მეთორმეტე საუკუნის ბოლოს, შამქორის ომის მოგების შემდეგ, თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკაში. აღმოსავლეთით ამიერკავკასიაში სრულად აღდგა ქართველთა გავლენა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები თამარის სამეფო კარს ემორჩილება. მაგრამ ეს საკმარისი არაა - საჭიროა სამხრეთის მიმართულებით პოზიციების გამაგრება, საჭიროა კიდევ ერთი მაჰმადიანური კოალიციის შემოტევის მოგერიება.
აშკარაა - პოლიტიკური პროცესების განვითარება მიანიშნებს, რომ საქართველოს საფრთხე სწორედ სამხრეთიდან ელის.
როგორ ემზადებოდა რუქნ ად-დინი ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის
მეთორმეტე საუკუნის მიწურულისთვის შაგრენის ტყავივით დაპატარავდა ბიზანტია, უმნიშვნელოვანესი ტერიტორიები თურქ-სელჩუკებმა დაიკავეს. შედეგად ბიზანტიის მაგივრად საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით სელჩუკთა სასულთნო გაუმეზობლდა, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა ჩვენს ქვეყანას მუდმივი მოულოდნელი ლაშქრობებით. ქართველთა სამეფო კარიც სისტემატურად აწყობდა ლაშქრობებს, რათა მონაპირე სასაზღვრო ტერიტორიებიდან აეყარა ჩამოსახლებული მომთაბარეები. ამიტომაც აშკარა იყო, რომ მზადდებოდა საქართველოსა და თურქ-სელჩუკთა მასშტაბური დაპირისპირება.
ეს ის პერიოდია, როცა თურქ-სელჩუკები განსაკუთრებულად გაძლიერდნენ, ეს რუქნ ად-დინის ზეობის დროა. ქართველი და აღმოსავლელი ისტორიკოსები ერთხმად მიანიშნებენ, რომ ყილიჩ არსლანის მემკვიდრეთაგან ასეთი წარმატებისთვის არავის მიეღწია.
რუქნ ად-დინი მიზნად ისახავს მამამისის, ყილიჩ არსლანის, მიერ დანაწილებული ტერიტორების გაერთიანებასა და ერთიანი იმპერიის შექმნას, რასაც წარმატებით აგვირგვინებს. ამის შემდეგ აქტიურად დგება საქართველოს საკითხიც. საქართველოს ძლევა მთელ ამიერკავკასიაში გაბატონებას ნიშნავს, რაც რუქნ ად-დინისთვის საკმაოდ მომხიბვლელი პერსპექტივაა.
ამბავი რუქნ ად-დინის თვალთმაქცობისა
თავდაპირველად რუქნ ად-დინი საკმაოდ დიპლომატიურად მოქმედებს, ის არ იმჩნევს საქართველოს მტრობას, შესაფერის მომენტს ეძებს იმისთვის, რომ თავისი რეალური განწყობა გამოხატოს. ის წარმატებით ინიღბება და სისტემატურად გზავნის საქართველოს სამეფო კარზე ძვირფას ძღვენს, თამარიც საპასუხო დიპლომატიურ სვლებს აკეთებს და საჩუქრებს უგზავნის თურქ-სელჩუკთა მბრძანებელს, თუმცა გრძნობს, რუქნ ად-დინის კეთილგანწყობა მხოლოდ ფარსია და მისი ნაკლებად სჯერა.
აყველაფერს აქვს დასასრული. როცა საშინაო საკითხები მოაგვარა და მაჰმადიანური ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია, თვალთმაქცურ დამოკიდებულებასაც წერტილი დაესვა. რუქნ ად-დინმა აშკარა აგრესია გამოხატა. ადრე კეთილგანწყობილი მაჰმადიანი თამარს უთვლიდა დანაშაულად, რომ მაჰმადიანი ქვეყნებისათვის ხარკი ჰქონდა დადებული.
