როგორც თავად რუსი ისტორიკოსები ამბობენ, საბჭოთა ისტორიაში ბევრი სამარცხვინო ფურცელია, რომელსაც საბჭოთა ისტორიკოსები ოფიციალურად არასდროს აღიარებდნენ. ერთ-ერთი ამ სამარცხვინო ფურცლებიდან არის 1939 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ბრესტში ჩატარებული ერთობლივი საბჭოთა-ნაცისტური სამხედრო აღლუმი მას შემდეგ, რაც გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ჯარები პოლონეთში შეიჭრნენ. ამ ერთობლივი აღლუმის დეტალებზე მოგვიანებით, მანამდე კი მკითხველს რამდენიმე საინტერესო ფაქტს შევახსენებთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების ისტორიიდან.
1939 წლის გაზაფხულზე, ინგლის- საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკების პარალელურად, სტალინი ფარულ მოლაპარაკებას მართავდა გერმანიასთან. 1939 წლის აგვისტოში მოსკოვში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოახიმ ფონ რიბენტროპი და 23 აგვისტოს ხელმოწერილ იქნა სსრკ-გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. ეს ხელშეკრულება მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის სახელით შევიდა.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ოფიციალურად ეს ხელშეკრულება ურთიერთთავდაუსხმელობას გაულისხმობდა, რეალურად კი ორი დანაშაულებრივი რეჟიმის გარიგება იყო გავლენის სფეროების გადასანაწილებლად. სტალინმა მიიღო უფლება, დაეპყრო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოები; ორად გაიყო პოლონეთი - ნაწილი, რომელიც მდინარე ვისლას აღმოსავლეთით მდებარეობდა, საბჭოთა კავშირს ერგო, ხოლო ვისლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიები - გერმანიას. ვარშავის ნაწილი, რომელიც ვისლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა, გერმანიას უნდა დარჩენოდა, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მდინარის მარჯვენა მხარეს იყო - საბჭოთა კავშირს.
ასევე გერმანიამ მიიღო თავისუფალი მოქმედების უფლება დასავლეთ ევროპაში.
1939 წლის 1-ლ სექტემბერს გერმანია დასავლეთიდან პოლონეთს დაესხა თავს. 17 სექტემბერს კი აღმოსავლეთიდან უკვე საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ პოლონეთში.
საბჭოთა კავშირის თავდასხმა პოლონეთისთვის მოულოდნელი იყო, რადგან პოლონეთის მთავრობას საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირისთვის პოლონეთთან დადებულ ხელშეკრულებას იმ ქაღალდზე მეტი ფასი არ ჰქონდა, რაზეც ის ეწერა. უფრო მეტიც, 1939 წლის 28 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის - სასაზღვრო და საზავო, ხოლო მოგვიანებით ეკონომიკური ხელშეკრულებაი გაფორმდა. ასეთი იყო მეორე მსოფლიო ომის წინ ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიის მქონე და ერთმანეთის მიმართ "მტრულად განწყობილი" ორი ქვეყნისა და მათი ლიდრების - სტალინის და ჰიტლერის ურთიერთობა.
ერთობლივი სამხედრო აღლუმი ქალაქ ბრესტში
გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ჯარების ერთობლივი სამხედრო აღლუმი ქალაქ ბრესტში 1939 წლის 22 სექტემბერს გაიმართა.
14 სექტემბერს გერმანელები ბრესტში შევიდნენ. 17 სექტემბერს კი ვერმახტის მე-19 მოტორიზებულმა კორპუსმა გენერალ გუდერიანის მეთაურობით ბრესტის ციხე-სიმაგრე დაიკავა.
20 სექტემბერს ბრესტს მიუახლოვდნენ საბჭოთა არმიის სატანკო ნაწილებიც ბრიგადის გენერალ სემიონ პროვოშეინის მეთაურობით. გაიმართა მოლაპრაკება ქალაქ ბრესტისა და ბრესტის ციხე-სიმაგრის გადაცემის თაობაზე.
მოლაპარაკება მეორე დღესაც გაგრძელდა, მასში მონაწილეობდნენ სსრკ-ის მხრიდან კაპიტანი გუბანოვი და ბატალიონის კომისარი პანოვი; გერმანიის მხრიდან პოდპოლკოვნიკი გულმი და პოდპოლკოვნიკი ზომერი.
22 სექტემბერს, დილის 10 საათზე, გერმანიის სამხედრო დროშა, რომელიც ციხე-სიმაგრეზე 5 დღე იყო აღმართული, გერმანული სამხედრო ორკესტრის მუსიკის ფონზე დაუშვეს, ხოლო ვერმახტის 76-ე ფეხოსანთა პოლკმა ბრესტის ციხე-სიმაგრე დატოვა.
22 სექტემბრის დღის მეორე ნახევარში ასევე ორგანიზებულად და ექსცესების გარეშე გერმანელები ქალაქ ბრესტიდან გავიდნენ და ქალაქი საბჭოთა კავშირს გადასცეს.
ქალაქ ბრესტის გადაცემის ცერემონიის დეტალური გეგმა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ინახება ბუნდესტაგის არქივში - "შეთანხმება საბჭოთა ოფიცრებთან ბრესტ-ლიტოვსკის გადაცემის თაობაზე".
22 სექტემბრის 14 საათზე ბრესტ-ლიტოვსკიდან გერმანიის ჯარები ნაწილ-ნაწილ გადიან. 14 საათზევე გაიმართებოდა საზეიმო მარში, რომლის დროსაც მოხდებოდა ორივე მხარის მხრიდან დროშების შეცვლა. დროშების შეცვლის დროს შესრულდებოდა ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.
ცერემონია დასრულდებოდა გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ჯარის ნაწილების ერთობლივი აღლუმით. ვერმახტის და წითელი არმიის ჯარისკაცები საზეიმო მარშით ჩაივლიდნენ მეთაურების წინ. შემდეგ ასევე საზეიმო სვლით ჩაივლიდნენ ბრესტის ქუჩებში და დატოვებდნენ ქალაქს.
ამ დღის ამსახველი ფოტოები იმ დღესვე გადაუღიათ, ხოლო 27 სექტემბერს გერმანიის ერთ-ერთ კინოჟურნალში "გერმანელების ბრწყინვალე ლაშქრობა პოლონეთის წინააღმდეგ" გავიდა ბრესტში გამართული გერმანია-საბჭოთა კავშირის ერობლივი სამხედრო აღლუმის კადრები.