ია აბულაშვილი
10.05.2017

 მეორე მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ფილმია შექმნილი, მაგრამ ჯარისკაცის მამის ისტორიაზე გადაღებული ქართული ფილმი კინოკლასიკად იქცა და საერთაშორისო კინოფესტივალებზე მრავალი ჯილოდო და პრემიაც დაიმსახურა.

"ჯარისკაცის მამის" ისტორია კი 1961 წლიდან იწყება, როცა სცენარისტმა სულიკო ჟღენტმა სცენარის მონახაზი კინორეჟისორ რეზო ჩხეიძეს აჩვენა. "შინისკენ ტროლეიბუსით მივდიოდი, ხელნაწერს თვალი გადავავლე და სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე, თავი ვერ ავწიე. ეს იყო მოხუცი გლეხის ისტორია, რომელიც დაჭრილი შვილის სანახავად გაემგზავრა და ჯარისკაცად იქცა. მაშინვე ვიცოდი, ვინ უნდა ყოფილიყო ფილმის მთავარი გმირი", - იხსენებდა წლების შემდეგ კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.

სცენარი კი სულიკო ჟღენტს თავისი ბიოგრაფიიდან აუღია. იგი თავად იყო ომგამოვლილი. 16 წლის მოხალისედ წასულა ფრონტზე, საზვაო-სადესანტო ნაწილში მსახურობდა. ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიში იბრძოდა; დაჭრილა და როცა მშობლებს შეატყობინეს, რომ მათი ვაჟი ჰოსპიტალში იწვა, მამას ყველაფერი მიუტოვებია და დაჭრილი შვილის სანახავად გამგზავრებულა, მაგრამ შვილს ლაზარეთში ვეღარ მოუსწრო. ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპის სახელი და გვარი მართლაც გიორგი მახარაშვილი ყოფილა. ხანში შესული კახელი კაცი, დიდი ძალის პატრონი, რომელიც სულიკო ჟღენტთან ერთად ერთ ნაწილში იბრძოდა, ძალიან კარგი ადამიანი, ახალგაზრდების მოყვარე და შემბრალე ყოფილა, მათ ტყვიამფრქვევს მხარზე გაიდებდა და რამდენიმე კილომეტრზე ატარებდა. სულიკო ჟღენტსაც შვილივით უვლიდა თურმე.

 ფილმის სამხედრო კონსულტანტი იყო გენერალ-ლეიტენანტი ივან ვლადიმეროვი, ყოფილი არტილერისტი, ბალტიის მესამე ფრონტის მებრძოლი. ფილმის გადამღებ ჯგუფშიც ბევრი ყოფილა ომგამოვლილი: ოპერატორები არჩილ ფილიპაშვილი ქერჩში იბრძოდა, ლევ სუხოვი კი - უკრაინაში. ასე რომ, ომის ბატალიები გადამღები ჯგუფის წევრებმა ზედმიწევნით იცოდნენ. გიორგი მახარაშვილის როლზე კი დაამტკიცეს სერგო ზაქარიაძე, რომელიც ისე შესულა როლში, რომ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგაც დიდხანს განიცდიდა საყვარელ გმირთან განშორებას. საბრძოლო მოქმედებებს 55 წლის სერგო ზაქარიაძე ისე მარჯვედ ასრულებდა, რომ გამოცდილ მებრძოლს ჯობნიდაო.

გადაღების დასრულების შემდეგ ფილმი უნახავს საბჭოთა კავშირის კინომატოგრაფიის მინისტრ ალექსი რომანოვს და უთქვამს, რომ სურათი ცენზურას ვერ გაივლიდა და საბჭოთა არმია ამას ვერ ნახავდა. საქმე კი ის ყოფილა, რომ ერთ ეპიზოდში, სადაც ჯარისკაცი გიორგი მახარაშვილი სახეში გაარტყამს რუს ოფიცერს, რომელმაც ვენახს ტანკით გადაუარა, რომანოვი თვლიდა, რომ ეს სცენა რუსი ჯარისკაცის შეურაცხყოფა იყო. მაგრამ როცა თავდაცვის სამინისტროში ფილმი აჩვენეს, სამხედროებით სავსე დარბაზი ტიროდა და ტაშს უკრავდაო. ხოლო ფრაზა: - მოი ატეც ვოევალ! ეგო ატეც ვოევალ! ეგო, ეგო ატეც ვოევალ! - ელვისებურად გავრცელდა ჯარში. საბოლოოდ, ფილმი საბჭოთა არმიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პოლიტსამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალმა ევგენი კოსტიკოვმა იხსნა. სწორედ მისი ხელშეწყობით გამოვიდა ფილმი ეკრანებზე და ეს სცენაც უცვლელად დარჩა.

"ჯარისკაცის მამა" პირველად 1965 წლის 9 მაისს აჩვენეს ეკრანზე. როგორც ამბობენ, როცა ფილმი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ უცხოეთის კინოდარბაზებში გადიოდა, ბოლო სცენის დროს, სადაც გიორგი მახარაშვილი მკვდარ შვილს დასტირის "დედაშენს რა ვუთხრა, შვილო" - მთელი დარბაზი ფეხზე დგებოდა და გულამოსკვნილი ქვითინებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×