მრავალდონიანი ავტოსადგომების მშენებლობისთვის თბილისის მერიას ჯერ ისევ არ გამოუცხადებია კომპანიების შესარჩევი კონკურსი. როგორც ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა. ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო "მარჯანიშვილის", ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, "დინამო" სტადიონთან, ქალაქის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები. აღნიშნული ადგილები თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაკვეთით, კომპანია "ფრაისვოთერჰაუსკუპერსმა" შეარჩია.
კომპანიის განცხადებით, სამშენებლო ადგილებად ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. მრავალდონიანი ავტოსადგომები ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით აშენდება. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწისზედა (მერიასთან). შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.
მათივე თქმით, ყოველდღიურად დედაქალაქში დაახლოებით 550 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება და ეს რიცხვი დინამიკურად მზარდია. შესაბამისად, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქსა და დედაქალაქში, თბილისშიც სატრანსპორტო საშუალებების პარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ პრობლემის დაძლევის გზა სწორედ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მშენებლობაა.
როგორც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, თბილისის მერია მოიწვევს დაინტერესებულ კერძო კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, ათ ყველაზე დატვირთულ ადგილზე ააშენონ მრავალსართულიანი პარკირების ადგილები, რათა ხელი შეეწყოს ქალაქის საცობებისგან განტვირთვას.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში უნდა აშენდეს და დაიწყოს პარკინგებმა ფუნქციონირება," - განაცხადა დავით ნარმანიამ.