ეკონომიკური სიდუხჭირე, უმუშევრობა და ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია - ქვემო სვანეთის მთავარი პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ ლენტეხს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც მთელი რიგი სოციალური და ეკონიმიკური შეღავათები მიიღო, ეს სოფლებში ხალხის დასამაგრებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
2016 წლიდან ლენტეხს მაღალმთიანი რაიონის სტატუსი მიენიჭა. ადგილობრივები ამას წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, თუმცა ამბობენ, რომ არასაკმარისია იმ პრობლემებთან გასამკლავებლად, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას. დღეს არსებული შეღავათებითა და დახმარებით, ქვემო სვანეთში მხოლოდ ნაწილობრივ უმსუბუქდებათ ყოფა, მაგრამ შეუძლებელია, მსგავს პირობებში ვინმე დაბრუნდეს რეგიონში საცხოვრებლად ან ამ შეღავათების გამო არ დატოვოს ისედაც დაცლის პირას მყოფი რაიონი.
პრობლემა, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, უკიდურესად შემცირებული შობადობაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო წლებია, რეგიონში მცირე ასაკის ბავშვთა რიცხვმა იმდენად იკლო, რომ რამდენიმე დაწყებითი სკოლაც კი დაიხურა. სოფლებში, სადაც პირველი საფეხურის განათლების მიღება შესაძლებელი იყო, მოსწავლეები აღარ არიან. ერთი მოსწავლის ყოფნის შემთვევაშიც კი დაწყებითი სკოლა არსებობას განაგრძობდა, თუმცა ისე მოხდა, რომ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, რადგან აღარც ერთი დაწყებითი კლასის მოსწავლე აღარ დარჩა. ასე რომ, დღესდღეობით მხოლოდ სასოფლო თემებში დარჩა თითო საშუალო სკოლა.
ადგილობრივი მცხოვრები დათო ონიანი ლენტეხს დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე მდგარ რაიონად მიიჩნევს. მისი თქმით, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და უფრო სერიზული ნაბიჯებია საჭირო სახელმწიფოს მხრიდან.
"მთის კანონი, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ ამ ფორმით და ამ სოციალური შეღავათებით, რაც დღეს არის, მოსახლეობის დაბრუნება კი არა, აქ მცხოვრებთა დამაგრებაც კი შეუძლებელია.
ახალშობილებს სახელმწიფო 200 ლარს გადაუხდის, სანამ ორი წელი შეუსრულდებათ. ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ აქ ბავშვები აღარ იბადებიან და ვის რად არგია ეს დახმარება? ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, ეს თანხა იმ ბავშვებისათვის გამოეყოთ, რომლებიც აქ სწავლობენ. ეს უფრო ქმედითი იქნება დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე მდგარი რაიონისათვის. აქ მცხოვრები ბავშვების მშობლებიც არ იფიქრებდნენ წავლას და ის ხალხი, ვინც დიდი ხანია, სვნეთში აღარ ცხოვრობს, მოტივაციასა და პერსპექტივას დაინახავდა.
ვერც ეკონომიკური გაჭირვება და ვერც სხვა რამ არის იმაზე დიდი პრობლემა, ვიდრე ბავშვებისა და ახალგაზრდებისაგან დაცლილი სოფლები. ეს უნდა იყოს პრიორიტეტი მთავრობისათვის", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დათო ონიანი.
ახალგაზრდების მასობრივ მიგარაციას მიიჩნევს მთავარ პრობლემად ლეილა ბენდელიანიც. მისი თქმით, ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც რეგიონშია, ახალგაზრდა ადამიანებს განვითარების ყველანაირ პერსპექტივას უსპობს და ამიტომ ისინი გარბიან ქალაქში ან სულაც - საზღვარგარეთ.
"როგორც მთელი ქვეყანისთვის, მთავარი პრობლემა ქვემო სვანეთშიც უმუშევრობაა. არც ერთი ასაკის ადამიანისთვის არ არის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ ახალგაზრდები უფრო მტკივნეულად აღიქვამენ და განიცდიან. ფაქტობრივად, აქ დარჩენით განვითარების პერსპექტივა ესპობათ და ამიტომაც გარბიან დედაქალაქში ან უცხო ქვეყნებში.
რამდენადაც ვიცი, ბოლო აღწერით, ლენტეხის რაიონში 1 000 ადამიანიც კი არ ცხოვრობს მუდმივად. ამ დროს საკრებულოსა და გამგეობაში ორასამდე ადამიანი მუშაობს. დასაქმების ერთადერთი გზა ეს არის და ამიტომაც მაქსიმალურად გაბერილია შტატები. არავის აინტერესებს კვალიფიკაცია და ვის რისი კეთება შეუძლია. მთავარია, რაც შეიძლება, მეტი ოჯახიდან ჰყავდეთ დასაქმებული, რომ არჩევნებზე პრობლემა არ შეექმნათ.
ამბობენ, მთის პროგრამაში ისეთი პუნქტები და შეღავათებია ჩადებული, რაც შობადობას გაზრდისო. რაიონში ახალგაზრდები აღარ დარჩნენ და ვინ უნდა გააჩინოს ბავშვები?" - ამბობს ლეილა ბენდელიანი.
რეგიონის პრობლემების სათავეს ადგილობრივი ხელისუფლების ცუდ მუშაობაში ხედავს თამარ ქურასბედიანი. მისი აზრით, ტურისტული პოტენციალი, რომელიც ლენტეხს აქვს, მთლიანად აუთვისებელია და არავინ ზრუნავს მის გამოყენებაზე.
"ლენტეხის ტურისტული პოტენციალი მთლიანად აუთვისებელია და მხოლოდ გზად გამოიყენება მესტიისაკენ. უძველესი, ადრექრისტიანული ტაძრები, წარმართული ხანის სალოცავები, ულამაზესი მთები და კულტურული ძეგლები მრავლადაა ჩვენს მუნიციპალიტეტში.
ვფიქრობ, პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების სუსტი მუშაობაა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად აქ არ ვცხოვრობ, ის რამდენიმე თვეც, რასაც სვანეთში ვატარებ, საკმარისია იმის დასანახად, თუ როგორი დეფიციტია პროფესიონალიზმის მხრივ. ხელფასიდან ხელფასამდე ცხვრობენ ლენტეხში ადამიანები და არ აინტერესებთ, რა გაკეთდება რაიონში.
ტურიზმის განვითარების შემთვევაში, მცირე ბიზნესიც ფეხზე დადგება და მასობრივი მიგრაციაც შეწყდება. მით უფრო, რომ, მთის კანონით, მეწარმეებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები აქვთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თამარ ქურასბედიანმა.