ია აბულაშვილი
04.05.2017

 მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღეს ჩვენ მკითხველს გვინდა გავაცნოთ ვაშინგტონში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, მწერალისა და ჟურნალისტის, გიორგი კობახიძის წერილი "ხმა დასახვრეტთა საკნითგან", რომელშიც აღწერილია მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. წერილი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ქართველი ერის" ფურცლებზე, ბერლინში, 1943 წელს. მაშინდელი ემიგრანტული პრესა წერდა, რომ გიორგი კობახიძე იყო პირველი და ერთადერთი, ვინც მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ საზღვარგარეთ გაიტანა ცნობა.

"1937 წელი. საბჭოთა კავშირში მძვინვარებდა ბოლშევიკური ტერორი, ჯალათები სისხლში ახრჩობდნენ და ბნელ ჯურღმულებში სპობდნენ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს. ხალხში ყოველდღიურად დადიოდა ხმები ახალ-ახალი დაპატიმრებებისა და თვითმკვლელობების შესახებ. "დააპატიმრეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი"- ასეთი ხმა გაისმა ერთხელ თბილისში. ამ ხმამ სხვანაირი სიმწვავით იმოქმედა ქართველ ხელხზედ და საბოლოოდ დაარწმუნა იგი, რომ საბჭოთა ხელისუფლება არ შეიბრალებდა არავის, რა წონისა და ღირებულებების არ უნდა ყოფილიყო იგი. ხალხი მიხვდა, რომ ერს განგებ ართმევდნენ და უსპობდნენ მოწინავე მოღვაწეებს. მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოს" ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა მისი შემოქმედების "კრიტიკა". ცილისმწამებლური სტატია ცინიზმით იყო აღსავსე და "შინსახკომის" ხმებზე ამღერებული სტროფები ნათელს ფენდნენ მიხეილ ჯავახიშვილის ბედსა და მომავალს.

ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდგომ განვლო რამდენიმე ხანმა, ხალხის ყურადღება ყოველდღიურმა ამბებმა მიიპყრო. აღარც არავინ მოელოდა მწერლის შემდგომი ბედის გაგებას, მაგრამ მკვლელების ღრმად და გულმოდგინედ ჩაკეტილი სარდაფებიდან მაინც გამოვიდა ამბავი სინამდვილისა. ამბავი, რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, ეს გადმომცა 1937 წელს ერთმა ქუთაისელმა სტუდენტმა, რომელმაც თავი დააღწია ჯურღმულებიდან და მზის სინათლეზედ გამოიტანა მწერლის მკვლელობის ამბავი" - ასე იწყებს თავის წერილს გიორგი კობახიძე და როგორც თავად წერს, სტუდენტმა საკმაოდ მხატვრულობითა და სიმართლით გადმოსცა ის, რაც მას თავს გადახდა.

ეს ამბავი კი ასე ყოფილა.

"ჩამაგდეს ბნელ სარდაფში. შესვლისას ვერაფერი გავარჩიე, თუმცა ვგრძნობდი, რომ სარდაფში ძალიან ბევრნი იყვნენ. ჰაერი ისე იყო დამძიმებული, რომ კინაღამ სუნთქვა შემეკრა. სასოწარკვეთილი როგორც იქნა, იქვე ახლოს ჩავჯექი. ხმას არავინ იღებდა, მინდოდა, ვინმე გამომლაპარაკებოდა, მაგრამ არავინ ჩქარობდა. შემდეგ კი მითხრეს, ეს დასახვრეტთა საკანიაო. ამ სიტყვების გაგონებაზე თვალი დამიბნელდა.

გადიოდა დღეები, ჩვენ საკანს ყოველდღიურად ემატებოდნენ ახლები. ყოველდღიურად გაჰყავდათ დასახვრეტნიც. საშინელი იყო ჩვენი საკნის პატიმართა სულიერი განწყობილებანი. ნაწილი სულით იყვნენ დაცემული, რომელთაც ერთად მოეყარათ თავი სარდაფის ერთ კუთხეში. სარდაფის ერთ კუთხეში კი თავი მოეყარა ხალხს, რომელიც ჩოჩქოლს ატეხდა ხოლმე, როდესაც კარს შემოაღებდნენ ჩეკისტები. ამ კუთხეში მყოფნი შეუდრეკელობას იჩენდნენ და გაჰყვიროდნენ: "მკვლელებო", "სისხლის მსმელებო", "ჯალათებო", ხელებს უშენდნენ კარში მდგომ ჯალათებს, რომლებიც ასეთი საქცელის გამო შეუბრალებლად სცემდნენ მათ. ამ კუთხიდან ყოველთვის გულადად გადიოდნენ დასახვრეტად. ვფიქრობდი, რატომ მაინცდამაინც ამ კუთხიდან ისმის ასეთი შეძახილები. ჩემ მეზობლად მყოფმა პატიმარმა მითხრა, ამ კუთხში ზის მწერალი მიხეილ ჯავახიშვილიო. ამ სიტყვების გაგონებაზე შევკრთი - მაშ, მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრება მართალია - გამიელვა გულში.

