ბავისაც 1 000-ლარიანი ხელფასი აქვს და სხვა შემოსავალი არ გააჩნია, ბინის შესაძენად დრო ნამდვილად არ ეყოფა
მარი ჩიტაია
23.05.2017

 საკუთარი შემოსავლით 2-ოთახიანი ბინის შესაძენად საქართველოში მცხოვრებ საშუალო შეძლების ადამიანს დაახლოებით 15 წელიწადი დასჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ იგი ფართის ყიდვას გარეუბანში შეეცდება. ცენტრალური უბნის შემთხვევაში, ეს ვადა შესაძლოა, 25 წლამდე გაგრძელდეს. უძრავი ქონების შეძენის მსურველმა დღეში 10 ლარი მაინც უნდა დაზოგოს იმისათვის, რათა 3 თვეში 1 კვ/მ ბინის ფართის ყიდვა შეძლოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი რეალურად 1 წელიწადში შეიძენს 4 კვ/მ-ს, ხოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი 40 კვ/მ-ს შეადგენს.

გამოდის, რომ საშუალოდ, 2-ოთახიანი ბინის შესაძენად, რომლის შესატყვისი ფართი დაახლოებით 60 კვ/მ-ია (1 კვ/მ-ის ფასი 400 დოლარი), მსურველს 15 წელიწადი დასჭირდება. მთლიანი თანხის მოცულობა, საშუალოდ, 25 000 დოლარის ფარგლებშია. ანალოგიური ფართის ბინის ყიდვას ცენტრალურ უბანში დასჭირდება 50 000 დოლარი და შესაბამისად, მეტი დრო.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებითთ, ვისაც 1 000-ლარიანი ხელფასი აქვს და სხვა შემოსავალი არ გააჩნია, ბინის შესაძენად დრო ნამდვილად არ ეყოფა. თუ სხვა დამატებითი სახსარი არ გააჩნია ან ოჯახის სხვა წევრი არ ეხმარება, შეიძლება, მთელი ცხოვრება უბინაოდ დარჩეს.

"უძრავი ქონების შეძენის სისწრაფე რამდენიმე ფაქტორზე არის დამოკიდებული. ეს არის ბინის ხარისხი, ფართობი, ერთეულის ფასი და ხელფასის სიდიდე. ყველა ამ ინდიკატორის თანაფარდობით ირკვევა, თუ რა ვადაში უნდა მოხდეს ბინის შეძენა და რამდენ ხანში შეიძლება მოგროვდეს შესაბამისი თანხა.

პირველ რიგში, ბინის შესაძენად ადამიანს უნდა გააჩნდეს განკარგვადი ფული. დარიცხული ხელფასი ერთია, მაგრამ თუ პირს არ აქვს განკარგვადი თანხა, მსხვილი შენაძენის გაკეთება მისთვის მუდმივად პრობლემა იქნება. საცხოვრებულად გამზადებული ბინის ფასს, დაახლოებით, 600 დოლარზე თუ ვიანგარიშებთ, ხოლო საშუალო ხელფასს 1 000 ლარზე ოდნავ მეტს, ადამიანს 1 კვ/მ ფართის შესაძენად, საშუალოდ, 3 თვე დასჭირდება. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია იმაზეც, რა ფართობის ბინა სურს. უნდა ვიანგარიშოთ, საშუალოდ, 50-70 კვ/მ-ის ფარგლებში.

ეს არის იპოთეკური მოდელი და არა რეალობა. რა თქმა უნდა, ვისაც 1 000-ლარიანი ხელფასი აქვს და სხვა შემოსავალი არ გააჩნია, ბინის შესაძენად დრო ნამდვილად არ ეყოფა", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ ხელფასის გარდა, დამატებითი სახსრები რომ გამოვრიცხოთ, ადამიანმა 0,5-1 კვ/მ ფართის შეძენა 3-4 თვის დანაზოგით მაინც უნდა შეძლოს, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

