ისტორიამ არაერთი პარადოქსი შემოგვინახა - უდავო ფაქტია, რომ ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონი ტუტენხამონი გახლავთ. ის ქრისტეშობამდე 1355 წელს დაიბადა და სულ 18 წელი იცოცხლა. მიეკუთვნებოდა ეგვიპტის ფარაონთა მეთვრამეტე დინასტიას და ქვეყანას მართავდა ძვ. წ.-აღ-ით 1347-1337 წლებში. ეს ძველი ეგვიპტის ისტორიის ახალი სამეფოს ხანაა.
ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში განათლებასთან მეტ-ნაკლებად ნაზიარები ადამიანი, ტუტენხამონის შესახებ რომ არ გაეგოს. 18 წლის ჭაბუკის სახელი თითქმის ყველამ იცის, არადა, საცნაურია - ტუტენხამონის მმართველობასთან დაკავშირებით ერთადერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ის გახლავთ, რომ ფარაონი გარდაიცვალა და დაკრძალეს.
ეს ცნობილი ინგლისელი არქეოლოგის ჰოვარ კარტერის საუკუნის წინანდელი შეფასებაა, მომდევნო ასწლეულმა, არქეოლოგიურმა გათხრებმა და მოპოვებულმა არტეფქატებმა სამწუხაროდ ვერაფერით მოახერხა კარტერის ამ შეფასების კორექტირება.
როგორ იქცა ყველაზე პოპულარულ ფარაონად ტუტენხამონი
და მიუხედავად ამისა, ტუტენხამონი ყველა დროის ყველაზე პოპულარული ფარაონია, ამ პოპულარობის მიზეზი კი სრულიადაც არ უკავშირდება მის ნაღვაწსა და საქმიანობას. უბრალოდ, მისი აკლდამა ერთადერთია, რომელიც გაძარცვას გადაურჩა.
ამას თავისი მიზეზი გააჩნდა - თავის დროზე მისმა შემდგომმა ფარაონებმა იზრუნეს იმაზე, რომ მძარცველებისთვის გზა აებნიათ და სწორედ ამ მიზნით რამდენიმე საიდუმლო გვირაბი გაიყვანეს. ეს ტრადიციული ფანდი გახლდათ, რასაც ფარაონები წინაპართა საფლავების დაცვისათვის მიმართავდნენ.
ამასთან, მძარცველთა დასაშინებლად გვირაბის კედელზე ამოტვიფრული იყო გაფრთხილება. ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის შესასვლელში არის საგულისხმო წარწერა: "სიკვდილი დაისადგურებს იმის თავზე, ვინც ფარაონს სიმშვიდეს დაურღვევს".
სწორედ ამ წარწერის გაგრძელება გახლდათ ის ლეგენდა, რომლის მიხედვითაც თითქოს ფარაონის წყევლამ უწია ყველას, ვინც მის საფლავს შეეხო.
ეს ლეგენდა პრესის მხრიდან ახალი აღმოჩენის პოპულარიზაციისათვის გამიზნული მორიგი ტრიუკი გახლდათ. ტუტენხამონის უნიკალური აკლდამის აღმოჩენა, რომლის შედეგადაც მსოფლიო კულტურას შეემატა ხუთი ათასზე მეტი უძვირფასესი არტეფაქტი, ინგლისელ არქეოლოგს, ჰოვარდ კარტერს უკავშირდება. მსგავსი მასშტაბის არქეოლოგიური მონაპოვარი ჯერჯერობით ისტორიას არ ახსოვს.
როგორ მიიყვანა ლორდი კარნარვონი ახირებამ ტუტენხამონის აკლდამამდე
ყველაფერი კი ბანალურად დაიწყო. ინგლისელი ლორდი კარნარვონი მეუღლესთან ერთად ეგვიპტეს ეწვია მას შემდეგ, რაც ექიმებმა ასთმა დაუდგინეს. სწორედ ექიმების რჩევით გადაწყვიტა ლორდმა ეგვიპტეში ჩამოსვლა, რამდენადაც მშრალი ჰაერი ავადმყოფობას მოუხდებოდა.
კარნარვონს საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდა და ბუნებრივია, აქ ჩამოსული სიძველეებით დაინტერესდა. მის საქციელში არაფერი იყო გასაკვირი, რამდენადაც ნაპოლეონის ეგვიპტური ლაშქრობის პერიოდიდან მოყოლებული ევროპა ააფორიაქა ეგვიპტემ, იმ კულტურულმა მემკვიდრეობამ, რომლის შემეცნებისა და ზიარების სურვილი მოჭარბებულად გააჩნდა ინგლისსა და საფრანგეთს.
ამიტომაც ბუნებრივია, ინგლისელი ლორდის მხრიდან იმდენად დიდი იყო ახლის აღმოჩენის ჟინი, რომ ის მზად გახლდათ მთელი სახსრები არქეოლოგიური გათხრებისათვის დაეხარჯა.
სწორედ მისი ენთუზიაზმით დაიწყო გათხრები, თუმცა, სულ მალე კარნარვონი მიხვდა, რომ კვალიფიციური შედეგის მისაღწევად არქეოლოგის დახმარება იყო აუცილებელი. კონსულტაციისათვის ეგვიპტის მუზეუმს მიმართა, სადაც მას ეგვიპტოლოგი ჰოვარდ კარტერი ურჩიეს.
ეს ბუნებრივიც იყო, რამდენადაც კარტერი თელამარნას 1891 წლიდან თხრიდა, 1902 წლიდან კი ამერიკელ თეოდორ დევისთან ერთად მეფეთა ველს იკვლევდა. კარნარვონის ეგვიპტეში სტუმრობა და ფარაონ ტუტენხამონის ძიება 1917 წელს იწყება... ხუთი წლის თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო - 1922 წლის 3 ნოემბერს კარტერმა და კარნარვონმა ტუტენხამონის აკლდამას მიაგნეს.
რატომ დასჭირდათ ტუტენხამონისათვის სამშრიანი სარკოფაგის
საგულისხმოა, რომ ფარაონ ტუტენხამონის აკლდამა საკმაოდ მოკრძალებული გახლდათ, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ფარაონი სულ რაღაც 18 წლის გარდაიცვალა და ვერ მოასწრეს მისთვის შესაფერისი განსასვენებლის მომზადება, თავის მხრივ, ეს მოკრძალებული ფორმა ერთგვარი ჯავშანი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩვენამდე მისი აკლდამა ხელუხლებლად შენარჩუნებულიყო.
ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ტუტენხამონის აკლდამის თავზე დაკრძალეს ფარაონი რამსეს მეექვსე, რამაც ფაქტობრივად ერთგვარად უჩინარი ნიღაბი შესძინა ტუტენხამონის აკლდამას. ტუტენხამონის აკლდამაში აღმოჩნდა უმარავი ოქროს, სპილოს ძვლის სკივრი, ძვირფასი სკამები, დასაკეცი ტაბურეტები, უნიკალური ტახტი, რომელიც ოქროთი, ვერცხლით, შუშით, ქაშანაურითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით იყო შემკული... ტახტი ლომის თათებს ეყრდნობა, იდაყვის საყრდნობებს მფრინავი გველის სახე აქვს.
აღმოჩენის მასშტაბურობასა და სიდიდეზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ეს არტეფაქტები შვიდ კვირაზე მეტ ხანს გამოჰქონდათ აკლდამიდან.
საკმაოდ უცნაური იყო საძვალე, რომლის გახსნაზეც მოიწვიეს მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები და ეგვიპტის მთავრობის წევრები. სარკოფაგს ერთგვარად მისტიური ფორმა ჰქონდა - მის შიგნით იყო მეორე კუბო, რომელსაც ღმერთ ოსირისის სახე ჰქონდა, ამ კუბოს ქვეშ იყო კიდევ ერთი, ადამიანის სხეულის ფორმის მესამე კუბო, სადაც ესვენა ფარაონის დანახშირებული მუმია, რომლსაც თავსა და ხელებზე ოქროს ნიღაბი ეკეთა.
ამბავი ტუტენხატონის ტუტენხამონად ფერისცვალებისა
ტუტენხამონი, ცნობილი რეფორმატორი ფარაონის, ეხნატონის შვილია, რომელიც 9 წლის ადის ტახტზე, მცირეწლოვან მმართველს უმძიმესი მემკვირდეობა ერგო. მამამისის გატარებული რეფორმა, რომელიც ერთღმერთიანობის დამკვიდრების მცდელობა გახლდათ, არ მიიღო ეგვიპტემ.
მთავარ ღვთაებად ეხნატონი ატონს - მზის ღმერთს აღიარებდა, სწორედ ატონის გარშემო უნდა შეკრებილიყო და გამთლიანებულიყო მანამდე ღმერთების სიმრავლით გამორჩეული ეგვიპტე. სწორედ ეს ბოლო ნიუანსი გახლდათ ნიშანდობლივი - ეხნატონს დაუპირისპირდნენ შეურიგებელი მოწინააღმდეგენი - უფუნქციოდ დარჩენილი მრავალრიცხოვან ქურუმთა ფენა, რომელნიც ატონის მსახურები არ იყვნენ.
იმისათვის რომ მშვიდი ცხოვრება მოიპოვოს და ქვეყანა ოპონენტებისგან დამოუკიდებლად მართოს, ეხნატონი აგებს ახალ ქალაქს, ახეტატონს, თანამედროვე ელ-ამარნას, რომელსაც დედაქალაქის ფუნქციას ანიჭებს.
ბუნებრივია, ეხნატონი თავისი მემკვიდრეების სახელშიც ცდილობს მანამდე უპრეცედენტო რელიგიური მსოფლმხედველობის ასახვას და საკუთარ პირმშოს, ერთადერთ ვაჟიშვილს ტუტენხატონს არქმევს, რაც "ატონის ცოცხალ ხატებას" ნიშნავს.
ეხნატონის რეფორმის შედეგების აღმოფხვრა აქტიურად იწყება ფარაონის სიკვდილის შემდეგ. ბუნებრივია, მცირეწლოვანი ტუტანხამონი ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის - მას არც გავლენა აქვს და არც ძალა ამისათვის, ამ რეალობის გათვალისწინებით ის ატონის მოწინააღმდეგეთა მძევალია.
ამ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს მისი სახელის ფერისცვალებაც - სახელი ტუტენხატონი - "ატონის ცოცხალი ხატება" ფარაონის ტახტზე ქურუმთათვის მიუღებელია, ამიტომაც ის ტუტენხამონი - "ამონის ცოცხალი ხატება" ხდება.
ვინ იყო იდუმალებით მოსილი ფარაონი სმენხკარა
საგულისხმოა, რომ ეხნატონის სიკვდილის შემდეგ ტუტენხამონს არ მიუღია ფარაონის ტახტი. მამა-შვილს შორის სამწლიან მონაკვეთში სულ სხვა ფარაონი - სმენხკარე ზეობს. სმენხკარე ეხნატონის სიცოცხლის ბოლო წლებში მისი თანამმართველია, საგულისხმოა ისიც, რომ ის ხელისუფლებაში მაშინ ჩნდება, როცა ეხნატონის მეუღლე ნეფერტიტი უჩინარდება. შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა, აქ ზოგი კანონზომიერებასაც ხედავს.
არის ვერსია, რომ სმენხკარე და ნეფერტიტი ერთი და იგივე პიროვნებაა, ამ ვერსიიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ სმენხკარე ქალის სახითაც წარმოდგება.
თუმცა, მეტი დამაჯერებლობისა და მტკიცებით ფორმაში სასაუბროდ უფრო მეტი არტეფაქტი და დოკუმენტური პირველწყაროა საჭირო, რაც ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არაა. საგულისხმოა, რომ არის სმენხკარეს ვინაობის მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ის ეხნატონის ქალიშვილის მერიტატონის მეუღლეა.