მე წაკითხული მქონდა თითქმის მისი ყველა ნაწარმოებები, განსაკუთრებით მიყვარდა მისი რომანი "არსენა მარაბდელი". მწერალი ნანახი არასდროს მყავდა და ახლა აქ, ამ სასტიკ ჯურღმულში გული აღარ დამიდგა და დაუყოვნელივ მივედი. თვალწინ წარმომიდგა შემაძრწუნებელი სურათი - კუთხეში მიმჯდარი იყო ძვალ-ტყავად ქცეული, ჩია ტანის მოხუცი, ღრმად ჩაცვენილი თვალებით, საშინლად გაყვითლებული, წვერებგაბურდული.

პირველად შევკრთი კუთხეში მიწყობილი ჩოჩნჩხის შეხედვაზე. დიახ, ჩონჩხი, ნამდვილი ანატომიური ჩონჩხი იყო. ჩონჩხი ლაპარაკობდა, ჩონჩხი ჩურჩულებდა. ცოტაღა დამაკლდა, კინაღამ ქვითინი დავიწყე, მაგრამ თავი შევიკავე, მალე გავეცანი და დავუახლოვდი. იმ დღიდან სულ მასთან ვიყავი მოუცილებლად. ხსოვნიდან არ ამომეშლება მისი სახე, ნათქვამი სიტყვები და ნაქადაგები. საუბედუროდ, ეს ქადაგება არ სცილდებოდა საპატიმროს გაუვალ კედლებს და სიკვდილთ დასჯილთ, რომლებიც ამ ნააზრებს მხოლოდ ცივ სამარეში თუ ჩაიყოლებდნენ. მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ცოცხალი მოწმე, რომელიც ამ საკნიდან გამოვედი და შემიძლია, სიმართლე ვთქვა.

მიხეილი მოგვითხრობდა ამბებს საქართველოს ისტორიიდან, ლიტერატურიდან, გვარიგებდა, გვირჩევდა და გვამხნევებდა. გვებუნებოდა, ეგება რომელიმე თქვენგანს ათასში ერთს მაინც გაგიღიმოთ ბედმა და ცოცხალი გადაურჩეთ ამ მხეცებს. ნუ დამივიწყებთ - გადაეცით ქართველ ხალხს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი ვიყავი, მასზე ვფიქრობდი... გადაეცით, რომ იმედით სავსე ვკვდები სამშობლოსათვის...

"მე ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის არ დამიზოგავს ჩემი სუსტი ძალ-ღონე. ქართველი ერისათვის არ დამიშურებია და არც დავიშურებდი არაფერს. ბევრს ვფიქრობდი მის მომავალზე და ველოდებოდი ჩვენი გათავისუფლების დღეს ბოლშევიკური და რუსული უღელისაგან. მართალია, მე ამ დროს ვერ მოვესწარი და ვერც მოვესწრები, მაგრამ მალე, სულ მალე, ქართველო ახალგაზრდებო, დადგება ჟამი ჩვენი ერის გათავისუფლებისა, დადგება დრო სანატრელი, როდესაც ქართველი ხალხი გადააგდებს მონობის უღელს თავისი ქედიდან და იცხოვრებს ისე სახელოვნად, როგორც უცხოვრია თავისი ძლიერების ხანაში.

ჩვენ აღვსდგებით! სულაც არ ვნაღვლობ, რომ სამშობლოსათვის ვკვდები. იმედად ის მრჩება, რომ ჩემს ასეთნაირად დაღუპვას ქართველები არ დაივიწყებენ", - ასე ლაპარაკობდა მიხეილ ჯავახიშვილი, მის მოწოდებას გულისყურით ვუსმენდით, რომელსაც დიდი სულიერი განმამტიკიცებელი ძალა ჰქონდა და ალბათ ამიტომ იყო, რომ მის გარშემო მყოფნი გაგიჟებული გადიოდნენ დასახვრეტად.

