საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალები
ია აბულაშვილი
20.05.2017

 "ეს შეთქმულება ასე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოყოლებული - კასპიის ზღვამდის, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვეხდინა" - წერდა ალექსანდრე ორბელიანი თავის მოგონებებში 1832 წლის შეთქმულებაზე, რომელშიც მართლაც ჩართული იყო მე-19 საუკუნის 20-30 წლების მთელი მოწინავე ქართული საზოგადოება.

როგორ ისტორიკოსები ამბობენ, ეს იყო პროგრესული ძალების ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. ამ მოვლენის შეფასებას მრავალი მეცნიერული კვლევა მიუძღვნეს ჩვენმა ისტორიკოსებმა, ამიტომ დღევანდელ სტატიას ჩვენ მეტს ვერაფერს შევმატებთ, მხოლოდ იმ შეთქმულ ქალებს გავიხსენებთ, რომლებმაც თავი არ დაზოგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

იდეა, რომელიც უცხოეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა

1801 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის გაუქმების შესახებ. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით დაიწყო ბრძოლა, რასაც მოჰყვა 1802 წელს გამოსვლები კახეთში, 1804 წელს მთიულეთის აჯანყება და 1832 წლის შეთქმულება, რომელიც რუსეთში გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა.

ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეები ედო საფუძვლად დავით, იულონ, თეიმურაზ, იოანე ბატონიშვილების მოღვაწეობას. ამ იდეის მოთავენი გახდნენ დიმიტრი და გიორგი ბაგრატიონები. 1825 წელს მათ რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდობა შემოიკრიბეს.

პეტერბურგში, დიმიტრი ბატონიშვილის სახლში, რომელსაც "ქართველ ვოლტერს" ეძახდნენ, იკრიბებოდნენ ეს ახალგაზრდები, ელიზბარ და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, ლუარსაბ და ივანე ჩოლოყაშვილები, დავით ჯორჯაძე, სოლომონ დოდაშვილი და სხვები და იყო "ბაასი თავისუფლების შესახებ".

შეთქმულების ხელმძღვანელად დანიშნეს ელიზბარ ერისთავი. 1827 წელს შეთქმულთა ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. პეტერბურგიდან და მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდნენ ოქროპირ ბატონიშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, სოლომონ დოდაშვილი და სხვები.

მათ საიდუმლო ანბანით მიმოწერა ჰქონდათ პეტერბურგის წრეებთან, რომელიც შექმნა მღვდელმა ფილადელფოს კიკნაძემ, იგი ასევე ავტორი იყო შეთქმულების საწესდებო დოკუმენტის - "აქტი გონიერის".

აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. გეგმის "პირველი ღამის განკარგულების" მიხედვით, წვეულებაზე უნდა მიეწვიათ რუსი მოხეელები და განეიარაღებინათ. შემდეგ ღამის პირველ საათზე ჩამოჰკრავდნენ ზარებს, რითაც მოსახლეობას აცნობებდნენ აჯანყების შესახებ.

არსენალი, ხაზინა, სამხედრო პოსტები შტურმით უნდა აეღოთ. შეთქმულთა სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოში დამყარდებოდა კონსტიტუციური მონარქია. სეიმს (პარლამენტს) ექნებოდა საკონსტიტუციო უფლებამოსილება. მინისტრთა კაბინეტს - აღმასრულებელი ხელისუფლება.

დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მუდმივი ჯარის ორგანიზება. უკვე შემუშავებული ჰქონდათ ეროვნული ჰიმნი და დროშა. მაგრამ ერთ-ერთმა წევრმა შეთქმულება გასცა.

ჟანდარმერიამ "ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში" ეჭვმიტანილი 145 ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის იყვნენ ქალებიც.

ყველა ბრალდებული გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მთავარმართებელმა როზენმა, რომელმაც პეტერბურგში ეს განაჩენი გააგზავნა, თან ითხოვა მისი შემსუბუქება, რადგან, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, იმპერიას ხელს არ აძლევდა აჯანყებას ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკური გამოსვლის ხასიათი მისცემოდა.

დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალები

ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯან დედოფალმა, რომელიც მანიფესტის გაუქმებას მოითხოვდა, შემოიკრიბა ყველა, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის იბრძოდა. ამ ამბით შეშფოთებულმა რუსთა ხელმწიფემ დარეჯან დედოფლის რუსეთში გადასახლება ბრძანა.

იგი მართლაც გადაასახლეს, ქართველმა ხალხმა დედოფალი ჯართან ერთად საზღვრამდე მიაცილა. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა, მისი საქმე კი მისმა ქალიშვილებმა გააგრძელეს, ისინი მამაკაცებთან ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის.

1832 წლის შეთქმულთა შორის განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა იულიონ ბატონიშვილის ქალიშვილი თამარი. იგი არა მარტო მონაწილე, არამედ შეთქმულების სამოქმედო გეგმის - "პირველი ღამის განკარგულების" ერთ-ერთი ავტორიც იყო.

მასთან ერთად იბრძოდა თეკლა ბატონიშვილი, პოეტი და მწიგნობარი, მხნე და გამჭრიახი ქალი. მტარვალთა რისხვას ვერც ეს ქალბატონი გადაურჩა, შვილებთან - დიმიტრი და ელიზბარ ერისთავებთან ერთად ისიც რუსეთში გადაასახლეს.

ისტორიას შემორჩა თეკლა ბატონიშვილის სიტყვები, მან პატიმრობაში მყოფ შვილებს მიმართა: "... ისე სტანჯეს დედოფალი ქეთევანი მტარვალებმა, რომ ენით ძნელი სათქმელია. მაგრამ ასე მოთმინებით იყო, არც კი ამოუკვნესია. აი, უბედურებაში მოთმინების მაგალითი ქეთევან დედოფალია. ნამეტნავად დედაკაცისგან ამგვარი საქმე უფრო გასაკვირველია! თუ დედაკაცმა იმისთანა საშინელება მოითმინა, კაცებს რაღა გმართებსთ!"

შეთქმულების კიდევ ერთი სულისჩამდგმელი იყო ბატონიშვილი სალომე. 1804 წლის მთიულეთის დიდი ამბოხის გმირის, ფარნაოზის ასული. 1805 წელს სალომეს მამა ოჯახით ვორონეჟში გადაასახლეს და პატარა სალომემ ბავშვობიდანვე იგრძნო "რუსეთის მფარველობა". შეთქმულების წლებში პეტერბურგში ცხოვრობდა და იქაურ ქართველ ქალთა შორის ყველაზე აქტიური იყო.

ერეკლე მეფის ასული, თეკლა ბატონიშვილი და ქეთევანი ადრევე ჩაერთნენ რუსთა ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქეთევან ბატონიშვილი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად მონაწილეობდა 1804 წლის მთიულთა აჯანყებაში. იგი იყო საიმედო პირი ამ შეთქმულების. 1805 წლის იანვარში აჯანყება ცეცხლითა და მახვილით ჩააქრეს, ქეთევანი კი თავის სასახლეში დააპატიმრეს.

რუსეთისათვის ნათელი იყო, რომ მან ბევრი რამ იცოდა 1802 და 1804 წლების შეთქმულების შესახებ და გამოსატეხად უსასტიკესად აწამეს, მაგრამ ქეთევან ბატონიშვილი არ გატყდა.

გიორგი მეფის ასულ რიფსიმეს მეუღლე იყო დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მისი ძმა ოქროპირი კი - შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შვილი ზაქარია, ჩინით კაპიტანი, შეთქმულების ერთ-ერთი ემისარი და მოკავშირე იყო. რიფსიმე არ მხოლოდ თანაუგრძნობდა აჯანყებულებს, მამაკაცებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულების ორგანიზებაში.

თეკლა ბატონიშვილის რძალს, ეკატერინე ბარათაშვილს, პატრიოტ ქალს შეთქმულებმა ამბოხებისთვის საგანგებო დროშის დამზადება მიანდეს, რომელიც თავისი ხელით ამოქარგა.

დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების და მელანია ერისთავი იყო თბილისის პოლიცმეისტერ ანდრია მელნიკოვის მეუღლე. მელანია თავიდანვე იყო ჩართული შეთქმულებაში, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მეუღლე, თბილისის პოლიცმეისტერი, აქტიურად ჩაერთო შეთქმულებაში და მეთაურებს ხელსაც უწყობდა. მათი ბინა თბილისში შეთქმულთა შტაბ-ბინად გადაიქცა.

მაშინდელი მოწინავე საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მანანა ორბელიანი დევნილ ქართველთა ნუგეში იყო. იონა მეუნარგიამ მას საქართველოს მადამ რეკამიე უწოდა.

"ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო, კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო"-ამ სიტყვებით შეამკო დიდმა მგოსანმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×