როგორ გაჩნდა ლუი მეცხრის კარზე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონღოლთა გამოყენების იდეა
მამუკა ნაცვალაძე
08.05.2017

 მეცამეტე საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოში კიდევ ერთხელ იწყება პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლება, ამ ისტორიულ-პოლიტიკურმა პროცესებმა შედეგად მოიტანა მსოფლიო რუკაზე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ასპარეზზე გამოდიან მონღოლები, ახალი დამპყრობლები, რომლებიც დასავლეთით დაიძრნენ და შეძლეს კავკასიის, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის დაპყრობა. მონღოლებმა შექმნეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერია.

აყველაფერი კი უმოკლეს ხანში ხდება - სულ რაღაც სამიოდ ათეული წლის განმავლობაში. ეს დრო მსოფლიო ისტორიის თავდაყირა დაყენებისთვის, იმდროინდელ მწირ კომუნიკაციებს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ მცირეა.

სწორედ ამიტომაც ევროპა განსაკუთრებით აქტიურად ინტერესდება მონღოლებით, იმდროინდელი ევროპის ინტელექტუალური თუ პოლიტიკური რესურსები პირველ რიგში სწორედ მონღოლთა ვინაობის გარკვევისკენაა მიმართული.

მონღოლების შესახებ საკმაოდ საინტერესო ცნობებია შემონახული. განსაკუთრებით ფასეულია ჩინელი ავტორის - მენ-და ბეი-ლუს, იტალიელი პლანო კარპინის, სპარსი ალადინ ათა მალიქ ჯუვეინისა და არაბი იბნ ალ ასირის ცნობები. საგულისხმოა, რომ ოთხივე ავტორი XIII საუკუნეში ცხოვრობს და აღწერილი მოვლენების თვითმხილველი და თანამედროვეა.

მაინც ვინ იყვნენ მონღოლები, რომელთა შიშითაც ძრწოდა მეცამეტე საუკუნის მსოფლიო?

როგორ ცხოვრობდნენ ცოლმრავალი მონღოლები

მონღოლებს თათრებსაც უწოდებენ, ისინი თურქული მოდგმის ტომთა მონათესავენი არიან. პლანო კარპინის ცნობით, მონღოლთა თავდაპირველი საცხოვრისი იმ ადგილას ჩნდება, სადაც აღმოსავლეთი ჩრდილოეთს უერთდება. მენ-და ბეი-ლუს თქმით, ველური თათრები ძალზე ღარიბები და, ამასთანავე, პრიმიტიულები არიან, არ ფლობენ არანაირ უნარ-ჩვევებს. მხოლოდ ცხენებზე ჯირითი იციან. ისინი სიმაღლით არ გამოირჩევიან, მათ შორის არ არიან მსუქნები. სახე ფართო აქვთ, ყვრიმალები კი - დიდი, თვალები ზედა წამწამების გარეშე, წვერი მეჩხერი. გარეგნობით შეუხედავნი არიან.

პლანო კარპინი საგანგებოდ მიანიშნებს, რომ თითოეულ მონღოლს იმდენი ცოლი ჰყავს, რამდენის შენახვაც შეუძლია, ზოგს - ასი, ზოგს - ორმოცდაათი, ზოგს - ათი, ზოგსაც მეტი, ან ნაკლები. მათ შეუძლიათ დაქორწინება ყველა ქალზე, გარდა დედისა, დისა და ქალიშვილისა. ცოლებს ისინი მშობლებისაგან საკმაოდ ძვირად ყიდულობენ.

რითი გამოირჩეოდნენ მონღოლი ქალები

მონღოლები კარვებში ცხოვრობენ, რომელიც მრგვალია, კარვის სახურავზე შუაში მრგვალი ფანჯარაა, საიდანაც სინათლე შემოდის და კვამლი გადის. მონღოლებს კარვის შუაში მუდმივად ცეცხლი უნთიათ. სადაც უნდა მიდიოდნენ - ომსა თუ სხვა ადგილას, თავიანთი სახლები - იგივე კარვები თან დააქვთ.

