რატომ აქცევდა სეთი პირველი გამორჩეულ ყურადღებას ეგვიპტის კულტურულ მემკვიდრეობას
მამუკა ნაცვალაძე
15.05.2017

 ძველი ეგვიპტური კულტურა და ტრადიციები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას იტევს. ახალ-ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებით თანდათანობით ნათელი ეფინება იდუმალებით მოცულ მოვლენებს, მაგრამ ასეთი სიახლეებითა და აღმოჩენებით ხშირად არ გვანებივრებს განგება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ძველი ეგვიპტე არის ის კულტურული სივრცე, სადაც გამორჩეულად პატივს სცემენ საკუთარ წარსულს. ამ მხრივ განსაკუთრებულად ნიშანდობლივი რამსესიდების მმართველობის ხანაა.

ამბავი რამსესიდების მძიმე მემკვიდრეობისა

ქრისტეშობამდე 1292 წლიდან ძველ ეგვიპტეს ფარაონთა ახალი დინასტია მართავს. ეგვიპტის უმთავრესი რელიგიური ცენტრის, კარნაკის ამონის ტაძრის წინამძღვრის ღვთიური ხელდასხმით არჩევანი ხორემჰების, მეცხრამეტე დინასტიის უკანასკნელი ფარაონის, მრჩეველზე, პარამესზე შეჩერდა. პარამესი შემდეგში უფრო ჟღერად სახელ რამსესს ირქმევს. რამსეს პირველის მმართველობით იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი ეგვიპტის ისტორიაში.

რამსეს პირველი რამსეს მეორის ბაბუა და სეთი პირველის მამაა, რომელთაც სულ სხვა რეალობაში უნდა გადაიყვანონ ქვეყანა, რამდენადაც მათ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ - შიდა არეულობა, ერთმანეთს იდეოლოგიურად დაპირისპირებული საზოგადოება, საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურად დაკნინებული ეგვიპტე... ხნოვანი რამსეს პირველი ნომინალური მმართველია, ფაქტობრივად, ქვეყანას მისი შვილი სეთი მართავს, რომელიც ორიოდ წელში, მამამისის სიკვდილის შემდეგ, სეთი პირველის სახელით ერთპიროვნულად დაიკავებს ფარაონთა სამეფო ტახტს.

რა საერთაშორისო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ რამსესიდები

სეთი პირველის მმართველობის პირველივე წლებიდან იწყება ეგვიპტის საერთაშორისო ავტორიტეტზე ზრუნვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმდროინდელი მსოფლიო ძველეგვიპტელთა ცნობიერებაში მხოლოდ რამდენიმე რეგიონს მოიცავს, რომელთაგანაც გამორჩეულია მესოპოტამია, წინა აზია, კავკასია.

კავკასია შორსაა და ამ მოტივით ეგვიპტის ფარაონთა აგრესიული პოლიტიკის სამიზნე ვერ ხდება, თუმცა კულტურულ-სამეურნეო ურთიერთობის კვალი აშკარად დასტურდება არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. რაც შეეხება მესოპოტამიასა და წინა აზიას, სწორედ ამ ტერიტორიების კონტროლი და გავლენის მოპოვებაა უმთავრესი საზრუნავი. ამ საქმის მოგვარებას სეთი პირველი წარმატებით ახერხებს და მსოფლიოში მეტად გავლენიან პოლიტიკურ მემკვიდრეობას გადაულოცავს თავის სიცოცხლეშივე თანამმართველად დანიშნულ საკუთარ შვილს, რამსეს მეორეს.

თუმცა მარტო ეს არაა მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ძლიერება ყოველთვის იყო ეგვიპტის ფარაონთა მმართველობისათვის უმნიშვნელოვანესი პარადიგმა, რამსესიდებს აქცენტი სხვა მიმართულებით გადააქვთ - ეს იდეოლოგიაა, რასაც ეგვიპტის ახალი მმართველობა უნდა დაეფუძნოს და რომელმაც სულ სხვა განზომილებაში უნდა გადაიყვანოს ეხნატონის რეფორმების შემდეგ აფორიაქებული და შიდა დაპირისპირების ალში გახვეული ეგვიპტე.

