ამბავი ეგვიპტის ხელისუფლებაში ჰიქსოსთა მეორედ მოსვლისა
მამუკა ნაცვალაძე
13.05.2017

 ისტორიაში არაერთხელ შეგვხვედრია ფაქტი - ამა თუ იმ ხელისუფალს, საკმაოდ ფასეულსა და ქვეყნის სასიკეთოდ დამაშვრალს, მემკვიდრის - უფრო წარმატებული ხელისუფლის წყალობით ვერ მოუპოვებია პოპულარობა და ისტორიის ანალებს სწორედ საკუთარი შვილის ჩრდილქვეშ მყოფი შემორჩენია.

კლასიკური მაგალითი ამისა ეგვიპტის ფარაონი სეთი პირველი გახლავთ, რომელმაც ქრისტეშობამდე მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, ფაქტობრივად, ქვეყნის განვითარების თვისებრივად ახალ ეპოქას დაუდო სათავე და რატომღაც საკუთარი შვილის, რამსეს მეორის ჩრდილქვეშ მოექცა. საქვეყნოდ ცნობილია რამსეს მეორის პერიოდში აგებული ლუქსორისა და აბუ-სიმბელას ტაძრები. ეს უნიკალური ძეგლები სწორედ მის სახელთან ასოცირდება, არადა, საზოგადოების ფართო ფენებისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ სწორედ სეთი პირველის მმართველობისას ჩაეყარა საფუძველი იმ სამეფოს, რომელმაც მისი შვილის, რამსესის ზეობისას განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია.

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სეთი პირველი

მმართველობის პირველსავე წლებში სეთი პირველმა მიზნად დაისახა, დაებრუნებინა ის მიწები, რომელიც ეგვიპტემ აზიაში დაკარგა ფარაონ ეხნატონის დროს. კარნაკში, ამონის ტაძრის დიდ იპოსტაზურ დარბაზში, ჩრდილოეთ კედელზე არსებული ექვსი რელიეფური წარწერა უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის სეთი პირველის ომების შესახებ. სწორედ ამ რელიეფებზე შემორჩა იმ გეოგრაფიულ ადგილთა ჩამონათვალი, ეგვიპტემ რომ დაიმორჩილა სეთი პირველის დროს.

სეთი პირველი ეგვიპტის ფარაონთა მეცხრამეტე დინასტიის მეორე წარმომადგენელია - რამსეს პირველისა და დედოფალ სატრას შვილი. ტახტზე ქრისტეშობამდე 1290 წელს ადის და დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ზეობს. მისი სახელი მიანიშნებს ღმერთ სეტხისადმი კუთვნილებას, რაც დასტურია იმისა, რომ თავად სეთი პირველი და მამამისი რამსეს პირველი ავარისიდან - ქვედა ეგვიპტიდან იყვნენ წარმომავლობით, სადაც განსაკუთრებულად პატივს სცემდნენ ღმერთ სეტხს.

რა მემკვიდრეობა დაუტოვა ეგვიპტეს ამონხოტეპ მეოთხე-ეხნატონმა

ქრისტეშობამდე მეცამეტე საუკუნის დასაწყისი, სეთის ზეობის ხანა არ ყოფილა დალხენილი ცხოვრებით გამორჩეული. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანა იშუშებს ამენხოტეპ მეოთხე-ეხნატონის მმართველობის დროინდელ იარებს. ეხნატონმა, რომელიც 17 წელი მართავდა ქვეყანას, რადიკალური რეფორმა განახორციელა და ქვეყანა ერთღმერთიანობას - ატონს, მზის ღმერთს დაუქვემდებარა. ქრისტეშობამდე ძვ. წ. 1350 წელს ტახტზე ასული ამენხოტეპ მეოთხე ახალ სახელს ეხნატონს ირქმევს და მანამდე ნაკლებად ცნობილ მზის ღმერთ ატონს უზენაეს ღვთაებად აცხადებს. პარალელურად ცდილობს, აკრძალოს არა მარტო დანარჩენი ღმერთები, არამედ მათდამი მსახურებაც. აშენებს ახალ დედაქალაქ ახეტატონს - თანამედროვე ამარნას.

ეს იყო მსოფლიო ისტორიაში მანამდე უპრეცედენტო რეფორმა, რამაც ქურუმთა გავლენიანი ფენა ეგვიპტეში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ დატოვა, რამდენადაც ატონის მთავარ ქურუმად სწორედ საკუთარი თავი გამოაცხადა, როგორც ღმერთ ატონის შვილმა. სწორედ ეხნატონი გახლდათ ერთადერთი შუამავალი მზის ღმერთსა და ეგვიპტის მცხოვრებთა შორის.

ეს ერთღმერთიანობის დამკვიდრების მცელობაა, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ ერთბაშად სხვა ღმერთების განადგურება ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომაც ისინი აგრძელებენ არსებობას, მაგრამ, წინარე ხელისუფლების მსგავსად აღარ სარგებლობენ სახელმწიფო მხარდაჭერით.

ამბავი უზომოდ გამდიდრებული "ფარაონის ობლებისა"

ფარაონთა კარის ტრადიციულ არისტოკრატიულ ელიტას ავიწროებენ ატონის კულტის მსახურები, რომელნიც ეხნატონს ჰყავდა შერჩეული ღარიბთა თავისუფალი ფენიდან. ეს ფენა საკუთარ თავს "ფარაონის ობლებად" მოიხსენიებს. უნდა ითქვას, რომ ეხნატონის კეთილგანწყობა სულ მალე ადეკვატურად აისახა მათ ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობაზე - უმოკლეს დროში "ფარაონის ობლების" ხელში აღმოჩნდა დიდძალი ქონება, რაც მათ ეხნატონის სიკვდილის შემდეგ არ ეთმობოდათ. ისინი არ აპირებდნენ, იმ ქონებას შელეოდნენ, რეფორმატორი ფარაონის მმართველობის პერიოდში რომ მოიპოვეს.

ეხნატონის რეფორმები დაფუძნებული იყო რელიგიურ ფანატიზმზე, რაც უზარმაზარი ტერიტორიის იოლად მართვის საშუალებად აღიქმებოდა, თუმცა ეს სიახლეები მიუღებელი აღმოჩნდა არისტოკრატიისა და ეგვიპტის საზოგადოების ფართო ფენებისთვის.

ეხნატონის შვილი ტუტენხამონი, რომელიც ტახტზე ადის ათი წლის ასაკში, საკმაოდ მალე მოექცა მამამისისგან სახელმწიფო მართვას ჩამოცილებული არისტოკრატიის გავლენის ქვეშ, რომელნიც უფრო ზომიერი პოლიტიკის მომხრენი იყვნენ ტრადიციულ ქურუმთა ფენასთან მიმართებით.

როგორ დასრულდა ფარაონთა სახელოვანი მეცხრამეტე დინასტია

ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ ატონის კულტი დავიწყებულ იქნა. შემდგომი მმართველები ცდილობენ, ეხნატონის ხსენება ამოშალონ ისტორიის ანალებიდან და მას ეგვიპტის ფარაონთა სიაში აღარ იხსენიებენ.

საბოლოოდ ეხნატონის რეფორმები წარუმატებელი აღმოჩნდა და ის საზოგადოებაში დასამარდა, მაგრამ იმ ვნებათაღელვას, რაც ამ რეფორმებთან იყო დაკავშირებული, საკმაოდ ძალუმი რეზონანსი მოჰყვა - დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჩაცხრა წინააღმდეგობა ახალ და ძველ არისტოკრატიას შორის.

მსგავსი შიდა დაპირისპირებები ადეკვატურად აისახებოდა ქვეყნის მდგომარეობაზე - ეს პროცესები ხელს უწყობდა ქვეყნის დაუძლურებას, რასაც წარმატებით იყენებდნენ ეგვიპტის მიერ დამორჩილებული ქვეყნები - მას ჩამოსცილდა არაერთი მონაპირე ქვეყანა, ეგვიპტემ, ფაქტობრივად, დაკარგა გავლენა წინა აზიაში, ამ პერიოდისას მოძლიერებულმა ხეთების სამეფომ დაიკავა ფარაონთა ყოფილი სამფლობელოები სირიასა და პალესტინაში.

