19 აპრილს, 1803 წელს, თბილისში ისნის სამეფო სასახლე მკვლელობის მოწმე გახდა. დედოფალმა მარიამმა რუსეთის საიპერატორო კარის ოფიციალური რწმუნებული გენერალი ლაზარევი დანით განგმირა. დედას არც უფლისწული თამარი ჩამორჩა, რომელმაც თბილისის პოლიცმეისტერის მოკვლა სცადა, თუმცა, ვერ მოახერხა - პოლიცმეისტერმა აიცდინა და დანა დედოფალ მარიამს ხელში მოხვდა.
ამბავი რუსების დადგმული სისხლიანი პერფორმანსისა ისნის სამეფო სასახლეში ეს ტრაგედია იმთავითვე საოცრად სიმბოლური პერფორმანსის სახეს მიიღებს. ამ რუსულმა იმპერიულმა პერფორნმანსმა დედოფალი მკვლელად აქცია, ოღონდ მტრის მკვლელად - ის რაც ქართლ-კახეთის სამეფო კარმა ვერ შესძლო, ღირსებაშემკულმა დედოფალმა მოახერხა - ღირსების შებღალვის მცდელობა არ აპატია რუს გენერალს და სასიკვდილო ვერდიქტი გამოუტანა.
მაგრამ ეს არ იყო მარტო ერთი გენერლის მკვლელობა - ეს მარიამ დედოფლის მიერ რუსეთის იმპერიისათვის გამოტანილი სასიკვდილო ვერდიქტი გახლდათ. ასე დასაჯა ჩრდილოელი ერმორწმუნე ერთმა უმწეო ქალმა, რომელსაც ეროვნული ღირსება ფეხქვეშ გაუთელეს და ყველაზე წმინდათაწმინდა, ის ქართული სახელმწიფოს გაუუქმეს, მისი წინაპრების საფიცარი რომ იყო ოთხი ათეული საუკუნის მანძილზე.
პეტერბურგის საიმპერატორო კარმა უჩვეულოდ მსუბუქი განაჩენი გამოიტანა - ნაცვლად კატორღისა, რასაც ტრადიციულად მკვლელობა ითვალისწინებდა, ქართველ დედოფალს ბელგოროდის მონსატერში შიდაპატიმრობა მიუსაჯა.
რა პრობლემას უქმნიდა განათლებული ევროპის თვალში საქართველოს ანექსია რუსეთის საიმპერატორო კარს
სასჯელის სიმკაცრე არ ყოფილა მთავარი რუსეთის საიმპერატორიო კარისთვის, მისი იდეა ფიქსი გახლდათ თეზა - საქართველო ბაგრატიონების გარეშე. მას შემდეგ, რაც სანქტ- პეტერბურგის გადაწყვეტილებით ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმეს ისე, რომ გიორგი მეთორმეტისგან ვერ მიიღეს ამაზე ოფიციალური დასტური, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა ლეგიტიმაციისა - რამდენად კანონიერია რუსული პოლიტიკის ქმედება?
რუსი რომ მწყრალად იყო და არის ლეგიტიმაციასთან, ეს არ არის ახალი ამბავი, თუმცა, საცნაურია, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია იმ დროს აღესრულა, არათუ სუვერენული სახელმწიფოს, ადამიანის უფლების დაცვა რომ მოდური გამხდარა ევროპაში. რუსეთის იმპერატორები თავს იწონებენ ფრანგ განმანათლებლებთან ურთიერთობითა და პოლემიკით. და სწორედ ამ პრიზმაში, საერთაშორისო კუთხით მათთვის არ უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობა მთლად კომფორტული ამბავი.
ეს ისე, მოსაჩვენებლად, საერთაშორისო არენაზე თავის განსწავლულად წარმოჩინებისთვის, თორემ, რუსი აბა რის რუსია კანონიერებას რომ ანგარიშს უწევდეს - მისთვის ტრადიციულად კანონი საკუთარი სურვილით იწყება და მთავრდება.
