ვინ იყვნენ პირველი მეხანძრეები საქართველოში და რა სისტემით აქრობდნენ ცეცხლს თბილისში, ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მასალა, გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მკიხთველს დღევანდელ სტატიაში.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, პირველი სახანძრო სამსახური საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა, თუმცა ამ საქმეს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში თბილისის ამქრის ხელოსნები სპეციალურად შერჩეულ პირებს ავალებდნენ, რომელთაც "ხანძარჩის" ეძახდნენ. მათ ევალებოდათ თბილისის უბნების და ქუჩების თვალყურის დევნება, რომ სადმე ხანძარი არ გაჩენილიყო.
ხანძრის გაჩენის შესახებ განგაშისთვის იყენებდნენ სამრეკლოს ზარებს, რომლის ხმაზეც "ხანძარჩების" მოწოდებით ხალხი ქუჩაში გამოდიოდა, ზოგი თუნგებით ან სხვა ჭურჭლით წყლის მოსატანად გარბოდა და იწყებდნენ ხანძრის ჩაქრობას.
მაგრამ ამ ხერხით ხშირად ვერ უმკლავდებოდნენ გაჩენილ ხანძარს და ხშირად ცეცხლის ალი მთელ ქუჩებს და უბნებს ედებოდა. თბილისს არაერთი გამანადგურებული ხანძარი ახსოვს. ერთ-ერთი ყველაზე საზარელი 1795 წელს მოხდა, როცა აღა-მაჰმად ხანმა თბილისი აიღო და ქალაქი ცეცხლის ალში გაახვია.
მე-19 საუკუნეში თბილისის მოსახლეობის ხანძრისგან დაცვა დაევალა ქალაქის პოლიციის მმართველობას, მაგრამ ისინიც ვერ უმკლავდებოდნენ ქალაქში შექმნილ პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმართებლის განკარგულებით მოსახლეობას ნაბრძანები ჰქონდათ ცეცხლის სარგებლობისას წესების დაცვა, დუქნების ადრე დაკეტვა, ღამით ცეცხლის დანთებისგან თავის შეკავება და ა.შ., ამან შედეგი ვერ გამოიღო. მარტო 1802 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად ათობით დუქანი და სახლი დაიწვა, იყო მსხვერპლიც და ქალაქმა 150 ათასი მანეთის ზარალი ნახა.
მაშინ თბილისში წყალგაყვანილობის სისტემა არ იყო. წყალს თულუხჩები ყიდდნენ, ლიტრი წყალი 5 კაპიკი ღირდა. ხანძრის შემთხვევაში თულუხჩები წყალს სამმაგ ფასს ადებდნენ და ხეირს ნახულობდნენ.
ხანძრის ჩასაქრობად თავად მოსახლეობამ მოიფიქრა ასეთი სისტემა - ქალაქის შემაღლებულ ადგილზე, ცენტრში, საიდანაც ხელის გულივით მოჩანდა თბილისი, კოშკურის მსგავს ნაგებობაზე მორიგეობდა მეხანძრე. მოსახლეობა სხვადასხვა უბნის მიხედვით სხვადასხვა ფერის ბურთებს აფრიალებდა საკუთარი აივნებიდან იმის მანიშნებლად, რომ მათ უბანში ხანძარი გიზგიზებდა.
მაგალითად, ავლაბარში წითელ ბურთებს აფრიალებდნენ, სოლოლაკში - ლურჯს და ა.შ. ღამით კი ნათურებს იყენებდნენ. მაგალითად, სოლოლაკში თუ ღამით ხანძარი გაჩნდებოდა, სამ ნათურას ანთებდნენ. ასე იყო აწყობილი ეს სისტემა.
1820 წელს თბილისში პირველი სახანძრო რაზმი ჩამოყალიბდა, სადაც სულ 8 კაცი იყო. მათგან ორი ბრანდმაისტერის მოწაფე, 6 კაცი კი ისევ მეთულუხჩე იყო, რომლებსაც ხანძრის ადგილზე მტკვრიდან წყალი უნდა ეზიდათ.
რაზმს ჰქონდა მხოლოდ ორი ხელის ტუმბო, სხვადასხვა ზომის რამდენიმე მილი, წერაქვი, ნიჩაბი. ჰყავდათ ექვსი ცხენი.
