1959 წლის 13 აპრილი. თბილისში მეხის ხმასავით გავარდა, გიორგი შავგულიძე მარჯანიშვილის ქუჩაზე ტროლეიბუსმა გაიტანაო. ახალგაზრდა, 49 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან, ტკბილ მოგონებად კი დარჩა კინოკლასიკად ქცეული ფილმი "ქეთო და კოტე", გიორგი შავგულიძის "კინტაური", ვასო გოძიაშვილთან დუეტში შესრულებული "ჯანაია-ჯანაია", მიხეილ ქვლივიძის სევდიანი ლექსი "კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს".
ბედის განგებით, 18 წლის იყო, ქართულ სცენაზე რომ მოხვდა. ადიდებულ რიონში ბავშვის გადასარჩენად გადახტა, ამ სცენას შეესწრო კოტე მარჯანიშვილი. ყმაწვილის საქციელით მოხიბლულს ნაპირზე ამოსულისთვის ვინაობა უკითხავს.
შავგულიძე ვარ, ბატონო კოტე, მე თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველდღე ქანდარაზე ვზივარო, - უთქვამს.
დიდ მაესტროს ისიც შეუტყვია, რომ ამ მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილს სკოლა დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ უმაღლესში სწავლას ვერ აგრძელებდა, რადგან მამა ჰყავდა რეპრესირებული. თეატრში დაუბარებია და უშანგი ჩხეიძის დუბლიორობა მიუნდვია.
აქედან დაიწყო გიორგი შავგულიძის სამსახიობო კარიერა, ყველა სიყვარულით ჟორას რომ ეძახდა, მისი ოხუნჯობის გარეშე კი მარჯანიშვილის თეატრის სცენა ვერ წარმოედგინათ.
გიორგი შავგულიძე ხშირად იგვიანებდა რეპეტიციებზე, მაგრამ დაგვიანებულთა სიაში არასდროს მოხვედრილა. როგორც ამბობენ, თვითონ კოტე მარჯანიშვილი შლიდა მის გვარს დაგვიანებულთა სიიდან.
მარჯანიშვილის თეატრის სუფლიორი კი მკაცრად იყო გაფრთხილებული, თუ ვინიცობაა შავგულიძეს სიტყვები დაავიწყდებოდაა, არ ეკარნახა, რადგან არაჩვეულებრივად გამოსდიოდა იმპროვიზაცია.
23 წლის იყო, როცა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, უმშვენიერესი ლიზა ვაჩნაძე შეუყვარდა. ლიზა "ყვარყვარეში" გულთამზეს თამაშობდა, შავგულიძე - ერასტის, უშანგი ჩხეიძე - ყვარყვარეს. წისქვილის სცენას, როდესაც ყვარყვარე მუხლებზე ისვამს გულთამზეს, ისე განიციდა შავგულიძე, რომ რეპლიკას აღარ ელოდებოდა, ისე ხტებოდა საფარიდან, განზე ისროდა ყვარყვარეს და სცენას აფუჭებდა. იმდენჯერ ჩაშალა სპექტაკლი, რომ მერე თავად ლიზას უთქვამს - გვაცალე თამაშიო. წყენია და მომდევნო სპექტაკლში საფარიდან აღარ გამოსულა, უშანგი ჩხეიძე კი თავგანწირვით ყვიროდა,-ჟორჟიკა, ბიჭო, გამოდიო. გადმომხტარა შავგულიძე და ყვარყვარე იქით უსროლია, გულთამზე - აქეთ. მას შემდეგ, რაც უშანგი ჩხეიძეს შავგულიძის პორტსიგარაში ლიზა ვაჩნაძის ფოტო უნახავს, რეპლიკას ადრე ამბობდაო.
სპექტაკლში "ხატიჯე" ლიზა ვაჩნაძე ხატიჯეს თამაშობდა, ხატიჯეს დედას - მარჯანიშვილის მეუღლე ელენე დორაული, რომლის ნამდვილი გვარი ვაჩნაძე იყო. ლიზა ვაჩნაძეს და კოტე მარჯანიშვილის მეულეს ერთნაირი შავი კაბები ეცვათ და სახეზე შავი ჩადრები ჰქონდათ ჩამოფარებული. ერთ-ერთი სპექტაკლის დროს ელენე დორაული ლიზაზე ადრე მოიკაზმა და კულისებში იდგა, ამ დროს ზურგიდან მიეპარა შავგულიძე და მოეხვია. ჯერ მარჯანიშვილის მეუღლე გადარეულა, მერე - შავგულიძე, შეყვარებულის ნაცვლად ხელში რეჟისორის ცოლი რომ შერჩა. მეორე დილით მარჯანიშვილს დაუბარებია და თბილად დაუტუქსავს - რაო, ფიქრობ, რომ ყველა ვაჩნაძეს შენ უნდა ეხვეოდეო.
