კომუნიკაციების კომისიის წევრები თვეში 20 000 ლარს იღებენ, სემეკში - 12 000 ლარს
ნათია ლომიძე
13.05.2017

 საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი მარეგულირებელ კომისიებშია. მათი წევრები 1 თვის განმავლობაში იმდენს იღებენ, რამდენსაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი მთელი წლის განმავლობაში. საქართველოში 30 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობას შორის პირველ ხუთეულში 4 მარეგულირებელი კომისიის წევრია. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მათი სახელფასო განაკვეთი უაზროდ მაღალია და საჭიროზე 3-ჯერ მეტს იჯიბავენ.

"ფლანგვის დეტექტორმა" ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში კონკრეტულ პირებზე გაცემულ ანაზღაურებას ეხება. კვლევის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებმა შარშან ასეთი ანაზღაურება მიიღეს:

1. ელისო ასანიძე 187 203 ლარი (თვეში, საშუალოდ, 16,6 ათასი ლარი); 2. მერაბ ქათამაძე 168 069 ლარი (თვეში, საშუალოდ, 14 000 ლარი); 3. გიორგი ფრუიძე 181 206 ლარი (15 000 ლარი); 4. კახა ბექაური 242 685 ლარი (20,2 ათასი ლარი); 5. ვახტანგ აბაშიძე 255 425 (21,2 ათასი ლარი);

"ფლანგვის დეტექტორმა" მაგალითად ლატვიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების ანაზღაურებაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ლატვიის პრემიერის ანაზღაურება 25 285 ევროა (67 ათასი ლარი), სლოვაკეთის კი - 45 127 ევრო (119 ათასი ლარი).

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრების წლიური ხელფასი კი ასე გამოიყურება: 2016 წლის 7 თვის მონაცემების მიხედვით, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ 84 000 ათასი ლარი მიიღო (თვეში, საშუალოდ, 12 000 ლარი), ხოლო სემეკის წევრმა გოჩა შონიამ - 84 852 (თვეში, საშუალოდ, 12 121 ლარი). აღსანიშნავია ისიც, რომ არც კომისიის თავმჯდომარეს და არც წევრებს შარშან სახელფასო დანამატი არ აუღიათ. გამოდის, რომ ეს მათი "სუფთა ხელფასია".

ეკონომისტები უზარმაზარ ხელფასებს აპროტესტებენ, მით უფრო, რომ მარეგულირებელთა პრაქტიკული საქმიანობა აშკარად არ შეესაბამება ამ ოდენობის სახელფასო განაკვეთს. პროფესორი პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე მარეგულირებელთა ანაზღაურება ზედმეტად მაღალია.

"ყველას მოეხსენება საქართველოს ეკონომიური მდგომარეობა, თუ როგორ სიდუხჭირეში ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა. ეს ადამიანები როდესაც ხედავენ, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრები ამ ოდენობის ხელფასს იღებენ, მათში აგრესიას იწვევს. მესმის, რომ ზოგიერთ უწყებაში, მაგალითად, მარეგულირებელ კომისიებში, გარკვეული მიზეზის გამო უნდა ჰქონდეთ შედარებით მაღალი ანაზღაურება, თუნდაც 4000, 5000 ან 7000, მაგრამ როდესაც მათი სახელფასო განაკვეთი თვიურად 12 ან 20 ათასია, ეს უკვე არ არის ნორმალური", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას აროშიძემ.

მარეგულირებელ კომისიებში ზომიერად მაღალი ანაზღაურების მომხრეა სამართლის სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი.

"რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით ყოველთვის მიზანშეწონილია, ამ სექტორში ხელფასი იყოს ზომიერად მაღალი, მაგრამ არა კატასტროფული. აქ მეორე საკითხიცააა - აღნიშნული კომისიები ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობას თუ - არა. პირადად მე დიდი კითხვის ნიშნები მაქვს სემეკის მიმართ. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სამინისტრო და იმავდროულად მარეგულირებელი კომისიაც. ის, რაც ენერგეტიკის რეგულირებას ეხება, უნდა ხორციელდებოდეს მარეგულირებლის მიერ, ენერგეტიკის სამინისტრო კი პირდაპირ არის ჩართული კომისიის გადასაწყვეტ საკითხებში.

რაც შეეხება კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას, მის საპირწონედ მოვიყვანოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. მასაც აქვს საბჭო და მარეგულირებელი ორგანო. საზოგადოებრივი მაუწყებელიც ხომ ისეთივე დამოუკიდებელია, როგორიც კომუნიკაციის ეროვნული კომისია? ამ დროს ანაზღაურების მხრივ ძალიან დიდი დისბალანსი შეინიშნება, მათი შემოსავლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. იგივე ითქმის ეროვნული ბანკისა და საარჩევნო კომისიის შემთხვევაშიც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანაზღაურება ამ სფეროში უნდა იყოს ზომიერად მაღალი, თუმცა არ შეიძლება კატასტროფული სხვაობა", - განაცხადა ჩარგეიშვილმა.

მარეგულირებელი კომისიების დამოუკიდებლობაზე საუბრობს სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი და აღნიშნავს, რომ კომისიების დამოუკიდებლობა განისაზღვრება იმით, რომ ისინი თავად მსჯელობენ როგორც საკუთარ ბიუჯეტზე და ხარჯებზე, ასევე შრომის ანაზღაურებაზე.

"ისინი ფინანსდებიან არა ბიუჯეტიდან, არამედ ლიცენზიანტებიდან და ამაში გამოიხატება მარეგულირებლების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მათი წევრები იყვნენ უზრუნველყოფილნი, რათა კორუფციის რისკი თავიდან აიცილონ. ამის ერთ-ერთი კარგი საშუალება რეგულირების სფეროში ადეკვატური ხელფასია.

აქვე საყურადღებოა ერთი დეტალი. როდესაც მარეგულირებლები ტარიფს ადგენენ, გარკვეულწილად ისინიც იღებენ სარგებელს. მოსახლეობა უხდის გადასახადს კონკრეტულ კომპანიებს და ისინი აფინანსებენ მარეგულირებლებს. მცირედით, მაგრამ მაინც მონაწილეობს ჩვენი ფული მარეგულირებელი კომპანიების სახელფასო განაკვეთში. ამიტომ მე, როგორც რიგით გადამხდელს, მაინტერესებს ის ათვლის წერტილი, თუ საიდან ითვლიან ხელფასებს", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×