ია აბულაშვილი
17.05.2017

 "ქართველ ხალხს ალბათ მრავალი წლის კი არა, მრავალი საუკუნის განმავლობაში არაფერი უდღესასწაულია ისეთი გაშლილი გულით, ისეთი პირდაპირობითა და გატაცებით, როგორც შეხვდა თავისი დამოუკიდებლობის დღეს. იშვიათად თუ ვინმე წარმოიდგენდა ისეთს დიადს სანახაობას. ხალხი მოედანზე გამოვიდა ბუნებრივის გრძნობით და ხალისით, როგორც ახალშობილი ბავშვი მიეგებება დედის ღიმილსა და ალერსს. იშვიათი და არაჩევეულებრივი იყო ეს დღესასწაული კიდევ იმიტომაც, რომ იგი არ იყო ოფიციალური ხასიათისა, ნაკარნახევი, ნაბრძანები, იგი იყო წმინდა ხალხური, მასობრივი საყოველთაო" - წერდა მაშინდელი ქართული პრესა 26 მაისის დღესასწაულზე.

თუ როგორ აღინიშნა პირველად საქართველოში დამოუკიდებლობის დღე, მკითხველს რამდენიმე ამონარიდს ვთავაზობთ ქართული პრესის ქრონიკებიდან.

"26 მაისის დილას - თბილისის ქუჩები და მოედნები ხალხით იყო სავსე. ყვავილებითა და ხალიჩებით მოერთოთ საცხოვრებელი სახლების აივნები. მთავრობის სასახლისა და ქალაქის საბჭოს შენობებზე ფრიალებდა საქართველოს სამფეროვანი დროშა. ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ხელოვანებმა. გამოფენილი იყო იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და მოსე თოიძის ნამუშევრები. საქართველოს ჰიმნს ასრულებდა სიმებიანი ორკესტრი, კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, ქართულ ხალხურ სიმღერებს კი ლადო კავსაძის 300-კაციანი გუნდი. ზეიმზე ჩამოსული იყვნენ წარმომადგნელები საქართველოს ყველა რეგიონიდან, თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსით. ასევე სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

სამხედრო აღლუმის დაწყების წინ, ქართველი ჯარისკაცები დალოცა ეპისკოპოსმა ლეონიდემ. დილის 10 საათსა და 15 წუთზე აღლუმის უფროსმა, პოლკოვნიკმა ბალუაშვილმა უბრძანა ლაშქარს "იარაღი მაღლა". სამხედრო ტაძრის გალავანში მივიდნენ რესპულიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, ქალაქისთავი ბენია ჩხიკვიშვილი, მთავრობის წევრები და საქართველოში მყოფი უცხოური ქვეყნების მისიების წარმომადგენლები. ნოე ჟორდანიამ შემოიარა აღლუმში მონაწილეობისთვის გამზადებული სამხედრო ნაწილები და სიტყვით მიმართა: "გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი სისხლის წვეთამდე დაიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობას".

დაიწყო აღლუმი, რომელსაც სამი ორკესტრი აცილებდა. სამხედრო აღლუმის დამთავრების შემდეგ ნოე ჟორდანიამ ალექსანდრე ლომთათიძესა და ბენია ჩხიკვიშვილთან ერთად ჩამოუარა საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ დელეგაციებს, მოსწავლე ახალგაზრდობას, მუშებსა და ხელოსნებს და მიულოცა რესპულიკის დამოუკიდებლობის დღე. შემდეგ ნოე ჟორდანია ყვავილებით მორთული ეტლით სტაოდინისკენ გაემართა, რომელიც მოწყობილი იყო ვაკეში. სასულიერო სემინარიასთან, ერევნის მოედნიდან სტადიონამდე თითქმის 5 კილომეტრის მანძილზე ხალხი მწკრივში იდგა და მოუთმენლად ელოდა მთავრობის კორტეჟის გამოჩენას. კორტეჟს წინ მიუძღოდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, შემდეგ მოდიოდა ორკესტრი, ცხენოსანთა რაზმი, ავტომობილი "გაზაფხული", მოწაფეები, ამქრები, გლეხები ურმებით.

მთელი გზის მანძილზე მსვლელობას ხელმძღვანელობდა დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე პავლე საყვარელიძე და მისი მოადგილე ნიკო ერისთავი. მთელი სტადიონი და მისი მიმდებარე მთის ფერდობები ხალხით იყო სავსე. მოედანზე ერთმანეთს ცვლიდნენ მომღერალთა და მოცეკვავეთა გუნდები, ტანმოვარჯიშეები, მოჭიდავეები და მოჯირითეები. გაიმართა ფეხბურთი, რომელშიც ინგლისელებიც მონაწილეობდნენ. სახალხო ზეიმმა 5 საათამდე გასტანა. სტადიონის გვერდით საპატიო სტუმირებისთვის საგანგებოდ გამზადებულ ფანჩატურში გაიმართა სანახაობა.

იმავე დღეს, ქალაქის გამგეობის დადგენილებით, სახელები შეუცვალეს დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩასა და მოედანს. ერევნის მოედანს ეწოდა თავისუფლების მოედანი, გოლოვინის პროსპექტს - დამფუძნებელი კრების ქუჩა, სასახლის მოედანს - 26 მაისის მოედანი. ქართული წარწერები გაუკეთდა სავაჭრო ობიეტებსა და ტრამვაის ვაგონებს. საღამოს ელექტროშუქებით განათდა თბილისის კლუბები, თეატრებში გაიმართა სადღესასწაულო წარმოდგენები. დამოუკიდებელობის დღე აღინიშნა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×