობისთვის წამებულთა საკრალური თარიღი... საცნაური კი ისაა, რომ შირაზის ტრაგედიამდე 878 წლით ადრე, 744 წლის 20 მარტს არაბებმა ქართველთა კიდევ ერთი წმინდანი, არჩილი აწამეს.