მეთვრამეტე საუკუნის მიწურული საქართველოს ისტორიისთვის უამრავი ტკივილიანი განწყობის დამტევია. ქართლ-კახეთის სამეფოს კარზე რუსთა იმპერატორის ემისრები დაძრწიან, ინტრიგების ქსელს ხლართავენ (ამისათვის ყველა დროისა და ფორმაციის საქართველოში საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია შექმნილი). ეს ინტრიგები თავისას აკეთებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ერეკლე მეფის შთამომავლებს უამრავი პრეტენზია აქვთ ერთმანეთთან.
ერთმორწმუნე რუსებს ეცოტავებათ გიორგიევსკის ტრაქტატით მიღებული საგარეო პოლიტიკის მართვა და ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდგომ აშკარად იწყებენ მოქმედებას, რომელიც მიზნად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ისახავს.
რატომ დარჩა გიორგი მეთორმეტე ლეკთა დაცვის იმედად
ამ ფონზე ურთულესია ქვეყნის მართვა, ძნელია იმის თქმა, შეძლებდა კი ვინმე, გამკლავებოდა ამ ინტრიგებს, ან აღეკვეთა ის პროცესები, რასაც აშკარად ობიექტური ხასიათი ჰქონდა? ალბათ ვერა. ძლიერ მმართველს მხოლოდ ის ხელეწიფებოდა, ეს ობიექტური პროცესები მცირე ხნით შეეჩერებინა, თუმცა ეს, ბუნებრივია, საბოლოო პერსპექტივაში არაფერს წყვეტდა იმ უმარტივესი მიზეზით, რომ ევროპას საქართველო ჩირადაც არ უღირდა. იმ პერიოდის ევროპულ სახელმწიფოთა ინტერესებში სრულიადაც არ იყო საქართველო აქტუალური.
ის თამაში, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ 1768 წელს ოსმალეთთან გაჩაღებული ომის წინ, ჩვენი ქვეყნისთვის წინასწარ იყო წაგებული. ეს ტენდენცია სულ უფრო იკვეთებოდა და თავის აპოგეას სწორედ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს აღწევს.
ამ ურთულესი სიტუაციისას უძლური აღმოჩნდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი ხელისუფალი გიორგი მეთორმეტე. არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მეფე არ გახლდათ მზად ამ პროცესებისთვის. ბუნებრივია, სწორედ ამიტომაც უშვებს უამრავ შეცდომას.
ის არ არის მზად, მოაგვაროს ურთიერთობა საკუთარ ძმებთან, ძმისშვილებთან, დედინაცვალთან - დარეჯანთან. საგულისხმოა, რომ არც გიორგის ძმებს გამოუდვიათ თავი, არც ისინი მოქმედებენ სახელმწიფოებრივი პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ურთიერთობაში ხშირად სცოდავს მეფე. ყველაფერი მთავრდება იმით, რომ გიორგი, ფაქტობრივად, იზოლაციაში რჩება, სამეფო სასახლეში მას აღარ ეკარებიან ძმები. ამ რეალობისას ყველაზე სახასიათო პარადოქსი კი ისაა, რომ მეფე უსაფრთხოებისთვის ლეკთა დიდ რაზმს ქირაობს და მათი თანხლებით გადაადგილდება.
როგორ ხლართავდა სანკტ-პეტერბურგი ინტრიგებს ქართლ-კახეთის სამეფო კარზე
ამით აშკარად გაცხადებულია მეფის განწყობა, უნდობლობა არა მარტო მისი ძმების, არამედ საერთოდ ქართული ლაშქრისადმი. არადა, ეს საკმაოდ კარგი ფონია იმისათვის, რომ რუსეთმა მორიგი ინტრიგების ხლართვა დაიწყოს და საკუთარ მიზანს კიდევ უფრო დაუახლოვდეს.
რუსები ცდილობენ, კიდევ უფრო გაართულონ გიორგის ურთიერთობა დედინაცვალთან და ძმებთან. უთანხმოების თემა, ბუნებრივია, მეფობაა. რუსები განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებდნენ გიორგის - დარეჯანს იულონის გამეფება სურს და შენი ძმა ტახტისთვის ემზადებაო.
მეფე საკმაოდ დამძიმებულია არა მარტო ფიზიკურად, ფსიქოლოგიურადაც - ვერ ახერხებს სათანადო კომუნიკაციას და, ბუნებრივია ყველა, პრობლემაც აქედან იღებს სათავეს. გიორგი რუსებს უჯერებს და ფიქრობს, რომ მისი შვილის - დავითის გამეფება მხოლოდ ერთმორწმუნე ჩრდილოელის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
თითქოს მოახერხეს რუსებმა მიზნის მიღწევა - აღარც კი ფიქრობს მეფე ძმებთან კონტაქტს, რუსეთს ენდობა სრულად და, ფაქტობრივად, იწყებს იმ მოქმედებას, რასაც პეტერბურგის საიმპერატორო კარი გეგმავს, თუმცა ეს ის არ არის, რაც ჩრდილოელ მეზობელს სურს.