ამბავი ქართველთა რევანშისტული განწყობისა
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისისთვის საქართველოში განწყობა ცალსახად ანტირუსულია. ჩრდილოელმა მეზობელმა დაპყრობიდან პირველივე წელს უკვე მოასწრო თავის დამახსოვრება ქრისტიანულ მოსახლეობას ძალადობის უპრეცედენტო ფაქტებით. ვერანაირი ერთმორწმუნეობით ვერ აიხსნება რუსების მიერ მთიულეთში ქალების დამცირება, მათი უღელში შებმა, ქართველთათვის უწმინდესი ადგილის ზედაშეს წაბილწვა...
სწორედ ეს კონკრეტული ფაქტები ქმნის იმ ფსიქოლოგიურ ფონს, რაც ცალსახად ანტირუსულ განწყობებს აყალიბებს. გარდა ამ უპრეცედენტო დამცირებისა, ქართველთათვის განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელია ბაგრატიონთა დინასტიის გაუქმება - მიზეზი მარტივია, ქართველი გლეხისთვის მეფე არასდროს ყოფილა კლასობრივი მტერი, ისე როგორც ეს ევროპასა და რუსეთში გახლდათ, მეფე ქვეყნის მოსახლეობისათვის უმთავრესი შემწე, მისი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი და მოამაგეა. ის რომ ქვეყანამ შესძლო ფიზიკური არსებობის შენარჩუნება, სწორედ ამ ერთიანი ეთნოფსიქოლოგიური განწყობების შედეგია - მეფე გლეხს პატრონობს, როგორც ქვეყნის ბურჯს და გლეხიც მზადაა მეფისა და ქვეყნისთვის თავი გასწიროს და ბოლომდე დაიხარჯოს.
ამგვარი ურთიერთობების უამრავი კონკრეტული მაგალითი შემოგვინახა ისტორიამ, ეს კი იმის დასტურია, რომ მეცხრამეტე საუკუნის პირველივე წლებიდან ქართველ მოსახლეობას უჭირს იმის გაცნობიერება, რაც მათ თავს ხდება. განწყობა რევანშისტულია, და ამ ფონზე ყველაზე საშიშნი სწორედ ბაგრატიონები არიან.
რატომ ქმნიდნენ რუსული იმპერიისათვის ხიფათს საქართველოში მყოფი ბაგრატიონები
ეს რუსეთის საიმპერატორო კარის გათვლებია, რომელთაც საკმაოდ კარგად შეისწავლეს ის ეთნოფსიქოლოგიური განწყობები, ქართველთა ცნობიერებასა და ურთიერთობებს რომ კვებავს, ამიტომაც იერიში მიაქვთ იმაზე, რაც ამ ეტაპზე ყველაზე სახიფათოა იმპერიული იდეოლოგიისათვის. საქართველო ბაგრატიონების გარეშე უნდა დარჩეს - ეს ალექსანდრე პირველის ვერდიქტია, იმ იმპერატორის, რომელმაც საკუთარი მამის მკვლელობა დაგეგმა და სამეფო გვირგვინიც მის გვამზე შემდგარმა დაიდგა. ამ ტრაგიკულ რეალობაში კი სწორედ ის გახლდათ საცნაური, რომ მომავალ იმპერატორს ტახტი ქართველებმა, ძმებმა იაშვილებმა გაუნთავისუფლეს - სწორედ მათ დაახრჩეს იმპერატორი პავლე პირველი.
ეს ისე, ტრაგიკომიკური ლირიკისათვის, თორემ რუსეთის იმპერატორი პავლე იქნებოდა, პეტრე, თუ ალექსანდრე, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლებოდა. ვერდიქტი ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ეკატერინე მეორეს მიერ იქნა გამოტანილი - საქართველო, როგორც სახელმწიფო უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. და ამ განწყობას ერთგულებს რუსეთის ყველა იმპერატორი, მიუხედავად შიდადაპირისპირებისა, ისინი საოცარ ერთსულოვნებას იჩენდნენ საქართველოს საკითხისადმი.