ამბავი ძველეგვიპტური რენესანსისა

საკუთარი იდეოლოგიური პოსტულატების დამკვიდრებას გამორჩეულად ცდილობს სეთი პირველი, მაგრამ ეს პოსტულატები სრულიადაც არაა ეგვიპტისათვის ახალი, ისე, როგორც ეს ეხნატონის შემთხვევაში იყო. სეთი პირველი იწყებს იმ დავიწყებული ტრადიციებისა და იდეოლოგიის აღორძინებას, წინარე პირამიდული ეგვიპტის ისტორიისთვის რომ იყო დამახასიათებელი.

სწორედ ამაზე მიანიშნებს აბიდოსში მის მიერ აგებულ ტაძარზე ის ელემენტები, რომელიც ზუსტად იმეორებს წინარეპირამიდული ეგვიპტის კულტურულ ნიშნებს. ყველაზე საცნაური კი ისაა, რომ ის ეპოქა, რომლის ელემენტების გაცოცხლებასაც სეთი პირველი ცდილობს, მას დაახლოებით ოცი საუკუნით აშორებს.

ერთ-ერთი ასეთი საცნაური დეტალია სცენა, სადაც ჩვილ სეთი პირველს ქალღმერთი ძუძუს აწოვებს. ეს ქრისტეშობამდე მეცამეტე საუკუნის ეგვიპტისათვის სიახლეა, ახალი განზომილებაა, თუმცა თავად ეგვიპტური კულტურა იცნობს ანალოგიურ ტენდენციებს. ბოლოს ასეთი გამოსახულება ძველი წელთაღრიცხვის ოცდამეოთხე საუკუნეში საქარის ნეკროპოლისშია შემორჩენილი, სადაც მეხუთე დინასტიის უკანასკნელი ფარაონი, ჩვილი უნისია ანალოგიურად გამოსახული.

როგორ იქცა ისტორიისადმი პატივისცემა რამსესიდების სავიზიტო ბარათად

როგორც პირველწყაროებით დასტურდება, ისტორიისადმი ინტერესი, წარსულის აღორძინებისა და განახლების სურვილი რამსესიდების საგვარეულო ტრადიციად ყალიბდება. სეთი პირველის საზრუნავი პოსტრეფორმატორული ეგვიპტის კულტურის აღდგენაა, ეხნატონის წინარე პერიოდის კულტურული ტრადიციების აღდგენა ის ერთადერთი გზაა, რამაც ქვეყანა უნდა დააწყნაროს. სწორედ ამიტომაც სწავლობს სეთი ეგვიპტის კულტურას, მაგრამ ის კონკრეტულად ეხნატონის წინარე პერიოდით არ იფარგლება, მისი აზროვნება უფრო მასშტაბურია, უფრო გრანდიოზული. ეს ჩანს სწორედ იმ ფაქტიდან, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უძველესი პერიოდის ძეგლებს - საქარისა და გიზას პირამიდებს, აღადგენს საკმაოდ ბევრ ძეგლს და ამ მხრივ ის არ იფარგლება მხოლოდ ერთი რეგიონით. უდიდესი აღმშენებლობაა გაჩაღებული მემფისიდან თებემდე. და სწორედ აქ იკვეთება ერთი არცთუ უმნიშვნელოვანესი დეტალი - სეთი აღადგენს უნასის პირამიდას - ეს ის უნასია, ქალღმერთს რომ ჰყავს ჩვილი ჩახუტებული. ზუსტად ანალოგიურ პოზაში სეთი საკუთარი თავის დახატვასაც მოისურვებს ოდნავ მოგვიანებით აბიდოსის ტაძრის კედელზე.

საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ წარსულისადმი პატივისცემა და მოკრძალება რამსესიდების სავიზიტო ბარათად რჩება მთელი ორი საუკუნის განმავლობაში. თავად განსაჯეთ - უფლისწული ხაემუასეტი - მემფისის ტაძრის ქურუმი უდგას სათავეში ამ გრანდიოზულ სარესტავრაციო სამუშაოებს, საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ჰაემუასეტი სეთი პირველის შვილიშვილი და რამსეს მეორის შვილია. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აღორძინება რამსესიდების საშინაო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია.

