ია აბულაშვილი
13.05.2017

 ქართული სპორტის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ დღეს თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, იენის "კარლ ცაისი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გოლები კი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.

"რაინშტადიონიდან" ტელერეპორტაჟის დროს კოტე მახარაძის ეს ცნობილი ფრაზა - "ლიკუეტ სტალიცა გრუზიი, ლიკუეტ ვსია ნაშა სტრანა" - დღესაც ტკბილად გვაგონდება.

იმ ღამეს სასწაული ხდებოდა, ერი და ბერი, დიდი თუ პატარა, უკლებლივ ყველა თბილისის ქუჩებში იყო გამოსული და ამ გამარჯვებას დილამდე ზეიმობდა. იმ ღამეს არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა, ბედნიერი იყო ქართული მილიციაც, რომელიც ხალხთან ერთად ზეიმობდა.

რა ხდებოდა დიუსელდორფის "რაინშტადიონზე"

ოფიციალური მონაცემებით, 1981 წლის 13 მაისს, მატჩის დროს "რაინშტადიონზე" 9 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - უამრავი ქართველი ემიგრანტი და საქართველოდან სხვადასხვა დროს საზღვარგარეთ წასული ქართველი ებრაელობა.

ამ დღეს თბილისის "დინამოს" ექიმი ანზორ გაბიტაშვილი ასე იხსენებს:

"შეხვედრამდე დიუსელდორფის ბურგომისტრმა საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც მაშინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, უეფას იმდროინდელი ხელმძღვანელი არტემიო ფრანკი და ადგილობრივი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ქართულ დელეგაციას მე, კახი ასათიანი და მოსკოვიდან "მომაგრებული" უშიშროების თანამშრომელი წარმოვადგენდით.

"არტემიო ფრანკის ქართული ხმალი ვაჩუქეთ, ძალიან გაიხარა.

"შეხვედრის წინა დღეს გუნდის კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეს მაღალი სიცხე ჰქონდა. წამლების მიცემა არ შეიძლებოდა, რადგან მატჩის შემდეგ დოპინგკონტროლი იყო დანიშნული. გუნდის ექიმებმა ჩივაძე ჟოლოს ჩაით გაბერეს. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მან მოედანზე გასვლა შეძლო.

"სტადიონზე გუნდი ავტობუსით გაემგზავრა. ნოდარ ახალკაცმა ბიჭებს ანსამბლ "რუსთავის" და ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები ჩაურთო. მოედანზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე გუნდის გასახდელში ბიჭებმა ფიცი დადეს - ან გამარჯვება ან სიკვდილიო - და მინდორზე საომრად გავიდნენ.

"იმ ისტორიულ შეხვედრას თბილისიდან ჩამოსული რამდენიმე ათეული გულშემატკივარი და ჩვენი თანამემამულე ემიგრანტებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ "დინამოს". დოლ-გარმონი მოეტანათ და საცეკვაო ჰანგებს უკრავდნენ.

"პირველი გოლი რომ გაგვიტანეს, არ გაჩერებულან, უფრო მძლავრად დაჰკრეს. ანგარიში გერმანელებმა გახსნეს. ოთხ წუთში ვლადიმერ გუცაევმა საპასუხო გოლი შეაგდო. 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა. თასების მფლობელთა თასს "დინამო" დაეუფლა.

"დიუსელდორფში გამგზავრებამდე დიღმის ბაზაზე ვთქვი - ფინალის ბურთი უნდა მოვიპარო-მეთქი. ბოლო სამი წუთი სარბენ ბილიკზე ვიდექი და სადაც ბურთი გადავარდებოდა, იქით გავრბოდი. გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა. ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის, მე კი არაფერი მახსოვს იმ ბურთის გარდა. ხიზანიშვილი და თავაძე ეჯაჯგურებოდნენ რიკარდო ლატანცის, ის კი არაფრით თმობდა ბურთს. დრო ვიხელთე, ბურთი გამოვგლიჯე და გასახდელისკენ გავიქეცი.

"მატჩის დასრულების შემდეგ დიდი ბანკეტი გაიმართა, რომელზეც მოწვეულები იყვნენ "კარლ ცაისის" ფეხბურთელები, მაგრამ გერმანელებს ნამდვილად არ ექეიფებოდათ.