ჩინელი ავტორის - მენ-და ბეი-ლუს ცნობით, კარვის დადგმა ქალების მოვალეობად ითვლება, ცხენებსაც ქალები ტვირთავენ. ისინიც კაცების მსგავსად ძალიან კარგი მხედრები არიან. ბელადის ცოლები სხვებისგან იმით გამოირჩევიან, რომ მათ თავზე ახურავთ ქუდი გუ-გუ, რომელსაც მუქი ყავისფერი ნაქარგებით, ან მარგალიტითა და ოქრო-ვერცხლით რთავენ.

ჩინელი ავტორი მიანიშნებს, რომ თათრები უნაგირზე იბადებიან და აქვე იზრდებიან, თავადვე სწავლობენ სამხედრო საქმეს. ისინი არსებობას ნადირობით ახერხებენ. მათ არ ჰყავთ ქვეითები, ყველა მხედარია.

როგორ შექმნეს სახელმწიფო მართვის სისტემა მონღოლებმა

ჩინელი ავტორის - მენ-და ბეი-ლუს თქმით, მონღოლებს სახელმწიფოს მართვის სისტემა ჩინგის ყაენმა შეუქმნა. ის აღმოსავლეთითა თუ დასავლეთით აწყობდა ლაშქრობებს, რის შედეგადაც მონღოლთა სახელმწიფომ უკიდურესად ფართო მასშტაბები მიიღო. არ იყო იოლი ამხელა იმპერიის მართვის მექანიზმის შექმნა.

სპარსი ავტორი ჯუვეინი მიანიშნებს, რომ უზენაესმა ჩინგის ყაენი გონიერებით გამოარჩია და სამყაროს სხვა მეფეებზე მაღლა დააყენა. მან მატიანეთა განხილვისა და მოსაწყენი სიძველეების შესწავლის გარეშე თავად გამოიგონა ის, რაც ცნობილია ხოსროიანებზე, ფარაონთა და კეისართა წესრიგზე. ჩინგის ხანი თავისი გონებით აწყოდა იმ სისტემას, რომლითაც უზრუნველყოფდა მტრის ძლიერების შესუსტებას.

თითოეული საქმისთვის ჩინგის ყაენმა წესი და კანონი დაადგინა, ყოველი დანაშაულისთვის კი - სასჯელი.

როგორ შეითვისეს დამწერლობა მონღოლებმა

მენ-და ბეი-ლუს ცნობით, როცა მონღოლთა სახელმწიფო წარმოიქმნა, მათ არ ჰქონდათ დამწერლობა, ბრძანებებს ელჩების პირით, ზეპირად გადასცემდნენ ადრესატს. თუმცა ცინის - ჩინეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის შედეგად სიტუაცია შეიცვალა, მეცამეტე საუკუნის 20-იანი წლებიდან მონღოლები ჩინურ დამწერლობას იყენებენ.

ჩინელი ავტორის თქმით, რამდენიმე ჩინელმა მოხელემ, რომლებიც თავის სახელმწიფოს განერიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, სამსახური ჩინგის ყაენის კარზე იშოვა. სწორედ მათ ასწავლეს მონღოლებს დამწერლობის გამოყენება და დოკუმენტების შედგენა. ამის შემდეგ ჩინურად იწერება მონღოლთა ბრძანებები, რომელსაც იასა ჰქვია.

ჯუვეინის ცნობით, ჩინგის ყაენს სპეციალური ბრძანება გამოუცია, რომელიც ითვალისწინებდა, ადამიანებს უიღურების ტომიდან დამწერლობა ესწავლებინათ მონღოლი ბავშვებისათვის, იასა და ბრძანებები კი გრაგნილებზე ჩაეწერათ. ასე შეიქმნა "იასას დიდი წიგნი." ამ წიგნს უფლისწულები ხაზინაში საგანგებოდ ინახავდნენ და როცა სათათბიროდ იკრიბებოდნენ, მაშინ გამოჰქონდათ, რათა ამ ბრძანებების საფუძველზე მომხდარიყო ყველა საქმის განხილვა.

როგორ იყენებდნენ მონღოლები ფარად დაპყრობილ მოსახლეობას

ჩინგის ყაენს ჰყავდა ლაშქარი, რომელიც ათეულებად, ასეულებად და ათიათასეულებად იყოფოდა. ათიათასეულს დუმანი ერქვა. სამხედრო განაყოფთა სათავეში მომთაბარე არისტოკრატიის წარმომადგენლები იდგნენ. რაც შეეხება დუმან-ნოინების თანამდებობებს, აქ უმთავრესად უფლისწულებზე ჩერდებოდა არჩევანი.