ქრისტეშობამდე 1323 წელს ტუტენხამონი გარდაიცვალა, მის შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში ზეობს გავლენიანი სამხედრო პირი ეიე, რომელსაც შვილი არ დარჩენია. ის ჯარების მეთაურმა ხორემჰებმა შეცვალა, რომელმაც იმეფა საკმაოდ დიდხანს - 27 წლის განმავლობაში და ისიც უშვილოდ გადაეგო. ეს ქრისტეშობამდე 1292 წელს ხდება.

ასე დასრულდა ერთ დროს უძლეველი მეთვრამეტე დინასტია, რომლის მმართველობისას ეგვიპტე ევფრატისა და ტიგროსის ნაპირებამდე აღწევდა და ნუბიასაც ფლობდა.

რატომ შეჩერდა ქურუმთა არჩევანი პარამესზე

მეთვრამეტე დინასტიის დასასრული ეგვიპტელთათვის სრულიადაც არ ნიშნავდა ცხოვრების დასასრულს. ცხოვრება უნდა გაგრძელებულიყო, გაგრძელებულიყო ახალი დინასტიით, მაგრამ ვინ უნდა ყოფილიყო ახალი დინასტიის ფუძემდებელი? ეს ყველაზე აქტუალური საკითხი ქვეყნის რელიგიური ცენტრის - კარნაკის ამონის ტაძრის წინამძღვარს უნდა გადაეწყვიტა. სწორედ ღვთიური ხელდასხმა უნდა ჰქონოდა ეგვიპტის ახალ მმართველს ქვეყნის უმთავრესი რელიგიური ცენტრიდან.

არჩევანი ხორემჰების მრჩეველზე, პარამესზე შეჩერდა. მთავარი კრიტერიუმი მისი სიბრძნე და გამოცდილება იყო, თუმცა იყო კიდევ ერთი გარემოება, რასაც უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ჰქონდა - პარამესს არანაირი კავშირი არ გააჩნდა ეხნატონის სამეფო კართან, რომლის მიმართ არისტოკრატია არ მალავდა ზიზღს და აგრესიას. გარდა ამისა, არცთუ უმნიშვნელოვანესი დეტალი იყო ის, რომ პარანესს ჰყავდა შვილიც და შვილიშვილიც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეგვიპტის უშვილოდ გადაგებული ბოლო ორი ფარაონის ბედს არ გაიზიარებდა და ქვეყანას მომავალი მმართველის თვალსაზრისით თავსატეხს არ გაუჩენდა.

პარამესი წარმომავლობით ჰიქსოსთა შთამომავალი იყო, ჰიქსოსები ქრისტეშობამდე მეჩვიდმეტე საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულიდან შეიჭრნენ ეგვიპტეში და ხელთ იგდეს ძალაუფლება. მათი ზეობა ერთი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ ჰიქსოსთა დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს, თუმცა პარალელურად ხდება ამ მომთაბარე ტომთა ასიმილაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმა.

ტახტზე ასვლისთანავე პარამესმა უფრო ჟღერადი სახელი, რამსესი დაირქვა, რაც ნიშნავს რას - მზის ღმერთის შვილს. სწორედ რამსეს პირველია სახელოვანი მეცხრამეტე დინასტიის ფუძემდებელი, რომლის ზეობაც ეგვიპტეში ორი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორ იწყებოდა ჟღალთმიანი ფარაონის - სეთი პირველის ზეობა

რამსეს პირველი ნომინალური მმართველი გახლდათ, ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავდა მისი შვილი სეთი პირველი. ერთი საგულისხმო დეტალი - სეთი პირველი ჟღალთმიანი იყო, სწორედ ეს იწვევდა ერთგვარ გაუგებრობას, რამდენადაც ეგვიპტელები, რომელნიც თავს ყველა სხვა ხალხისგან აღმატებულად თვლიდნენ, ჟღალმიანებს ალმაცერად უყურებდნენ, არადა, მარტო თმის ფერი არ იყო ის, რითაც სეთი ტრადიციულ ეგვიპტურ სტერეოტიპებს არღვევდა, საქმეს მისი სახელიც ართულებდა. სეთი, ჰიქსოსებში გავრცელებული სახელია და კულტ სეთხიდან მომდინარეობს, სეთხი კი ქარიშხლის, ქაოსის ჭექა-ქუხილის, უწესრიგობის, ომის ღმერთი გახლდათ.