რა პერსპექტივას უსახავდა სამხრეთის მიმართულებით შეტევა საქართველოს სამეფო კარს
როგორც ვთქვით, სამხრეთისკენ თვალი უჭირავს საქართველოს სამეფო კარსაც - ქართველებმა უნდა დაიკავონ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: კარი (ყარსი), ვანანდი, არზრუმი და ერზინკი - შავი ზღვისპირეთი, ისტორიული პონტო. ეს სწორედ ის ტერიტორიებია, რომელიც ორიოდ საუკუნის წინ ბიზანტიისგან მიიღო ფეშქაშად დავით კურაპალატმა. ამ ტერიტორიებით საქართველოს სამეფო უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ფუნქციას იღებდა, ამიტომაც გახადა ბიზანტიის იმპერიამ ეს ადგილები სადავოდ და მისი დაბრუნება მოინდომა.
დავით კურაპალატის მემკვიდრეობისათვის ბრძოლამ ბაგრატ მესამისა და გიორგი პირველის მეფობის თითქმის მთელი პერიოდი შეიწირა. ბიზანტიასთან დაპირისპირება, სამწუხაროდ, ქართველთა დამარცხებით დასრულდა.
ახლა, ორასი წლის შემდეგ, კვლავ დგება შანსი, საქართველომ თავისი ისტორიული ტერიტორიები დაიბრუნოს, დაიბრუნოს ის გეოსტრატეგიული როლი, რაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ ფუნქციას ანიჭებს.
რატომ ენიჭება ბასიანის ბრძოლას ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის სტატუსი
საგულისხმოა ისიც, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თურქებს უკავიათ, საკმაოდ დიდი დასაყრდენი აქვთ ქართველებს - ვალაშკერტში კვლავაც ფუნქციობს ქართული საეპისკოპოსო კათედრა. აქ არსებული ქართველი, სომხური და ბერძნული მოსახლეობა აშკარად გამოხატავს საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერას. ეს ის დროა, როცა წინა აზიის გათურქება ჯერაც არ დასრულებულა და ამ მხრივ გარკვეული წინააღმდეგობა ხვდება რუმის სასულთნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთის ტერიტორიებისთვის ბრძოლას ქართველთა სამეფო კარი ეროვნულ-განმათავისუფლებელ სტატუსს ანიჭებს.
ეს ისტორიული მიწების დაბრუნების პროცესის დასაწყისია, აქ ხომ ქართველურ-ლაზური მოსახლეობაა, მიზანი სრულიად ნათელია - მთელი კავკასია და წინა აზია ბაგრატიონთა სკიპტრის ქვეშ უნდა მოექცეს. ამისთვის, კაცმა რომ თქვას, უაღრესად ხელსაყრელი მომენტია შერჩეული.
ამბავი ბასიანის ბრძოლის წინ არსებული დიპლომატიური იდილიისა
ეს ის დროა, საქართველოს აღმოსავლეთიდან საფრთხე რომ აღარ არსებობს, აღმოსავლეთის თურქთა სასულთნოს ქართველებთან დამარცხების შემდეგ ხვარაზმელები რომ უტევენ. ხორეზმშაჰი მუჰამედი იპყრობს ირანს, აქ იგი სწორედ თურქ-სელჩუკებს უპირისპირდება.
ბუნებრივია, ხორეზმშაჰი ქართველებს, როგორც თურქ-სელჩუკებთან დაპირისპირებულ ძალას, მოკავშირეებად თვლის, ამიტომაც ამ ეტაპზე ქართველთა სამეფო კარისთვის სრული დიპლომატიური იდილიაა აღმოსავლეთის მიმართულებით.
სამხრეთის მიმართულებითაც აშკარაა, რომ ქართველებს, გარდა ქართველურ-ლაზურ მოსახლეობაში დასაყრდენისა და სომეხ-ბერძენთა კეთილგანწყობისა, რამდენიმე კოზირი აქვთ - ამ დროს აღარც ბიზანტიას შეუძლია არაფერი - ერთ დროს უძლიერესი იმპერია სულს ღაფავს და იქით ეშინია საქართველოს სამეფო კარის და რუმის სულთნის. თუმცა რუმის სულთანსაც მთლად დალაგებულად არ აქვს საქმე - იკონიაში მძიმე მდგომარეობაა, ჯერ კიდევ არ მოუშუშებია იკონიას ის მძიმე შედეგები, რუქნ ად-დინის ერთპიროვნულ მმართველობას რომ მოჰყვა და რასაც შაჰის კარის არაერთი გავლენიანი ფიგურა შეეწირა. ამ შიდა დაპირისპირებამ და მძიმე პოლიტიკურმა ფონმა კი ქართველთა სასარგებლოდ უნდა იმუშაოს.