როგორ ვერ გამოსტყუეს რუსებმა გიორგი მეთორმეტეს ქართლ-კახეთის მეფობის გაუქმების დოკუმენტი
მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა, გიორგი უარს აცხადებს, ბოლომდე დაჰყვეს მათ თამაშს. სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარს სურს, ყველაფერი ლეგიტიმურად გააკეთოს - უარი ათქმევინოს გიორგის მეფობაზე და ის დოკუმენტი შეადგენინოს, რომლითაც საკუთარი სურვილით ბაგრატიონები უარს იტყვიან სუვერენულ უფლებებზე. რუსთა გეგმით, ამ ფორმით უნდა იქცეს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის პროვინციად, მაგრამ მეფე ამაზე არ მიდის. ის თანახმაა მხოლოდ რუსეთის მფარველობაზე და არა სამეფოს გაუქმებაზე.
საგულისხმოა, რომ რუსებს გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები აშკარად ეცოტავებათ - ახლა ეს დოკუმენტი მათთვის ხელის შემშლელია, რამდენადაც 1783 წელს შედგენილი ტრაქტატი არ ითვალისწინებს ქართლ-კახეთში არც მეფობის და არც კათოლიკოსის ტახტის გაუქმებას.
ცალსახადაა გაცხადებული, რომ რუსეთს ქართლ-კახეთი მხოლოდ საგარეო პოლიტიკას უთმობდა, მეფე და კათოლიკოს-პატრიარქი კი ხელუხლებელი რჩებოდნენ. და ეს შეთანხმება მაშინ მხოლოდ იმ მიზნით შედგა, რომ რუსეთს მტერთაგან ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვა ეკისრა და აქ არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობებში თავისი ჯარი ჩაეყენებინა. მთავარი პირობა არ შესრულდა - სწორედ ამიტომაც აღმოჩნდა რუსეთისაგან მიტოვებული სამეფო უმძიმეს სიტუაციაში 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, რა დროსაც, ფაქტობრივად, მოიშალა სახელმწიფო მექანიზმი.
გიორგი სწორედ სამეფოს საგარეო უსაფრთხოებას ითხოვს ჩრდილოელი ერთმორწმუნისგან, არადა, რუსი იმის დარწმუნებას ცდილობს, ბაგრატიონთა მეფობა საქართველოსთვის ზედმეტიაო.
როგორ დაარღვია გიორგი მეთორმეტემ ქართველი მეფის სტერეოტიპი
გიორგი მეთორმეტე ქართველ მეფეთა შორის გამორჩეულია, ის ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან, საუკუნეების განმავლობაში მეფის სტერეოტიპად რომ ჩამოყალიბდა საქართველოში.
მეფის სახება სულ სხვაგვარია ქართველისათვის - მეფე ომში მაგალითის მიმცემია, იბრძვის თავდადებით და საკუთარი ქცევით სხვასაც ანალოგიური ქმედებისკენ უბიძგებს.
გიორგი მეთორმეტის შემთხვევაში კი სულ სხვაგვარადაა საქმე - ბრძოლას ვინ ჩივის, მეფე ცხენზეც კი ვერ ჯდება, მოძრაობაც უჭირს. არადა, ის სულაც არაა ჭარმაგი (გიორგი 52 წლის აღესრულა). მეფის ასეთ ფიზიკური მდგომარეობას მისი თანამედროვენი შემდგომში ქართლ-კახეთის დაღუპვის მიზეზად ჩათვლიან, ძალიან იოლი გზაა, ერთ ადამიანს შეაწმინდო ყველაფერი, რასაც მის გარშემო ობიექტური პროცესები განაპირობებენ. სწორედ ეს იოლი გზა აირჩია ბევრმა მეფეზე საქილიკო თემად. გიორგი აქციეს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების საქმეში განტევების ვაცად.
გიორგი მეთორმეტე ტახტზე ასვლისას სერიოზულადაა ავად. ვარაუდობენ, რომ მას დიაბეტი ჰქონდა და ავადმყოფობას ვერაფრით შველოდნენ. ჯერ კიდევ 1785 წელს შეეპარა ავადმყოფობა მეფეს. გეორგიევსკის ტრაქტატიდან სულ ორიოდე წელია გასული.
უკავშირდება თუ არა რუსული ინტრიგები უფლისწულ ლევანის მკვლელობას
საეჭვოდ ემთხვევა რუსთა ღალატის ქრონიკა ქართლ-კახეთის სამეფო კარზე დატრიალებულ ამბებს - ჯერ იყო და 1781 წელს ერეკლეს უფროსი შვილი ლევანი მოწამლეს და მოკლეს. ეს ის უფლისწულია, რომლის სახელსაც უკავშირდება იმ დროისათვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ღონისძიება - მორიგე ჯარის შექმნა და ხელმძღვანელობა, ოთხი წლის შემდეგ კი, 1785 წლიდან აშკარად თვალში საცემია ერეკლე მეორის კიდევ ერთი მემკვიდრის, გიორგის ავადმყოფობა.