თითოეული მონღოლი ვალდებული იყო, თავადვე ეზრუნა თავის გამოკვებაზე, იარაღსა და სხვა საჭურველზე, რაც აუცილებელი ატრიბუტი იყო ბრძოლისთვის. ასეთი მოთხოვნა საკმაოდ მობილურს ხდიდა მონღოლთა ჯარს.

მონღოლები იმ პერიოდისათვის მოწინავე ჩინური სამხედრო ტექნიკით სარგებლობდნენ, მეტად დახვეწილი საბრძოლო არსენალი ჰქონდათ, რაც განკუთვნილი იყო ქალაქის ალყისათვის.

მონღოლთა ორიგინალურ საბრძოლო სისტემას "ჰაშარი" ერქვა, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედების დროს მონღოლები დაპყრობილ მოსახლეობას ფარად იყენებდნენ. ეს წესი განსაკუთრებით ეფექტურობას იძენდა მაშინ, როცა მოწინააღმდეგე ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

სანამ დიდ ქალაქებს შეესეოდნენ, ისინი ჯერ პატარა ქალაქს იპყრობდნენ. სამხედრო მეთაური ბრძანებას გასცემდა, რომ ერთ მხედარს ათი ტყვე წამოეყვანა, რომელთა მოვალეობაც იყო ქვების, ბალახისა და შეშის შეგროვება. გარდა ამისა, ეს ტყვეები მეწინავეთა რიგებში დგებოდნენ ბრძოლისას.

უნდა ითქვას, რომ მონღოლთა ლაშქარი ყოველთვის ერთსულოვნებით იყო დამუხტული. მათ განსაკუთრებული წესრიგი ჰქონდათ ჯარში, რასაც თავად ისინი იასაკად მოიხსენიებენ. იასაკმა ერთიან ორგანიზმად შეკრა ის ტომები, რომელნიც მუდმივად ქიშპობდნენ.

ჯუვეინი საგანგებოდ მანიშნებს, რომ არასდროს არავის ჰყოლია ისეთი დამჯერი და მომთმენი ჯარი, როგორიც მონღოლებს ჰყავდათ, მხედართმთავრებისათვის ერთნაირად დამჯერნი ჭირსა და ლხინში და არა ჯამაგირისა და ალაფის მომლოდინენი.

რატომ თქვეს მონღოლებმა უარი სამხედრო წოდებებზე

მონღოლთა ჯარში ყოველთვის იდეალური წესრიგი სუფევდა. ბუნებრივია, საინტერესოა, რა იყო ის საფუძველი, რაც ამ წესრიგს განაპირობებდა? რატომ იყო ასე დამჯერი და მომთმენი მონღოლთა ჯარი? აღნიშნულ კითხვებს სრულყოფილად პასუხობს ჯუვეინის თხზულების ერთი მონაკვეთი, სადაც მითითებულია, თუ რატომ თქვეს მონღოლებმა უარი საკუთარ განდიდებაზე.

როგორც ჩანს, ჩინგის ყაენმა შორსმიმავალი მიზანი დაისახა, როცა მაქსიმალურად იზრუნა, თავად არ დაშორებოდა სხვადასხვა თანამდებობითა და წოდებებით საკუთარი არმიის უბრალო მებრძოლთ. სწორედ ამიტომაც გადაწყდა, რომ ვინც უნდა დამჯდარიყო ყაენის ტახტზე, მხოლოდ ერთ სახელს უმატებდნენ - ყაენს ან ხანს. მათ უარი თქვეს უკიდურეს განდიდებასა და სამოხელეო თანამდებობების თაყვანისცემაზე, რაც სხვაგან ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

მონღოლთა დიდებულები შვილებს მხოლოდ იმ სახელით მოიხსენიებდნენ, რომელიც დაბადებისას მიიღეს. როდესაც წერილით ვინმეს მიმართავენ, მხოლოდ სახელს მიანიშნებენ, ამით არ განასხვავებენ სულთანს და უბრალო ადამიანს. წერილშიც მხოლოდ საქმის ძირითად მიზანს აღწერენ და ზედმეტ წოდებებსა და გამოთქმებს უარყოფენ.

