"ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას"
თიკო ოსმანოვა
22.05.2017

 "ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით", - აცხადებს საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი 6 ქართული ტელევიზიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარ მაუწყებლობაზე გადასახადის დაწესებას ცდილობენ.

საკაბელო ტელევიზიებმა, შესაძლოა, სააბონენტო გადასახადი გააძვირონ. ამის მიზეზი საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლების ერთი კომპანისთვის მინიჭება გახდა, რომელიც საკაბელო არხებს ტელევიზიების სიგნალის გავრცელებისთვის გარკვეულ გადასახადს დაუწესებს.

რამდენით გაძვირდება გადასახადი, უცნობია, კომპანიები ამაზე ჯერ ხაზგასმით არ საუბრობენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს და შეთავაზებას ახლა კომპანია "ჯი-ემ-არ"-სგან ელოდებიან. მარეგულირებელ კომპანიაში კი საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელ დირექტორ თეონა ბერუაშვილის განცხადებით კი, კომპანიები ამ შეთავაზებას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებიან და თუ საჭირო გახდება, სიგნალსაც გათიშავენ.

"ვინც კონტაქტზე გავიდა, ყველასთან თანხაზე იყო საუბარი და არ ვიცი, ახლა რატომ აცხადებს ზურაბ ნაყეური, რომ ერთადერთი განსახილველი თემა ფინანსები არაა. შეიძლება ახლა შეიცვალეს პოზიცია. იმედი მაქვს, ქართული არხების რეტრანსლირებისთვის თანხას არ მოითხოვენ. არც ერთ ქვეყანაში საერთო მაუწყებლის ტრანსლირებაზე საკაბელო ტელევიზიები თანხას არ იხდიან. ეს გარკვეულწილად "მასტ ქერის" პრინციპს ეწინააღმდეგება. ეს პრინციპი 2012 წლიდან მოქმედებს და ნაციონალური მაუწყებლების კონტენტის სავალდებულო ტრანსლირებას ითვალისწინებს საკაბელო ქსელებში.

"არ ვცნობთ და არ ვიღებთ შესასრულებლად მიღებულ შეტყობინებას. ამასთან ერთად, როგორც უნდა განვითარდეს სამართლებრივი ურთიერთობა თავად სამაუწყებლო კომპანიებსა და ზემოთ ხსენებულ კომპანიას შორის, ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით", - აცხადებს საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თეონა ბერუაშვილი.

კომპანია "სილქნეტში" კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, ახლა კომპანია "ჯი-ემ-არ"-ისგან ელოდებიან დოკუმენტურ წინადადებებს, თუ რას სთავაზობენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო, მოკვლევის დასრულებამდე კეი განცხადებას არ აკეთებენ.

ცნობისთვის, კომპანია "ჯი-ემ-არი" გასულ თვეს შეიქმნა. "რუსთავი 2"-მა, "მაესტრომ", "ჯიდიესმა", "იმედმა", "მარაომ" და "კომედი არხმა" ამ კომპანიას მიანიჭეს რეტრანსლირების უფლება.

კომპანიას "მაესტროს" გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური ხელმძღვანელობს, რომელმაც საკაბელო კომპანიებს უკვე შეატყობინა, რომ ქართული არხების სიგნალის მიღებისთვის შესაბამისი თანხის გადახდის მოუწევთ, რომელსაც აქამდე უფასოდ იღებდნენ.

ამბობს, რომ ქართული საკაბელო არხები უცხოური ტელევიზიების სიგნალს თუ ყიდულობენ, რატომ არ შეიძლება, ასევე შეიძინონ ქართული არხების სიგნალი?! ამ თანხის გადახდა კომპანიებს რის ფასად მოუწევთ, არ აინტერესებს.

