7 მაისი რადიოს საერთაშორისო დღეა და როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რადიოს გამოგონების ისტორია გარკვეულ წილად საქართველოსაც უკავშირდება. ეს ამბავი კი ასე ყოფილა: 1895 წლის 7 მაისს ალექსანდრე პოპოვმა, რომელიც რადიოს ფუძემდებლად ითვლება, რუსეთის ფიზიკა-ქიმიის საზოგადოებას თავისი გამოგონება - რადიომიმღები წარუდგინა. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, რადიოს გამოგონების კვალს საქართველოში მივყავართ.
ვიდრე პოპოვის გამოგონება ოფიციალურად დადასტურდებოდა, რამდენიმე თვით ადრე ილია ჭავჭავაძეს სწვევია გორის მკვიდრი, დასავლეთში განათლებამიღებული კაცი, გვარად იანქოშვილი, რომელსაც ილიასთვის მის მიერ გამოგონებული რადიომიმღების შესახებ უამბნია.
ილიას უფიქრია, რომ თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა - ქართველმა რადიო გამოიგონაო - რუსეთის იმპერია ამას არ დაუშვებდა. თანაც იმ დროს ბევრი მეცნიერი იჩემებდა რადიოს გამოგონებას და ამიტომ ასეთი ხერხი უხმარია. იანქოშვილის გამოგონების სქემა სასწრაფოდ გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდავს. რუსებს "ივერიის" ეს ნომერი უნახავთ და გადაუციათ რადიოს გამოგონებაზე მომუშავე პოპოვისთვის. როგორც კი ოფიციალურად გამოქვეყნებულა პოპოვის გამოგონება, მეცნიერებს მაშინვე აღმოუჩენიათ მსგავსება გაზეთ "ივერიაში" დაბეჭდილი ქართველი გამომგონებლის - იანქოშვილის სქემასა და პოპოვის სქემას შორის, თუმცა ეს საიდუმლოდ დატოვეს.
პირველი რადიოტრანსლაცია საქართველოში
1924 წლის 13 თებერვალს თბილისში პირველად განხორციელდა რადიოტრანსლაცია, ანუ, როგორც მაშინდელ ქართულ პრესაში დაიწერა, "ხმამაღლა მოლაპარაკე რადიომაუწყებლობის სადენებით ტრანსლაციის პირველი ცდა". თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან თბილისის ელექტროტექნიკური ქარხნის კლუბში მოეწყო ბიზეს ოპერა "კარმენის" ტრანსლაცია. ამ ამბავს კი ასე იხსენებდა რადიოს პირველი თანამშრომელი ხმიადაშვილი:
"მუშათა კლუბის დარბაზი სავსეა ხალხით. ესტრადაზე მოთავსებულია ორი დიდი რუხი ფერის გრამაფონის მსგავსი კონუსური რუპორი. ამ რუპორიდან სცენის იქით გაყვანილია სადენები. აქვე მაგიდაზე მოთავსებულია საკონტროლო ტელეფონი და სხვა აპარატი. ამ ტელეფონის აპარატიდან ისმის ხანგრძლივი ზარი.
"დარბაზში გამეფდა აბსოლუტური სიჩუმე. ზოგი დამსწრეთაგანი განსაკუთრებული ყურადღებით რაღაც ახალს მოელოდა. ზოგიერთების სახე გამოხატავდა ირონიულ უნდობლობას.
"დრო ნელა მიიზლაზნებოდა. მოულოდნელად რადიორუპორიდან მთელ დარბაზს "კარმენის" უვერტურა მოეფინა. დარბაზში იჭექა მქუხარე ტაშმა. ეს იყო ქართველი რადიომსმენელის მისალმება საქართველოში პირველად მოწყობილი სახალხო ხმამაღლა მოლაპარაკე რადიოტრანსლაციისადმი. ეს იყო ახალი მნიშვნელოვანი მოვლენა".
ქართულმა რადიომ ოფიციალურად მაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს დაიწყო. თბილისში პირველი ინფორმაცია გადაიცა ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით, რომელიც აწყობილი იყო უცხოურ რადიოსატელეგრაფო გადამცემ ხაზზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადაცემა, რომელიც დღეში 1-2 საათი მაუწყებლობდა.
პირველი რადიოსადგური იყო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, სულ 12 კვ.მ. ფართობზე. გადამცემი სადგურის მოქმედების ზონა 25-30 კმ იყო. რადიოგადაცემებში ახალ ამბებს გაზეთებიდან კითხულობდნენ. რადიოს პირველი დამმონტაჟებლები იყვნენ ინჟინრები: თოფურია, რომელსაც არაერთი გამოგონება ჰქონდა რადიოტექნიკაში, კერძოდ, ე.წ. "მოდულაციის ხერხი", ასევე ძაგნიძე, ლიპარტელიანი და სხვები.
ზურაბ თოფურია რომ ამ დარგის პროფესიონალი იყო, ერთი ფაქტიდანაც ჩანს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარები ბერლინში შევიდნენ, საბჭოთა ხელისუფლებამ ბერლინში განლაგებული რადიოსადგურების მოსკოვში ჩატანის ბრძანება გასცა. მართლაც გადარჩენილი რადიოსადგურების უმეტესობა მოსკოვში ჩაიტანეს და სასწრაფოდ დაამონტაჟეს, თუმცა რუსმა სპეციალისტებმა მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებულ გერმანულ აპარატურას ვერაფერი გაუგეს.
მაშინ ერთ რუს მეცნიერს გახსენებია ქართველი რადიოინჟინერი ზურაბ თოფურია და მისი ამ საქმეში ჩართვა გადაუწყვეტიათ. მას ინტერესით დაუთვალიერებია რუსი სპეციალისტების ნამუშევარი, მოუსმენია მათი მოსაზრებებიც და შემდეგ უთქვამს - მარტო დამტოვეთ რადიოსადგურშიო. ორ დღეში ქართველმა სპეციალისტმა დადუმებული გერმანული რადიოაპარატურა აალაპარაკა. ამ დამსახურებისთვის ქართველ რადიოინჟინერ ზურაბ თოფურიას კრემლის მესვეურებმა ლენინური პრემია მიანიჭეს.