ე.წ ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი გუშინ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დეკანოზ გიორგი მამალაძის შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს მისმა ადვოკატებმა - ამის მიზეზი კი პროკურატურის მხრიდან სხდომის დახურვა გახდა.
"მე დავტოვე სხდომა და მიმაჩნია, რომ ეს ერთჯერადია. დეკანოზი შემდეგ პროცესზე დაბრუნდება თუ არა, არ ვიცი. ჩვენ უფლება არ გვქონდა, დავრჩენილიყავით. ეს პროტესტი გამოწვეული იყო იმ უკანონობით, რაც ხდებოდა პროცესზე.
"მამალაძე ვერ გატეხეს იმ მუქარით, რომელიც პირად ცხოვრებას შეეხებოდა და ვერც ბრალის დამძიმებით, ახლა ერთადერთი გზა დარჩათ, დახურონ პროცესი, რათა გამოიტანონ სასურველი განაჩენი", - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
ე. წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი უარყოფს, რომ საქმეში რამე ინტიმური ვიდეო დევს. როგორც წიკლაურმა განაცხადა, ადვოკატების მხრიდან უკვე არაერთხელ ხდება მათი შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება და დამახინჯება. წიკლაურის თქმით, საუბარია გარკვეული ხასიათის პირადი ცხოვრების ინფორმაციაზე, რომელიც არის საქმეში.
ხდება თუ არა პროკურორების მხრიდან დეკანოზზე ინტიმური ვიდეომასალით შანტაჟი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): შანტაჟი არ ხდება. როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბუნებრივია, პროკურატურა გამოძიების ინტერესებს დაიცავს. ხოლო რაც შეეხება დაცვას, მან თუნდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე იყოს, ყველანაირად უნდა უარყოს მისი ბრალეულობა და გაამართლოს.
ასე რომ, ასეთი რამ პროკურორებსა და დაცვას შორის ყოველთვის ხდება. მიმაჩნია, რომ ბოლოს და ბოლოს ციანიდის საქმე უნდა დამთავრდეს. არა მგონია, სასამართლო პროცესმა ის მასალები, რაც პროკურატურას მოძიებული აქვს, უარყოს და რაც სიმართლეა, არ დაადასტუროს.
ქეთი ბექაური იურისტი): როდესაც დეკანოზი დაპატიმრებულია და თავისუფლება შეზღუდული აქვს, რომელ შანტაჟზეა საუბარი. ასეთი განცხადება მიმაჩნია, რომ არასერიოზულია.
ჩემი 15-წლიანი საადვოკატო პრაქტიკიდან არაერთი გახმაურებული საქმე ყოფილა, რომელიც პროკურატურის გადაწყვეტილებით სასამართლოს დაუხურავს.
როდესაც საქმეში ისეთი ინფორმაციის შემცველი დეტალებია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების, უშიშროების, არასრულწლოვნების ინტერესებს, პერსონალურ მონაცემებს და პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს შეიცავს, სასამართლო ვალდებულია, ასეთი სხდომა დახუროს.
შეიძლება ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვოს, მაგრამ ადვოკატმა ასეთი რამ არ უნდა გააკეთოს, ბრალდებული დაცვის გარეშე არ უნდა დატოვოს.
ვფიქრობ, პროკურატურამ შუამდგომლობა სწორად დააყენა. რაც მოვისმინე, ვერანაირ დარღვევას ვერ ვხედავ. პროკურატურამ ის დეტალები, რომელიც კანონით არის მიუღებელი, საზოგადოებას თავიდან აარიდა. შეიძლება არ არის ვიდეოკადრები, მაგრამ ცნობებიც რომ იყოს, საზოგადოების ინტერესებს უქმნის საფრთხეს.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): თავისთავად ასეთი განცხადება შოკისმომგრველია. ჩვენ - საზოგადოებამ რა დავაშავეთ? ხომ უნდა მიხვდნენ, რომ მოქალაქეები არსებობენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მრევლი არსებობს. მისცენ საშუალება და რაღაცები განხილვადი გახადონ.
ასე დახურულ სივრცეში, ჭორის დონეზე პროკურორთა განაცხადი სასულიერო პირის ინტიმურ ურთიერთობაზე შემზარავია. ერთი უბედურება იმ ხელისუფლების დროს იყო, რომ ინტიმურ კადრებს იღებდნენ.
ამაზე მეტი სირცხვილი და კრიმინალი არ არსებობს. ეს, იცით, რა არის, სააკაშვილის დროს გადაღებული ფირების ჩვენება და მასზე ხმამაღლა საუბარი, რასაც უკვე პირადად ჩემ მიერ მოყვანილი ხელისუფლება აკეთებს. რაც მოსულები არინ, ბევრი ადამიანის ინტიმური ცხოვრება აღმოჩნდა გასაჯაროებული, ზოგი ტყუილი ზოგი მართალი.
როდესაც პროკურორი ასეთ განცხადებას სასულერო პირზე აკეთებს, სად აქვს ჭკუა და გონება. ასეთი რაღაც არ შეიძლება პროკურორმა წამოაყრანტალოს. უკან საქართველო, სასულიერო პირები და მრევლი დგანან.
თუ ეს ყველაფერი საჯარო არ არის, მაშინ ასეთ სიბინძურეს პროკურორი ნუ ამბობს. ხოლო თუ საჯაროა, მაშინ სმენის ღირსი ჩვენც გაგვხადონ. დიახ, შანტაჟს ჰგავს. დეკანოზი ამბობს, რომ დასამალი არაფერი არ აქვს, ხოდა, ყველაფერი გაასაჯაროონ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე