გვანცა წულაია
22.05.2017

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გლეხები დაზარალდნენ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი.

ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს.

აქვს თუ არა სახელმწიფოს სტიქიით დაზარალებული გლეხების დახმარების ვალდებულება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წამომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე (მხატვარი): აქვს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნი ვალდებულება და ამავე დროს აუცილებლობაცაა. მაგრამ ამ მიმართულებით, როგორც ყველაფერში, ჩვენი სახელმწიფო, მით უმეტეს დღევანდელი ხელისუფლება, ძალიან მოიკოჭლებს.

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი): თუ სახელმწიფო ძლიერია, ასეთ შემთხვევაში უნდა დაეხმაროს. მაგრამ თუ სუსტია და გაჭირვებულ მდგომარეობაშია, როგორ შეძლებს დახმარებას?! რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ დაეხმაროს. ყოველ სტიქიაზე და უბედურებაზე სახელმწიფო რამდენად ვალდებულია, დაზარალებულებს დაეხმაროს - არ ვიცი. ჩვენნაირ ქვეყანაში ეს შეუძლებელია.

 

 

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): ვფიქრობ, რომ აქვს. რამდენად სრულად დაკმაყოფილდება, არ ვიცი. ყველასთვის ორსართულიანი სახლის ყიდვა და მთელი ავეჯით მოწყობა, მგონი, არასწორია, თუმცა რაღაც პროცენტით მათი დახმარება უნდა მოხდეს.

 

 

 

 იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): როდესაც ქვეყნის ეკონომიური პოლიტიკა დალხინებული არაა და ადამიანი ლუკმაპურისთვის შრომობს, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია, სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს დაეხმაროს. ეს ხელისუფლების ბრალი არ არის, მაგრამ ისეთი გაუსაძლისი პირობებია, რომ დაზარალებულების დახმარება უნდა მოხდეს. ეკონომიურად არამდგარდი პოლიტიკის გატარების ფუფუნება აქვს და დახმარების ფუფუნება - არა?

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): სახელმწიფო ვალდებულია, დაზარალებულ გლეხებს დაეხმაროს. მაგრამ კონსტიტუციაში ასეთი ვალდებულება აღარ არის. კონსტიტუციის ქვემდებარე პუნქტებში, შესაძლებელია, იყოს. სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ მან ის გლეხები და მოსახლეობა, რომელიც დაზარალებულია, უზრუნველყოს. 2 წლის წინ ხომ სახელმწიფომ თავის თავზე ვალდებულება აიღო და ყველას სერიოზული დახმარება გაუწია. შესაბამისად, მათ ახლაც დაეხმარება. მაგრამ გააჩნია მასშტაბს. თუ დიდი მასშტაბით არის, შეიძლება ყველას ვერ დაეხმაროს. ყველაფერი სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. პრინციპში, სახელმწიფომ მორალური ანაზღაურება იმ ჩარჩოებში, რაშიც მიღებულია, უნდა მოახდიონოს. თუმცა ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ ეს გააკეთოს, გააჩნია ზარალის რაოდენობასაც. ვემხრობი იმას, რომ სახელმწიფომ დაზარალებულებს თანხები გამოუყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×