სწორედ ამიტომაც გეგმავს ქართველთა სამეფო კარი თურქ-სელჩუკებზე იერიშის მიტანას. მართლაც რომ სრული იდილიური სურათია დიპლომატიური თვალსაზრისით. სწორედ ამ ხელსაყრელი მომენტის გამოყენება უნდა მოახერხოს საქართველომ.
როგორ ემზადებოდა მაჰმადიანური სამყარო რევანშისათვის
შამქორში ქართველთა გამარჯვებამ განსაკუთრებულად შეაფიქრიანა მაჰმადიანური სამყარო. ეს იყო მეორე მარცხი მაჰმადიანური კოალიციისა საქართველოს წინააღმდეგ, ის პოლიტიკური მონსტრი, რასაც ერთიანი მაჰმადიანური სივრცე ერქვა, ვერ შეეგუებოდა მარცხს. რევანშის აღება არა მარტო პრესტიჟის საქმე იყო, არამედ, ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტასაც ნიშნავდა.
რუქნ ად-დინს არაფერი დაუშურებია იმისათვის, რომ დიდი კოალიციური არმია შეეკრიბა - დიდძალი ოქრო დასჭირდა ამ საქმეს. რუმის სულთანმა, რომელსაც მუსლიმანთა სულიერი ლიდერი, ბაღდადის ხალიფა ნასირ ადდინი უჭერს მხარს, უხმო სრულიად სამაჰმადიანოს - შუამდინარეთში, კილიკიაში, ანკარაში, კაბადოკიაში, ბითვინიაში, სირიაში, ერზინკაში, არზრუმსა და მთელ სამაჰმადიანოში ქუდზე კაცი აამხედრა ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ.
უდიდესი არმია, რომლის რაოდენობაც, "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" უცნობი ავტორის მიხედვით, 400 ათასი, ხოლო ბასილი ეზოსმოძღვრის თქმით, 800 ათასი ყოფილა, ერზინკის სასულთნოს ტერიტორიაზე დაბანაკებულა.
ამბავი სელჩუკთა უჩვეულო ელჩობისა
აშკარაა, რუქნ ად-დინი ხვდება, რა რთული ბრძოლა მოელის და იერიში მანამდე მიაქვს ქართველებზე, ვიდრე ომს დაიწყებს. ის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ცდილობს, სურს, ქართველთა სულისკვეთება ასე შეარყიოს. ფაქტია, რომ ის სვლა, რაც მან გააკეთა ბრძოლის წინ, არანაირ დიპლომატიურ ფარგლეში არ ჯდება.
საქართველოსკენ თურქ-სელჩუკთა ელჩი მოემართება განსაკუთრებული დიპლომატიური მისიით, თუმცა იმას, რაც სულ მალე მოხდება, ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ დიპლომატია.
სელჩუკის წერილი სხვა არა არის რა, თუ არა მუქარა: აი, როგორ გადმოგვცემს ამ წერილის შინაარსს "ქართლის ცხოვრება":
"მე, ნუქარდინ სულთანი, ყოველი ცისქვეშეთის მფლობელი, ანგელოსთა დარად თანამდგომი ღმერთისა, მოვლინებული დიდისა მოჰმედისაგან, გაცნობებ მეფე თამარს: ყოველი დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველებისთვის ხმლის აღება და მუსლიმანთა ხოცვა და მათი თავისუფლების წართმევა, მათთვის ხარკის დადება. ახლა მე მოვდივარ, რათა დაგსაჯო შენ და შენი ერი, რომ ქართველობამ აღარასდროს გაბედოს ხმლის ხელში აღება, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გვიბოძა. ცოცხალს დავტოვებ მხოლოდ მას, ვინც იჩქარებს, მოვა ჩემს კარავთან, თაყვანს მცემს, აღიარებს ისლამს, უარყოფს ქრისტეს და დაამსხვრევს ჯვარს. ეს იქნება სამაგიერო იმისთვის, რაც დაუშავე შენ ჩვენს მონათესავეებს".