"სუფრა სასტუმროს რესტორაში გაიშალა, სადაც დინამოელები ცხოვრობდნენ. ახალკაცმა ფეხბურთელებს ნება მისცა, ცოტა დაელიათ. სუფრის თამადა იყო ჯანო ბაგრატიონი. იმ თასში კი შამპანურის შვიდი ბოთლი ჩადიოდა.

"დიუსელდორფში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ძიმისტარაშვილმა აიღო თასი, დალია და შემდეგ ჩამოატარა. უკლებლივ ყველამ შესვა გამარჯვების სადღეგრძელო. ეს ისტორიული დოლ-გარმონიც მოიტანეს და ქეიფმა დილამდე გასტანა", - იხსენებდა წლების შემდეგ ანზორ გაბიტაშვილი.

უცხოელი ფოტორეპორტიორების მიერ გადაღებული მისი ფოტო - როგორ გარბის კაცი ფინალის ბურთით - მთელმა მსოფლიო ნახა.

სამშობლოში დაბრუნებულ დინამოელებს კი თბილისის აეროპორტში ქართველმა გულშემატკივარმა საოცარი დახვედრა მოუწყო, ტრაპიდან სათითაოდ ჩამოჰყავდათ და გასასვლელამდე ხელით ატარეს.

მოსკოვის "მადლობა" გუნდის მწვრთნელს და ტელეწამყვანს

"16 მაისს, როცა გუნდთან ერთად დიუსელდორფიდან მოსკოვში დავბრუნდი, აეროპორტში "დინამოს" ცენტრალური საბჭოს თანამშრომელი ფედულოვი დამხვდა, ავტობუსში ასვლის წინ საბუთი გადმომცა და მითხრა, გავცნობოდი.

"ჩანთაში ჩავიდე და მხოლოდ თბილისში რომ ჩამოვედი, მაშინ გადავხედე. ჭეშმარიტი საბჭოთა სიურპრიზი დამხვდა. "დინამოს" ცენტრალური საბჭო საყვედურს მიცხადებდა - დიუსელდორფში გუნდი "ადიდასის" ფორმით რატომ ათამაშეო. ამ მოქმედებაში ნათლად გამოჩნდა იმპერიის ის "სიხარული", რომელიც ქართული ფეხბურთის გამარჯვებამ მოჰგვარათ. აი, ასეთი მადლობა მივიღე მაშინ იმპერიის მესვეურებისგან", - იხსენებდა ნოდარ ახალკაცი.

"ლიკუეტ სტალიცა გრუზიი, ლიკუეტ ვსია ნაშა სტრანა", - ამ ფრაზის გამო დიუსელდორფიდან დაბრუნებული კოტე მახარაძე მოსკოვში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს. მიზეზი სწორედ ეს სიტყვები იყო - რატომ ახსენე საქართველოს დედაქალაქი და არა საბჭოთა კავშირისო.

1981 წლის 20 მაისს საქართველოს კიდევ ერთი "სახალხო დღესასწაული" ელოდა. ქვეყანა გასაბჭოების 60 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ზეიმზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი და პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა.

20 მაისს, საღამოს, დიღმის ბაზაზე კახი ასათიანმა "დინამოს" ფეხბურთელებთან სტუმრად ბრეჟნევის თანაშემწე და ასევე უკრაინის ცეკას პირველი მდივნის - შერბიცკის თანაშემწე მიიყვანა. დავით ყიფიანს შერბიცკის საჩუქარი - მაგიდისხელა კიევური ტორტი მიართვეს.

სახელდახელოდ გაიშალა სუფრა. როგორც ამბობენ, შექეიფიანებულ ბრეჟნევის თანაშემწეს ბიჭებმა მოსკოვის "მადლობა" გაახსენეს, იმასაც დაუქადნია - ხვალ თავის გამოსვლაში "გენსეკი" "დინამოს" ფეხბურთელებს დიუსელდორფში გამარჯვებას მიულოცავსო. მართლაც, მეორე დღეს მთელმა საქართველომ მოისმინა ბრეჟნევის სიტყვები "ნე პოდველი ტბილისკიე დინამოვცი, ზა კატორიხ ვსე მი პერეჟივალი". ესეც ქართველების 1:0 კრემლს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×