"მრავალი წელია, საკაბელო ოპერატორები გარკვეული საზღაურით თავიანთ აბონენტებს აწვდიან სატელევიზიო არხების სხვადასხვა პაკეტს და ასევე რიგი ოპერატორებისა - გადახვევის სერვისს. იმ პირობებში, როდესაც ქართული არხების ყურებადობა, ჯამში, აღწევს 90%-ს, საკაბელო ოპერატორები ფულს უხდიან უცხოურ არხებს, ხოლო ქართული არხების შემოსავალი მთელი ამ წლების განმავლობაში ნულოვანია.

"ბუნებრივია, ეს მდგომარეობა არ შეესაბამება არც ბაზრის და არც სამართლიანობის პრინციპებს, რის გამოც ტელეკომპანიებმა, "იმედი", "ჯი-დი-ესი", "მაესტრო", "რუსთავი 2", "კომედი არხი" და "მარაო", მიიღეს გადაწყვეტილება, კომერციული პირობებით გადასცენ საკაბელო ოპერატორების რეტრანსლაციის უფლება კომპანია "ჯი-ემ-არს", რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, დაიწყო მოლაპარაკება საკაბელო ოპერატორებთან ზემოხსენებული ანომალიური სიტუაციის გამოსასწორებლად.

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ექნებათ საშუალება, უფასოდ მიიღონ აღნიშნული არხების სიგნალი იმ პლატფორმებიდან (მულტიფლექსი, თანამგზავრული სისტემები), რომლებიც არ სთხოვენ დამატებით ანაზღაურებას მომხმარებლებს. მაგრამ ის ოპერატორები, რომლებიც ქართული ტელეკომპანიების მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებითა და გადახვევის სერვისით იღებენ შემოსავალს, მოგების გარკვეულ ნაწილს უნდა უხდიდნენ კონტენტის შემქმნელებს.

"მოხდება ეს აბონენტისთვის ტარიფის გაზრდით, საკაბელო ოპერატორების მოგების მარჟის შემცირებით თუ საკუთარი სხვაგვარი კომერციული კონფიგურაციის მეშვეობით, არც ჩვენი კომპანიის და არც ტელემაუწყებლების ინტერესის საგანი და უფლებამოსილების სფერო არაა," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით "მთელი კვირა" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ზურაბ ნაყეურთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილის თქმით, ბაზარზე არსებობს იმის რესურსი, რომ ქართულ პროდუქციაში ისე გადაიხადონ ფული, აბონენტებს არ გაეზარდოს ფასი.

"ყველა არხს აქვს თავისი კონტეტის გავრცელების უფლება და ეს გარკვეული თანხა ღირს. უცხოეთის არხების გავრცელებაში ტრანზიტორები ფულს უხდიან და ახლა გადაწყვიტა ქართულმა არხმა, თავის კონტეტს დაადოს საკუთარი ფასი. ეს უფლება გადავეცით ერთ კონკრეტულ კომპანიას, რადგან ყველა არხის მხრიდან ცალ-ცალკე რთულია ამის მენეჯმენტური მართვა.

"მოლაპარაკება საბოლოოდ რა სურათს მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ "სილქნეტის" განცხადება, რომ ეს აუცილებლად სააბონენტოს გაზრდას გამოიწვევს, ნაადრევია. შეიძლება ისეთი ბიზნესმოდელი შემუშავდეს, საბონენტოს გაძვირების აუცილებლობა არ გახდეს საჭირო.

"ჩვენი აზრით, ამ ბაზარზე არის იმის რესურსი, ქართულ პროდუქციაში ისე გადაიხადონ ფული, რომ აბონენტებს არ გაეზარდოთ ფასი," - გვითხრა "რუსთავი 2"-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

შეგახსენებთ, "სილქნეტის" ტელევიზიამ მომხმარებლებს უკვე შეატყობინა სიახლის შესახებ, რომ შესაძლოა, მისი პაკეტის ღირებულება გაიზარდოს.

"გვსურს, შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. "რუსთავი 2", "მაესტრო" და "იმედი" აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება", - აღნიშნულია შეტყობინებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×