ეგვიპტეში ჟღალთმიანი ადამიანები იშვიათობა იყო, ამიტომაც სეთი ხალხში ფარაონის შავი პარიკით ჩნდება, საგულისხმოა, რომ ჩვენამდე მოღწეულია ერთადერთი გამოსახულება, სადაც სეთი თავისი ბუნებრივი ჟღალი თმითაა წარმოდგენილი.

მიუხედავად ქურუმთა კეთილგანწყობისა, თითქოს ყველაფერი სეთი პირველის საწინააღმდეგოდაა - ვიზუალი, სახელი... ეს ის ატრიბუტებია, რამაც მის საწინააღმდეგოდ უნდა იმუშაოს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად ხდება. თავად სეთიც გრძნობს უხერხულობას, ამიტომაც კორონაციის შემდეგ მენმაატრის სახელს იღებს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "რას კანონით დამტკიცებულს".

კიდევ ერთი საკმაოდ სახასიათო დეტალი - აბიდოსში სეთს განსაკუთრებულად არ სწყალობდნენ, საქმე ის იყო, რომ ზედა ეგვიპტეში ოსირისის მკვლელი სეთხი ხალხის განსაკუთრებული სიძულვილით სარგებლობდა. სეთი პირველი ამიტომაც იძულებულია, ანგარიში გაუწიოს რეალობას და სამხრეთის მშენებლობისას, ნილოსის დასავლეთით (ეს ის ტერიტორიებია, რომელიც ოსირისის გავლენის სფეროდ მოიაზრება), შეცვლილი სახელით მართოს ქვეყანა.

რა დივიდენდები მოუტანა სეთი პირველს დაბალანსებულმა პოლიტიკამ

სულ მალე სეთი პირველი იმ ნაბიჯს დგამს, რამაც მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა - ეგვიპტის ურთულეს შიდა არეულობას გამორჩეულად დაბალანსებული მიდგომა სჭირდება, სეთიც სწორედ ასეთი ზომიერებით გამოირჩევა, მან მოახერხა დაპირისპირებულ ძალთა დაბალანსება-დაახლოება, რითაც საყოველთაო სიმპათია მოიპოვა.

საგულისხმოა ისიც, რომ სეთი თავისივე სიცოცხლეში საკუთარ შვილს, მომავალში უძლიერეს ფარაონ რამსეს მეორეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით ურჩევს ცოლებს და აქაც მთავარია პოლიტიკური ბალანსი - რამსესის პირველი მეუღლე, ცნობილი ნეფერტარი ეხნატონების საოჯახო კლანს ენათესავება, თუმცა ამას გულმოდგინედ მალავს, რამსესისათვის სეთი პირველის შერჩეული მეორე მეუღლე კი ისეტნეფრეტი - სამხედრო ელიტის ოჯახიდან გახლდათ.

თავისი ზეობის პირველსავე წლებში სეთი პირველი იწყებს სამხედრო ოპერაციას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთისა და ჩრდილოეთ სირიის მიმართულებით, სირიაში იკავებს ცნობილ ქალაქ კადეშს და ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიებზე აღადგენს ეგვიპტის ძალაუფლებას, იმორჩილებს ნუბიელებს და ხარკის გადახდის პირობაზე იყოლიებს, ამარცხებს ლიბიელ ტომებს.

და სწორედ ასე იწყება მორიგი უბრწყინვალესი ხანა ეგვიპტის ისტორიისა, ხანა სეთი პირველის ზეობისა... უტყვი და გრანდიოზული ძეგლები ისევ გვიყვებიან ფარაონთა გამარჯვებების შესახებ. უფრო დიდი გამარჯვებები კი წინაა - სეთი საკუთარ შვილს - რამსეს მეორეს თანამოსაყდრედ ამზადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×