არავინ უწყის, ერია თუ არა ამ საქმეში რუსთა ხელი, ბუნებრივია, მაშინ ამ კუთხით ეს ამბები არ გამოუკვლევიათ, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ერთმორწმუნე რუსეთის ამბიციას, გააუქმოს ქართლ-კახეთის სამეფო და რიგით პროვინციად აქციოს სამეფო, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბაგრატიონთა სამეფო კარი. ამ დროს იმ ინტრიგათა ქსელის ფონზე, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია, არ უნდა გამოირიცხოს კატეგორიულად რუსთა მონაწილეობა არც ლევანისა და არც გიორგის მოწამვლაში. გავიხსენოთ ისიც, რომ რუსეთის საიმპერატორო კარი საკუთარი მეფეების გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეში დაოსტატებულები არიან და, ბუნებრივია, ბაგრატიონთა გვარის ღვთიური წარმომავლობა მათთვის დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი ვერ იქნება.
რუსის მიზანია - ევროპისაგან მიტოვებულმა ერეკლემ კიდევ უფრო დათრგუნულად იგრძნოს თავი, მარტო უნდა დარჩეს, ასე უფრო იოლია მისი მორჯულება და სასურველი შედეგის მიღწევა.
იმისათვის, რომ რუსეთის საიმპერატორო კარმა საკუთარი თამაში ათამაშოს ერეკლეს, ყველაფერს მიმართავს. ერეკლეს უმთავრესი მოტივაციაა, ლეკთა განუწყვეტელ წერტილოვან დარტყმებს გაუმკლავდეს და ხალხს ელემენტარული ფიზიკური არსებობისთვის საჭირო პირობები შეუქმნას. ლეკიანობა არ იძლევა ამის საშუალებას. არადა, ლეკებს ოსმალები მფარველობენ, ის ოსმალები, რომელთა დამარცხების საშუალებაც არ მისცა რუსეთმა ერეკლეს 1768-74 წლების ომში. იმ ომში ტოტლებენმა უღალატა ერეკლეს.
რუსულ-ოსმალური ორმაგი თამაშის ქრონიკა
რუსეთმა არ მოსპო ის იმპულსები, რაც ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის საიმპერატორო კართან დაახლოების მთავარი წინაპირობა იყო. სწორედ ამაზეა ნათქვამი - ხელი ხელს ბანსო - ამ მხრივ როგორც რუსეთის, ასევე ოსმალეთის საიმპერატორო კარი ერთნაირად ანტიქართულ თამაშს ესწრაფვის. საგულისხმოა ერთი მომენტი - რომ არა ლეკიანობა, საქართველოს რუსეთთან ინტენსიური ურთიერთობის აუცილებლობა არ დადგებოდა დღის წესრიგში.
გიორგი მეთორმეტე უკვე შეგუებულია საქართველოს ბედს - ის თანახმაა, რუსეთს გადაულოცოს საგარეო პოლიტიკის მართვა, ახლა სახვეწარი ის აქვს - ბაგრატიონებს დაუტოვოს რუსეთმა მეფობის უფლება.
გადაწყვეტილი საქმეა - დარიალის კარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო პოლიტიკის სასურველი მიმართულების განსაზღვრისათვის ქართველთა მთავარი კოზირი იყო, ქართლ-კახეთის სამეფო კარის ნებით რუსეთის საიმპერატორო კარს უნდა ჩაბარდეს. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი წინარე ისტორიის თავდაყირა დაყენებას ნიშნავს. ეს მსოფლიო მნიშვნელობის ქვეყნის (ამ პერიოდისათვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიულად თუ შეიძლება განვიხილოთ ამ ჭრილში საკითხი) პერსპექტივაზე ხელის აღებაა საბოლოოდ. არადა, ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობის მოგვარება ამის რეალურ შანსს იძლევა. სწორედ ამ შანსზე ვამბობთ უარს და, ბუნებრივია, ამას ყველა გრძნობს და ხვდება.
როგორ გადაულოცეს ქართველებმა რუსებს მსოფლიო პოლიტიკური კოზირი
იმ პერიოდის ქართული საზოგადოების უმთავრესი კითხვაც სწორედ ეს იყო - ღირდა კი ასეთ მსხვერპლზე წასვლა? მისცემდა კი ეს საქართველოს შვებას? სწორედ აღნიშნული განწყობა იკვეთება დავით ჩერქეზიშვილის კითხვაში, რომლითაც ის გიორგი მეფესა და რუსეთთან ასეთი ურთიერთობის მოსურნე დიდებულებს მიმართავს: "ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?"
მეფე პასუხობს: "დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ". ამ ამბავს პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს თხზულებაში "ცხოვრება გიორგი მეცამეტისა".
გიორგის პასუხში საოცარი ნიჰილიზმი ჩანს, ის უფალს მინდობია, სწორედ იმ უფალს, რუსეთის საიმპერატორო კარის სათამაშოდ რომ ქცეულა ერთმორწმუნე ქრისტიანის ნიღბით.