"საქართველოს ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობა არ ემუქრება, მაგრამ ხალხი მუდმივად დაუბალანსებლად იკვებება"
მარი ჩიტაია
10.05.2017

 დედამიწაზე მოსახლეობა გაცილებით მაღალი ტემპით მატულობს, ვიდრე მოსავლიანობა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში მსოფლიოს შიმშილი ემუქრება. გაერო-ს კვლევებში ამ პრობლემას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობის წინაშე ყოველი მეორე ადამიანი იქნება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში მასობრივი შიმშილი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ამისთვის აგრარული სექტორი უნდა განვითარდეს.

საკვების დეფიციტის საფრთხეს უცხოელი მეცნიერები დედამიწაზე მოსახლეობის სწრაფ ზრდას უკავშირებენ. არსებული მონაცემებით, დაახლოებით 2000 წლის წინ დედამიწაზე ცხოვრობდა 127 მილიონი ადამიანი. 1 მლრდ ადამიანი დაფიქსირდა 1820 წელს, 1950 წლისთვის კი ეს რაოდენობა 2,8 მილიარდამდე გაიზარდა. 2013-14 წელს მოსახლეობის რიცხვმა 7 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო წინა კვირას 7,5 მილიარდს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელ კობა კობალაძის აზრით, საერთაშორისო მასშტაბით ასეთი პრობლემების ფონზე საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება მიწასა და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის აუცილებელია აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის.

"მიწის გასხვისებას თავი დავანებოთ და დავიწყოთ მისი დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მიწების გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ცოდნა, რადგან პირველყოფილ მდგომარეობაშია ცნობიერება სოფლის მეურნეობის სფეროში. დაახლოებით 4-5-ჯერ უნდა გავზარდოთ კულტურების წარმოება", - განმარტავს კობალაძე.

მისი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს სტიქიის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვასაც, რითაც წარმოების მნიშვნელოვანი ზრდაა შესაძლებელი.

"აუცილებელია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენება. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ფერმერებს, რომ აღნიშნული ტექნიკა სტიქიასთან საბრძოლველად გამოიყენონ. ფაქტია, რომ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებმა ჩვენი მეურნეობები სრულყოფილად ვერ დაიცვა. მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას.

საკვების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემის დასაძლევად პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაც შეიძლება ჩქარა. ბუნებრივია, რომ მიწა და წყალი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. დედამიწის მხოლოდ 12%-ს შეუძლია ნაყოფიერება, ანუ მოსავლის მოცემა. არასწორი ექსპლუატაციით სისტემატურად იკარგება მიწა, დეგრადაციას განიცდის. ამერიკაში მოქმედებს მიწის დაცვის შესახებ კანონი და ყველა მოქალაქე, ვისაც მიწა აქვს და არ აქვს, ვალდებულია, დაიცვას იგი.

ცხადია, ჩვენც მიწას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. სადაც საჭიროა, უნდა გაკეთდეს ქარსაფარი ზოლები, მაგრამ არა იმ მეთოდით, რაც დედოფლისწყაროშია. პროექტის განხორციელებისას ბევრი შეცდომა დაუშვეს", - აცხადებს კობალაძე.

სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის სურსათით მომარაგების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების სისტემის შექმნა, რა მიმართულებითაც მეცნიერები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მუშაობენ.

"სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სისტემა სოფლის მეურნეობის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ფარგლებში შემუშავდა. ჩვენ შევქმენით ეს სისტემა და იგი მთლიანად უვნებლობის საკითხებს მოიცავს. ცალკეა სასურსათო საფრთხე, რომ მოსახლეობა დაკმაყოფილებული იყოს მრავალფეროვანი ხელმისაწვდომი სურსათით.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან ჩანს, რომ მოსახლეობა გაცილებით მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე მოსავლიანობა. პოლიტიკა, რომელიც უნდა განახორციელოს ყველა სახელმწიფომ, ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვას უკავშირდება. მნიშვნელოვანია სახნავ-სათესი მიწების გამოყენება იმისათვის, რათა შევძლოთ საკუთარი მოსავლიანობის ხარჯზე ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა", - აცხადებს ცქიტიშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია მოსავლიანობის ზრდა სხვადასხვა მეთოდით.

მეცნიერის ინფორმაციით, მხოლოდ 2014 წლიდან გახდა შესაძლებელი, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში შეექმნათ ის მიმართულებები, რამაც უნდა უზრუნველყოს ახალი ტიპის მცენარეებისა და ცხოველების შეჯვარების გზით უფრო მაღალპროდუქტიული ჯიშების მიღება.

"სამომავლოდ დედამიწაზე მოსახლეობის ნამატი ბევრად გადააჭარბებს ახლანდელ მაჩვენებელს და ეს მეცნიერებისთვის ნათელია. ამიტომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობენ იმ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეძლონ მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია მოსავლიანობის ზრდა ისე, რომ არ დაზარალდეს ცალკე მიწა და ცალკე ადამიანის ჯანმრთელობა", - განმარტავს ცქიტიშვილი.

ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ საქართველოს საკვების დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება. ამისთვის აუცილებელია პრევენციული ზომები, რაც მთავრობამ პრობლემის დასაძლევად უნდა მიმართოს.

"ჩვენთან საკვების დეფიციტი მოსალოდნელი არის, მაგრამ ბევრ ქვეყანაში შიმშილობის პრობლემა თანდათან გადაუჭრელი ამოცანა ხდება. შეგვიძლია პრევენციული ზომების გამოყენება, კერძოდ, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მთავრობამ უნდა შეიმუშაოს რეალური პროგრამა, უზრუნველყოს მოსახლეობა კვებითი პროდუქტით გრძელვადიან პერსპექტივაში. ცხადია, პროგრამა უნდა იყოს სოციალურად და არა ფინანსურად ორიენტირებული", - განმარტავს აროშიძე.

ექსპერტის თქმით, საქართველოში მასობრივი შიმშილობის საფრთხე არ დგას, თუმცა სხვა პრობლემები აშკარაა.

"ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობა არ გვემუქრება. ჩვენთან დაუბალანსებელი კვების პრობლემებია, პური დიდი რაოდენობით გამოიყენება. მთავრობის აგრარულ პოლიტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, განსაკუთრებით უნდა დაფიქრდნენ, როცა საქმე ეხება მიწის გასხვისებას, რაზეც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული", - განმარტავს იგი.

ამერიკელი მეცნიერების გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობა ყოველ მეორე ადამიანს დაემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×