ია აბულაშვილი
11.05.2017

 მოსკოვთან ახლოს არის ქალაქი კრასნოგორსკი, სადაც საკავშირო კინოარქივი ინახება, ძირითადად - მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ფილმები და დოკუმენტური მასალა. როგორც ამბობენ, ომის დროს ბერიას ხელმძღვანელობით იქმნებოდა კინორეპორტიორების სპეციალური ბრიგადები, რომლებიც მისი დავალებით ფრონტზე მიდიოდნენ და ომის კადრებს იღებდნენ.

ამ არქივს შემორჩა ქერჩის კინოქრონიკა, ასევე ქანთარიასა და ეგოროვის მიერ რაიხსტაგზე ატანილი საბჭოთა დროშის კადრები, იმ ქართველ არქიტექტორ გიორგი ციციშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელმაც სტალინის ბრძანებით უკრაინაში ომის დროს, მდინარე დნეპრზე, რეკორდულ ვადებში ააგო ხიდი, რომელიც ახალი სიტყვა იყო არქიტექტურაში და დიდი როლიც ითამაშა კიევის განთავისუფლებაში. ასევე ქართველი რეჟისორების მიერ ომის დროს და ომის შემდგომ გადაღებული მხატვრული ფილმები.

ჩვენც გვინდა რამდენიმე ფილმის ისტორია გავიხსენოთ, ამჯერად მკითხველის ყურადღებას რეზო ჩხეიძის ფილმ "ღიმილის ბიჭებზე" შევაჩერებთ. ეს ფილმი კინოეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. თავად რეჟისორი კი ამბობდა, რომ ეს ფილმი მისთვის ყმაწვილობაში დადებული ფიცის ასრულება იყო.

"ჩემი სკოლიდან იმ ომში ოთხნი დაიღუპნენ. გაგანია ომი იყო, თბილისში თუ ერთად შეკრებუილ ხალხს დაინახავდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქუჩაში ჯარისკაცი გამოჩნდა და ხალხიც მას ეხვეოდა, ფრონტის ამბებს ეკითხებოდნენ. კამოს ქუჩაზე ვსწავლობდი, ერთად გამოვდიოდით ბიჭები პლეხანოვზე, მოედნამდე ფეხით მივდიოდით მერე ვიშლებოდით. იმ დღესაც ერთად მოვდიოდით და დავინახეთ გუნდად შეკრებილი ხალხი, დგას ლამაზი ყმაწვილი, საბჭოთა კავშირის გმირის ორდენით და ტანკისტის ნიშანი აქვს მკერდზე მიკრული. გვინდოდა ჩვენი კლასელის ლევან ჩხიკვაძის ამბავი გაგვეგო, ჰოდა გავიგეთ კურსკის ბრძოლის ამბავი, სადაც 3 000 ტანკი მონაწილეობდა. იქ ჩვენი ლევანიც იყო, ომში წასვლამდე ჩემ დადგმულ სასკოლო სპექტაკლში გიორგი სააკაძის როლს ასრულებდა. მივუახლოვდით უცნობ ახალგაზრდას და ვკითხეთ, თავი ჩაღუნა და გვითხრა - ერთ ტანკში ვისხედით, ტანკს ნაღმი მოხვდა, აალდა, მე ამოვასწარი, ლევანმა კი ვერაო. ეს ფილმი ყმაწვილობაში დადებული ფიცის ასრულებაა," - იხსენებდა შემდეგ რეზო ჩხეიძე, რომელიც "ღიმილის ბიჭებს" მთელ საქართველოში ეძებდა.

ომის პერიოდში შექმნილი ფილმი "გიორგი სააკაძე" კი კინოკლასიკად იქცა. 1941 წელს სტალინს თბილისიდან გამოუძახია ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და დაუვალებია, სასწრაფოდ გადაეღო ფილმი ანა ანტონოვსკაიას ისტორიული რომანის, "დიდი მოურავის" მიხედვით. ეს ამავი ხდება იმ დროს, როდესაც გერმანელთა ჯარები კრემლიდან 40 კმ-ის დაშორებით იდგნენ. სტალინს ფილმის გადაღება მოუთხოვია ექვს თვეში, რადგან თვლიდა, რომ საბჭოთა ჯარისკაცების სულისკვეთების ამაღლების საქმეში ფილმს დიდი როლი უნდა ეთამაშა. მას უნდა ჩაესახა ხალხში რწმენა და გამარჯვების იმედი. ფილმის რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი მეტ დროს მოითხოვდა, მაგრამ სტალინმა ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა, რაც საჭირო იქნებოდა ფილმის დროულად და მაღალმხატვრულ დონეზე გადაღებისთვის.

 როგორც ამბობენ, იმ დროს ფრონტზე ვითარება უაღრესად დაძაბული იყო, გერმანიის ჯარები ქერჩსა და სევასტოპოლთან გამარჯვებას ზეიმობდნენ, ქართველმა კინომატოგრაფისტმა კი ფრონტის ხაზი კინოსტუდია "ქართული ფილმის" პავილიონში გახსნა. ჭიაურელმა "გიორგი სააკაძეში" სათამაშოდ ცნობილი ქართველი მსახიობები მიიწვია: ვერიკო ანჯაფრიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, სპარტაკ ბაღაშვილი. პაატას როლს ასრულებდა შემდგომში ცნობილი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც მაშინ 6 წლის იყო.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, გაზეთი "პრავდა" წერდა: "ფილმ "გიორგი სააკაძეს" განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამამულო ომის დღეებში, ამ ფილმის გადამღებ ჯგუფს ერთი აზრი ასულდგმულებდა, შეექმნათ ღირსეული პატრიოტული ფილმი, მათ მიზანს მიაღწიეს". იმასაც ამბობენ, რომ სტალინი არა მხოლოდ ფილმის იდეის ავტორი იყო, მის პოპულარიზაციაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა. 1943 წელს თეირანში გამართულ მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერთა კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა რუზველტი და ჩერჩილი, სტალინმა ბრძანება გასცა, კონფერენციის მსვლელობის დროს თეირანში საბჭოთა საელჩოს დარბაზში ეჩვენებიანთ ფილმი "გიორგი სააკაძე". მსოფლიო ლიდერებს ფილმი ძალიან მოსწონებიათ.

თეირანში ჩასულ სტალინს ირანის შაჰის ნახვა გადაუწყვეტია. იმ დროს ირანის შაჰი იყო მოჰამედ რაზა ფეჰლევი, 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზე. სტალინს ამ შეხვედრაზე ახლდა სამი ქართველი - ლავრენტი ბერია, მისი პირადი მცველი შალვა წერეთელი და საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი გრიგოლ კარანაძე. როგორც კი შესულა სტალინი მის თანმხლებ პირებთან ერთად სასახლის დარბაზში, ახალგაზრდა შაჰი სტალინს მიეგება და მუხლებზე დაემხო. სტალინი მიხმარებია წამოდგომაში, მერე მიუბრუნდა თურმე და ბერიას ქართულად უთხრა, "აფსუს, რატომ არ უყურებს ამას გიორგი სააკაძე, მუხლმოდრეკილი სპარსეთის შაჰი დაანახვაო".

სტალინს 1946 წელს ფილმის გმირები აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა და სპარტაკ ბაღაშვილი სოჭში მიუწვევია თავის აგარაკზე. საბჭოთა კავშირის მეოცე ყრილობაზე ფილმის რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი ნიკიტა ხრუშჩოვმა ორჯერ გააკრიტიკა, "სოციალისტური სიმართლისაგან გადახვევისათვის". კრემლის კრიტიკოსები წერდნენ: "ჭიაურელი ისტორიულ ზღაპარს ჰქმნიდა, რომელსაც სხვა ღმერთი ჰყავდა - იოსებ სტალინი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×