ელჩს თამარ მეფისთვის რუქნ ად-დინის დანაბარებიც გადაუცია - "უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრნას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა".
ამ სიტყვების მოსმენისთანავე ზაქარია ამირსპასალარმა გვარიანი მუშტი უთავაზა სელჩუკს, რომელიც "ვითარცა მკვდარი დაეცა და იდვა". ელჩი რომ არ იყო, ენას ამოგაცლიდიო, - დაუყოლებია ზაქარიას. საცნაური კი ისაა, რომ თამარი არ არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და რუქნ ად-დინის წარმოგზავნილს, როგორც ელჩს, გულუხვად ასაჩუქრებს და საპასუხო წერილსაც ატანს.
წამოაგეს თუ არა ქართველებმა რუქნ ად-დინი პროვოკაციაზე
ის, რაც ისანის სამეფო სასახლეში ხდება, უჩვეულო ამბავია, მსგავსი სითავხედე შორს დგას დიპლომატიური ეტიკეტისგან. არადა, ამ ეტიკეტს ქართველთა სამეფო კარი პედანტურად იცავს. საცნაურია, რომ იმ წერილს, რომელიც სელჩუკთა ელჩს გაატენეს, უმოკლეს დროში მობილიზებული ქართველთა მრავალრიცხოვანი ლაშქარიც გაჰყვა უკან. არადა, ეს ის დროა, კომუნიკაცია რომ ჭირს და უმოკლეს დროში წარმოუდგენელია მთელი ჯარის მობილიზაცია. ყველამ იცის - მაჰმადიანთა კოალიციურ არმიას სრული მობილიზებით უნდა დაუხვდეს, სხვაგვარად ვერაფერს გააწყობ.
მაშ რაშია საქმე - ფაქტია, წინასწარაა ქართველთა ჯარი მობილიზებული, სწორედ ეს ბადებს კითხვას - რატომ? საიდან იგებენ ქართველები წინასწარ, რომ სელჩუკთა ელჩს თამარის შეურაცხმყოფელი წერილი მოაქვს და ამ წერილს სათანადოდ უნდა უპასუხონ?
დიდი ალბათობით, აქ ქართულ დიპლომატიურ სვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იქნებ სწორედ ინსპირირებულმა ქართველმა დიპლომატებმა შესთავაზეს რუქნ ად-დინს, მსგავსი ნაბიჯი გადაედგა? არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ქართველთა წარმომადგენლები თავად დგამენ სპექტაკლს, სადაც ნიღაბი ეხსნება რუქნ ად-დინს, როგორც მოძალადესა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხმყოფელს.
ქართველი დიპლომატები წინასწარ ზრუნავენ იმაზე, რომ ომი სამართლიანი იყოს და ამ სამართლიანობაში დარწმუნდეს არა მარტო საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობა, არამედ თავად მაჰმადიანური სამყარო. სწორედ ამას ემსახურება ელჩის სახალხოდ მიღება, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ცნობილია იმ წერილის შინაარსი, რაც სელჩუკმა უნდა წაიკითხოს.
მეფის შეურაცხყოფა მთელი სახელმწიფოს შეურაცხყოფაა. ამ პოსტულატით სუნთქავს და სულდგმულობს საქართველოს სამეფო, ამიტომაც სათანადო პასუხი უნდა გაეცეს ამ თავხედობას. და იწყება ომი, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი მოსახლე ღირსების დაცვად აღიქვამს.
ბასიანისკენ დაძრულა ქართველთა ლაშქარი, მას თამარი მიაცილებს ვარძიამდე. სულ მალე დაიწყება გადამწყვეტი, მესამე შერკინება სრულიად მაჰადიანურ კოალიციასთან, შერკინება ღირსებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის სახელით.