რატომ არ იყენებდნენ რამსესიდები ძალადობრივ მექანიზმს ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებისას

ბუნებრივად იბადება კითხვა - მაინც რა პირადი მოტივაცია შეიძლებოდა ჰქონოდათ რამსესიდებს, როცა ასე აქტიურად ინტერესდებიან ისტორიით? კონკრეტული პასუხი ძნელი მოსაძებნია, არადა, ფაქტია, წარსულისადმი ინტერესი დღემდე რამსესიდების საკრალური პარადიგმების ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია.

ცალსახად უნდა ვთქვათ - ეს ინტერესია ნაწილი იმ დაბალანსების პოლიტიკისა, რომელიც მეცხრამეტე დინასტიისათვის დამკვიდრებისა და მმართველობის განმტკიცების მთავარი პოლიტიკური შტრიხი აღმოჩნდა.

უფრო დეტალურად რომ გავიაზროთ ეს საკითხი, თავად იმ ცვლილებებს უნდა შევეხოთ, რაც რამსესიდების გამეფებას მოჰყვა ეგვიპტეში. მეცხრამეტე დინასტია წინა დინასტიისგან გამორჩეულია, ის სამხედრო არისტოკრატიას ეკუთვნის - რამსეს პირველის მამა სამხედრო მეთაური გახლდათ. ახალი დინასტიის კუთვნილება სამხედრო არისტოკრატიისადმი მთავარი გზავნილია სხვათათვის - ეგვიპტის საერთაშორისო ძლიერება უნდა აღდგეს და ამ პრობლემის გადაჭრა ქვეყნის სათავეში მოსულ სამხედრო არისტოკრატიას ხელეწიფება.

ძალადობა მისაღები და აუცილებელია საგარეო პოლუტიკურ არენაზე - ბუნებრივია, მოპოვებულ ჰეგემონიას სხვაგვარად არავინ დათმობს, თუმცა საშინაო არენაზე ეს არ გამოდგება. აქ ძალადობა ვერაფერი ხერხია - უფრო მოქნილი, რბილი დიპლომატიაა საჭირო. აქ სხვა მეთოდებით უნდა მართო ხალხი, ძალადობა მხოლოდ გაამწვავებს ისედაც არეულ სიტუაციას. ეხნატონის შემდგომი პოლიტიკის თვითმხილველია სეთი პირველიც და მამამისი რამსეს პირველიც. სწორედ ამიტომ მათთვის ყველაზე კარგადაა ცნობილი, რომ კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო არისტოკრატიის გამოყენება შიდა ერთიანობისათვის.

ძალით მშვიდობას ვერ დაამკვიდრებ, მით უმეტეს საშინაო არენაზე. ძალით მოპოვებული მშვიდობა იმ აგრესიას ფარავს, რაც ადრე თუ გვიან სააშკარაოზე გამოვა და ქვეყანას ისევ საწყის პოზიციაზე დააბრუნებს. ამიტომაც რამსესიდებს სულ სხვა მიმართულებით გადააქთ აქცენტები.

როგორ მოახერხეს რამსესიდებმა უმტკივნეულოდ ჰიქსოსების პოლიტიკური რეაბილიტაცია

ბუნებრივია, ამ დაბალანსების პოლიტიკაში გათვალისწინებული უნდა იყოს რამსესიდების პირადი ინტერესებიც, ისინი წარმომავლობით ჰიქსოსები არიან და წინაპართა ხსოვნასაც პატივი უნდა მიაგონ. ეს კი კონკრეტული ნაბიჯებით, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით უნდა გამოისახოს, მაგრამ ისე, რომ სხვების ინტერესები და განწყობა არ შეილახოს.

ამიტომაც რამსესიდები ხელისუფლებაში მოსვლისთანავე საკმაოდ ბრძნულ გადაწყვეტილებას იღებენ - თებეს, როგორც ყოფილ სამეფო დედაქალაქს, უტოვებენ სამეფო ნეკროპოლისის სტატუსს, ასევე არ ეხებიან თებეს ღმერთ ამონს, რომელიც ძველი ეგვიპტის მთავარი ღვთაების როლს ინარჩუნებს. ამის პარალელურად წინაპართა ხსოვნის პატივსაცემად სამეფო რეზიდენცია ჰიქსოსების ყოფილი დედაქალაქის, ავარისის, მახლობლად გადააქვთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ დელტაში. სწორედ ამ პოლიტიკურ სვლას უკავშირდება ადგილობრივი ღვთაებების, განსაკუთრებით კი სეტხის, დაწინაურებაც საერთო ეგვიპტურ სამყაროში.

