პარფიუმერიული ნაწარმის უმეტესობა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელმაც დროთა განმავლობაში ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. მრავალ კოსმეტიკურ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები - ფტალატები და პარაბენები ჯანმრთელობისთვის საშიშია. ისინი კანთან კონტაქტისას უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე, თირკმლებზე, იწვევენ ალერგიულ რეაქციას, აღიზიანებენ კანს, ასუსტებენ დაცვით ფუნქციებს და შეუძლიათ სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევა.
ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე განმარტავს, რომ ყოველწლიურად ქალის ორგანიზმში ხვდება დაახლოებით 3 კილოგრამი კოსმეტიკა - პომადები, კრემები, ნიღბები, თმებისა და ფრჩხილების აქროლადი ლაქები. დადასტურებულია, რომ ფრჩხილის ლაქები იწვევს ალერგიულ რეაქციებს, კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას, ფეხმძიმე ქალებში - ნაყოფის სიმახინჯეებს.
"გამხსნელად გამოყენებული აცეტონი იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას, ახასიათებს კუმულაციური თვისება, იწოვება შესუნთქვით, კანით, კვების არხით. სისხლით გადადის ტვინში, ღვიძლში, თირკმლებში, გულში.
შეისწავლეს 4 პოპულარული ფირმის კოსმეტიკურ პროდუქტებში ("ლორიალი", "შეპორა", "ნივეა", "ვიში") მძიმე მეტალების შემცველობა. აღმოჩნდა, რომ ისინი შეიცავდნენ: ნიკელს (100%), ტყვიას (96%), ბერილიუმს (90%), ასევე დარიშხანს და კადმიუმს, რომლებიც ორგანიზმში გროვდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შემოწმებული 50 პომადიდან მხოლოდ 14 აღმოჩნდა უვნებელი. უმრავლესობა შეიცავდა ნავთობპროდუქტებს, ხოლო ნახევარზე მეტი - ტყვიას.
რამდენიმე ხნის წინ თავისუფალი გაყიდვიდან ამოიღეს გამაახალგაზრდავებელი კრემი, რომელსაც ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია აწარმოებდა. მიზეზი ის იყო, რომ კრემი შეიცავდა კარნოზინს - მაღალეფექტურ ანტიოქსიდანტს, რომლის უკონტროლო გამოყენება იწვევს კანის კიბოს. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი კოსმეტიკური პროდუქტი არ არის, რომელიც აიკრძალა ევროპასა და აშშ-ში. მაგალითად, ხმარებიდან ამოიღეს წამწამების გაზრდის კოსმეტიკური საშუალება. იგი შეიცავდა ბიმატოპროსტს, რომელიც ამცირებს თვალის წნევას. მისი გამოყენება იწვევს თვალის ბადურის სიმსივნეს და სიბრმავეს", - განმარტავს რამაზ გახოკიძე.
მწარმოებლებს ნაკლებად აღელვებთ მყიდველთა ჯანმრთელობა, მაგალითად, მათთვის ტექნოლოგიურად უფრო ხელსაყრელია, დაამზადონ პომადები არა ნატურალურ ზეთებზე, არამედ სინთეზურ ნივთიერებებზე და ნავთობპროდუქტებზე. პროფესორი იხსენებს, რომ ტეხასის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა გამოკვლევები ბავშვთა ენდოკრინული ანომალიების შესახებ.
"1 წლის გოგონას განუვითარდა მეორადი სასქესო ნიშნები. აღმოჩნდა, რომ ჩვილი ბავშვების დასაბანად მშობლები იყენებდნენ საბავშვო შამპუნებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავდა სასქესო ჰორმონებს. ეპილაციისთვის ტკივილგამაყუჩებელი კრემის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა რამდენიმე ამერიკელი გოგონა. აღმოჩნდა, რომ კრემი, რომელსაც ისინი იყენებდნენ, შეიცავდა 10% ლიდოკაინს და 10% ტეტრაკაინს. ორივე ეს ნივთიერება ტოქსიკურია, ხოლო მათი ერთდროული გამოყენება დამღუპველი აღმოჩნდა", - ამბობს რამაზ გახოკიძე.
დღეს მოდაშია ბიოაქტიური კოსმეტიკა, მაგალითად, კრემები, რომლებიც შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს - ადამიანის პლაცენტას, გარეული ცხოველების სპერმებსა და უჯრედებს. ხშირად ისინი შეიცავენ ესტროგენებს - ცხოველური წარმოშობის ჰორმონებს, რომლებიც ადვილად იჭრება კანში, იწოვება სისხლში და შეუძლია გაუთვალისწინებელი ჰორმონული რეაქციის გამოწვევა. ასეთი კოსმეტიკა საშიშია ქალებისთვის, რომელთაც აწუხებთ ღვიძლი, აქვთ ამაღლებული ესტროგენური ფონი ან იყენებენ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს, რადგან იზრდება სარძევე ჯირკვლებისა და საშვილოსნოს კიბოს რისკი.