დასახვრეტად გამოძახებულნი როდესაც მიდიოდნენ მასთან გამოსამშვიდობებლად, მიხეილი წამოდგებოდა თავისი კუთხიდან, ჩონჩხად ქცეულ მკლავებს შემოახვევდა მასავით მიხრწნილ პატიმარს, ეამბორებოდა და თვალცრემლიანი კვლავ მიჩნეულ კუთხეში მიიკუნჭებოდა. ეს სურათი - დამშვიდობება მიხეილ ჯავახიშვილთან დიდს მგრძნობიარეს სურათს წარმოადგენდა. ასეთი სურათები ყოველდღიურად იმართებოდა, მრავალჯერ დღეში. ამ დღეს ელოდებოდა ჩვენი მიხეილიც. მე ვიცი პატიმართა მაშინდელი სურვილები, მათ სურდათ, თავისი თვალით არ დაენახათ მიხეილ ჯავახიშვილის გაყვანა დასახვრეტად. არ სურდათ, შესწრებოდნენ ამ დღეს, როდესაც ჯავახიშვილს წაართმევდნენ და ამ მძიმე მოლოდინში მყოფნი მწერალს მოსვენებას არ ვაძლევდით. ერთხელ "არსენა მარაბდელი" და "ჯაყოს ხიზნებიც" კი ვაამბობინეთ.

დრო გადიოდა, გათენება-დაღამებას პატარა სარკმლით ვიგებდით. ერთ უბედურ დღეს ჭრიალით გაიღო კარი და, როგორც ყოველთვის, გამოჩნდა ორი ჩეკისტი, ერთ მათგანს ხელში ეჭირა სანათი, მეორე მათგანს - რეზინის ჯოხი. პატიმრებს შეაჟრჟოლათ, რადგან კარგად იცოდნენ, რას ნიშნავდა ამ ორის შემოსვლა საკანში.

მიხეილ ჯავახიშვილი! - გაისმა ცივი ხმა. ჰაერი გაიყინა, სიჩუმემ რამდენიმე წამს გასტანა, ხალხს სუნთქვა შეეკრა. ნახევრად ბნელი კუნჭულებიდან თავი წამოყვეს ჩონჩხებმა, ისინი იმ კუთხისკენ წავიდნენ, სადაც მწერალი იჯდა. სამარისებური სიჩუმე უცბად დაარღვია ვიღაცის შეძახილმა "ჯალათებო! სისხლის მსმელებო!" ხმას აჰყვნენ დანარჩენები და სარდაფი აივსო ყვრილით - თქვენ ხვრეტთ მოწინავე ადამიანებს ქართველებისას. -თქვენ გვართმევთ დიდ მწერალს... - მხეცებო - არ მოგცემთ მიხეილ ჯავახიშვილს... - იგი ჩვენია. პატიმრები გარს შემოევლენ დიდ მწერალს. გამხეცებული შინსახკომელები დაუზოგავად დაერივნენ უმწეო ხალხს.

ნელა წამოდგა მიხეილ ჯავახიშვილი, წელში მოხრილმა თვალი გადაავლო დასისხლიანებულ ხალხს. ქვემოთ ჩამოწეული მარჯვენა ტუჩის კუთხე უცახცახებდა, სახეზედ უმწეობისა და შეურაცხყოფის ღიმილი ეკერა. რამდენიმე წამი გვიცქირა. ის იყო, რაღაცის თქმა დააპირა, რომ ყველა ავქვითინდით, პირველი მივეჭერი, მწერალს გადავეხვიე, დავუკოცნე გამხმარი სახე. მომყვნენ სხვებიც, მწერალს ვეხვეოდით, გულში ვიკრავდით, სამუდამოდ ვეთხოვებოდით.

რეზინიანმა ჩეკისტმა ჯავახიშვილს წიხლი ჩააზილა, იგი გასავალი კარის ახლოს ჩაიკეცა, მაგრამ მალე ზეზე ადგა, დამჭკნარი ხელებით სველი თვალები ამოიწმინდა და გადმოგვძახა: "აწ გშორდებით, საყვარელო ძმებო" - მაგრამ არ დააცალეს, სიტყვა გააწყვეტინეს. ჩეკისტმა კისერში ხელი წაავლო და კარისაკენ წაათრია. მწერალი კვლავ დაუსხლტა ხელიდან ჩეკისტს, ხელი მაღლა ამართა და არსენასებური ფოლადივით მტკიცე ხმით დაგვიძახა:

"კიდევაც დაიზრდებიან

ქართლში ლეკვები მგლისანი,

ისე არ ამოწყდებიან,

ჯავრი შეშჭამონ მტრისანი"

ახლა კი აღმართა ჩეკისტმა ხელი და მძლავრად დაჰკრა მძიმე რეზინი მხრებზედ ჯავახიშვილს. მწერალმა გონი არ დაჰკარგა. იგი კვლავ ხელს გვიქნევდა დამშვიდობების ნიშნად. მძიმე ჭრიალით მიიხურა სარდაფის კარი. ასეთი იყო მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×