"ცხადია, ოჯახში ბევრი სხვა ხარჯიც არის, ამიტომ უძრავი ქონებისთვის განკუთვნილი დანაზოგისთვის უნდა დაიხარჯოს მთლიანი შემოსავლის არაუმეტეს 1/3. პირობითად, ხელფასიდან თუ "ხელზე რჩება" 1 000 ლარი, სულ მცირე, 300 ლარი შეიძლება გადადოს ბინის შესაძენად. თუ ბინა მდებარეობს ცენტრალურ უბანში და 1 კვ/მ-ის ფასი 1 700-2 000 ლარამდეა, ვიგულისხმოთ, რომ 6 თვე მაინც სჭირდება 1 კვ/მ-ის შესაძენად შესაბამისი თანხის გამოყოფას, ლაპარაკია 50-60 კვ/მ ფართის საცხოვრისზე. ამის გათვალისწინებით, ცენტრში ბინის შეძენის მსურველ ადამიანს დაახლოებით 25 წელიწადი დასჭირდება მთელი ხარჯის დასაფარად. ცხადია, თუკი მხოლოდ საკუთარ ხელფასს გამოიყენებს და არანაირ დამატებით შემოსავალს ან საბანკო კრედიტს არ მიმართავს", - განმარტავს სტატისტიკოსი.

ბინის შეძენისათვის როგორც თანხა, ასევე ვადა და მომსახურების ყველა საჭირო სერვისი, რომელიც ამ პროცედურას ახლავს, გარეუბნებისა და დედაქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის რადიკალურად განსხვავებულია. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა პირობით უწევთ ბინის გაყიდვა მშენებლებს.

კომპანია "აიჯიეს ჯგუფის" დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე განმარტავს, რომ ცენტრში ბინები, უმეტესწილად, ერთიანი გადახდით იყიდება და საკმაოდ მაღალი ფასიც ადევს.

"ამ ეტაპზე ვაწარმოებთ ელიტური საცხოვრებლების მშენებლობას თბილისის ცენტრალურ ნაწილში. ცხადია, იგი მაღალშემოსავლიან ადამიანებზეა გათვლილი. გამოყენებული მასალისა და მომსახურების სერვისის გათვალისწინებით, ასეთი ბინა საკმაოდ ძვირი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს შიდა უპროცენტო განვადება, პროცენტიანიც და რამდენიმე სხვა აქციაც, ძირითადად, მაინც საკუთარი სასხრებითა და ერთიანი გადახდით ყიდულობენ. სიმართლე გითხრათ, რეალურად ვერც შევძლებთ, რომ ხანგრძლივ ვადაზე გავწეროთ ვალდებულებები და 10 წელი ველოდოთ საფასურის გადახდას, მით უმეტეს, უპროცენტო განვადების შემთხვევაში. ჩვენი მომხმარებლები ბინას ხშირად სრული რემონტის სახით იბარებენ და მისი ღირებულების მთელ საფასურს იხდიან", - აცხადებს გუჯაბიძე.

რაც შეეხება გარეუბნებს, მშენებლებისთვის სრულიად სხვა რეალობაა, რაც საბოლოოდ ფასსა და გადახდის სისტემაში აისახება.

"დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა დანაზოგით აპირებს მყიდველი ბინის საფასურის გადახდას. თუკი ჩვენ 350 დოლარის ფარგლებში გავითვალისწინებთ ყოველთვიურ შენატანს, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება გარეუბანში 1,5-2 ოთახიანი ბინის შეძენას, მაგრამ ამ ფასით თბილისის ცენტრში ბინის ყიდვა წარმოუდგენელია. თუკი გარეუბნებში, საშუალოდ 30 000 დოლარი ჯდება ოროთახიანი ბინა, ცენტრალურ უბანში ეს ხარჯი გაორმაგებულია. საშუალოდ 1 200-დოლარიანი (1კვ/მ) ბინა რომ ავიღოთ, მისი ყიდვა კლიენტს 75 000 დოლარამდე დაუჯდება. ცხადია, ყველას არ აქვს საშუალება, ეს ვალდებულება იტვირთოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" შოთა გუჯაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×