სკოლის მოსწავლეებს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სემინარები ჩაუტარდებათ. აღნიშნული რეკომენდაცია პარლამენტს ომბუდსმენმა მიაწოდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც გაიზიარა.
ამ რეკომენდაციას კი წინ უსწრებდა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული სტუდენტი გოგონების ნაწილმა ანონიმურად აღიარა, რომ მათ პირველი აბორტი 14-15 წლის ასაკში ჰქონდათ გაკეთებული.
ფონდის ხელმძღვანელ თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის არასასურველი რეალობაა, რომელსაც საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს და ინიციატივა სქესობრივი სწავლების შესახებ სწორად უნდა გაიგოს. მისი თქმით, სწავლება არ გულისხმობს აღნიშნული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოების დაბეჭდვას და ამ ფორმით სწავლებას. დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თქმით, სწავლებას სასემინარო ფორმა ექნება და ეს სემინარები მაღალი კლასების მოსწავლეებთან ჩატარდება.
უნდა მოეწყოს თუ არა სემინარები სკოლის მოსწავლეებისათვის რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "თუ 14-15 წლის ასაკში აბორტის რაოდენობა გახშირებულია, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭიროა ახალგაზრდებში ცოდნის ამაღლება რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. თუ აბორტამდე მივიდა საქმე, მაშინ რა მოხდება, თუ მსგავსი სემინარები ჩატარდება?! მე მგონი, აუცილებელიც არის, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია."
ირმა სოხაძე (მომღერალი): "რა თქმა უნდა, ვემხრობი. რაც უფრო მეტს ავუხსნით მოსწავლეებს, ავუმაღლებთ ცნობიერებას არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხში, მით უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ."
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "არ იქნება მსგავსი სემინარების ჩატარება ურიგო, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული, რა ასაკში უნდა მივაწოდოთ ბავშვებს აღნიშნული ინფორმაცია. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ სწორად მიწოდებული, მით უკეთესია. თუმცა, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლეების ასაკი."
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "სკოლის მოსწავლეებისათვის რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სემინარების შემოღებას არ ვეთანხმები. ის, რომ 14-15 წლის ასაკში მომრავლდა აბორტების რაოდენობა, აბსოლუტურად სხვა პრობლემაა, კერძოდ, ოჯახის და ეკონომიკური. არაფერ შუაში არ არის ამ საკითხზე განათლების ნაკლებობა. ახლა კიდევ ეს დაუმატონ და კიდევ ბევრი რამე ასწავლონ. არ ვეთანხმები.
ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ არის. ეკონომიკური პრობლემების გამო ოჯახი დაყოფილია, მშობლები გადახვეწილი არიან ქვეყნიდან, ბავშვები მშობლის გარეშე იზრდებიან და, აი, ეს არის უმთავრესი ფაქტორი იმ საგანგაშო კვლევისა, რომელიც აღორძინების ფონდმა გამოაქვეყნა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე