თავისი "ბაბოჩკით", საოცარი არტისტიზმით, ქუჩაში რომ გაივლიდა, უკვე თეატრი იყო. ასე იხსენებენ ვასო გოძიაშვილს ძირძველი თბილისელები. მის აქტიორულ ნიჭსა და ხალას იუმორზე ხომ ლეგენდები დადიოდა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ მარგალიტებიდან ჩვენც გავიხსენებთ რამდენიმეს დღევანდელ სტატიაში.
მსახიობობამდე, ანჩიხატის უბანში დაბადებული ბიჭი, ჯერ შიკრიკად მუშაობდა ქალაქისთავ ხატისოვის კანცელარიაში, დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარების კომისიაშიც მოუწია თურმე მუშაობა. თბილისის არისტოკრატებისა და მდიდარი ვაჭრების - მანთაშოვის, თამამშევის, ბოზარჯიანცის მდიდარ სახლებში დადიოდა. ერთ დღესაც თავის მეზობელ ბიჭს უთქვამს, წამო, შაურიანს გაშოვნინებო და ოპერაში წაუყვანია.
კაპელდინერს ბიჭები შეუშვია. კულისებში შესულებს თეთრი ტანსაცმელი გადააცვეს, ვარდების კალათა მისცეს ხელში და სცენაზე გაიყვანეს. ნეფე-დედოფალს წინ უძღოდნენ და ვარდებს აფენდნენ. ისე დაბნეულა, რომ სპექტაკლის შემდეგ გაიგო, "აბესალომ და ეთერის" ქორწინების ეპიზოდში რომ მიუღია მონაწილეობა, სადაც დიდი ვანო სარაჯიშვილი მღეროდა. იმ დღიდან დაკარგა მოსვენება, არც მეზობლებს ასვენებდა, ხან მურმანის არიას მღეროდა და ხანაც აბესალომისას.
მერე "ოტელო" ნახა. მეზობლებისგან ტანსაცმელი ითხოვა. სახე მურით შეიფერადა და სამეზობლოსთვის "ოტელო" ითამაშა. მაყურებელს ისე მოეწონა, რომ ოვაციებთან ერთად გროშებიც აჩუქეს. მერე თბილისში რუსეთიდან ტკაჩოვის ცირკი ჩამოვიდა "დეზერტირსკის" ბაზართან მოძრავი ცირკის შენობა "პალატკა" გამართა. დასი შეკრიბა და მაყურებელიც ჰყავდა, მედროგეები, კინტოები, წვრილი ვაჭარ-ხელოსნები. ვასოც "ბალაგანის" ხშირი სტუმარი გახდა. ჩუმად რეპეტიციებსაც ესწრებოდა და თანაც იუმორისტულ კუპლეტებს ასრულებდა. უნახავს ტკაჩოვს, როგორ მღეროდა და ცეკვავდა ეს ლამაზი ბიჭი, რომლის აკომპანიატორი სახელგანთქმული თბილისელი მეგარმონე ბახჩო დანიელიანი ყოფილა. ისე მოსწონებია, რომ მალე დონატის საცირკო სკოლაში მოუწყვია, ცირკში კი პატარა სატირულ-იუმორისტული ნომერიც მიუცია. ეს ამბვი ვასოს უფროსმა ძმამ რომ გაიგო, ყურით გამოუთრევია ცირკიდან, მაგრამ მსახიობობაზე ხელი ვერ ააღებინეს.
თბილისის დრამატულ სტუდიაში, ფაღავას სკოლას რომ ეძახდნენ, იქ ჩააბარა. საგამოცდო კომისიაში იყვნენ კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ალექსანდრე იმედაშვილი, დიდი მეცნიერები ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი უზნაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, იოსებ შარლემანი. კოტე მარჯანიშვილს ისე მოსწონებია ვასო, რომ სტუდიაში ჩაურიცხავს, სულ მალე კი ნიჭიერ და მონდომებულ მოსწავლეს სუმბათაშვილ-იუჟინის სახელმწიფო სტიპენდიაც დაუნიშნეს. ესტრადაზე პირველად 1939 წელს გამოჩნდა, როცა ესტრადის მსახიობთა პირველ საკავშირო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ვასო 11 მედუდუკის თანხლებით ქართულ მუხამბაზებს კითხულობდა. ამავე კონკურსში მიიღო არკადი რაიკინთან ერთად პრემია.