რატომ იყვნენ მონღოლები გულგრილნი რელიგიებისადმი

მონღოლები თავად წარმართები იყვნენ, თუმცა მათთვის რელიგიური კუთვნილება ბევრს არაფერს ნიშნავდა. სხვა რელიგიებთან მათ ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც რელიგიისადმი მათი დამახასიათებელი ნიშანი იყო. ეს ფაქტორი მონღოლებს აშკარად გამოარჩევდა იმ დამპყრობლებისაგან, რომელნიც რელიგიური იდეოლოგიით ამაგრებდნენ საკუთარ ნამოქმედარს.

ჯუვეინი საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ ჩინგის ყაენი არც ერთ რწმენას არ აყენებდა წინ. მას გამორჩეულად უყვარდა მეცნიერები, ასევე ყველა რჯულის განდეგილები და უდიდეს პატივს სცემდა მათ. მას მიაჩნდა, რომ მეცნიერი და განდეგილი ღმერთის შუამავალია. ჩინგის ყაენი როგორც მუსლიმებს უყურებდა პატივით, ისე ქრისტიანებსა და კერპთაყვანისმცემლებს შეიწყალებდა.

ჩინგიზის შვილებმა და შვილიშვილებმაც ამ თავისუფალი და ერთგვარად დემოკრატიული დამოკიდებულების გამო სხვადასხვა რელიგია აირჩიეს. ერთმა ისლამი მიიღო, მეორემ - ქრისტიანობა, ზოგი კი მამა-პაპათა რჯულზე დარჩა და არც ერთ მხარეს არ იხრებოდა. თუმცა საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ასეთები საგრძნობლად ცოტანი იყვნენ.

მონღოლებს კიდევ ერთი თავისებურება ჰქონდათ რელიგიასთან მიმართებაში. თუკი მონღოლი რომელიმე სარწმუნოებას მიიღებდა, ეს არ ითვლებოდა იმის წინაპირობად, რომ მას იასით დადგენილი წესები არ შეესრულებინა. იასას მონღოლები თავიანთ პრიორიტეტად თვლიდნენ და სწორედ იასით დადგენილ კანონებს ანიჭებდნენ უპირატესობას მიუხედავად იმისა, რა სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ ისინი, ქრისტიანობისა თუ მაჰმადის რჯულისა.

საგულისხმოა, რომ მონღოლები უმოწყალოდ ანადგურებდნენ როგორ ქრისტიანებს, ისე მაჰმადიანებს. დასავლეთში დასახლებულმა მონღოლთა დიდმა ნაწილმა შემდგომში მაჰმადის რჯული მიიღო.

როგორ გაჩნდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონღოლთა გამოყენების იდეა

მაგრამ სანამ მონღოლთა მასობრივი მოქცევა მოხდება მაჰმადის რჯულზე, სულ სხვა პროცესები ვითარდება ევროპაში - სწორედ ამ გაურკვეველ პოლიტიკურ რეალობაში ჩნდება იდეა, დასავლეთ ევროპამ მონღოლები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ჯვაროსნული ლაშქრობები ევროპელთათვის სასურველი სცენარით აღარ ვითარდება, ამიტომაც იწყებენ ისინი სხვადასხვა ფორმისა და მეთოდის ძებნას სასურველი მიზნის მისაღწევად.

და ერთ-ერთი ასეთი მცდელობა საფრანგეთის მეფე ლუი მეცხრეს უკავშირდება, რომელიც 1253 წელს მონღოლთა ყაენთან აგზავნის ელჩობას გიიომ რუბრუკის მეთაურობით.

რუბრუკმა უნდა დაიყოლიოს მონღოლები მაჰმადიანურ სამყაროსთან დაპირისპირებასა და ჯვაროსანთა მოკავშირეობაზე.

ერთი სიტყვით, ევროპა მონღოლთა ქრისტიანობაზე მოქცევას ცდილობს, სულ მალე კი გაირკვევა, რომ მაჰმადიანთა მცდელობა უფრო ეფექტური აღმოჩნდა - ევროპელებს მუჰამედის მიმდევრებმა დაასწრეს მონღოლთა გადაბირება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×