1825 წელს სახანძრო რაზმი გაიზარდა და მასში 25 კაცი შედიოდა. რაზმს დაენიშნა უფროსი, რომელიც პოლიცმეისტერს ემორჩილებოდა.
იმ დროს სახანძრო რაზმის შენახვა წელიწადში 2 ათას მანეთამდე ჯდებოდა. აქედან შემადგენლობის ხელფასებზე წელიწადში 900 მანეთი იხარჯებოდა, ხოლო დანარჩენი ცხენების კვებას, საზიდრების, კასრების და სხვა სახანძრო აღჭურვილობის შეძენას ხმარდებოდა.
ბრანდმეისტერის, ანუ უფროსის ხელფასი წელიწადში 200 მანეთი იყო. მის მოწაფეს წლიურად გამოსდიოდა 75 მანეთი, რიგით მეხანძრეს - 20 მანეთი.
თბილისს ამ პერიოდშიც არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა, იყო მხოლოდ რამდენიმე აუზი, რომლებიც მამადავითის მთიდან მომდინარე წყლით მარაგდებოდა. მაგრამ საქმეს ვერც ეს შველოდა, ისე, როგორც ვერ უშველა თბილისელი ვაჭრის - ყორღანაშვილის მიერ პირველი წყალსადენის გაყვანამაც. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა თბილისში ყველაზე დიდი ხანძარი, დაიწვა მთლიანად სიონის ქუჩა, ცნობილი სოვდაგრის, არწრუნის, დიდი ქარვასლა.
შემდგომ წლებში, 1874 წელს, ცეცხლი გაუჩნდა ერევნის მოედანზე თამამშევის დიდ ქარვასლას და მასში განთავსებულ ევროპაში ერთ-ერთ ულამაზეს თბილისის საოპერო თეატრის დარბაზს, რომელიც მთლიანად დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახანძრო რაზმის შტაბი იქვე იყო, ცეცხლის ჩაქრობა ვერ შეძლეს. ამ ამბით დაზარალდნენ წვრილი მოვაჭრეები, თორემ ქარვასლის მფლობელმა თამამშევმა, როგორც დაზარალებულმა, დაზღვევის სახით 360 ათასი ვერცხლის მანეთი მიიღო, რაც იმ დროს ძალიან დიდი თანხა იყო.
ხელისუფლება იძულებული გახდა, 1876 წელს მეხანძრეთა რაზმი კიდევ გაეზარდა და მისი შემადგენლობა უკვე 60 კაცი გახდა. შეიძინეს 20 ცხენი. მეხანძრეებს წლიურად ხელფასიც გაეზარდათ. უფროსი უნტეროფიცრის წლიური ხელფასი 113 მანეთი და 20 კაპიკი იყო, უმცროსის კი - 77 მანეთი.
მკითხველს შევახსენებთ, რომ იმ დროს თბილისის ბაზრებში ძროხა 20 აბაზი ღირდა.
მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, დამოუკიდებლობის პერიოში, შეიქმნა პირველი რესპუბლიკური სახანძრო დაცვის განყოფილება. ამ პერიოდთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიასაც გავიხსენებთ. ამ რაზმში მუშაობდა აფრიკელი ბაშარ შამბე, რომელიც ცარიზმის დროს ერთმა რუსმა თავადმა ქართველ მეგობარ თავადს აჩუქა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შამბე არ გაჰყვა თავის პატრონს ემიგრაციაში და თბილისში დარჩა. ამის მერე დაიწყო მუშაობა სახანძრო სამსახურში.
იგი ძალიან მამაცი და გამბედავი მეხანძრე ყოფილა. ბაშარ შამბე ქართველ რეჟისორ ივანე პერესტინს თავის ცნობილ ფილმ "წითელ ეშმაკუნებში" გადაუღია. იგი პირველი მეხანძრე იყო, რომელიც ბოლშევიკებმა შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
პირველი სახანძრო მანქანა "მერსედეს დაიმლერის" სისტემისა თბილისის ქუჩებში 1928 წელს გამოჩნდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს კი - 1942 წელს თბილისში პირველად შეიქმნა მეხანძრე ქალთა რაზმი, რომელშიც სულ 50 ქალი მსახურობდა. მათი სიმამაცის შედეგია, რომ მაშინდელი თბილისის ყველაზე დიდი საწარმოები, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყავის ქარხანა, დაწვას გადაურჩა.