ისტორიისადმი მოკრძალებული დამოკიდებულება და პატივისცემა რამსესიდებისთვის მთავარი იარაღია, რომ საკუთარ წინაპრებს, ჰიქსოსებს, პატივისცემა დაუდასტურონ. თაყვანი სცენ სწორედ იმ ხალხს, რომელნიც პოპულარობით სრულიადაც არ გამოირჩევიან საერთო ეგვიპტურ არეალში - გავიხსენოთ, რომ მომთაბარე ჰიქსოსებმა, განვითარების საკმაოდ დაბალ საფეხურზე მდგომმა ტომებმა, ქრისტეშობამდე მეჩვიდმეტე საუკუნეში დაიმორჩილეს ეგვიპტე და ერთი საუკუნის განმავლობაში მართეს ქვეყანა, სანამ ადგილობრივმა ხალხმა ისინი არ გააძევა.

საგულისხმო და საცნაური კი სწორედ ის არის, რომ რამსესიდებმა ჰიქსოსების რეაბილიტაციის ის ხერხი აირჩიეს, რაც არავის არ აღიზიანებს. სწორედ ამაშია რამსესიდების პოლიტიკური სიბრძნე - მათი თანამედროვე საზოგადოებისთვის მთავარი პრობლემაა სწორედ ეხნატონის რეფორმების შედეგად უფუნქციოდ დარჩენილ მრავალრიცხოვან ქურუმთა უკმაყოფილება და ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რამსესიდების გარდა აღარავის ახსოვს ოთხი საუკუნის წინ მომხდარი უმწვავესი ბატალიები ჰიქსოსებთან.

ეს კი სეთი პირველისა და მისი შთამომავლობისათვის საკმაოდ კარგი საზოგადოებრივი ფონია, რათა საკუთარი საქმე უმტკივნეულოდ, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე აღასრულონ, თან ისე, რომ ერთიანი ქვეყნის ინტერესებიც გაითვალისწინონ.

ამიტომაც არის აქცენტი გადატანილი მთლიანად ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვაზე, ამ გლობალურ პოლიტიკაში კი უმტკივნეულოდ ეწერება ჰიქსოსთა რეაბილიტაციაც, არც ეგვიპტელთათვის მიუღებელი ქაოსის ღმერთი სეტხი აღიზიანებს არისტოკრატიას. ეს ის გზაა, სადაც საზოგადოების ყველა ფენის ინტერესია დაკმაყოფილებული.

როგორ იქცა საკრალური აბიდოსი რამსესიდების თაყვანისცემის ობიექტად

სწორედ ამ პრიზმიდანაა საინტერესო ის, რაც უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს რელიგიურ ცენტრში, ზემო ეგვიპტის მერვე ნომში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე აბიდოსში ხდება.

ეს ის ადგილია, სადაც ეგვიპტის სახემწიფოებრიობა იწყება - აქ განისვენებენ პირველი ფარაონები - ნარმენი, ხორ-ახა, ჯერი, ჯეტი, პერიბსენი... აქვეა კანიონი, რომელიც ეგვიპტელთა წარმოდგენით საიქიოში შესასვლელია, საიქიო კი ძველი ეგვიპტელებისათვის სხვა არა არის რა, თუ არა მარადისობისკენ მიმავალი გზა.

იმისათვის, რომ ერთიან ფარაონთა სიაში ღირსეულად ჩაეწეროს, სეთი პირველი აბიდოსში თავის ტაძარს აგებს, ამ ტაძრის მთავარი ფუნქცია უძველესი ფარაონების თაყვანისცემა და განდიდებაა. სეთი პირველის დაკვეთით ტაძრის კედელზე ამოტვიფრეს ეგვიპტის ფარაონთა სია, რომელიც დღეისთვის ფასდაუდებელი ისტორიული წყაროა.

სწორედ აბიდოსის საკრალური განზომილებები დაულოცავენ გზას რამსეს მეორეს, რომლის ზეობისას ეგვიპტე არნახულ ძლიერებას მიაღწევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×