ევროპაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებზე, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი გავიხსენოთ დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილ ბარაბარე ყიფიანის ევროპაში მოღვაწეობის პერიოდიდან. ამაში დაგვეხმარება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ბარბარე ყიფიანის პირადი არქივი.
ბარბარე ყიფიანი დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, ნიკოლოზის ერთ-ერთი ქალიშვილი იყო. იგი დაიბადა ქუთაისში და იზრდებოდა პაპისეულ ოჯახში ქვიშხეთში. მშობლების განქორწინების შემდეგ ბარბარე და მისი და მამასთან ერთად გადავიდნენ ბათუმში საცხოვრებლად. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობის შემდეგ, მის ვაჟ ნიკოლოზს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ევროპაში გაემგზავრა სამკურნალოდ.
ბარბარე ყიფიანმა, რომელმაც წარჩინებით დაასრულა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი, 1901 წელს სწავლის გასაგრძელებლად მამასთან ბელგიაში გაემგზავრა. 1902 წელს ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. როგორც ნიჭიერ სტუდენტს, საშუალება მისცეს, მონაწილეობა მიეღო ბრიუსელში გამართულ ფიზიოლოგთა საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ივანე თარხნიშვილი. სწორედ ამ ორი ქართველის მოხსენებამ დატოვა დიდი შთაბეჭდილება ევროპელ მეცნიერებზე.
ცნობილი პუბლიცისტი რევაზ გაბაშვილი "ცნობის ფურცელში" წერდა: "ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ქალბატონს, პროფესორ იოტიკოს, რომელმაც ბარბარე ყიფიანი თავის ლაბორატორიაში მიიწვია სამუშაოდ და მისი სწავლის ფული გადაიხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ საჭიროა იცოდეს, რომ სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს უცხოელნი პატრონობენ და თავადაზნურობამ კი უარი უთხრა სტიპენდიაზე".
ბარბარე ყიფიანი შემდგომ წლებში ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ "რევიუ ფსიქოლოგიის" სწავლული მდივანი იყო. მისი საინტერესო კვლევების შესახებ იწერებოდა ევროპის პრესაში. იგი იყო ვერცხლისა და ოქროს მედლების მფლობელი. ლექციებს კითხულობდა ბრიუსელის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში.
გარდა მეცნიერული მოღვაწეობისა, ბარბარე ყიფიანს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპაში გაბნეული ქართული ხელოვნების ნიმუშების თავმოყრაში. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა 1910 წელს ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში, მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ბარბარე ყიფიანის მიერ ფრანგულ და ქართულ ენებზე შედგენილი მიმართვა, რომელშიც იგი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ექსპოზიციის შექმნაში:
"ეს პირველადაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა, ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი. ამ წერილით მივმართავ ყველას, ვისაც კი გული შესტკივა ქართველი ერის წინსვლასა და მისი წარმატებისთვის. ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვაწოდონ წიგნები, ქართები, გრაფიკები, სურათები და სხვა ნივთები. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება ზნებრივსა და მატერიალურს დახმარებას აღმოგვიჩენს, რაიც რომ საჭიროა ამ ახლად დაწესებულების ასაღორძინებლად".
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1940 წელს, როგორც სალომე დადიანისა და მიურატების მეურვემ, მიუნხენიდან გამოიძახა ქართველოლოგი, მიხეილ თარხნიშვილი და შესთავაზა, რომ თავისი სახსრებით (ნაანდერძევი ფულითა და ნივთებით) დაეარსებინა რომის კათოლიკური მონასტერი ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად. მიხეილ თარხნიშვილს მართლაც შეუძენია სამონასტრო შენობა და ბარბარე ყიფიანისგან მიღებული ნივთები და დოკუმენტაცია იქ დაუბინავებია. ამავე მონასტერში გადმოიტანა კონსტანტინეპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან უნიკალური მასალები და ქართული არქივი შექმნა.