ბაგრატიონთა დინასტიის ნაწილი უკვე გაყვანილია საქართველოდან, ერთადერთი მარიამ დედოფალი რჩება თავისი შვილებით. მას ყველაზე ნაკლები პრეტენზია გააჩნდა სამეფო ტახტზე და ფაქტობრივად არც ერთვებოდა შიდა პოლიტიკურ ბატალიებში, მაგრამ ახლა დროება შეიცვალა - ბუნებრივია, ბაგრატიონთა ტახტის რესტავრაციის იმედად მყოფთათვის მარიამი და მისი შვილები ყველაზე კარგი მოკავშირეები არიან.
სწორედ ამიტომაც მიაქვს მარიამზე იერიში ლაზარევს, სწორედ ამიტომაცაა გადაწყვეტილი საქართველოდან მისი უპირობო დეპორტაცია.
რა ვითარებაში ყალიბდება მარიამ დედოფლის ანტირუსული განწყობა
მარიამ დედოფალი სულ რაღაც 14 წლის იყო ქართლ-კახეთის მომავალმა მეფემ გიორგი მეთორმეტემ რომ იქორწინა მასზე. ეს 1782 წელს ხდება, გეორგიევსკის ტრაქტატამდე ერთი წლით ადრე.
საოცარი განწყობა დახვდა მარიამს ისანის სამეფო სასახლეში - მეფე ერეკლე ისევ გლოვობს ერთი წლის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ თავის ძეს ლევანს, ბუნებრივია, შიდა სამეფო კულუარებში ამ მკვლელობის გარემოებებზეც საუბრობენ, საუბრობენ იმ ვერსიებზე, რაც გარეთ არ გამოდის და რაზეც ანალებმა არაფერი უწყიან.
გლოვობენ გიორგის პირველ მეუღლეს ქეთევანს, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა ერეკლეს. მარიამი მომსწრე და თვითმხილველია იმ საოცარი იმედგაცრუებისა, რაც ქართლ-კახეთის სამეფო კარზე გეორგიევსკის ტრაქტატის დადებისთანავე რუსთა პოლიტიკას მოჰყვა. ეს ერეკლეს იძულებითი ნაბიჯი გახლდათ. დასავლეთ ევროპას, როგორც ყოველთვის, საქართველოსთვის არ ეცალა და ამიტომაც ერეკლე ვა-ბანკზე მიდის. არადა, ამ ფონზე აშკარაა ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ანტირუსული განწყობების კვალი, საეჭვოდ ჩანს ისიც, რომ მარიამის ქორწინებიდან სულ რაღაც სამიოდ წელში საკმაოდ დამძიმდა მომავალი მეფე გიორგი... ბუნებრივია კულუარებში მისი მოწამვლის საკითხიც განიხილება...
რატომ არ უნდოდა დედოფალ მარიამს საქართველოს დატოვება
ცხრა შვილი შეეძინა მომავალ მეფეს მარიამთან - მიხეილი, ჯიბრაილი - იგივე გაბრიელი, ილია, ოქროპირი, ირაკლი, თამარი, ანა... ეს შვიდი, დანარჩენი ორი სვიმონი და ანა ბავშვობაში გარდაიცვალნენ (1800 წელს დაბადებულ გოგონას სწორედ გარდაცვლილი ანას საპატივსაცემოდ დაარქვეს სახელი).