სპექტაკლ "კაკალ გულში" შავგულიძე ჩინოვნიკს თამაშობდა, რომელიც სცენაზე ყბაახვეული შერბის და შინ გაშვებას ითხოვს, კბილი მტკივაო. სპექტაკლის დაწყების წინ შეატყობინეს, რომ ტყუპი ვაჟი შეეძინა. სიხარულისაგან ისე დაბნეულა, რომ ყბა აღარ აუკვრია, შევარდნილა სცნაზე - ტყუპი ბიჭი შემეძინა, სახლში გამიშვითო - ყვიროდა.
ერთ-ერთი სპექტაკლი იწყებოდა იმით, რომ შუა სცენაზე, საწოლზე წევს სანდრო ჟორჟოლიანი, ამ დროს ირეკება ზარი კარზე, დგება, იცვამს ფლოსტებს და კარს აღებს. სპექტაკლის წინ სანდრო ჟორჟოლიანს ლურსმნის დაჭედების ხმა კი გაუგია, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ეგონა, სცენის მუშები მუშაობდნენ. როცა სპექტაკლი დაიწყო და ეს სცენა უნდა გათამაშდეს, სანდრო ჟორჟოლიანმა ფეხი ჩაყო ფლოსტებში და დაეცა. სპექტაკლის წინ ჟორა შავგულიძეს მიუჭედებია თურმე ფლოსტები სცენაზე. მერე კი გამოუსწორებია ეს "პატარა ხულიგნობა", სანდრო ჟორჟოლიანის იუბილეზე ყველასთვის მოულოდნელად ჭერიდან სცენაზე კალათაში ჩამჯდარი ჩამოშვებულა და ასე მიულოცავს დიდი მსახიობისთვის იუბილე.
იღებენ ფილმს "ქეთო და კოტე." ფილმის რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილს ნიკოს და სიკოს სიმღერის შესასრულებლად ოპერის მომღერლები მოუწვევია. ძალიან უღიმღამოდ გამოსვლიათ. უხსნის რეჟისორი, როგორ უნდა შეასრულონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. რეპეტიციას ესწრებოდნენ ვასო გოძიაშვილი და შავგულიძე, მათ შესთავაზეს ვახტანგ ტაბლიაშვილს, ჩვენ ვიმღერებთ და ეგებ მიხვდნენ მომღერლები, რას ითხოვთ მათგანო. იმღერეს ორკესტრის თანხლებით და, ოი, საოცრებავ, ორკესტრის მუსიკოსებმა ტაში შემოჰკრეს, დირიჟორს კი უთქვამს,-ესენი ჩავწეროთ, რაღა ამათ ვამღერებთო. ასე შემორჩა ფილმს ვასო გოძიაშვილის და გიორგი შავგულიძის "კიტრები და მწვანილი პატარძლის დაკრეფილი".
ცნობილი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე ფილმ "დავით გურამიშვილის" გადაღებას ასე იხსენებდა: "დავით გურამიშვილს პეტერბურგში ვიღებთ, ერმიტაჟში გვქონდა გადაღება, შესვენებაზე ნევის სანაპიროზე გამოვედით. აპრილის შუა რიცხვები იყო, საშინლად ციოდა. აკუნევსკაიამ, რომელიც ელიზავეტა პეტროვნას თამაშობდა და უზომოდ იყო შეყვარებული ჟორაზე, სულ ეპრანჭებოდა, უცებ წამოიძახა,-აი, ის იქნება ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ შავგულიძე ნევაში გადახტა. ატყდა ერთი პანიკა, მაგრამ რიონისპირელ ბიჭს ვიღა გააჩერებდა. როცა ნაპირზე გამოვიდა, ყველა გაოცებული უყურებდა, თვითონ კი სიცივისგან გათოშილი კმაყოფილი სახით იღიმებოდა".
ამბობენ, დიდუბის პანთეონში სიარული უყვარდა და ხუმრობით ადგილსაც ირჩევდაო. ერთხელ შინ შვილის გამოძერწილი ფიგურა უნახავს და უთქვამს, ჩემი ძეგლი ეს უნდა იყოსო. სათუთად შეუნახავს, მაგრამ სიკვდილამდე ათი დღით ადრე გამოუჩენია.
მისი ანდერძი შესრულდა, შვილის მიერ გაკეთებელი ძეგლი დღესაც ამშვენებს დიდუბის პანთეონში გიორგი შავგულიძის საფლავს.
იმ საბედისწერო დღეს კი ახალი სეზონისთვის ნაყიდი, გულმოღეღილი პერანგი ჩაუცვამს. მეუღლეს შენიშვნა მიუცია, ჯერ ამის დრო არ არისო. აბა, კუბოში ხომ არ ჩამაცმევო, - უთქვამს გიორგი შავგულიძეს.