"დროის მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს" - ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს მოსკოვში საბჭოთა კინოს მესვეურებმა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს "დიდი მწვანე ველი", ფილმს, რომელიც წლების შემდეგ ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის აღიარეს. როგორც რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თავადაც ვერ წარმოედგინა, რომ "დიდი მწვანე ველი" ასეთი პოპულარული გახდებოდა.
"მერაბ ელიოზიშვილმა მომიტანა სცენარი, სადაც აღწერილი იყო მთავარი გმირის სახე. მწყემსი სოსანა ვერაფრით შეეგუა ცივილიზაციას, რომლითაც ის თავის ფესვებს მოსწყდა. სცნარი მომეწონა და გავიფიქრე, გადამეღო ფილმი ადამიანზე, რომელიც ვერ ეგუება თავის სამყაროს დაკარგვას, თანაც აქ იდგა პიროვნების თავისუფლების საკითხი. საბჭოთა კავშირის დროს ხელისუფლება ხომ მხოლოდ იმას სთავაზობდა ადამიანებს, რაც თავად მიაჩნდა სწორად, "დიდი მწვანე ველი" კი მათი იდეოლოგიის პროტესტი იყო.
1966 წელს სცენარი მოსკოვში დასამტკიცებლად ჩავიტანე, იქაურმა რედაქტორმა ეტყობა სიღრმისეულად არ წაიკითხა და ისე დაამტკიცა, მათთვის მთავარი იყო, რომ სცენარი დაწერილი იყო მწყემსზე. ფილმის გადაღების დროს პირველი მასალის შესამოწმებლად მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. ცეკა-ს მდივანმა იდეოლოგიიის დარგში ფილმი დაიწუნა და მითხრა: "ასე არ ვარგა, რაც გინდათ, მოიფიქრეთ, მაგრამ პირდაპირ უნდა მიუთითოთ, რომ სოსანა უარყოფითი გმირია. შევეკამათე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა. გადაღება შევაჩერე, მაგრამ სულ მალე მოსკოვიდან ჩამოვიდა მხატვრული ფილმების მთავარი სამმართველოს უფროსი, კინორეჟისორი იური ეგოროვი, მასალა ნახა, ძალიან მოეწონა და გამოსავალიც მოძებნა, რისთვისაც სცენარის რაღაც ნაწილის შეცვლა მოგვიწია" - ასე იხსენებს მერაბ კოკოჩაშვილი ფილმის გადაღების ისტორიას.
ფილმმა "დიდი მწვანე ველი" საერთაშორისო აღიარება 1974 წელს ბერლინის კინოფესტივალზე მოიპოვა, სოსანას როლის შემსრულებელმა, ცნობილმა ქართველმა მსახიობმა დოდო აბაშიძემ კი კიდევ ერთხელ გააოცა უცხოელი მაყურებელი. სწორედ ამ ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებიდან გვინდა, გავიხსენოთ რამდენიმე მოგონება.
ნიჭიერი მსახიობი, კაცური კაცი, კარგი თამადა, ასე იცნობდნენ დოდო აბაშიძეს, მისი მუშტის ძალაზე კი ლეგენდები დადიოდა, ძველი თაობის ვერელები ამბობენ, ჩხუბს თვითონ არასდროს დაიწყებდა, მაგრამ თუ გამოიწვევდნენ, ვერავინ უმკლავდებოდაო.
"ვერაზე ვცხოვრობდი, იცით, როგორი იყო მაშინ ჩხუბი? დღეში 10-ჯერ მაინც ვჩხუბობდით. არავითარ იარაღს არ ვხმარობდით, ხელი იყო და გათავდა. მახსოვს, ერთხელ ვერიდან ქვემოთ, ზემელისკენ მივდიოდი და იქიდან, იარბურგიდან ამოდიოდა ბუაძე იყო, ელგუჯა, საყვარელი, ძალიან ჯანიანი, ვაჟკაცი ბიჭი. მე და იმან დავარტყით 27-ჯერ, ათჯერ მე გავიმარჯვე, დანარჩენი - იმან. ის იყო დარტყიმის ოსტატი, პირველად რომ დაგარტყამდა, მეორედ რომ მომკვდარიყო, ჩხუბში არ გამოგყვებოდა. "წადი, ბიძიკო, დღეს შენი დღეაო" - გეტყოდა. დარტყმები ინიშნებოდა მოსკოვის ქუჩის ზემოთ, ასევე რუსულ ეკლესიასთან; პლეხანოვზე მუსკომედიის თეატრის უკან გოგიჯანოვის ბაღი იყო. აი, ასე იყო გარტყმა-გამორტყმები" - ასე იხსენებდა ვერის უბანსა და ყრმობის წლებს დოდო აბაშიძე. შემდეგ იყო თეატრალური ინსტიტუტი და მრვალი სახასიათო როლი ქართულ კინოში.
"თეატრალურ ინსტიტუტში ნაცნობობით მიმიღეს. გამოცდაზე გრიშაშვილის ლექსს ვკითხულობდი. ჩამღერებით წავიკითხე და თანაც, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვღირიალებდი. იმხელას ვყვიროდი, რომ მთელი პროფესურა აუდიტორიიდან გარბოდა თურმე. მაჩერებდნენ, მაგრამ მე არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი. ინსტიტუტში დროებით, პირველი სემესტრის დახურვამდე დამტოვეს. აკაკი ხორავამ თქვა - დავტოვოთ გამოსაცდელი ვადით და მერე გადავწყვიტოთო".
დოდო აბაშიძის პირველი პარტნიორი სცენაზეც და კინოშიც ცნობილი ქართველი მსახიობი მედეა ჩახავა იყო. სწორედ მას და დოდოს ბევრი კურიოზი შეხვედრიათ გადასაღებ მოედანზე.
"ჭრიჭინას" ზამთარში ვიღებდით, მე და ბიჭიკო წვიმის ქვეშ ვდგავართ, დაგვპირდნენ, ისეთი თბილი წყალი იქნება - გესიამოვნებათო, მაგრამ გაყინული წყალი წამოვიდა. გადაღებისას თავი შევიკავეთ, მაგრამ მერე დაგვაწყებინა კანკალი. გადასაღები იყო კიდევ ერთი დუბლი. სანამ ტანსაცმელს უთოთი გვიშრობდნენ, მე სპირტით მზელდნენ. დოდომ ეს რომ დაინახა, გაგიჟდა, რას შვრებით, გათბობა ასე კი არ უნდა, ჭიქაში ჩაასხით და გადაჰკრასო. მე, რა თქმა უნდა, არ დავლიე. მერე დოდოს მიაწოდეს სპირტით სავსე ჭიქა, აიღო და ისე გადაჰკრა, მეგონა, მოკვდება-მეთქი, პირიქით, გამოცოცხლდა და იცით, როგორ შეასრულა ეს როლი..." - იხსენებდა მედა ჩახავა.
"მამა ძალიან წყნარი და რბილი ხასიათის ბავშვი ყოფილა. სახლში იჯდა და ქარგავდა ბალიშისპირებს. გოგოებთან თამაში უყვარდა, მაგრამ სიტყვა "გოგოს" ვერ ამბობდა და "დოდოს" ამბობდა. ამიტომ შეარქვეს დოდო, ისე დავითი ერქვა. როცა წამოიზარდა, ისეთი "ყოჩი" დამდგარა, აუღებელ ციხეს ჰგავდაო, ამბობდნენ. ძველი ბიჭი არასდროს ყოფილა, მაგრამ ვერავის ჩაგვრას ვერ იტანდა. ძალიან კარგი თამადა იყო, სხვადასხვა სუფრას სხვადასხვანაირად უძღვებოდა, ქალების სადღეგრძელოს თქმა იცოდა ძალიან ხატოვნად.
ტექსტის დამახსოვრება უჭირდა, "დათა თუთაშხიაში" სეთური რომ ითამაშა, გიგა ლორთქიფანიძე ოპერატორის უკან მდგარა და დოდოს ტექსტს კარნახობდა. ძალიან დისციპლინირებული მსახიობი იყო, წუთით არ დაიგვიანებდა გადაღებაზე... როგორი ნასვამიც არ უნდა ყოფილიყო ღამით, მეორე დილას ექვს საათზე ფეხზე იყო.
ნემსის გაკეთების ეშინოდა, სულ მანქანით დადიოდა, ერთხელ ფეხით გაირა და მაინცდამაინც მაშინ ჩამოვარდა სახურავიდან თუნუქის ფურცელი და თავში დაეცა. შვიდი ნაკერი ისე დაადეს უნარკოზოდ თავზე, რომ ნემსი არ გაიკეთა. სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციაც უნარკოზოდ გაიკეთა, პისტოლეტის ტარი ჩაარტყეს ერთხელ ცხვირში და გაუტეხეს. არასწორად შეუხორცდა და ვეღარ სუნთქავდა. "წოპეს" გააკეთებინა ოპერაცია უნარკოზოდ. ტკივილს იტანდა, მაგრამ ნემსის ეშინოდა" - იხსენებს ზაზა აბაშიძე.
"დოდოს "ბაში-აჩუკში" იღებენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო, დოდო იქ ქეიფობს მეგობრებთან ერთად. შემოსულა ოთხი ახალგაზრდა, მგონი "კაგებეშნიკები" და რომ დაულევიათ, თვალში ამოუღიათ დოდოს წვერი. დაუწყეს დაცინვა და ხელიც წაუტანებიათ წვერზე, მერე იარაღი ამოუღიათ და გადაკეტეს რესტორანი. ასე არ უნდაო და დოდოს ისეთი დღე დაუყენებია, როგორც ვეფხვი, ისე იბრძოდაო, ძლივს გამოგლიჯეს ოთხივე ხელიდან. მეორე დღეს თბილისში ყველა დოდოზე ლაპარაკობდა," - იხსენებდა წლების შემდეგ გურამ ლორთქიფანიძე.