თავის პირველ სიყვარულს ფაღავას სტუდიაში შეხვდა. სესილია თაყაიშვილმა და ვასო გოძიაშვილმა ჯერ სცენაზე ითამაშეს ცოლ-ქმარი, შემდეგ კი დაქორწინდნენ, მაგრამ მალევე დაცილდნენ ერთმანეთს. როგორც ამბობენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ვასო გამოუსწორებელი მექალთანე იყო და სესილიამ ეს არ აპატიაო. სესილიას უთქვამს: "მეორე სართულიდან გადავუყარე ჩემოდნები. პატიება ვერ შევძელი". ვასო კი განშორების ამბავს ქალაქური იუმორით იხსენებდა თურმე: "ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა ცოლსა, კინაღამ არ მამკლა, კაცო. ძლივს გამოვასწარი".
1968 წელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე პრემიერაა - "ძველი ვოდევილები". სამი ქართველი მწერლის: წარეთლის, ცაგარელისა და ბახუტაშვილის პიესების ეს "თაიგული" წარმატებული აღმოჩნდა მარჯანიშვილის თეატრისათვის, წლების განმავლობაში ანშლაგით რომ იდგმებოდა. ვასო გოძიაშვილის ტიგრან ოფიფიანცი, არშაკა და მოხუცი მსახიობი კი ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის ტკბილ მოგონებად დარჩა. როგორც გიგა ლორთქიფანიძე წლების შემდეგ იტყვის "მსახიობის ასეთი აღიარება არ მენახა".
"1965 წელს მე დამევალა ვასო გოძიაშვილის იუბილეს გამართვა, რომელიც კახეთში უნდა გაგრძელებულიყო. მთელი გზა ყოველი სახლის წინ სუფრა იყო გაშლილი, მარჯვნივ და მარცხნივ, მე ვტიროდი..." - იხსენებდა გიგა ლორთქიფანიძე.
ერთ მოგონებასაც გავიხსენებთ, რომელსაც თავად დიდი მაესტრო ხშირად ჰყვებოდა ლხინში, სუფრაზე სადაც მისი თამადობა და სიმღერა კიდევ ერთი თეატრი იყო.
"ერთ გაზაფხულს ბიჭვინთაში "მსახიობთა სახლის" კოტეჯებში ვისვენებდი. ჩემ გვერდით ცნობილი კინოვარსკვლავი ლუბოვ ორლოვა ისვენებდა თავის მეუღლე კინორეჟისორ გრიგორი ალექსანდროვსა და პატარა ნადკასთან ერთად. ნადკა რაღაც განსხვავებული ჯიშის კურდღელი იყო. თეთრი ფუნფულა და მას ორლოვა დღეში სამჯერ ძვირფასი შამანურით აბანავებდა. მე კი ოთხი თვის ნაგაზი მყავდა, რომელიც ადგილობრივმა ჩემმა თაყვანისმცემლებმა მაჩუქეს. იქვე ეზოში მყავდა გაშვებული, თან ყურადღებას ვაქცეთდი, რომ ორლოვას კოტეჯში არ გადაპარულიყო და მისი ნადკა არ დაეგლიჯა, რომელსაც ჩემი ნაგაზი ავი თვალით უყურებდა.
ერთ დღეს ჩემმა ლეკვმა ორლოვას ნადკა მოათრია სახლში, რომელიც ერთნაირად მიწაში იყო ამოსვრილი. ძაღლს კბილებით ეჭირა და, რა თქმა უნდა, მკვდარი იყო. - ეს რა ხათაბალაში გავები, ორლოვამ რომ გაიგოს, ჩემმა ლეკვმა მისი კურდღელი მოკლა, ამ ქვეყანას არ დამაყენებს-მეთქი, გავიფიქრე. ძაღლს ჯერ ნადკა გამოვგლიჯე პირიდან და შემდეგ მკვდარი კურდღელი ძვირფას შამპანურში ვაბანავე, გავაქათქათე. პირში სტაფილო ჩავუდე და ორლოვას უჩუმრად კოტეჯში გადავედი. კურდღელი კართან დავუსვი, ვითომ ცოცხალი იყო და უკან გამოვბრუნდი.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემთან ორლოვას ქმარმა მოირბინა და მითხრა - ვასო, ძვირფასო, "კარდიამინი" ხომ არ გაქვს, ლუბას გულის შეტევა აქვსო. რატომ, რას სჭირს-მეთქი, გავიკვირვე. ჩვენი კურდღელი ნადკა მოკვდა, დავმარხეთ და ახლა ისევ კართან მოგვაკითხა, ლუბამ რომ ნახა, გული წაუვიდაო. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ჩემმა ლეკვმა კურდღელი მიწიდან ამოთხარა და სახლში მოიყვანა, რაც ორლოვას ლამის ინფარქტად დაუჯდა", - ასე იხსენებდა ვასო გოძიაშვილი ორლოვას კურდღლის ამბავს.