მარიამს რუსეთში გადასახლებას სთხოვენ, ეს არაოფიციალურად, თხოვნა რამდენჯერმე მეორდება, არადა, შვიდი შვილიდან ორი ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებება და ამიტომაც ოფიციალურ თხოვნას უგზავნის დედოფალი შინაგან საქმეთა მინისტრს გრაფ კოჩუბეის არ გადაასახლონ ის და მისი შვილები, და თუ მიუღებელია რუსეთისთვის მათი წინადადება, მხოლოდ სამი წელი ადროვონ. დედოფლის არგუმენტაცია საკმაოდ ადამიანურია: "რათა სნეულება და ძუძუს მწოვნელობა შვილთა ჩემთა დაადგეს ერთსა მტკიცესა ჰაზრსა ანუ სიკვდილსა და ანუ სიცოცხლესა ზედა და მაშინ იყავნ ნებისამებრ თქუენისა".
ეს თხოვნა 1802 წლის 10 მარტით თარიღდება. ბუნებრივია, რუსეთის საიმპერატორო კარი ხვდება, რომ თხოვნა არ უნდა მიიღოს, რამდენადაც სრულიადაც არ სურთ სანქტ-პეტერბურგში დამატებითი დენთის კასრი კავკასიაში. ამიტომაც საიმპერატორო კარის წარმომადგენელი გენერალი ციციანოვი განსაკუთრებულ რეჟიმში იწყებს დედოფლის თვალთვალს და მის ყველა ნაბიჯს სწავლობს.
"მავრმა გააკეთა თავისი საქმე, მავრი უნდა მოკვდეს"...
რუსებს ინტუიციამ არ უმტყუნათ - დედოფალთან მიჩენილი მსახურისგან (ამ მსახურის სახელიც ცნობილია - იოსებ კალატოზიშვილი) შეიტყვეს, რომ მარიამ დედოფალი შვილებიანად ხევსურეთში აპირებს გადასვლას, ისნიდან კი ავლაბრის კარით უნდა დაადგეს მთის გზას.
ეს კიდევ ერთი არგუმენტია, რომ უნდა დაჩქარდეს დედოფლის გასახლება საქართველოდან. სწორედ ამ მიზეზით დაადგა თავს ლაზარევი დილაადრიან, სისხამზე მარიამსა და მის შვილებს 1803 წლის 19 აპრილს და ციციანოვის ვერდიქტი გააცნო, რომ სამეფო ოჯახის ყველა წევრს დაუყოვნებლივ დაეტოვენინა საქართველო.
რატომ დაიბრალა ლაზარევის მკვლელობა უფლისწულმა ჯიბრაელმა
დედოფალი მკვლელის სახელით არ უნდა შერჩეს ისტორიას, სწორედ ეს გახლდათ ქრისტიანულად აღზრდილი უფლისწულების საფიქრალი, ამიტომაც იყო რომ ლაზარევის მკვლელობა თავის თავზე ჯიბრაელმა (გაბრიელმა) აიღო...
ორი ჩვილი ბავშვით ხელში ატატებული ფეხით ატარეს ვლადიკავკაზამდე დედოფალი მარიამი... ამაყი, ღირსებაშემკული და სულიერად ამაღლებული სევდიანად ემშვიდობებოდა სამშობლოს, იმ მთებს, თავად მისი და ქართული სახელმწიფოებრიობის ერთადერთ იმედად რომ ქცეულიყო...
ხშირად მიფიქრია - იქნებ დღეს სულ სხვა ყოფილიყო საქართველო, მარიამ დედოფალს ხევსურეთში რომ შეეფარებინა თავი და მისი მთაში გახიზვნის განზრახვა მსახურს ციციანოვისათვის არ ეცნობებინა?! ქართული მთების წინაშე ხომ უსუსური იყო მსოფლიოს ყველა მპყრობელი - უძლეველი აქემენიდებიდან დაწყებული, რომაელებით, ბიზანტიელებითა და თვით რუსეთის იმპერიით დამთავრებული...
ვინ იცის... იმ გოროზი მთების შემყურე ღირსებაშემკულ დედოფალს, რუსეთის გზას ფეხით რომ გაუყენეს, იქნებ სწორედ მსგავსი ფიქრი და სინანული მიჰყვებოდა საგზლად...