როგორც წესი, დამატენიანებელი კრემები შეიცავს 30-60 კომპონენტს (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები), რომელთა უმრავლესობა სინთეზურადაა მიღებული (ხშირად ნავთობისგან) და ტოქსიკურია.
რამაზ გახოკიძე გვირჩევს, რომ ყურადღება მივაქციოთ კბილის პასტის შემცველობას.
"არ შეიძლება იმ პასტის ხმარება, რომელიც შეიცავს ალუმინის ოქსიდს ან ანტიბაქტერიულ დანამატებს, მაგალითად, ტრიკლოზანს. იგი ანადგურებს მიკროორგანიზმებს პირის ღრუში, მაგრამ პათოგენურ მიკროფლორასთან ერთად ნადგურდება ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროფლორაც. გარდა ამისა, ბაქტერიები სწრაფად ეგუებიან ტრიკლოზანს.
ზოგიერთ მწარმოებელს პასტაში შეაქვს ისეთი ანტიბიოტიკებიც, როგორიცაა მეტრონიდაზოლი და ქლორჰექსინი. პროდუქტში ქაფწარმოქმნის გასაუმჯობესებლად გამოიყენება ნატრიუმის ლაურილსულფატი, რომელიც, როგორც ახლახან დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, უმცირესი რაოდენობითაც კი იწვევს კატარაქტას", - განმარტავს იგი.
კოსმეტიკური თუ ჰიგიენური საშუალებების შეძენისას მომხმარებელს ეიმედება, რომ ცალკეულმა კომპონენტებმა მაინც გაიარეს სათანადო შემოწმება, სპეციალური ლიცენზირება და უსაფრთხოა. რეალურად კი ასეთი პროდუქცია დახლზე გამოჩენამდე მაკონტროლებელი ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში ნაკლებად ხვდება. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
როგორც მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, პარფიუმერიული ნაწარმის მომხმარებელი სრულიად დაუცველია. პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს კანონი და არც ელემენტარული ცოდნა შეძენილი პროდუქტის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია კოსმეტიკის შემადგენლობა. საბოლოო ჯამში, ისიც ვერ იძლევა შესაბამის ინფორმაციას, რაც მომხმარებელს კონკრეტული პარფიუმერიული ნაწარმის მიმართ უნდა ჰქონდეს.
"დადასტურებული ფაქტი, რომ ვინმე დაზიანდა კოსმეტიკის მოხმარებისგან, თითქმის არ არსებობს, თუმცა ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც ვიღაცას თვალი აეწვა, ალერგია მისცა პარფიუმერიამ და სხვა. შემადგენლობის წაკითხვა ვერ მოგვცემს სათანადო ცოდნას, რაც კონკრეტული პარფიუმერიული ნაწარმის მიმართ უნდა გვქონდეს. ელემენტარულად, რომელია სწორი და რა შემადგენლობის მქონე კოსმეტიკა უნდა შევიძინოთ, უცნობია. სურსათთან დაკავშირებით მოსახლეობა მეტ-ნაკლებად გაერკვა, რასაც პარფიუმერიის მომხმარებლებზე ვერ ვიტყვი. აქ, ელემენტარულად, ლაბორატორიაც არ გვაქვს, რომ კოსმეტიკის ხარისხის შემოწმება მოხდეს. ადრე სტანდარტი არსებობდა და მეწარმეს გარკვეულ უფლებას აკისრებდა.
კოსმეტიკა მყისიერად არ იძლევა შედეგს, მაგრამ რა შეიძლება, ადამიანს მისი მოხმარების გამო 1 კვირის ან თუნდაც 1 თვის შემდეგ დაემართოს, ამაზე პასუხს არავინ იძლევა. მომხმარებელი ვერაფრით დაადასტურებს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა კონკრეტული კოსმეტიკის გამოყენების გამო შეექმნა. საქართველოში ამის მიღწევა ძალიან რთულია. კანონიც არ გვაქვს, რომელიც მომხმარებელს დაიცავს", - აცხადებს შენგელია.
კოსმეტიკის მავნებლობაზე მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია კოსმეტიკური საშუალებების შემცველობის ყურადღებით წაკითხვა, სხვადასხვა ნიღბის დამზადება იმ ხილისა და ბოსტნეულისგან, რომლის უსაფრთხოებაშიც არავის ეპარება ეჭვი და რაც მთავარია, აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.