რა კვალი დააჩნია ტუტენხამონს ინცესტმა
დადგენილი ფაქტია, რომ ტუტენხამონი ეხნატონის შვილია, ასევე დადგენილია, რომ მისი დედა არაა ცნობილი ნეფერტიტი, რომელთანაც ეხნატონს მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. თანამედროვე მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტუტენხამონის დედა მამამისის - ეხნატონის დაა..
ამდენად, ტუტენხამონი ინცესტის შედეგად დაიბადა, რაც ფარაონთა კარისთვის ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. სწორედ ამ ინცესტის კვალი უნდა იყოს ახალგაზრდა ფარაონის ავადმყოფობა, რაც მის მუმიაზეც აისახა ცხადად.
დადგენილია, რომ ტუტანხამონს მალარიის მძიმე ფორმა სჭირდა, თუმცა, ეს არ იყო მისი ერთადერთი დაავადება - საკმაოდ დასუსტებული იყო ძვლების პრობლემების გამო და დაძაბუნებული ჯოხით დადიოდა.
ამბავი ტუტენჰამონის რუხი კარდინალისა
ტუტენხამონის კარზე განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა სარდალს ჰორემხებს, რომლის დროსაც ეგვიპტემ მეტ-ნაკლებად მცირე მასშტაბებით შესძლო საერთაშორისო ავტორიტეტის გაძლიერება, სავარაუდოდ, ჰორემხებს ბოლომდე ენდობა ტუტენხამონი და სწორედ ამიტომაც მისდევს პედანტურად მის მითითებებს.
ასაკი თავისას აკეთებს, თუმცა, მარტო ასაკის ბრალი არაა ტუტენხამონის ასეთი მოკრძალებული მმართველობა. ის იძულებულია იმ მოთხოვნებს დაჰყვეს, რაც მამამისის ეხნატონის მოწინააღმდეგეებს აქვთ და მაქსიმალურად აკმაყოფილებს მათ ნებისმიერ კაპრიზს. მაგრამ საბოლოოდ ტუტენხამონი მაინც ვერ ახერხებს ჰორემხების პატივისცმის მოპოვებას.
სწორედ ჰორემხებია ერთ-ერთი ინიციატორი ფარაონთა ნუსხიდან წაშალოს ეხნატონისა და მისი მემკვიდრის ტუტენხამონის კვალი. ფაქტობრივად ჰორემხები ტუტენხამონის მმართველობის რუხი კარდინალია, ის მართავს ქვეყანას, მის გარდა ჩანს კიდევ ერთი დაწინაურებული პერსონა - ვეზირი აი, რომელიც ჯერ "ღვთაებრივ მამას" ირქმევს სახელად, შემდეგ კი უმემკვიდრეოდ დარჩენილი ტუტენხამონის გარდაცვალებისთანავე ფარაონის ტახტს იკავებს.
მაგრამ გრძნობს, რომ ლეგიტიმაცია აუცილებელია და ამისთვის ტუტენხამონის ქვრივზე ანხესენამონზე ქორწინდება. ამ ქორწინებას მემკვიდრის დაბადება არ მოჰყოლია, აის შემდეგ ფარაონის ტახტს ტუტენხამონის რუხი კარდინალი ჰორემხები იკავებს.
ის ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის უკანასკნელ ფარაონია. საცნაური გახლდათ, რომ ეხნატონის შემდგომ ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიას არ ეღირსა ფარაონი, რომელიც წესისამებრ საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცავდა მმართველობას.
აიც და ჰორემხებიც უშვილოდ გადაეგნენ. თითქოს გასწყრომია ატონი ეგვიპტეს. მზის ღმერთი აღარ ანათებს ძველებურად ელვარებით... ეს კი იმის ნიშანია, რომ უნდა ჩაესვენოს ერთ დროს სახელოვანი მეთვრამეტე დინასტის მზე დასალიერს... ასპარეზზე მეცხრამეტე დინასტიის - რამსესიდების ლანდი იკვეთება...